მკითხველთა შეკითხვები
ვინ აღდგება დედამიწაზე და რა ელით მათ აღდგომის შემდეგ?
ვნახოთ, რა პასუხს გვცემს ბიბლია ამ კითხვებზე.
საქმეების 24:15-დან ვიგებთ, რომ „იქნება მკვდრეთით აღდგომა, მართლებისაც და უმართლოებისაც“. „მართლები“ ისინი არიან, ვინც სიკვდილამდე ერთგულად ემსახურებოდნენ იეჰოვას, ამიტომ მათი სახელები „სიცოცხლის წიგნშია“ ჩაწერილი (მალ. 3:16). „უმართლოებს“ შორის ისინი არიან, ვისაც სიკვდილამდე არ მიეცათ იეჰოვას გაცნობის შესაძლებლობა და, შესაბამისად, მათი სახელები არ არის ჩაწერილი „სიცოცხლის წიგნში“.
იოანეს 5:28, 29-ში იმავე ორი კატეგორიის ხალხზეა საუბარი, რომლებზეც საქმეების 24:15-ში. აქ იესო ამბობს: „კარგის მოქმედი სიცოცხლის მისაღებად [აღდგება], ცუდის მოქმედი კი — გასასამართლებლად“. „მართლები“ ისინი არიან, ვინც სიკვდილამდე კარგ საქმეებს აკეთებდნენ. რახან მათი სახელები არ ამოშლილა „სიცოცხლის წიგნიდან“, ისინი სიცოცხლის მისაღებად აღდგებიან. რაც შეეხება „უმართლოებს“, რომლებიც სიკვდილამდე ცუდ საქმეებს სჩადიოდნენ, ისინი გასასამართლებლად აღდგებიან. მათ ერთგვარი გამოსაცდელი დრო მიეცემათ, რომლის განმავლობაშიც უნდა გაიცნონ იეჰოვა და ამის შემდეგღა გადაწყდება, ჩაიწერება თუ არა მათი სახელები „სიცოცხლის წიგნში“.
გამოცხადების 20:12, 13-დან ვიგებთ, რომ ყველა მკვდრეთით აღმდგარი უნდა დაემორჩილოს „გრაგნილებში ჩაწერილს“ ანუ იმ ახალ კანონებსა და მითითებებს, რომლებსაც ახალ ქვეყნიერებაში მივიღებთ. ვინც მათ არ დაემორჩილება, განადგურდება (ეს. 65:20).
დანიელის 12:2-ში ნათქვამია, რომ სიკვდილის ძილით მიძინებულთაგან ზოგი „მარადიული სიცოცხლისთვის“ აღდგება, ზოგიც „შეურაცხყოფისა და მარადიული სიძულვილისთვის“. ამ მუხლში საუბარია იმაზე, თუ რას მიიღებენ საბოლოოდ მკვდრეთით აღმდგრები — ან „მარადიულ სიცოცხლეს“, ან „მარადიულ სიძულვილს“. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 1 000 წლის ბოლოს ზოგი მარადიულ სიცოცხლეს მიიღებს, ზოგი კი სამუდამოდ განადგურდება (გამოცხ. 20:15; 21:3, 4).
მკვდრეთით აღმდგართა ორი კატეგორია შეგვიძლია შევადაროთ უცხოელებს, რომლებსაც საზღვარგარეთ ცხოვრება სურთ. „მართლები“ ჰგვანან იმ უცხოელებს, რომლებსაც მუდმივი ბინადრობის ნებართვა მიეცათ, რაც მათ გარკვეულ უფლებებსა და თავისუფლებას ანიჭებს. მათგან განსხვავებით „უმართლოები“ ჰგვანან იმ უცხოელებს, რომლებსაც დროებითი ბინადრობის ნებართვა მიეცათ. ეს უცხოელები ისე უნდა მოიქცნენ, რომ მათ უცხო ქვეყანაში დარჩენის უფლება მისცენ. „უმართლოები“ უნდა დაემორჩილონ იეჰოვას კანონებს და მართალი ადამიანის რეპუტაცია შეიქმნან, რომ სამოთხეში დარჩენის უფლება მიეცეთ. თავიდან რა ნებართვაც არ უნდა ჰქონდეს უცხოელს, მას შეიძლება მისცენ მოქალაქეობა ან ქვეყანა დაატოვებინონ. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ მოიქცევა ის უცხო ქვეყანაში. მსგავსად, მიიღებენ თუ არა ახალი ქვეყნიერების „მოქალაქეობას“ მკვდრეთით აღმდგრები, მათ რწმენასა და საქციელზე იქნება დამოკიდებული.
იეჰოვა მხოლოდ მოსიყვარულე კი არა, სამართლიანი ღმერთიცაა (კან. 32:4; ფსალმ. 33:5). თავისი სიყვარულიდან გამომდინარე ის „მართლებსაც“ დაუბრუნებს სიცოცხლეს და „უმართლოებსაც“. მაგრამ ამავე დროს, ის სამართლიანად მოითხოვს მათგან, რომ დაემორჩილონ მის მაღალზნეობრივ ნორმებს. შესაბამისად, ახალ ქვეყნიერებაში ცხოვრების უფლება მხოლოდ მათ მიეცემათ, ვინც შეიყვარებს იეჰოვას და იცხოვრებს მისი პრინციპებით.