ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 37
ენდეთ და-ძმებს
„სიყვარულს . . . ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს“ (1 ᲙᲝᲠ. 13:4, 7).
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 124 მუდამ ერთგულები
ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘ *
1. რატომ არ გვიკვირს, რომ დღეს ხალხს ნდობა აქვს დაკარგული?
ᲡᲐᲢᲐᲜᲘᲡ ქვეყნიერებაში ხალხს ნდობა აქვს დაკარგული. და ეს იმიტომ, რომ კომერციული, პოლიტიკური თუ რელიგიური სისტემები ხშირად უცრუებენ იმედს. ის კი არადა, ზოგი ახლობლებსა და ოჯახის წევრებსაც აღარ ენდობა. მაგრამ ეს არ გვიკვირს, რადგან ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ „ბოლო დღეებში“ ადამიანები იქნებოდნენ ორგულები, ცილისმწამებლები და გამცემები. სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, ისინი დაემსგავსებოდნენ ამ ქვეყნიერების ღმერთს, რომელიც ნამდვილად არ იმსახურებს ნდობას (2 ტიმ. 3:1—4; 2 კორ. 4:4).
2. ა) რაში არ გვეპარება ეჭვი? ბ) რა შეიძლება გაგვიჭირდეს ზოგჯერ?
2 ქრისტიანებმა ვიცით, რომ იეჰოვა ჩვენს სრულ ნდობას იმსახურებს (იერ. 17:7, 8). ეჭვი არ გვეპარება, რომ მას ვუყვარვართ და ის არასდროს მიატოვებს თავის მეგობრებს (ფსალმ. 9:10). სრულ ნდობას იესოც იმსახურებს, რადგან სიცოცხლე გაიღო ჩვენთვის (1 პეტ. 3:18). საკუთარი გამოცდილებით არაერთხელ დავრწმუნდით, რომ ღვთის სიტყვა, ბიბლიაც, სანდო ხელმძღვანელობას გვიწევს (2 ტიმ. 3:16, 17). იეჰოვას, იესოს და ღვთის სიტყვის სანდოობაში ეჭვი არ გვეპარება, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება იმან დაგვაფიქროს, ღირს თუ არა ყოველთვის და-ძმების ნდობა. მოდი ვიმსჯელოთ, რატომ შეგვიძლია ვენდოთ და-ძმებს.
ᲩᲕᲔᲜ ᲔᲠᲗᲛᲐᲜᲔᲗᲡ ᲕᲭᲘᲠᲓᲔᲑᲘᲗ
3. რა საჩუქარი გაგვიკეთა იეჰოვამ? (მარკოზი 10:29, 30).
3 იეჰოვამ თავისი თაყვანისმცემლები ერთ ოჯახად გაგვაერთიანა. ალბათ ბოლომდე ვერც კი ვაცნობიერებთ, რამხელა საჩუქარია ეს ჩვენთვის (წაიკითხეთ მარკოზის 10:29, 30). მთელ მსოფლიოში გვყავს და-ძმები, რომლებსაც უყვართ იეჰოვა და ცხოვრობენ მისი ნორმებით. მართალია, ენა, კულტურა და ჩაცმულობა განგვასხვავებს ერთმანეთისგან, მაგრამ პირველივე შეხვედრისას ვგრძნობთ ერთმანეთთან სიახლოვეს. ჩვენ განსაკუთრებით ზეციერი მამის ერთად განდიდება გვანიჭებს სიხარულს (ფსალმ. 133:1).
4. რატომ ვჭირდებით ერთმანეთს?
4 ახლა განსაკუთრებით გვჭირდება ერთიანობა, რადგან ერთმანეთს ცხოვრებისეული ტვირთის ტარებას ვუადვილებთ (რომ. 15:1; გალ. 6:2). ერთმანეთს იმაშიც ვეხმარებით, შემართებით გავაგრძელოთ იეჰოვას მსახურება და სულიერად არ მოვსუსტდეთ (1 თეს. 5:11; ებრ. 10:23—25). წარმოიდგინეთ, კრება რომ არ გვედგას მხარში, რას გავხდებოდით სატანასა და მის ქვეყნიერებასთან! მალე სატანა თავის დამქაშებთან ერთად თავს დაესხმება ღვთის მსახურებს. მაშინ განსაკუთრებით დავაფასებთ და-ძმების თანადგომას.
5. რატომ უჭირს ზოგს და-ძმების ნდობა?
5 ზოგს შეიძლება გაუჭირდეს და-ძმების ნდობა, რადგან რომელიმე თანამორწმუნემ ნდობა არ გაუმართლა ან პირობა არ შეუსრულა; შეიძლება კრებაში ვინმემ თავისი სიტყვით თუ საქციელით ძალიან ატკინა გული. მართალია, ასეთმა სიტუაციებმა შეიძლება უნდობლობა გამოიწვიოს, მაგრამ რა დაგვეხმარება, რომ ამ დროს და-ძმების მიმართ ნდობა არ დავკარგოთ?
ᲡᲘᲧᲕᲐᲠᲣᲚᲘ ᲜᲓᲝᲑᲘᲡ ᲡᲐᲬᲘᲜᲓᲐᲠᲘᲐ
6. რა როლს ასრულებს სიყვარული ნდობის განვითარებაში? (1 კორინთელები 13:4—8).
6 სიყვარული ნდობის საწინდარია. 1 კორინთელების მე-13 თავის თანახმად, ის, რაც სიყვარულს ახასიათებს, გვეხმარება ნდობის განვითარებასა თუ მის აღდგენაში (წაიკითხეთ 1 კორინთელების 13:4—8). მაგალითად, მე-4 მუხლიდან ვიგებთ, რომ „სიყვარული სულგრძელი და კეთილია“. სწორედ სიყვარულის გამოა, რომ იეჰოვა სულგრძელობით გვეპყრობა ჩვენი შეცდომების მიუხედავად. ამიტომ ჩვენც სულგრძელობით უნდა მოვეპყროთ და-ძმებს, როცა თავიანთი სიტყვით თუ საქმით გვაღიზიანებენ ან გულს გვტკენენ. მე-5 მუხლში წერია, რომ სიყვარული „არ ღიზიანდება და წყენას გულში არ იდებს“ ანუ, როგორც სქოლიოდან ვიგებთ, „ზიანს არ ითვლის“. ამიტომ არ გვინდა, რომ და-ძმებს შეცდომები დავუთვალოთ და შემდეგ წამოვაძახოთ. ეკლესიასტეს 7:9 მოგვიწოდებს: „ადვილად ნუ განაწყენდები“. კარგი იქნება, თუ ეფესოელების 4:26-ში ჩაწერილ რჩევასაც გავითვალისწინებთ: „მზე ისე ნუ ჩავა, რომ კვლავ გაბრაზებული იყოთ“.
7. როგორ გვეხმარება მათეს 7:1—5-ში ჩაწერილი პრინციპები ნდობის განვითარებაში?
7 თუ და-ძმებს იეჰოვას თვალით შევხედავთ, გაგვიადვილდება მათი ნდობა. ღმერთს უყვარს ისინი და არ აკვირდება მათ შეცდომებს. არც ჩვენ უნდა დავაკვირდეთ (ფსალმ. 130:3). სხვების შეცდომებს კი არა, მათ დადებით თვისებებს უნდა დავაკვირდეთ და გვახსოვდეს, რომ მათ აქვთ გაუმჯობესების პოტენციალი (წაიკითხეთ მათეს 7:1—5). ეჭვი არ უნდა შევიტანოთ მათ მოტივებში, რადგან სიყვარულს „ყველაფერი სწამს“ (1 კორ. 13:7). ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ სხვებს ბრმად ვენდოთ, არამედ ნდობა გამოვუცხადოთ, როცა ამის საფუძველი გვაქვს. *
8. როგორ განვივითაროთ და-ძმებისადმი ნდობა?
8 და-ძმებისადმი ნდობის განვითარებას დრო სჭირდება. მაგრამ ჩვენ რისი გაკეთება გვმართებს? კარგად უნდა გავიცნოთ და-ძმები. მაგალითად, გამოველაპარაკოთ ხოლმე კრების შეხვედრებზე და ერთად ვიმსახუროთ. ნაჩქარევი დასკვნები არ უნდა გავაკეთოთ მათზე და საშუალება მივცეთ, თავიანთ სანდოობაში დაგვარწმუნონ. შესაძლოა თავიდან ახალგაცნობილ თანაქრისტიანს ყველაფერს არ მოვუყვეთ, მაგრამ რაც უფრო დავუახლოვდებით, მით უფრო გაგვიადვილდება მასთან პირად საკითხებზე საუბარი (ლუკ. 16:10). მაგრამ თუ თანაქრისტიანმა არ გაგვიმართლა ნდობა, მაშინვე ხელს ნუ ჩავიქნევთ მასზე. არც ის ღირს, რომ ერთი ან ორი ადამიანის გამო ყველას გადავუსვათ ხაზი. მოდი განვიხილოთ ღვთის იმ ერთგულ მსახურთა მაგალითები, რომლებმაც იმედგაცრუების მიუხედავად არ დაკარგეს სხვების მიმართ ნდობა.
ᲛᲐᲗ ᲐᲠ ᲓᲐᲣᲙᲐᲠᲒᲐᲕᲗ ᲡᲮᲕᲔᲑᲘᲡ ᲛᲘᲛᲐᲠᲗ ᲜᲓᲝᲑᲐ
9. ა) როგორ გამოუცხადა ხანამ იეჰოვას ნდობა მისი წარმომადგენლების არასწორი საქციელის მიუხედავად? ბ) როგორ შეგვიძლია ხანას მსგავსად ნდობა გამოვუცხადოთ იეჰოვას? (იხილეთ სურათი).
9 თუ თქვენთვისაც გაუცრუებია იმედი რომელიმე პასუხისმგებელ ძმას, გაიხსენეთ ხანას მაგალითი. მის დროს ისრაელი ერის სულიერი წინამძღოლი მღვდელმთავარი ელი იყო. სამწუხაროდ, მისი ოჯახი არ იყო სამაგალითო. ელის ვაჟები, თუმცა საპასუხისმგებლო საქმეს ასრულებდნენ, სამარცხვინოდ იქცეოდნენ და უზნეობას სჩადიოდნენ. ის კი მხოლოდ მსუბუქი საყვედურით შემოიფარგლებოდა. მიუხედავად ამისა, იეჰოვას მაშინვე არ ჩამოურთმევია ელისთვის მღვდელმთავრობა. მართალია, კარავში სავალალო მდგომარეობა იყო, მაგრამ ხანა მაინც დადიოდა იქ ღვთის თაყვანსაცემად. ერთხელ, როცა სულგამწარებული ხანა ლოცულობდა, ელიმ ნაჩქარევად დაასკვნა, რომ ის მთვრალი იყო და უსაყვედურა (1 სამ. 1:12—16). ამ ყველაფრის მიუხედავად, ხანამ უარი არ თქვა აღთქმის შესრულებაზე, რომ თუ ვაჟი შეეძინებოდა, კარავში მიიყვანდა, სადაც ელის ჩააბარებდა (1 სამ. 1:11). ფაქტია, იეჰოვას ელის ვაჟების საქციელი უყურადღებოდ არ დაუტოვებია და თავის დროზე პასუხიც აგებინა (1 სამ. 4:17). თუმცა ამასობაში არც ხანას ერთგულება გამორჩენია მხედველობიდან და ვაჟით აკურთხა (1 სამ. 1:17—20).
10. შვილისა და მეგობრის ღალატის მიუხედავად, როგორ მოიქცა დავითი?
10 თუ ოდესმე მეგობარს უღალატია თქვენთვის, მაშინ გაიხსენეთ, რა გადახდა მეფე დავითს. როცა საკუთარი ვაჟი, აბესალომი, აუმხედრდა და მისთვის სამეფო ტახტის წართმევა სცადა, დავითის მეგობარი ახითოფელიც მას მიემხრო. შვილისა და მეგობრის ღალატი მისთვის ზურგში დანის ჩაცემასავით იქნებოდა. თუმცა ამის გამო დავითს ყველას მიმართ არ დაუკარგავს ნდობა, მაგალითად, თავისი ერთგული მეგობრის, ხუშაის მიმართ, რომელიც ამბოხებულებს არ მიემხრო. ხუშაიმ გაუმართლა მას ნდობა, რადგან მისთვის თავი საფრთხეშიც კი ჩაიგდო (2 სამ. 17:1—16).
11. ვის მიმართ და როგორ გამოავლინა ნაბალის ერთ-ერთმა მსახურმა ნდობა?
11 საინტერესოა ნაბალის ერთ-ერთი მსახურის მაგალითიც. ნაბალი ერთი მდიდარი კაცი იყო, რომლის მსახურებსაც დავითი და მისი ხალხი იცავდნენ. ერთხელ დავითმა ნაბალს მოკრძალებულად შეუთვალა, რომ მისი ხალხისთვის საკვები მიეცა, რამდენსაც გაიმეტებდა, მაგრამ ნაბალმა დავითის ხალხი უხეში უარით გაისტუმრა. ამაზე დავითი ისე განრისხდა, რომ მის სახლეულობაში ყველა მამაკაცის გაწყვეტა მოინდომა. ერთ-ერთმა მსახურმა ეს ამბავი ნაბალის ცოლს, აბიგაილს, მიუტანა, რადგან მიხვდა, რომ ახლა მხოლოდ აბიგაილი თუ იხსნიდა მათ სიცოცხლეს. მან გაქცევით კი არ უშველა თავს, არამედ თავისი ბატონის ცოლს გამოუცხადა ნდობა; და ეს იმიტომ, რომ აბიგაილი გონიერი და გამჭრიახი ქალი იყო. აბიგაილმა გაამართლა თავისი მსახურის ნდობა, გაბედულად მოიქცა და დავითს სისხლის ღვრაზე ხელი ააღებინა (1 სამ. 25:2—35). თავის მხრივ აბიგაილს სჯეროდა, რომ დავითი გონივრულად მოიქცეოდა.
12. საიდან ჩანს, რომ იესო ენდობოდა თავის მოწაფეებს მათი ნაკლოვანებების მიუხედავად?
12 იესო ენდობოდა თავის მოწაფეებს მათი ნაკლოვანებების მიუხედავად (იოან. 15:15, 16). მაგალითად, როცა იაკობმა და იოანემ იესოს ზეციერ სამეფოში გამორჩეული ადგილები სთხოვეს, მას არ დაუსკვნია, რომ ეს ძმები არასწორი მოტივებით ემსახურებოდნენ იეჰოვას და მოციქულობა არ ჩამოურთმევია მათთვის (მარ. 10:35—40). სიკვდილის წინა ღამეს, როცა იესო დააპატიმრეს, ყველა მოწაფემ მიატოვა ის (მათ. 26:56). მაგრამ იესოს მათდამი ნდობა არ დაუკარგავს. მართალია, კარგად ხედავდა მათ ნაკლოვანებებს, მაგრამ მაინც „ბოლომდე უყვარდა ისინი“ (იოან. 13:1). მკვდრეთით აღდგომის შემდეგ თავის ერთგულ 11 მოციქულს იესომ მოწაფეების მომზადებისა და თავის „ცხვარზე“ ზრუნვის საპასუხისმგებლო დავალება მიანდო (მათ. 28:19, 20; იოან. 21:15—17). მოციქულებმაც გაუმართლეს ნდობა და სიცოცხლის ბოლომდე ერთგულად ასრულებდნენ მიღებულ დავალებას. ხანას, დავითის, ნაბალის მსახურის, აბიგაილისა და იესოს მაგალითებზე ვხედავთ, რომ უნდა ვენდოთ სხვებს მათი ნაკლოვანებების მიუხედავად.
ᲜᲓᲝᲑᲘᲡ ᲐᲦᲓᲒᲔᲜᲐ
13. რამ შეიძლება ნდობას ძირი გამოუთხაროს?
13 გქონიათ შემთხვევა, როცა კონფიდენციალური ინფორმაცია რომელიმე ძმას გაანდეთ, მან კი ეს ინფორმაცია გათქვა? ასეთმა სიტუაციებმა შეიძლება გული გვატკინოს და ძირი გამოუთხაროს ნდობას. ერთხელ ერთი და პირად საკითხებზე კონფიდენციალურად ესაუბრა ერთ უხუცესს. მეორე დღეს უხუცესის ცოლმა გასამხნევებლად დაურეკა ამ დას. მისი საუბრიდან აშკარად ჩანდა, რომ ყველაფერი იცოდა. ბუნებრივია, ამ დას ამ უხუცესის მიმართ ნდობა შეერყა. საბედნიეროდ, მან დახმარებისთვის სხვა უხუცესს მიმართა, რომელიც დაეხმარა მას, რომ ნდობა აღედგინა უხუცესების მიმართ.
14. რა დაეხმარა ერთ ძმას ნდობის აღდგენაში?
14 ერთი ძმა დიდხანს იყო განაწყენებული ორ უხუცესზე და მათ ნდობის ღირსად არ თვლიდა. თუმცა ერთხელ ის დააფიქრა ერთი ძმის სიტყვებმა, რომელსაც ძალიან აფასებდა: „მტრად სატანა უნდა მივიჩნიოთ და არა ჩვენი ძმები“. მან ბევრი ილოცა კიდეც და საბოლოოდ ამ უხუცესებს შეურიგდა.
15. რატომ შეიძლება ნდობის აღდგენას დიდი დრო დასჭირდეს? მოიყვანეთ მაგალითი.
15 დაგიკარგავთ ოდესმე რაიმე პასუხისმგებლობა? ეს შეიძლება ძალიან მტკივნეული იყოს. ამაზე მოწმობს გრეტესა და დედამისის შემთხვევა. ეს ერთგული დები ნაცისტურ გერმანიაში ცხოვრობდნენ 1930-იან წლებში, როცა მოწმეების საქმიანობა აკრძალული იყო. ძმებმა გრეტეს დაავალეს „საგუშაგო კოშკის“ ასლების გამრავლება. ის სიამოვნებით ასრულებდა ამ დავალებას. მაგრამ როცა ძმებმა გაიგეს, რომ მამამისი მოწინააღმდეგე იყო, ჩამოართვეს ეს პასუხისმგებლობა იმის შიშით, რომ მამამისს კრების შესახებ ინფორმაცია მტრებისთვის არ გადაეცა. თუმცა ყველაფერი ამით არ დასრულებულა. მთელი მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში ძმები გრეტესა და დედამისს არც ჟურნალებს აძლევდნენ და არც ხმას სცემდნენ ქუჩაში შეხვედრის დროს. გრეტე ისე იყო გულნატკენი, რომ წლები დასჭირდა, ეპატიებინა ამ ძმებისთვის და ნდობა აღედგინა. ამაში მას იმის გააზრება დაეხმარა, რომ იეჰოვამ აპატია მათ და მასაც უნდა ეპატიებინა *.
„მტრად სატანა უნდა მივიჩნიოთ და არა ჩვენი ძმები“
16. რატომ უნდა მოვახმაროთ ძალისხმევა ნდობის აღდგენას?
16 თუ მსგავსი რამ თქვენც შეგემთხვათ, ეცადეთ, აღიდგინოთ ნდობა. ამისთვის შეიძლება დრო დაგჭირდეთ, მაგრამ ძალისხმევა აუცილებლად დაგიფასდებათ. მაგალითად, თუ ოდესმე საკვებით მოწამლულხართ, შეიძლება ახლა ფრთხილობთ და ყველაფერს განურჩევლად არ ჭამთ. მაგრამ ამის გამო ზოგადად საკვებზე უარი არ გითქვამთ. მსგავსადვე, ერთი გულისტკენის გამო არ ღირს ყველა და-ძმაზე გულის აცრუება, რადგან კარგად გვესმის, რომ მეტ-ნაკლებად ყველას რაღაც გვეშლება. თუ ნდობას აღვიდგენთ, კარგად ვიგრძნობთ თავს და იმასაც უკეთ დავინახავთ, ჩვენ რით შეგვიძლია შევუწყოთ ხელი კრებაში ურთიერთნდობის განვითარებას.
17. რატომ არის ნდობა მნიშვნელოვანი და რაზე ვიმსჯელებთ მომდევნო სტატიაში?
17 სატანის ქვეყნიერებაში ადამიანებს ნდობა აქვთ დაკარგული, მაგრამ ამას ვერ ვიტყვით მსოფლიო საძმოზე. ჩვენს ნდობას სიყვარული უდევს საფუძვლად. ასეთი ნდობა ჩვენ შორის სიყვარულსა და ერთობას უწყობს ხელს, მომავალი სირთულეების დროს კი ჩვენს დაცვას მოემსახურება. რა უნდა გავაკეთოთ, თუ ვინმემ მწარედ გაგვიცრუა იმედი? ვეცადოთ, სიტუაციას იეჰოვას თვალით შევხედოთ, ვიხელმძღვანელოთ ბიბლიური პრინციპებით, უფრო მეტად შევიყვაროთ და-ძმები და დავფიქრდეთ ბიბლიურ მაგალითებზე. ეს დაგვეხმარება, დავივიწყოთ წყენა და აღვიდგინოთ ნდობა. თუ ასე მოვიქცევით, ჩვენ გვერდით ყოველთვის იქნებიან „ძმაზე ერთგული“ მეგობრები (იგავ. 18:24). მაგრამ მხოლოდ ჩვენ კი არ უნდა ვენდობოდეთ სხვებს, არამედ სხვებსაც უნდა მივცეთ ჩვენი ნდობის საფუძველი. მომდევნო სტატიაში ვიმსჯელებთ, როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება.
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 99 უამრავი და-ძმა
^ ვიცით, რომ უნდა ვენდოთ და-ძმებს, მაგრამ ეს ყოველთვის ადვილი არ არის, რადგან ზოგჯერ ისინი ვერ ამართლებენ ჩვენს ნდობას. ამ სტატიაში განვიხილავთ ბიბლიურ პრინციპებს და მაგალითებს, რომლებიც დაგვეხმარება, ვენდოთ და-ძმებს ან აღვიდგინოთ დაკარგული ნდობა.
^ როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, კრებაში ყველა შეიძლება არ იმსახურებდეს ჩვენს ნდობას (იუდ. 4). იშვიათ შემთხვევაში შეიძლება გამოჩნდნენ ცრუ ძმები, რომლებიც ამახინჯებენ ბიბლიურ მოძღვრებებს (საქ. 20:30). ასეთებს ჩვენ არც ვენდობით და არც ვუსმენთ.
^ გრეტეს ისტორია მოთხრობილია 1974 წლის „იეჰოვას მოწმეების წელიწდეულში“, გვ. 129—131 (ინგლ.).