არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სასწავლო სტატია 39

მხარი დაუჭირეთ ქრისტიან დებს

მხარი დაუჭირეთ ქრისტიან დებს

„ქალთა დიდი ლაშქარი აცხადებს სასიხარულო ცნობას“ (ფსალმ. 68:11).

სიმღერა 137 ერთგული ქალები, ქრისტიანი დები

მოკლე შინაარსი *

ჩვენი გამრჯე დები მონაწილეობას იღებენ კრების შეხვედრებში, ქადაგებენ, ზრუნავენ დარბაზის მოვლა-პატრონობაზე და ყურადღებას ავლენენ თანაქრისტიანების მიმართ (იხილეთ აბზაცი 1).

1. რას აკეთებენ დები ორგანიზაციის მხარდასაჭერად და რა სირთულეებს ხვდება მრავალი მათგანი? (იხილეთ სურათი გარეკანზე).

რა სასიამოვნოა, რომ კრებაში ბევრი გულმოდგინე და დაუზარელი და გვყავს. ისინი მონაწილეობას იღებენ კრების შეხვედრებში, ქადაგებენ, ზრუნავენ დარბაზის მოვლა-პატრონობაზე და ყურადღებას ავლენენ თანაქრისტიანების მიმართ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ისინი სხვადასხვა სირთულესაც ხვდებიან ცხოვრებაში. მაგალითად, ზოგს მოხუც მშობლებზე უწევს ზრუნვა, ზოგი ოჯახის მხრიდან ხვდება წინააღმდეგობას, ზოგიც მარტო ზრდის შვილებს და ორმაგი ტვირთი აწევს, როგორც მშობელს.

2. რატომ უნდა დავუჭიროთ მხარი ჩვენს დებს?

2 რატომ უნდა დავუჭიროთ მხარი ჩვენს დებს? იმიტომ, რომ ხშირად ქვეყნიერებაში სათანადო პატივისცემას არ ავლენენ ქალების მიმართ. ბიბლია კი, პირიქით, მოგვიწოდებს, მხარში ამოვუდგეთ მათ. მაგალითად, მოციქული პავლე სთხოვდა რომაელ ქრისტიანებს, რომ გულთბილად მიეღოთ და ფებე და ყველაფერში დახმარებოდნენ, რაშიც დასჭირდებოდა (რომ. 16:1, 2). ქრისტიანობამდე პავლე განეკუთვნებოდა ფარისევლებს, რომლებიც აკნინებდნენ ქალის როლს. მაგრამ გაქრისტიანების შემდეგ ის ქრისტეს ჰბაძავდა და ქალებს ღირსეულად და პატივისცემით ეპყრობოდა (1 კორ. 11:1).

3. როგორ ეპყრობოდა იესო ქალებს და რა თვალსაზრისი ჰქონდა ღვთისმოშიშ ქალებზე?

3 იესო ღირსეულად ეპყრობოდა განურჩევლად ყველა ქალს (იოან. 4:27). ის არ იზიარებდა რელიგიური წინამძღოლების დამოკიდებულებას ქალების მიმართ. ერთ ბიბლიურ ნაშრომში ნათქვამია: „იესოს არასდროს უთქვამს დამამცირებელი ან შეურაცხმყოფელი რამ ქალების მისამართით“. პირიქით, ის დიდ პატივს სცემდა ქალებს, რომლებიც მისი ზეციერი მამის ნებას ასრულებდნენ. აღსანიშნავია, რომ იესომ თავის სულიერ ოჯახს კაცებთან ერთად ქალებიც მიაკუთვნა (მათ. 12:50).

4. რაზე ვიმსჯელებთ ამ სტატიაში?

4 იესო ყოველთვის მზად იყო, მხარში ამოდგომოდა თავის სულიერ დებს. ის დროს უთმობდა, აფასებდა და იცავდა მათ. მოდი ვიმსჯელოთ, როგორ მივბაძოთ ამ კუთხით იესოს.

დრო გამოვუყოთ ჩვენს ძვირფას დებს

5. რატომ შეიძლება განიცდიდეს ზოგი და ურთიერთობის დეფიციტს?

5 დებსა თუ ძმებს ყველას გვაქვს ურთიერთობის მოთხოვნილება. თუმცა ზოგჯერ დები შეიძლება ამის დეფიციტს განიცდიდნენ. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? პასუხს რამდენიმე დის კომენტარიდან გავიგებთ. ერთი და, ჯორდანი, * ამბობს: „რადგან დაუქორწინებელი ვარ, კრებაში ცოტა არ იყოს, მიჭირს მეგობრის პოვნა და თავს ზოგჯერ ზედმეტად ვგრძნობ“. პიონერი და, კრისტენი, რომელიც მსახურების გაფართოების მიზნით სხვაგან გადავიდა, აღნიშნავს: „ახალ კრებაში შეიძლება თავი მარტო იგრძნო“. მან, ვინც რელიგიურად დაყოფილ ოჯახში ცხოვრობს, შეიძლება გარკვეულწილად ოჯახისგანაც გარიყულად იგრძნოს თავი და კრებისგანაც. სიმარტოვეს შეიძლება ის დებიც განიცდიდნენ, რომლებიც სახლიდან ვერ გამოდიან საკუთარი თუ ოჯახის წევრის ავადმყოფობის გამო. ერთი და, ანეტი, ამბობს: „როცა სადმე მეპატიჟებოდნენ, ყოველთვის უარს ვამბობდი, რადგან დედაჩემის მოვლა მე მიწევდა“.

იესოს მსგავსად შეგვიძლია სიყვარულით ვიზრუნოთ ერთგულ დებზე (იხილეთ აბზაცები 6—9). *

6. ლუკას 10:38—42-ის თანახმად, როგორ დაეხმარა იესო მართასა და მარიამს?

6 იესო დროს უთმობდა თავის სულიერ დებს და ნამდვილ მეგობრობას უწევდა. ის მეგობრობდა მართასთან და მარიამთან, რომლებიც, სავარაუდოდ, დაუქორწინებლები იყვნენ (წაიკითხეთ ლუკას 10:38—42). იესო ისე ეპყრობოდა მათ, რომ ორივენი მის გვერდით თავს თავისუფლად გრძნობდნენ. მაგალითად, მარიამს არ ეუხერხულებოდა მის ფერხთით ჯდომა და მისი მოსმენა. * არც მართას მორიდებია, იესოსთან გამოეთქვა თავისი უკმაყოფილება იმის გამო, რომ მარიამმა საქმე მას შეატოვა. ამ შინაურულ გარემოში იესომ ორივე დას მნიშვნელოვანი გაკვეთილი ასწავლა. იესო სხვა დროსაც იჩენდა ამ დების მიმართ მზრუნველობას, როცა მათ ოჯახს სტუმრობდა ხოლმე (იოან. 12:1—3). ამიტომ რა გასაკვირია, რომ თავიანთი ძმის, ლაზარეს ავადმყოფობის დროს მართამ და მარიამმა დახმარებისთვის მაშინვე იესოს მიმართეს (იოან. 11:3, 5).

7. როგორ შეგვიძლია გავამხნეოთ დები?

7 ზოგიერთი დისთვის თანაქრისტიანებთან ურთიერთობის ძირითადი საშუალება ქრისტიანული შეხვედრებია. ამიტომ ხელიდან არ უნდა გავუშვათ შესაძლებლობა, რომ გულთბილად შევხვდეთ, გამოველაპარაკოთ და ყურადღება გამოვიჩინოთ მათ მიმართ. ზემოხსენებული ჯორდანი ამბობს: „ძალიან ვაფასებ, როცა და-ძმებს შეუმჩნეველი არ რჩებათ ჩემი კომენტარები, მსახურებას მიგეგმავენ ან სხვა მხრივ გამოხატავენ ყურადღებას“. ჩვენი დები უნდა გრძნობდნენ, რომ ჩვენთვის ძვირფასები არიან. „თუ კრების შეხვედრა გამიცდა, — ამბობს კია, — ვიცი, რომ ვინმე აუცილებლად მომწერს და მომიკითხავს. ეს მარწმუნებს, რომ და-ძმებისთვის სულერთი არა ვარ“.

8. კიდევ რაში შეგვიძლია მივბაძოთ იესოს?

8 იესოს მსგავსად ჩვენც შეგვიძლია დრო გამოვნახოთ დებთან საურთიერთოდ. მაგალითად, როცა სტუმრების დაპატიჟებას ვაპირებთ ან სადმე გასართობად მივდივართ, კარგი იქნება, თუ დებსაც არ დავივიწყებთ. ასეთ დროს საკუთარ სიტყვებსაც უნდა დავუკვირდეთ, რომ ჩვენი საუბარი გამამხნევებელი იყოს და არა გულის გამტეხი (რომ. 1:11, 12). უპირველესად უხუცესებმა უნდა გაითავისონ იესოს აზროვნება. იესოს კარგად ესმოდა, რომ დაუქორწინებლობას შეიძლება თავისი სირთულეები ახლდეს თან, მაგრამ ისიც აღნიშნა, რომ დაქორწინება და შვილების ყოლა სულაც არ არის მუდმივი ბედნიერების საწინდარი (ლუკ. 11:27, 28). სინამდვილეში ხანგრძლივი ბედნიერება იმაზეა დამოკიდებული, აყენებს თუ არა ადამიანი იეჰოვას მსახურებას პირველ ადგილზე (მათ. 19:12).

9. როგორ შეუძლიათ უხუცესებს დების დახმარება?

9 განსაკუთრებით უხუცესებს მართებთ, რომ კრებაში ქრისტიან ქალებს დებივით და დედებივით მოეპყრონ (1 ტიმ. 5:1, 2). უხუცესები კარგს იზამენ, თუ კრების შეხვედრის დაწყებამდე ან დასრულების შემდეგ გამოელაპარაკებიან დებს. კრისტენი ამბობს: „ერთ-ერთმა უხუცესმა შენიშნა, რომ ძალიან დატვირთული ვიყავი და დაინტერესდა ჩემი დღის განრიგით. მისი ყურადღება ძალიან მესიამოვნა“. უხუცესები მზრუნველობას გამოხატავენ, როცა რეგულარულად გამოყოფენ დროს დების მოსაკითხად. * ანეტი, რომელიც ზემოთ მოვიხსენიეთ, თავის აზრს გვიზიარებს, რა დადებითი მხარე აქვს უხუცესებთან ხშირად საუბარს. ის ამბობს: „ასე უკეთ ვეცნობი მათ და ისინიც მეტს იგებენ ჩემ შესახებ. ამიტომ, როცა რამე მიჭირს, უფრო ადვილად ვთხოვ მათ დახმარებას“.

დავაფასოთ დები

10. რა ანიჭებს სიხარულს ჩვენს დებს?

10 განურჩევლად ყველას, კაცსაც და ქალსაც, სიამოვნებს, როცა ამჩნევენ მის ნიჭსა თუ უნარს და უფასებენ შრომას. მეორე მხრივ, თუ ამ ყველაფერს ჯეროვნად ვერავინ აფასებს, ადამიანს შეიძლება გული დასწყდეს. ერთ დაუქორწინებელ დას, აბიგაილს, ზოგჯერ ისეთი განცდა უჩნდება, რომ მისით არავინ ინტერესდება. ის ამბობს: „ზოგჯერ მეჩვენება, რომ ვერავინ მამჩნევს. სხვებისთვის მხოლოდ ვიღაცის და ან ქალიშვილი ვარ“. მაგრამ ახლა ვნახოთ, რას ფიქრობს ერთი დაუქორწინებელი და, პამი, რომელიც მრავალი წელი მისიონერად მსახურობდა, მოგვიანებით კი სახლში დაბრუნდა მშობლების მოსავლელად. მართალია, ის 70 წელსაა გადაცილებული, მაგრამ დღემდე პიონერად მსახურობს. პამი ამბობს: „ჩემთვის დიდი სტიმულია იმის მოსმენა, რომ სხვები აფასებენ ჩემს შრომას“.

11. საიდან ჩანს, რომ იესო აფასებდა თავის თანამსახურ ქალებს?

11 იესო აფასებდა იმ ღვთისმოშიშ ქალებს, რომლებიც „არ იშურებდნენ სახსრებს“ მის დასახმარებლად (ლუკ. 8:1—3). ამ ქალებს მხოლოდ ღვთის ძის მომსახურების პატივი არ ხვდათ წილად. იესომ ისინი ღრმა სულიერ საკითხებშიც ჩაახედა. მაგალითად, გაუმხილა, რომ მოკვდებოდა და მკვდრეთით აღდგებოდა (ლუკ. 24:5—8). მოციქულების მსგავსად იესომ ეს ქალებიც შეამზადა მომავალი მოვლენებისთვის; ისინი საკუთარი თვალით იხილავდნენ იესოს ტანჯვასა და სიკვდილს (მარ. 9:30—32; 10:32—34). აღსანიშნავია ისიც, რომ იმ დროს, როცა მოციქულებმა მიატოვეს იესო და გაიქცნენ, მის მოწაფე ქალებს არ მიუტოვებიათ ის ძელზე წამების დროს (მათ. 26:56; მარ. 15:40, 41).

12. რა საქმე მიანდო იესომ ქალებს?

12 იესომ ქალებს მნიშვნელოვანი საქმე მიანდო. მაგალითად, იესოს მკვდრეთით აღდგომის შესახებ პირველად ღვთისმოშიშმა ქალებმა გაიგეს. იესომ სწორედ მათი პირით შეატყობინა მოციქულებს ეს ამბავი (მათ. 28:5, 9, 10). ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე, როცა მოწაფეებზე წმინდა სული გადმოვიდა, როგორც ჩანს, მათ შორის ქალებიც იყვნენ. მაშინ გამოდის, რომ წმინდა სულით ცხებულმა ქალებმაც მიიღეს უცხო ენებზე საუბრის ძღვენი „ღვთის დიდებული საქმეების“ გასაცხადებლად (საქ. 1:14; 2:2—4, 11).

13. რა საქმეებში არიან ჩართული დები და როგორ ვაჩვენოთ, რომ ვაფასებთ მათ?

13 ჩვენი დები ქებას იმსახურებენ იმ ყველაფრისთვის, რასაც იეჰოვასთვის აკეთებენ. ისინი მონაწილეობას იღებენ თეოკრატიული შენობების მშენებლობასა თუ მოვლა-პატრონობაში, მსახურობენ უცხოენოვან ჯგუფებში და მოხალისეებად ბეთელში. გარდა ამისა, ეხმარებიან სტიქიით დაზარალებულ და-ძმებს, თარგმნიან ბიბლიურ ლიტერატურას და მსახურობენ პიონერებად და მისიონერებად. ძმების მსგავსად დებსაც შეუძლიათ სწავლა პიონერულ, სამეფოს მახარობელთა და „გალაადის“ სკოლებში. გარდა ამისა, ცოლები მხარში უდგანან ქმრებს, რათა მათ თავი გაართვან სხვადასხვა პასუხისმგებლობას კრებასა თუ ორგანიზაციაში. რომ არა ცოლების მხარდაჭერა, ეს პასუხისმგებელი ძმები ბოლომდე ვერ დაიხარჯებოდნენ საძმოსთვის, როგორც „ძღვენი ადამიანთა სახით“ (ეფეს. 4:8). თქვენ რა შეგიძლიათ გააკეთოთ ასეთი დების მხარდასაჭერად?

14. ფსალმუნის 68:11-დან გამომდინარე, რას აცნობიერებენ გონიერი უხუცესები?

14 გონიერ უხუცესებს ესმით, რომ დები შეადგენენ გულმოდგინე „ქალთა დიდ ლაშქარს“, რომელშიც ბევრი კარგი მქადაგებელია (წაიკითხეთ ფსალმუნის 68:11). ამიტომ უხუცესები ცდილობენ, გამოიყენონ დების გამოცდილება. ზემოთ მოხსენიებული აბიგაილი ძალიან აფასებს, როცა ძმები ეკითხებიან, მისი აზრით, ქადაგების რა მეთოდი ამართლებს მათ ტერიტორიაზე. ის ამბობს: „ეს მარწმუნებს, რომ იეჰოვამ თავის ორგანიზაციაში მეც მომიძებნა ადგილი“. უხუცესებს ისიც ესმით, რომ ერთგულ მოწიფულ დებს შეუძლიათ ახალგაზრდა დებს პრობლემებთან გამკლავებაში დაეხმარონ (ტიტ. 2:3—5). ასე რომ, ჩვენი დები ნამდვილად იმსახურებენ დაფასებას!

დავიცვათ დები

15. როდის შეიძლება დასჭირდეთ დებს დახმარება?

15 ზოგჯერ შეიძლება ისეთი სიტუაცია შეიქმნას, რომ დას საკუთარი ინტერესების დასაცავად დახმარება დასჭირდეს (ეს. 1:17). მაგალითად, ქვრივ ან განქორწინებულ დას შეიძლება იმ სფეროებში სჭირდება მხარში დგომა, რაზეც მანამდე მისი ქმარი ზრუნავდა. ხანდაზმულ დას შეიძლება ექიმთან შუამდგომლობაში დაეხმაროს ვინმე. პიონერ დას, რომელიც თეოკრატიულ პროექტებში მონაწილეობს, მაგრამ აკრიტიკებენ, რომ სხვა პიონერებივით დიდ დროს ვეღარ უთმობს ქადაგებას, შეიძლება სიტყვა შეაწიოს ვინმემ. კიდევ როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ დებს? მოდი ისევ იესოს მაგალითს დავუბრუნდეთ.

16. როგორც მარკოზის 14:3—9-დან ვიგებთ, როგორ დაიცვა იესომ მარიამი?

16 იესო ყოველთვის მზად იყო, გამოსარჩლებოდა თავის სულიერ დებს, როცა მათ აკრიტიკებდნენ. მაგალითად, ის გამოექომაგა მარიამს, რომელსაც მართამ უსაყვედურა (ლუკ. 10:38—42). მან მარიამი მაშინაც დაიცვა, როცა ქალს არ მოუწონეს საქციელი და გააკრიტიკეს (წაიკითხეთ მარკოზის 14:3—9). იესომ იცოდა, რა მოტივი ამოძრავებდა მარიამს, ამიტომ ასეთი სიტყვებით შეაქო: „მან ხომ სიკეთე გამიკეთა . . . მან ის გააკეთა, რაც შეეძლო“. იესომ ისიც კი იწინასწარმეტყველა, რომ სადაც სასიხარულო ცნობას იქადაგებდნენ, ამ ქალის სიკეთესაც გაიხსენებდნენ, რაზეც თუნდაც ამ სტატიაში მისი მოხსენიება მოწმობს. საინტერესოა, რომ იესომ მარიამის უანგარო საქციელი მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობის კონტექსტში მოიხსენია. წარმოიდგინეთ, როგორ ანუგეშებდა იესოს სიტყვები უსამართლოდ გაკიცხულ მარიამს!

17. როგორ შეგვიძლია გამოვექომაგოთ დას? მოიყვანეთ მაგალითი.

17 თქვენც ექომაგებით სულიერ დებს, როცა ამის საჭიროებას ხედავთ? წარმოვიდგინოთ ასეთი სიტუაცია. ერთი და, რომელიც რელიგიურად დაყოფილ ოჯახში ცხოვრობს, ხშირად იგვიანებს კრების შეხვედრებზე და დამთავრებისთანავე სახლში გარბის. გარდა ამისა, შვილებიც იშვიათად დაჰყავს შეხვედრებზე. ამის შემხედვარე ზოგიერთი მაუწყებელი მის გაკრიტიკებას იწყებს და ამბობს, რომ მან მეტი პრინციპულობა უნდა გამოიჩინოს მეუღლესთან. სინამდვილეში ეს და ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია. დროის ფაქტორი და შვილების წაყვანა-არწაყვანის საკითხი მხოლოდ მისი გადასაწყვეტი არ არის. ასეთ შემთხვევაში რა შეგიძლიათ გააკეთოთ დის დასაცავად? თუ შეაქებთ მას და სხვებს დადებითი კუთხით დაანახვებთ ამ სიტუაციას, ხელს შეუწყობთ იმას, რომ მის შესახებ კრიტიკული საუბარი აღარ გაგრძელდეს.

18. რა შეგვიძლია გავაკეთოთ დების დასახმარებლად?

18 დებისადმი მზრუნველობას იმითაც ვაჩვენებთ, თუ პრაქტიკულ დახმარებას აღმოვუჩენთ მათ (1 იოან. 3:18). ანეტი, რომელიც ავადმყოფ დედას უვლიდა, ამბობს: „და-ძმები დედის მოვლაში მეხმარებოდნენ, ზოგჯერ საჭმელიც მოჰქონდათ. ვგრძნობდი, რომ და-ძმებს ვუყვარდი და კრებისთვისაც ძვირფასი ვიყავი“. ჯორდანს ერთმა ძმამ რჩევები მისცა მანქანის მოვლასთან დაკავშირებით. ის ამბობს: „მიხარია, რომ ჩემი და-ძმები ზრუნავენ ჩემს უსაფრთხოებაზე“.

19. როგორ შეუძლიათ უხუცესებს დების დახმარება?

19 უხუცესებიც ზრუნავენ დების საჭიროებებზე. მათ ესმით, რომ იეჰოვას მხედველობიდან არ გამორჩება ის, თუ როგორ მოეპყრობიან დებს (იაკ. 1:27). ამიტომ უხუცესები იესოს მსგავსად გონიერებას ავლენენ და სწორხაზოვნად კი არ მიჰყვებიან წესებს, არამედ სიტუაციიდან გამომდინარე გამონაკლისსაც უშვებენ (მათ. 15:22—28). დები იეჰოვასა და ორგანიზაციის მზრუნველობას გრძნობენ, როცა უხუცესები ინიციატივას იჩენენ მათ დასახმარებლად. მაგალითად, როცა სამქადაგებლო ჯგუფის ზედამხედველმა გაიგო, რომ მის ჯგუფში ერთი და, კია, ბინას იცვლიდა, მაშინვე იზრუნა იმაზე, რომ კიას გადასვლაში დახმარებოდნენ. ეს და იხსენებს: „ამან სტრესი ძალიან შემიმსუბუქა. უხუცესებმა გამამხნევებელი სიტყვებითა და გაწეული დახმარებით მაგრძნობინეს, რომ კრებისთვის ძვირფასი ვარ და გასაჭირში არ მიმატოვებენ“.

მხარდაჭერა ყველა დას სჭირდება

20, 21. როგორ ვაჩვენოთ, რომ ვაფასებთ ჩვენს სულიერ დებს?

20 კრებებში დღეს მრავალი გულმოდგინე ქრისტიანი ქალი გვყავს, რომლებიც ჩვენს მხარდაჭერას იმსახურებენ. როგორც იესოს მაგალითიდან დავინახეთ, შეგვიძლია დრო დავუთმოთ მათ და ახლოს გავიცნოთ ისინი, დავაფასოთ ღვთისთვის გაწეული მათი შრომა და საჭიროების შემთხვევაში უკან არ დავიხიოთ მათ დასაცავად.

21 რომაელებისთვის მიწერილი წერილის დასასრულს პავლე მოციქულმა სახელებით მოიხსენია ცხრა ქრისტიანი ქალი (რომ. 16:1, 3, 6, 12, 13, 15). ეჭვგარეშეა, ამ დებს ძალიან ესიამოვნებოდათ პავლესგან მოკითხვისა და საქებარი სიტყვების მოსმენა. მოდი ჩვენც მხარში ამოვუდგეთ დებს კრებაში და ამით ვაჩვენოთ, რომ ისინი ჩვენი სულიერი ოჯახის ძვირფასი წევრები არიან.

სიმღერა 136 იეჰოვასგან „სრულ საზღაურს“ მიიღებთ

^ აბზ. 5 ქრისტიანი დები მრავალ სირთულეს ხვდებიან. ამ სტატიაში ვისაუბრებთ, როგორ მივბაძოთ იესოს და მხარი დავუჭიროთ ჩვენს სულიერ დებს, ანუ იესოს მსგავსად დრო დავუთმოთ მათ, დავაფასოთ და დავიცვათ.

^ აბზ. 5 ზოგი სახელი შეცვლილია.

^ აბზ. 6 ერთ ნაშრომში ნათქვამია: „ჩვეულებრივ ის მოწაფეები, რომლებიც მასწავლებლის ფერხთით ისხდნენ, სამომავლოდ თავადაც მასწავლებლები უნდა გამხდარიყვნენ, რაზეც ქალი პრეტენზიას ვერასდროს განაცხადებდა . . . ასე რომ, ბევრ იუდეველ მამაკაცს განაცვიფრებდა იესოს ფერხთით მჯდომი მარიამის დანახვა, რომელმაც ქალის ტრადიციული როლის შესრულებას იესოს მოსმენა ამჯობინა“.

^ აბზ. 9 უხუცესებს სიფრთხილე მართებთ, როცა დებს ეხმარებიან. მაგალითად, უხუცესმა და მარტო არ უნდა მოინახულოს.

^ აბზ. 65 სურათის აღწერა: ქრისტეს მაგალითით აღძრული ერთი ძმა დებს საბურავის გამოცვლაში ეხმარება; კიდევ ერთი ძმა ინახულებს ავადმყოფობით დაუძლურებულ დას; მესამე ძმა ცოლთან ერთად სტუმრობს ერთ დას და მის ქალიშვილს და მათთან ერთად ატარებს ოჯახურ თაყვანისცემას.