არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სასწავლო სტატია 37

„ნუ დაასვენებ ხელს“

„ნუ დაასვენებ ხელს“

„დილით თესე თესლი და საღამომდე ნუ დაასვენებ ხელს“ (ეკლ. 11:6).

სიმღერა 68 სამეფოს თესლის თესვა

მოკლე შინაარსი *

1, 2. როგორ შეიძლება დავუკავშიროთ ეკლესიასტეს 11:6-ში ჩაწერილი სიტყვები სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებას?

ზოგ ქვეყანაში ხალხი დიდ ინტერესს იჩენს სასიხარულო ცნობის მიმართ. ზოგი ისეთ ენთუზიაზმს ავლენს, თითქოს მთელი ცხოვრება ამ ცნობის მოსმენას ელოდა. თუმცა არის ქვეყნები, სადაც ხალხს ნაკლებად აინტერესებს ღმერთი ან ბიბლია. რა სიტუაციაც არ უნდა იყოს ამ მხრივ თქვენს ქვეყანაში, ერთი რამ ცხადია, იეჰოვას სურს, მანამ გავაგრძელოთ ქადაგება, სანამ ის არ ჩათვლის ამ საქმეს დასრულებულად.

2 იეჰოვას მიერ დანიშნულ დროს სამქადაგებლო საქმიანობა დასრულდება და მოვა აღსასრული (მათ. 24:14, 36). მაგრამ, სანამ ეს დრო დადგება, როგორ უნდა გამოვეხმაუროთ მოწოდებას: „ნუ დაასვენებ ხელს“? * (წაიკითხეთ ეკლესიასტეს 11:6).

3. რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

3 წინა სტატიაში ვისაუბრეთ იმ ოთხ მხარეზე, რომლებიც დაგვეხმარება, წარმატებული „მებადურები“ ვიყოთ (მათ. 4:19). ამ სტატიაში კი განვიხილავთ სამ მხარეს, რომელიც გაგვიძლიერებს მსახურების სურვილს იმისდა მიუხედავად, რა გარემოებაში გვიწევს ცხოვრება. გავიგებთ, რატომ არის მნიშვნელოვანი: 1) ქადაგებაზე ვიყოთ ორიენტირებული, 2) არ დავკარგოთ მოთმინება და 3) შევინარჩუნოთ ძლიერი რწმენა.

ორიენტირებული იყავით ქადაგებაზე

4. რატომ უნდა ვიყოთ ორიენტირებული იეჰოვასგან მონდობილ საქმეზე?

4 იესომ იწინასწარმეტყველა, რა მოვლენები განვითარდებოდა ბოლო დღეებში და როგორები იქნებოდნენ ადამიანები. მან იცოდა, რომ ეს ყველაფერი თავის მოწაფეებს ხელს შეუშლიდა, ქადაგებაზე ყოფილიყვნენ ორიენტირებული. ამიტომაც მოუწოდა მათ სიფხიზლისკენ (მათ. 24:42). ნოეს დროს მცხოვრებ ხალხს ბევრი რამ უშლიდა ხელს, ყურად ეღო ნოეს გაფრთხილება. დღესაც მსგავს ხელის შემშლელ ფაქტორებს ვხვდებით (მათ. 24:37—39; 2 პეტ. 2:5). ამიტომაც გვინდა, მთელი ყურადღება იეჰოვასგან მონდობილ საქმეზე გადავიტანოთ.

5. საქმეების 1:6—8-დან გამომდინარე, რა მასშტაბებს მიაღწევდა სამქადაგებლო საქმიანობა?

5 დღეს სამეფოს შესახებ ქადაგება უაღრესად მნიშვნელოვანია. როგორც იესომ იწინასწარმეტყველა, ეს საქმე მისი სიკვდილის შემდეგაც გაგრძელდებოდა და დიდ მასშტაბებს მიაღწევდა (იოან. 14:12). იესოს სიკვდილიდან მალევე ზოგი მოწაფე ისევ თევზაობას დაუბრუნდა. მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იესომ ზოგიერთ მოწაფეს სასწაულებრივად დააჭერინა თევზი და დაანახვა, რომ „ადამიანთა მებადურობა“ ნებისმიერ სხვა საქმეს აღემატებოდა (იოან. 21:15—17). ზეცად ამაღლებამდე იესომ მოწაფეებს უთხრა, რომ მის მიერ წამოწყებული სამქადაგებლო საქმიანობა ისრაელის საზღვრებს გასცდებოდა (წაიკითხეთ საქმეების 1:6—8). წლების შემდეგ იესომ იოანე მოციქულს ხილვაში აჩვენა, რა მოხდებოდა „უფლის დღეს“. * მრავალ შთამბეჭდავ ხილვასთან ერთად იოანემ ასეთი ხილვაც იხილა: ანგელოზის ხელმძღვანელობით „მარადიული სასიხარულო ცნობა“ ექადაგებოდა დედამიწის მკვიდრებს, ყოველ ერს, ტომს, ენასა და ხალხს (გამოცხ. 1:10; 14:6). აშკარაა, რომ იეჰოვას ნებაა, მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობაში მივიღოთ მონაწილეობა, სანამ ჯერ კიდევ არის ამის დრო.

6. რა დაგვეხმარება, ორიენტირებული ვიყოთ სამქადაგებლო საქმეზე?

6 სამქადაგებლო საქმეზე მთელ ყურადღებას იმ შემთხვევაში გადავიტანთ, თუ დავფიქრდებით, რამდენ რამეს აკეთებს იეჰოვა ჩვენთვის. მაგალითად, ის ზრუნავს, რომ უხვი სულიერი საზრდო გვქონდეს ბეჭდური, ელექტრონული, აუდიო-ვიდეო მასალისა თუ ინტერნეტმაუწყებლობის სახით. უბრალოდ დაფიქრდით: ჩვენს ვებგვერდზე ინფორმაცია ხელმისაწვდომია 1 000-ზე მეტ ენაზე (მათ. 24:45—47). მაშინ, როცა მსოფლიო პოლიტიკური, რელიგიური თუ ეკონომიკური ნიშნით არის დაყოფილი, რვა მილიონზე მეტი იეჰოვას მსახური ერთ დიდ სულიერ ოჯახშია გაერთიანებული. მაგალითად, 2019 წლის 19 აპრილს, პარასკევს, მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეებმა ერთად უყურეს ყოველდღიური მუხლის განხილვას. იმავე საღამოს კი 20 919 041 ადამიანი შეიკრიბა იესოს სიკვდილის გახსენების საღამოს აღსანიშნავად. სამეფოს შესახებ ქადაგებას აქტიურად განვაგრძობთ, თუ ვიფიქრებთ, რამხელა პატივია, ვიყოთ ამ საოცარი მოვლენების მომსწრე და ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ ყველაფერში.

იესოს ვერაფერმა შეუშალა ხელი, ჭეშმარიტების შესახებ დაემოწმებინა (იხილეთ აბზაცი 7).

7. როგორ გვეხმარება იესოს მაგალითი, რომ მთელი ყურადღება სამქადაგებლო საქმეზე გადავიტანოთ?

7 იესოს მაგალითიც დაგვეხმარება, რომ მთელი ყურადღება სამქადაგებლო საქმეზე გადავიტანოთ. მას ხელი ვერაფერმა შეუშალა, რომ ჭეშმარიტების შესახებ დაემოწმებინა (იოან. 18:37). ის არ ცდუნდა, როცა სატანამ „მსოფლიოს ყველა სამეფო და მათი დიდება“ შესთავაზა და არც მაშინ აჰყოლია ცდუნებას, როცა ხალხმა გამეფება დაუპირა (მათ. 4:8, 9; იოან. 6:15). იესო ვერც სიმდიდრის მაცდურმა ძალამ მოხიბლა და ვერც წინააღმდეგობამ შეაშინა (ლუკ. 9:58; იოან. 8:59). თუ გვინდა, რწმენის გამოცდების დროს მიზანს არ ავცდეთ, უნდა გვახსოვდეს პავლე მოციქულის რჩევა. მან ქრისტიანებს მოუწოდა, მიებაძათ იესოსთვის, რათა არ დაღლილიყვნენ და არ დაეკარგათ მხნეობა (ებრ. 12:3).

არ დაკარგოთ მოთმინება

8. რა არის მოთმინება და რატომ არის ის დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი?

8 მოთმინება ეს არის უნარი, მშვიდად დაელოდო მდგომარეობის გამოსწორებას. მოთმინება გვჭირდება, როცა არასასიამოვნო სიტუაციის გამოსწორებას ან დიდი ხნის ნატვრის ახდენას ველით. წინასწარმეტყველ აბაკუმს ერთი სული ჰქონდა, როდის მოეღებოდა ბოლო იუდაში გამეფებულ ძალადობას (აბაკ. 1:2). იესოს მოწაფეებს ეგონათ, რომ „სამეფო მყისვე დამყარდებოდა“ და გათავისუფლდებოდნენ რომაელთა ჩაგვრისგან (ლუკ. 19:11). ჩვენც მოუთმენლად ველით, როდის აღმოფხვრის ღვთის სამეფო ბოროტებას და დაამყარებს სამართლიან ახალ ქვეყნიერებას (2 პეტ. 3:13). თუმცა მოთმინება არ უნდა დავკარგოთ და უნდა დაველოდოთ იეჰოვას დანიშნული დროის დადგომას. მოდი განვიხილოთ, როგორ გვასწავლის იეჰოვა მოთმინებას.

9. საიდან ჩანს, რომ იეჰოვა მომთმენია?

9 იეჰოვა მოთმინების უბადლო მაგალითს გვაძლევს. მან საკმარისი დრო მისცა ნოეს იმისთვის, რომ კიდობანი აეშენებინა და როგორც „სიმართლის მქადაგებელს“, გამაფრთხილებელი ცნობა გაეცხადებინა (2 პეტ. 2:5; 1 პეტ. 3:20). ის მოთმინებით უსმენდა აბრაამს, რომელმაც რამდენჯერმე დააყენა ეჭვქვეშ მისი გადაწყვეტილება, გაენადგურებინა სოდომისა და გომორის ბოროტი მოსახლეობა (დაბ. 18:20—33). საუკუნეების განმავლობაში იეჰოვა უდიდეს მოთმინებას იჩენდა ორგული ისრაელის მიმართ (ნეემ. 9:30, 31). იეჰოვა დღესაც ავლენს მოთმინებას და მონანიების დროს აძლევს მათ, ვისაც თავისკენ იზიდავს (2 პეტ. 3:9; იოან. 6:44; 1 ტიმ. 2:3, 4). იეჰოვას მაგალითი სტიმულს გვაძლევს, რომ მოთმინებით განვაგრძოთ ქადაგებისა და სწავლების საქმე. ღმერთი მოთმინებას თავის სიტყვაში ჩაწერილი ერთი მაგალითითაც გვასწავლის.

მუყაითი და მომთმენი მიწათმოქმედის მსგავსად ჩვენც ველოდებით ჩვენი შრომის ნაყოფს (იხილეთ აბზაცები 10, 11).

10. რას გვასწავლის იაკობის 5:7, 8-ში ჩაწერილი მიწათმოქმედის მაგალითი?

10 წაიკითხეთ იაკობის 5:7, 8. მიწათმოქმედის მაგალითი ჩვენც გვასწავლის მოთმინებას. ყველა მიწათმოქმედმა კარგად იცის, რომ ზოგი მცენარე სწრაფად იზრდება, მაგრამ მსხმოიარე მცენარეების უმეტესობას ნაყოფის გამოსაღებად დიდი დრო სჭირდება. მაგალითად, ებრაელი მიწათმოქმედი მოსავლის აღებას დაახლოებით ექვსი თვე უნდა დალოდებოდა. თესვა შემოდგომაზე საადრეო წვიმების დასრულებისთანავე იწყებოდა, ხოლო მოსავალს გაზაფხულზე საგვიანო წვიმების შემდეგ იღებდნენ (მარ. 4:28). გონიერებას გამოვიჩენთ, თუ მივბაძავთ მიწათმოქმედს მოთმინებაში. თუმცა ეს არც ისე ადვილია.

11. როგორ გვეხმარება მოთმინება მსახურებაში?

11 როგორც წესი, ადამიანს სურს, რომ თავისი შრომის შედეგი მალევე მიიღოს. მოდი ისევ მიწათმოქმედის მაგალითზე დავფიქრდეთ. რამხელა შრომა და მოთმინება სჭირდება მას, რომ მოსავალი აიღოს. მან უნდა დაბაროს, დარგოს, გამარგლოს და მორწყოს. მოწაფეების მომზადების საქმეც ძალისხმევასა და მოთმინებას მოითხოვს. მოთმინება დაგვეხმარება, გული არ გავიტეხოთ, თუ მსახურებაში არავინ გვისმენს და კვლავაც გავაგრძელოთ მათი ძებნა, ვინც განწყობილია მოსასმენად. მოთმინება მაშინაც გვჭირდება, თუ ვინმე ეხმაურება ბიბლიურ ცნობას, რადგან ჩვენ ვერ დავაჩქარებთ შემსწავლელის სულიერ ზრდას. ზოგჯერ თვით იესოს მოწაფეებიც ვერ წვდებოდნენ მისი სწავლების მნიშვნელობას (იოან. 14:9). მაგალითად, თუ შემსწავლელს მიკერძოება ახასიათებს და უჭირს თბილი გრძნობების გამოხატვა, დროა საჭირო, რომ უკეთესობისკენ შეიცვალოს. გვახსოვდეს, რომ ჩვენ კი ვრგავთ და ვრწყავთ, მაგრამ საბოლოოდ ღმერთი ზრდის (1 კორ. 3:6).

12. როგორ უნდა გამოვავლინოთ მოთმინება ნათესავებთან ბიბლიურ თემებზე საუბრის დროს?

12 მოთმინების გამოვლენა შეიძლება მაშინაც გაგვიჭირდეს, როცა ნათესავებს ბიბლიურ თემებზე ვესაუბრებით. ასეთ დროს დიდ დახმარებას გაგვიწევს ეკლესიასტეს 3:7-ში ჩაწერილი პრინციპის გათვალისწინება: „[არის] დუმილის დრო და ლაპარაკის დრო“. ჩვენი კარგი საქციელით, ასე ვთქვათ, უსიტყვოდ ვუქადაგებთ მათ, თუმცა იმისთვისაც მზად ვართ, რომ ყველა შესაძლებლობა გამოვიყენოთ ჭეშმარიტებაზე სასაუბროდ (1 პეტ. 3:1, 2). მართალია, გულმოდგინედ უნდა ვიქადაგოთ, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ მოთმინებით მოვეპყროთ ყველას, მათ შორის ოჯახის წევრებს.

13, 14. ვის შეგვიძლია მივბაძოთ მოთმინებაში?

13 მოთმინებას როგორც ბიბლიური, ისე თანამედროვე მაგალითებიდან ვსწავლობთ. აბაკუმი მოუთმენლად ელოდა დროს, როცა წერტილი დაესმებოდა ბოროტებას, თუმცა მის სიტყვებში „ჩემს სადარაჯოზე ვიდგები“, მოთმინებისთვის მზადყოფნაც გამოსჭვიოდა (აბაკ. 2:1). პავლე მოციქულს დიდი სურვილი ჰქონდა, დაესრულებინა მსახურება, მაგრამ ის მოთმინებით აგრძელებდა „სასიხარულო ცნობის საგულდაგულოდ ქადაგებას“ (საქ. 20:24).

14 განვიხილოთ „გალაადის“ კურსდამთავრებული ერთი ცოლ-ქმრის მაგალითი. სკოლის დამთავრების შემდეგ ისინი იმ ქვეყანაში დანიშნეს, სადაც მოწმეები ცოტანი იყვნენ და სადაც სახელმწიფო რელიგია არაქრისტიანული იყო. ბევრს, ვისაც მსახურებაში ხვდებოდნენ, არ ჰქონდა ბიბლიის შესწავლის დაწყების სურვილი. ამას ისიც ემატებოდა, რომ მათი კლასის სხვა კურსდამთავრებულები სხვადასხვა ქვეყნიდან ატყობინებდნენ, რომ ბევრ კარგ ბიბლიის შესწავლას ატარებდნენ. ხალხის გულგრილობის მიუხედავად ეს ცოლ-ქმარი მოთმინებით აგრძელებდა მსახურებას. ასეთ ტერიტორიაზე რვაწლიანი მსახურების შემდეგ მათი ერთ-ერთი ბიბლიის შემსწავლელი მოინათლა, რამაც ისინი უზომოდ გაახარა. რა აქვთ საერთო ძველი და თანამედროვე ეპოქის ღვთის ამ მსახურებს? ღვთის ეს ერთგული მსახურები არ მოდუნებულან, ასე ვთქვათ, არ დაუსვენებიათ ხელი, და იეჰოვამაც დააჯილდოვა მათი მოთმინება. ჩვენც შეგვიძლია, მივბაძოთ „მათ, ვინც რწმენითა და მოთმინებით იღებს დანაპირებს“ (ებრ. 6:10—12).

შეინარჩუნეთ ძლიერი რწმენა

15. როგორ გვაძლევს რწმენა ქადაგების სტიმულს?

15 ჩვენ გვჯერა იმის, რასაც ვქადაგებთ, და გვინდა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავუზიაროთ ის. ამასთანავე, ეჭვი არ გვეპარება ღვთის სიტყვაში ჩაწერილი დაპირებების უტყუარობაში (ფსალმ. 119:42; ეს. 40:8). ჩვენ თვალწინ მრავალი ბიბლიური წინასწარმეტყველება სრულდება. იმასაც ვხედავთ, როგორ იცვლება უკეთესობისკენ მათი ცხოვრება, ვინც ბიბლიურ რჩევებს ითვალისწინებს. ეს ყველაფერი კი გვიძლიერებს იმის რწმენას, რომ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის მოსმენა ხალხს ჰაერივით სჭირდება.

16. ფსალმუნის 46:1—3-ის თანახმად, როგორ გვიძლიერებს ქადაგების სურვილს იეჰოვასა და იესოსადმი რწმენა?

16 გარდა ამისა, ჩვენ გვწამს იეჰოვასი, რომლის ცნობასაც ვქადაგებთ, და იესოსი, რომელიც მან ზეციერი სამეფოს მეფედ დანიშნა (იოან. 14:1). რა მდგომარეობაშიც არ უნდა აღმოვჩნდეთ, იეჰოვა ყოველთვის ჩვენი თავშესაფარი და ძალა იქნება (წაიკითხეთ ფსალმუნის 46:1—3). ჩვენ ისიც გვჯერა, რომ იესო იეჰოვასგან მინიჭებული ძალითა და ძალაუფლებით ზეციდან ხელმძღვანელობს სამქადაგებლო საქმეს (მათ. 28:18—20).

17. რომელი მაგალითიდან ჩანს, რომ არ უნდა შევწყვიტოთ ქადაგება?

17 რწმენა გულდაჯერებულობას გვმატებს, რომ იეჰოვა აკურთხებს ჩვენს მცდელობას; ზოგჯერ მან შეიძლება ეს ჩვენთვის წარმოუდგენელი სახით გააკეთოს (ეკლ. 11:6). მაგალითად, ყოველდღიურად ათასობით ადამიანი ხედავს ჩვენს სტენდებზე გამოფენილ ლიტერატურას. ქადაგების ეს მეთოდი ნამდვილად ამართლებს. 2014 წლის „ჩვენი სამეფო მსახურების“ ნოემბრის ნომერში მოყვანილი იყო ერთი სტუდენტი გოგონას შემთხვევა. მას სურდა, საკურსო ნაშრომი დაეწერა იეჰოვას მოწმეებზე, მაგრამ ახლომახლო იეჰოვას მოწმეთა დარბაზს ვერ მიაგნო. ერთ დღეს სტუდენტური საერთო საცხოვრებლის ტერიტორიაზე ლიტერატურის მაგიდა შენიშნა და ასე მოიპოვა თავისი საკურსო ნაშრომისთვის მასალა. ამჟამად ეს გოგონა იეჰოვას მოწმეა და პიონერად მსახურობს. მსგავსი შემთხვევები იმის სტიმულს გვაძლევს, რომ არ შევწყვიტოთ ქადაგება, რადგან გვესმის, რომ ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც მოისმენენ სამეფოს შესახებ ცნობას.

„ნუ დაასვენებთ ხელს“

18. რა გვარწმუნებს იმაში, რომ სამეფოს შესახებ ქადაგების საქმე მაშინ დასრულდება, როცა იეჰოვა ჩათვლის საჭიროდ?

18 დარწმუნებული ვართ, რომ სამეფოს შესახებ ქადაგება დანიშნულ დროს დასრულდება. გავიხსენოთ, რა მოხდა ნოეს დროს. იეჰოვამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ შესანიშნავად უწყის, როდის რა მოიმოქმედოს. მან წარღვნამდე დაახლოებით 120 წლით ადრე იწინასწარმეტყველა, რომ დედამიწა წყლით დაიფარებოდა. იეჰოვამ ამ მოვლენამდე ათწლეულებით ადრე დაავალა ნოეს კიდობნის აშენება. ნოე წარღვნის დაწყებამდე შესაძლოა 40-50 წელი აშენებდა კიდობანს. მიუხედავად იმისა, რომ ნოეს ხალხი არ უსმენდა, ის აგრძელებდა გამაფრთხილებელი ცნობის გაცხადებას, ვიდრე იეჰოვას მითითებით ცხოველების კიდობანში შეყვანის დრო არ დადგა. ამის შემდეგ ზუსტად დანიშნულ დროს „იეჰოვამ დაკეტა კარი“ (დაბ. 6:3; 7:1, 2, 16).

19. რისი იმედი უნდა გვქონდეს, თუ არ „დავასვენებთ ხელს“?

19 მალე იეჰოვა დაასრულებს სამეფოს შესახებ სამქადაგებლო საქმიანობას; ის „დაუკეტავს კარს“ სატანის ქვეყნიერებას და სამართლიან ახალ ქვეყნიერებას დაამყარებს. მანამდე ნოეს, აბაკუმისა და სხვა ღვთის ერთგული მსახურების მსგავსად „არ დავასვენოთ ხელი“. მოდი ქადაგებაზე ვიყოთ ორიენტირებული, არ დავკარგოთ მოთმინება და შევინარჩუნოთ ძლიერი რწმენა იეჰოვასა და მისი დაპირებების მიმართ.

სიმღერა 75 „მე წავალ! მე გამგზავნე!“

^ აბზ. 5 წინა სტატიაში ვიმსჯელეთ, რა უნდა გააკეთონ ბიბლიის შემსწავლელებმა, რომ გამოეხმაურონ იესოს მოწვევას და „ადამიანთა მებადურები“ გახდნენ. ამ სტატიაში კი განვიხილავთ იმ სამ მხარეს, რომელიც დაეხმარება ყველა მაუწყებელს, ახალბედასა თუ გამოცდილს, შემართებით გააგრძელოს სამეფოს შესახებ ქადაგება მანამ, სანამ იეჰოვა არ ჩათვლის ამ საქმეს დასრულებულად.

^ აბზ. 2 განმარტება: ამ სტატიაში ფრაზა „ნუ დაასვენებ ხელს“ არის ერთგვარი მოწოდება, მანამ გავაგრძელოთ სასიხარულო ცნობის ქადაგება, სანამ იეჰოვა არ ჩათვლის მას დასრულებულად.

^ აბზ. 5 „უფლის დღე“ 1914 წელს იესოს გამეფებიდან დაიწყო და ათასწლიანი მმართველობის ბოლომდე გასტანს.