არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 38

შეიძინეთ სანდო ადამიანის სახელი

შეიძინეთ სანდო ადამიანის სახელი

„სანდო კაცი [საიდუმლოს] ინახავს“ (ᲘᲒᲐᲕ. 11:13).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 101 მხარდამხარ ვთანამშრომლობთ

ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘ *

1. როგორია სანდო ადამიანი?

 ᲡᲐᲜᲓᲝ ადამიანი ყოველთვის ასრულებს პირობას და სიმართლეს ამბობს (ფსალმ. 15:4). ამიტომ ის სხვების ნდობით სარგებლობს. გვინდა, რომ და-ძმები ჩვენც ასეთ ადამიანად გვთვლიდნენ. როგორ მოვიპოვოთ მათი ნდობა?

2. როგორ მოვიპოვოთ სანდო ადამიანის სახელი?

2 ნდობა თავისით არ მოდის, მას დამსახურება სჭირდება. ის რაღაცით ფულს ჰგავს: ძნელად იშოვება, მაგრამ ადვილად იკარგება. იეჰოვა ყოველმხრივ იმსახურებს ჩვენს ნდობას. ის არასდროს გაგვიცრუებს იმედს, რადგან „ყველა მისი საქმე საიმედოა“ (ფსალმ. 33:4). ღმერთს სურს, რომ ვბაძავდეთ მას (ეფეს. 5:1). ამიტომ მოდი განვიხილოთ იეჰოვას იმ მსახურების მაგალითები, რომლებიც ჰბაძავდნენ ზეციერ მამას და რომლებმაც სანდო ადამიანის სახელი მოიპოვეს. აგრეთვე ვიმსჯელოთ ხუთ თვისებაზე, რომლებიც ნდობის მოპოვებაში დაგვეხმარება.

ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ ᲛᲡᲐᲮᲣᲠᲗᲐ ᲛᲐᲒᲐᲚᲘᲗᲔᲑᲘ

3, 4. როგორ მოიპოვა წინასწარმეტყველმა დანიელმა სანდო ადამიანის რეპუტაცია და რაზე უნდა დაგვაფიქროს ამან?

3 წინასწარმეტყველი დანიელი გამოირჩეოდა თავისი სანდოობით. ბაბილონშიც კი, სადაც ტყვედ წაიყვანეს, მალევე მოიპოვა სანდო ადამიანის სახელი. მისდამი ნდობა კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც მეფე ნაბუქოდონოსორს იეჰოვას დახმარებით სიზმრები აუხსნა. ერთხელ დანიელს მისთვის იმის თქმა მოუწია, რომ იეჰოვა დასჯას უპირებდა. მრისხანე მეფისთვის ამის თქმას დიდი გამბედაობა დასჭირდებოდა (დან. 2:12; 4:20—22, 25). წლების შემდეგ დანიელმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სანდო კაცი იყო, როცა ზედმიწევნით ახსნა ბაბილონის სასახლის კედელზე გაჩენილი წარწერის მნიშვნელობა (დან. 5:5, 25—29). მოგვიანებით დარიოს მიდიელმა და მისმა უმაღლესმა მოხელეებმაც აღიარეს, რომ დანიელში „საკვირველი სული“ იყო. ისინი ხედავდნენ, რომ დანიელი, როგორც სანდო კაცი, „არც დაუდევარი იყო და არც რაიმე დანაშაული ჰქონდა ჩადენილი“ (დან. 6:3, 4). ასე რომ, წარმართი მმართველებიც კი უცხადებდნენ ნდობას იეჰოვას ამ მსახურს.

4 კარგი იქნება, თუ ჩვენც დავფიქრდებით შემდეგ კითხვებზე: როგორ ადამიანად მიცნობენ გარეშეები? მაქვს კეთილსინდისიერი და სანდო ადამიანის სახელი? ამ კითხვებზე ნამდვილად ღირს დაფიქრება, რადგან ჩვენი კარგი სახელით ღმერთს განვადიდებთ.

ნეემიამ სანდო მამაკაცებს მიანდო საპასუხისმგებლო დავალებები (იხილეთ აბზაცი 5).

5. რატომ იყო ხანანია სანდო?

5 ძვ. წ. 455 წელს იერუსალიმის გალავნის აღდგენის შემდეგ გამგებელი ნეემია სანდო კაცებს ეძებდა, რომლებსაც ქალაქს ჩააბარებდა. ნეემიას მიერ შერჩეულთა შორის იყო ციხესიმაგრის მთავარი ხანანია, რომელსაც ბიბლია შემდეგნაირად აღწერს: „ის ყველაზე სანდო კაცი იყო და ბევრ სხვაზე მეტად ეშინოდა ღვთისა“ (ნეემ. 7:2). რახან ხანანია ღვთისმოყვარე და ღვთისმოშიში კაცი იყო, მთელი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა თავის დავალებას. ღვთისადმი სიყვარული და შიში ჩვენც დაგვეხმარება, კეთილსინდისიერად ვემსახუროთ მას.

6. რა მხრივ აღმოჩნდა ტიქიკე პავლე მოციქულისთვის სანდო მეგობარი?

6 ამ მხრივ აღსანიშნავია ტიქიკეც, მოციქულ პავლეს თანამსახური. შინაპატიმრობაში მყოფი პავლე ენდობოდა ტიქიკეს და მას „უფლის ერთგული მსახური“ უწოდა (ეფეს. 6:21, 22). პავლეს იმედი ჰქონდა, რომ ტიქიკე არა მარტო წერილებს ჩაუტანდა ეფესოელ და კოლოსელ ძმებს, არამედ გაამხნევებდა და ანუგეშებდა კიდეც მათ. ტიქიკესავით ერთგული და სანდო ძმები დღესაც გვყავს კრებაში, რომლებიც ზრუნავენ ჩვენს სულიერ მოთხოვნილებებზე (კოლ. 4:7—9).

7. რა მაგალითს გვაძლევენ უხუცესები და მომსახურეები?

7 ძალიან ვაფასებთ, რომ კრებებში გვყავს სანდო უხუცესები და მომსახურეები. დანიელის, ხანანიასა და ტიქიკეს მსგავსად ისინიც მთელი პასუხისმგებლობით ეკიდებიან თავიანთ დავალებებს. მაგალითად, როცა შუა კვირის შეხვედრაზე მივდივართ, ეჭვი არ გვეპარება, რომ პროგრამის ყველა დავალება უკვე განაწილებულია. თავის მხრივ, უხუცესებსაც აქვთ და-ძმების იმედი, რომ ისინი პირნათლად შეასრულებენ თავიანთ დავალებებს. როცა ბიბლიის შემსწავლელს კრებაზე ვეპატიჟებით, ეჭვი არ გვეპარება იმაში, რომ საჯარო მოხსენებას მოვისმენთ. იმაშიც დარწმუნებულები ვართ, რომ ძმები მსახურებისთვის საჭირო ლიტერატურაზე იზრუნებენ. იეჰოვას ვემადლიერებით ამ ერთგული ძმებისთვის, რომლებიც სულიერად არაფერს გვაკლებენ. ახლა იმაზე ვიმსჯელოთ, რისი გაკეთება შეგვიძლია ნდობის მოსაპოვებლად.

ᲕᲘᲪᲝᲓᲔᲗ, ᲠᲐ ᲕᲗᲥᲕᲐᲗ ᲓᲐ ᲠᲐ ᲐᲠᲐ

8. რატომ გვმართებს სიფრთხილე, როცა სხვების მდგომარეობით ვინტერესდებით? (იგავები 11:13).

8 ჩვენ გვიყვარს და-ძმები და გვაღელვებს მათი მდგომარეობა. მაგრამ სიფრთხილე გვმართებს, რომ ზედმეტად არ ჩავერიოთ სხვის ცხოვრებაში. მაგალითად, პირველ საუკუნეში პავლემ ზოგიერთ ქრისტიანზე თქვა, რომ ჭორიკანები იყვნენ, სხვის საქმეში ერეოდნენ და იმაზე ლაპარაკობდნენ, რაზეც არ უნდა ელაპარაკათ (1 ტიმ. 5:13). ნამდვილად არ გვინდა, რომ ჩვენც ასე გვახასიათებდნენ. ვინმე შეიძლება პირად საკითხზე გვესაუბროს, მაგალითად, თავის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ან სხვა რაიმე პრობლემაზე, და გვთხოვოს, რომ ამის შესახებ არავის ვუთხრათ. ასეთ შემთხვევაში პატივი უნდა ვცეთ მის სურვილს * (წაიკითხეთ იგავების 11:13). მოდი ახლა ვიმსჯელოთ, კიდევ რა სიტუაციებში უნდა დავიცვათ კონფიდენციალურობა.

9. რაში გამოჩნდება ოჯახის თითოეული წევრის სანდოობა?

9 ოჯახში. ოჯახის თითოეულ წევრს უნდა ესმოდეს, რომ არის საკითხები, რომლებიც ოჯახის გარეთ არ უნდა გაიტანონ. მაგალითად, შეიძლება ცოლს ისეთი ჩვევა აქვს, რაზეც ქმარს ეცინება. მაგრამ ქმარი ამ თემაზე საჯაროდ არ იხუმრებს და ცოლს უხერხულ მდგომარეობაში არ ჩააგდებს. ცოლის სიყვარულით ის არ გააკეთებს ისეთ რამეს, რაც გულს ატკენს მას (ეფეს. 5:33). გარდა ამისა, მშობლებსაც უნდა ესმოდეთ, რომ მოზარდი შვილების ღირსებას უნდა გაუფრთხილდნენ. მათ სახალხოდ არ უნდა ილაპარაკონ შვილების შეცდომებზე და თავი დამცირებულად არ უნდა აგრძნობინონ (კოლ. 3:21). შვილებსაც უნდა ესმოდეთ, რომ ოჯახური ამბები გარეთ არ უნდა გაიტანონ და ოჯახის წევრები უხერხულ მდგომარეობაში არ უნდა ჩააგდონ (კან. 5:16). ოჯახი მტკიცე და შეკრულია, თუ მისმა თითოეულმა წევრმა იცის, რაზე ილაპარაკოს სხვებთან და რაზე არა.

10. რა უნდა შეეძლოს ნამდვილ მეგობარს? (იგავები 17:17).

10 სამეგობროში. ადრე თუ გვიან ყველას გვიჩნდება იმის სურვილი, რომ გული გადავუშალოთ ახლო მეგობარს. ზოგს შეიძლება უჭირს ამის გაკეთება, რადგან არ არის მიჩვეული სხვებთან პირად საკითხებზე საუბარს. თუ ასეთმა ადამიანმა გული გადაგვიშალა, უდიდეს დარტყმას მივაყენებთ, თუ მის ნდობას არ გავამართლებთ და მის ნათქვამს გავამხელთ. ნამდვილი მეგობარი ისაა, ვინც იცის სხვისი საიდუმლოს შენახვა (წაიკითხეთ იგავების 17:17).

უხუცესები არ უმხელენ კონფიდენციალურ ინფორმაციას ოჯახის წევრებს (იხილეთ აბზაცი 11). *

11. ა) როგორ შეუძლიათ უხუცესებსა და მათ ცოლებს, მოიპოვონ სხვების ნდობა? ბ) რას ვსწავლობთ უხუცესისგან, რომელმაც კონფიდენციალური ინფორმაცია მოისმინა? (იხილეთ სურათი).

11 კრებაში. უხუცესები, რომლებსაც შეუძლიათ საიდუმლოს შენახვა, და-ძმებისთვის არიან „როგორც თავშესაფარი ქარში და საფარი ქარიშხალში“ (ეს. 32:2). ვიცით, რომ როცა მათ რაიმეს ვუმხელთ, ჩვენი ნათქვამი მათთანვე დარჩება. მეორე მხრივ, არც ჩვენ ვცდილობთ, რომ მათ რაიმე კონფიდენციალური ხასიათის ინფორმაცია ვათქმევინოთ. ამას არც უხუცესების ცოლები ცდილობენ, რისთვისაც ვემადლიერებით მათ. ის, რომ უხუცესის ცოლი არ ფლობს კონფიდენციალურ ინფორმაციას, მისთვისაც სასიკეთოა და და-ძმებისთვისაც. აი, რას ამბობს ერთი უხუცესის ცოლი: „ჩემი ქმრის მადლიერი ვარ, რომ არასდროს მეუბნება, ვისთან მიდის სამწყემსო მონახულებაზე ან ვის სჭირდება სულიერი დახმარება. ის არ მამძიმებს იმ ინფორმაციით, რომელიც მე არ მეხება. ამის წყალობით ყველასთან თავისუფლად ვურთიერთობ კრებაში. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ რასაც ჩემს ქმარს ვუმხელ, ჩვენ შორის დარჩება“. ყველას გვინდა, რომ სანდო ადამიანის სახელი გვქონდეს. ვისაუბროთ ხუთ თვისებაზე, რომელიც ამაში დაგვეხმარება.

ᲗᲕᲘᲡᲔᲑᲔᲑᲘ, ᲠᲝᲛᲚᲔᲑᲘᲪ ᲡᲮᲕᲔᲑᲘᲡ ᲜᲓᲝᲑᲐᲡ ᲛᲝᲒᲕᲐᲞᲝᲕᲔᲑᲘᲜᲔᲑᲡ

12. რატომ შეიძლება იმის თქმა, რომ სიყვარული ნდობის საწინდარია?

12 სიყვარული ნდობის საწინდარია. როგორც იესომ თქვა, ორი უდიდესი მცნება ისაა, რომ გვიყვარდეს ღმერთი და გვიყვარდეს მოყვასი (მათ. 22:37—39). რახან გვიყვარს იეჰოვა, გვინდა, რომ მივბაძოთ მას და ჩვენც სანდოები ვიყოთ. ჩვენ და-ძმებიც გვიყვარს, ამიტომ ვცდილობთ, მათ პირად საკითხებზე სხვებთან არ ვისაუბროთ. არ გვინდა, ჩვენს და-ძმებზე ისეთი ინფორმაცია გავამხილოთ, რაც მათ ზიანს მიაყენებს, უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებს ან გულს ატკენს (იოან. 15:12).

13. როგორ გვეხმარება თავმდაბლობა ნდობის მოპოვებაში?

13 თავმდაბლობა ნდობის მოპოვებაში გვეხმარება. თავმდაბალი ქრისტიანი არ ცდილობს, სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენის მიზნით ყოველთვის პირველმა გააცხადოს ახალი ამბავი (ფილ. 2:3). ის თავს არ წარმოაჩენს და სხვებს არ მიანიშნებს, რომ კონფიდენციალურ ინფორმაციას ფლობს. გარდა ამისა, თავმდაბალი ადამიანი არ ცდილობს, სხვებს მოახვიოს თავს პირადი შეხედულებები ისეთ საკითხებზე, რომლებიც არც ბიბლიაში განიხილება და არც პუბლიკაციებში.

14. როგორ მოგვაპოვებინებს გამჭრიახობა სხვების ნდობას?

14 გამჭრიახობა ეხმარება ქრისტიანს, განსაზღვროს, როდის არის „დუმილის დრო და ლაპარაკის დრო“ (ეკლ. 3:7). ასეთი ანდაზაც კი არსებობს: სიტყვა ვერცხლია, დუმილი ოქროო. სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, ზოგჯერ ლაპარაკს დუმილი სჯობია. ამას ადასტურებს იგავების 11:12-ში ჩაწერილიც: „გამჭრიახი კაცი დუმს“. მაგალითად, ერთ გამოცდილ უხუცესს ხშირად სთხოვენ დახმარებას სხვა კრებებში პრობლემური საკითხების მოსაგვარებლად. აი, რას ამბობს მასზე ერთი უხუცესი: „ის ყოველთვის ფრთხილობს, რომ სხვა კრებების კონფიდენციალური ინფორმაცია არ გასცეს“. თავისი გამჭრიახობის წყალობით ეს უხუცესი დიდი პატივისცემით სარგებლობს თავისი კრების უხუცესთა საბჭოში. მათ იციან, რომ ის კრების კონფიდენციალურ ინფორმაციასაც არ გათქვამს.

15. როგორ გვეხმარება გულწრფელობა სხვების ნდობის მოპოვებაში? მოიყვანეთ მაგალითი.

15 გულწრფელობა კიდევ ერთი საჭირო თვისებაა ნდობის მოსაპოვებლად. ჩვეულებრივ, ჩვენ ვენდობით გულწრფელ ადამიანს, რადგან ვიცით, რომ ის ყოველთვის სიმართლეს გვეტყვის (ეფეს. 4:25; ებრ. 13:18). დავუშვათ, გსურთ, რომ დახვეწოთ სწავლების უნარ-ჩვევები. ასეთ დროს ვის სთხოვდით, რომ მოესმინა თქვენი მოხსენებისთვის ან დავალებისთვის და სათანადო რჩევები მოეცა? ალბათ ისეთ ადამიანს, რომელიც ყურის მაამებელ სიტყვებს კი არ გეტყოდათ, არამედ გულწრფელად გამოთქვამდა თავის აზრს. ბიბლიაც ხომ ამბობს, რომ „ფარულ სიყვარულს აშკარა შეგონება სჯობია, მეგობრისგან ჭრილობა ერთგულების ნიშანია“ (იგავ. 27:5, 6). შეიძლება თავიდან გულწრფელი შეფასება არ გვესიამოვნოს, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ჩვენს დახვეწას მოემსახურება.

16. როგორ ამახვილებს ყურადღებას იგავების 10:19 თავშეკავების აუცილებლობაზე?

16 თავშეკავება უაღრესად მნიშვნელოვანია სხვების ნდობის მოსაპოვებლად. ეს თვისება გვეხმარება, რომ არ ავყვეთ ცდუნებას და არ გავამჟღავნოთ კონფიდენციალური ინფორმაცია (წაიკითხეთ იგავების 10:19). მაგალითად, თავშეკავება შეიძლება სოციალური მედიით სარგებლობის დროს დაგვჭირდეს. სიფრთხილე გვმართებს, რომ ჩვენდა უნებურად კონფიდენციალური ინფორმაცია არ გავახმაუროთ. ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ, ვინ როგორ გამოიყენებს ელექტრონული სახით ჩვენ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და ვის რა ზიანს მოუტანს. თავშეკავება მაშინაც დაგვეხმარება, თუ მტრები შეეცდებიან, და-ძმების საზიანოდ ინფორმაცია გამოგვტყუონ. მაგალითად, ისეთ ქვეყანაში, სადაც ჩვენი საქმიანობა შეზღუდული ან აკრძალულია, შეიძლება პოლიციაში დაგვიბარონ და დაგვკითხონ. ამ თუ მსგავს სიტუაციებში შემდეგი პრინციპი გამოგვადგება: „პირს დარაჯად ალიკაპს დავუყენებ“ (ფსალმ. 39:1). მნიშვნელობა არა აქვს, ოჯახში იქნება ეს, სამეგობრო წრეში, კრებაში თუ სხვაგან, ყველგან სანდო ადამიანის სახელი უნდა გვქონდეს. ამაში ხელშემწყობი ერთ-ერთი თვისება სწორედ თავშეკავებაა.

17. როგორ შევუწყოთ კრებაში ურთიერთნდობას ხელი?

17 მადლიერი ვართ იეჰოვასი, რომ იმ ხალხს შორის ვართ, რომელსაც სიყვარული და ნდობა აერთიანებს. ყველას მოგვეთხოვება, რომ და-ძმების ნდობა მოვიპოვოთ. კრებაში ურთიერთნდობას შევუწყობთ ხელს, თუ სიყვარულს, თავმდაბლობას, გამჭრიახობას, გულწრფელობასა და თავშეკავებას გამოვავლენთ. გვახსოვდეს, რომ ნდობას შენარჩუნება სჭირდება. დაე კვლავ მივბაძოთ ჩვენს ღმერთს იეჰოვას და დავამტკიცოთ, რომ ნდობას ვიმსახურებთ!

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 123 ერთგულად დაემორჩილეთ თეოკრატიას

^ ნდობას დამსახურება სჭირდება. ამ სტატიიდან გავიგებთ, რატომ არის ნდობა მნიშვნელოვანი და რომელი თვისებები დაგვეხმარება სხვების ნდობის მოპოვებაში.

^ თუ გავიგებთ, რომ კრებაში ვინმე სერიოზულ ცოდვას სჩადის, უნდა წავახალისოთ, რომ უხუცესებს მიმართოს დახმარებისთვის. თუ ის ამას თავად არ გააკეთებს, სულიერ მწყემსებს ჩვენ უნდა ვაცნობოთ ამის შესახებ, რადგან გვინდა, იეჰოვასაც ვუერთგულოთ და ქრისტიანულ კრებასაც.

^ ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: უხუცესი კონფიდენციალურ ინფორმაციას იგებს, მაგრამ ოჯახში დაბრუნების შემდეგ არაფერს ამბობს.