ᲐᲕᲢᲝᲑᲘᲝᲒᲠᲐᲤᲘᲐ
წლებია, სიხარულით ვსწავლობ და ვასწავლი იეჰოვას შესახებ
ᲒᲐᲕᲘᲖᲐᲠᲓᲔ პენსილვანიის შტატში, ქალაქ ისტონში. მოზარდობის წლებში მიზნად მქონდა დასახული, უმაღლეს სასწავლებელში მესწავლა და ჩემი ადგილი დამემკვიდრებინა საზოგადოებაში. სწავლა მიყვარდა და მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში კარგი ნიშნები მქონდა. იმის გამო, რომ შავკანიან მოსწავლეთა შორის ყველაზე წარჩინებული ვიყავი, 1956 წელს სამოქალაქო უფლებების დამცველმა ერთ-ერთმა ორგანიზაციამ ჯილდოდ 25 დოლარი გადმომცა. თუმცა მოგვიანებით ჩემი მიზნები შეიცვალა. მინდა მოგითხროთ, რატომ.
ᲠᲝᲒᲝᲠ ᲒᲐᲕᲘᲪᲐᲜᲘ ᲘᲔᲰᲝᲕᲐ
1940-იანი წლების დასაწყისში ჩემი მშობლები იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიას სწავლობდნენ. მართალია, მათ შეწყვიტეს შესწავლა, მაგრამ დედაჩემი კვლავაც იღებდა „საგუშაგო კოშკისა“ და „გამოიღვიძეთის!“ ნომრებს. 1950 წელს ნიუ-იორკში საერთაშორისო კონგრესი ჩატარდა, რომელსაც ჩემი ოჯახიც დაესწრო.
კონგრესის შემდეგ ძმა ლორენს ჯეფრიზი გვინახულებდა ხოლმე. მას სურდა, დამხმარებოდა ჭეშმარიტების გაგებაში. თავიდან არ ვეთანხმებოდი, რადგან არასწორად მიმაჩნდა იეჰოვას მოწმეების ნეიტრალური პოზიცია პოლიტიკასა და სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით. ვეუბნებოდი მას, რომ თუ ყველა ამერიკელი უარს იტყოდა ომში წასვლაზე, მტერი ადვილად ჩაიგდებდა ჩვენს ქვეყანას ხელში. ძმა ლორენსმა მოთმინებით ამიხსნა: „როგორ ფიქრობ, ყველა ამერიკელი ღვთის მსახური რომ ყოფილიყო, რას გააკეთებდა იეჰოვა, თუ მტერი მათზე თავდასხმას მოინდომებდა?“. მისმა მსჯელობამ ამ და სხვა საკითხებზე დამანახვა, რომ ვცდებოდი. ამან მეტის გაგების სურვილი გამიჩინა.
საათობით ვკითხულობდი „საგუშაგო კოშკისა“ და „გამოიღვიძეთის!“ ძველ ნომრებს, რომლებსაც დედაჩემი სარდაფში ინახავდა. მივხვდი, რომ რასაც ჟურნალებში ვკითხულობდი, ჭეშმარიტება იყო. ამიტომ ძმა ლორენსს შესწავლაზე დავთანხმდი. კრების შეხვედრებზეც დავიწყე სიარული. რახან ჭეშმარიტება ძალიან შემიყვარდა, გადავწყვიტე, ის სხვებისთვისაც გამეზიარებინა და მაუწყებელი გავმხდარიყავი. ჩემი მიზნებიც შეიცვალა, როცა მივხვდი, რომ ახლოს იყო „იეჰოვას დიდი დღე“ (სოფ. 1:14). უმაღლეს სასწავლებელზე ფიქრის ნაცვლად, ახლა იმაზე დავიწყე ფიქრი, როგორ დავხმარებოდი სხვებს ჭეშმარიტების გაგებაში.
1956 წლის 13 ივნისს სკოლა დავამთავრე, სამი დღის შემდეგ კი სარაიონო კონგრესზე მოვინათლე. რას წარმოვიდგენდი, რომ იეჰოვა ასე მაკურთხებდა იმის გამო, რომ ცხოვრება მის შესახებ სწავლასა და სწავლებას მივუძღვენი.
ᲡᲬᲐᲕᲚᲐ ᲓᲐ ᲡᲬᲐᲕᲚᲔᲑᲐ ᲞᲘᲝᲜᲔᲠᲐᲓ ᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲘᲡ ᲓᲠᲝᲡ
ნათლობიდან ექვსი თვის შემდეგ პიონერად მსახურება დავიწყე. 1956 წლის დეკემბრის „სამეფო მსახურებაში“ დაიბეჭდა სტატია „შეგიძლია იმსახურო იქ, სადაც მქადაგებლების საჭიროებაა?“. მივხვდი, რომ მეც შევძლებდი ამას. მინდოდა იქ მექადაგა, სადაც სასიხარულო ცნობის მაუწყებლები ცოტანი იყვნენ (მათ. 24:14).
გადავედი ეჯფილდში, სამხრეთ კაროლინის შტატში. იქაურ კრებაში, სულ რაღაც, ოთხი მაუწყებელი იყო. მე მეხუთე ვიყავი. კრების შეხვედრებს ერთი ძმის სახლში ვატარებდით. ყოველთვე 100 საათს ვუთმობდი ქადაგებას. სამქადაგებლო საქმესაც ვუძღვებოდი და კრებაში მოხსენებებსაც ვაკეთებდი. რაც უფრო მეტს ვირჯებოდი იეჰოვასთვის, მით უფრო კარგად ვეცნობოდი მას.
ერთ ქალს, რომელსაც ბიბლიას ვასწავლიდი, დამკრძალავი ბიურო ჰქონდა ჯონსტონში, ეჯფილდიდან რამდენიმე კილომეტრში. მან ჩემზე იზრუნა და დამასაქმა, რაც იმ დროს ძალიან მჭირდებოდა. ამ ქალმა პატარა შენობაც დაგვითმო კრების შეხვედრების ჩასატარებლად.
ჯოლი ჯეფრიზი, ჩემი ბიბლიის მასწავლებლის, ლორენს ჯეფრიზის ვაჟი, ბრუკლინიდან ჩემთან გადმოვიდა და ერთად ვმსახურობდით პიონერებად. ერთმა ძმამ საცხოვრებლად ავტომისაბმელი დაგვითმო.
სამხრეთ შტატებში ანაზღაურება დაბალი იყო. სულ რაღაც 2-3 დოლარს გვიხდიდნენ დღეში. ერთხელ ბოლო ხურდა ფულით მაღაზიაში საჭმელი ვიყიდე. იქიდან გამოსვლისას ერთი კაცი მომიახლოვდა და მითხრა, სამუშაოს ხომ არ ეძებ, საათში 1 დოლარს გადაგიხდიო. სამი დღის სამუშაო მომცა. სამშენებლო ობიექტი უნდა დამელაგებინა. აშკარად დავინახე, რომ იეჰოვა მეხმარებოდა, ეჯფილდში გამეგრძელებინა მსახურება. მცირე შემოსავალი მქონდა, მაგრამ მაინც მოვახერხე 1958 წელს ნიუ-იორკში გამართულ საერთაშორისო კონგრესზე დასწრება.
კონგრესის მეორე დღე ჩემთვის დაუვიწყარი იყო. იმ დღეს შევხვდი რუბი უოდლინგტონს, რომელიც ტენესის შტატში, გალატინში პიონერად მსახურობდა. ორივეს მისიონერად მსახურება გვინდოდა. ამიტომ დავესწარით კონგრესზე შეხვედრას „გალაადში“ სწავლის მსურველთათვის. კონგრესის მერე მიწერ-მოწერა დავიწყეთ. ერთხელაც გალატინის კრებაში მოხსენებით მიმიწვიეს. ეს შანსი ხელიდან არ გავუშვი და რუბის ხელი ვთხოვე. ამის შემდეგ რუბის კრებაში გადავედი და 1959 წელს ვიქორწინეთ კიდეც.
ᲡᲬᲐᲕᲚᲐ ᲓᲐ ᲡᲬᲐᲕᲚᲔᲑᲐ ᲙᲠᲔᲑᲐᲨᲘ
23 წლის ვიყავი, როცა გალატინში კრების მსახურად (ამჟამად უხუცესთა საბჭოს კოორდინატორი) დავინიშნე. პირველი კრება, რომელიც ახალდანიშნულმა სარაიონო ზედამხედველმა ჩარლზ ტომფსონმა მოინახულა, ჩვენი
კრება იყო. მართალია, ის ძალიან გამოცდილი ძმა იყო, მაგრამ მაინც მკითხა, ჩემი აზრით, რაში სჭირდებოდათ ძმებს დახმარება და სხვა სარაიონო ზედამხედველები როგორ ზრუნავდნენ ამ საჭიროებებზე. მისგან ვისწავლე, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა დავსვა კითხვები და კარგად გავერკვიო სიტუაციაში.1964 წლის მაისში მიმიწვიეს სამეფო მსახურების სკოლის ერთთვიან კურსზე საუთ-ლანსინგში, ნიუ-იორკის შტატში. სკოლის ინსტრუქტორებმა კიდევ უფრო გააღვივეს ჩემში სურვილი, მეტი მესწავლა და სულიერად გავზრდილიყავი.
ᲡᲬᲐᲕᲚᲐ ᲓᲐ ᲡᲬᲐᲕᲚᲔᲑᲐ ᲛᲘᲛᲝᲡᲕᲚᲘᲗᲘ ᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲘᲡ ᲓᲠᲝᲡ
1965 წლის იანვარში მე და რუბი სარაიონო მსახურებას შევუდექით. ჩვენი რაიონი ძალიან დიდ ტერიტორიას მოიცავდა, ნოქსვილიდან (ტენესის შტატი) თითქმის რიჩმონდამდე (ვირჯინიის შტატი). მასში შედიოდა ჩრდილოეთ კაროლინის, კენტუკისა და დასავლეთ ვირჯინიის კრებებიც. იმ დროს მხოლოდ შავკანიანთა კრებებს ვინახულებდი, რადგან სამხრეთ შტატებში სეგრეგაციის გამო თეთრკანიანებს და შავკანიანებს ერთად შეკრება ეკრძალებოდათ. ძმებს მატერიალურად უჭირდათ. ამიტომ მათ ვუზიარებდით იმას, რაც გვქონდა. ერთმა დიდი ხნის სარაიონო ზედამხედველმა ძალიან მნიშვნელოვანი რამ მასწავლა. მან მითხრა: „როცა კრებას მოინახულებ, და-ძმებს ძმასავით მოექეცი და არა უფროსივით. მათ დახმარებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებ, თუ შენში ძმას დაინახავენ“.
ერთხელ, როცა ერთ პატარა კრებას ვინახულებდით, რუბიმ შესწავლა დაიწყო ახალგაზრდა ქალთან, რომელსაც ერთი წლის გოგონა ჰყავდა. კრებაში არავინ იყო ისეთი, ვინც მას შესწავლას ჩაუტარებდა, ამიტომ რუბი აგრძელებდა მასთან შესწავლას წერილებით. შემდეგი მონახულების დროს ეს ქალი ყველა შეხვედრას დაესწრო. მას შემდეგ, რაც კრებაში ორი სპეციალური პიონერი და დაინიშნა, მათ გადაიბარეს ეს შესწავლა და ეს ქალი მალევე მოინათლა. დაახლოებით 30 წლის შემდეგ, 1995 წელს, როცა პატერსონში ვმსახურობდით, რუბის ერთი ახალგაზრდა და გაეცნო, რომელიც ქმართან ერთად სკოლა „გალაადის“ მე-100 კლასში იყო მოწვეული. ის იმ ქალის შვილი აღმოჩნდა, რომელსაც რუბი შესწავლას უტარებდა.
ჩვენი მეორე რაიონი ფლორიდის შტატის ცენტრალურ ნაწილს მოიცავდა. იმ დროს მანქანა გვჭირდებოდა და კარგ ფასადაც შევიძინეთ. მაგრამ, სამწუხაროდ, პირველივე კვირას წყლის ტუმბო გაუფუჭდა. შეკეთების ფული არ გვქონდა, ამიტომ ერთ ძმას დავურეკე და დახმარება ვთხოვე. მან თავის ერთ-ერთ ხელოსანს შეაკეთებინა ჩემი მანქანა. როცა ფული შევთავაზე, უბრალოდ მითხრა: „შენ მაგაზე არ იდარდო“. ის კი არადა, ფული აქეთ გვაჩუქა. კიდევ ერთხელ დავინახე, როგორ ზრუნავს იეჰოვა თავის მსახურებზე. ამ შემთხვევამ შეგვახსენა, რომ ჩვენც ხელგაშლილები უნდა ვყოფილიყავით სხვების მიმართ.
კრებების მონახულების დროს და-ძმების სახლებში ვრჩებოდით. ამის წყალობით ბევრი კარგი მეგობარი შევიძინეთ. ერთ დღეს კრების დაუმთავრებელი ანგარიში საბეჭდ მანქანაში დავტოვე. როცა საღამოს სახლში დავბრუნდი, აღმოვაჩინე, რომ ჩემი მასპინძლის სამი წლის ბიჭს ჩემი ანგარიში „დაემთავრებინა“. წლები სიცილით ვახსენებდი ხოლმე მას ამ ამბავს.
1971 წელს ქალაქ ნიუ-იორკში საოლქო ზედამხედველად დავინიშნე. ამას ნამდვილად არ ველოდით, რადგან იმ დროს მხოლოდ 34 წლის ვიყავი. ძმები ძალიან თბილად შემხვდნენ მიუხედავად იმისა, რომ მათთვის პირველი შავკანიანი საოლქო ზედამხედველი ვიყავი.
როგორც საოლქო ზედამხედველს შესაძლებლობა მქონდა, ყოველკვირეულად სარაიონო კონგრესებზე აუდიტორიის წინაშე წარვმდგარიყავი და იეჰოვას შესახებ მესწავლებინა. სარაიონო ზედამხედველებიდან ბევრი ჩემზე გამოცდილი იყო. თავის დროზე ჩემს ნათლობაზე ერთ-ერთმა მათგანმა წაიკითხა მოხსენება. კიდევ ერთი სარაიონო ზედამხედველი, თეოდორ იარაჩი, მოგვიანებით ხელმძღვანელი საბჭოს წევრი გახდა. გავიცანი ბევრი გამოცდილი ძმა, რომლებიც ბრუკლინის ბეთელში მსახურობდნენ. მადლიერი ვიყავი, რომ ბეთელელები და სარაიონო ზედამხედველები თავს თავისუფლად მაგრძნობინებდნენ. საკუთარი თვალით დავინახე, რომ ეს მოსიყვარულე მწყემსები ღვთის სიტყვას ენდობოდნენ და ერთგულად უჭერდნენ მხარს მის ორგანიზაციას. მათი თავმდაბლობა საოლქო ზედამხედველად მსახურებას მიადვილებდა.
ᲙᲕᲚᲐᲕ ᲡᲐᲠᲐᲘᲝᲜᲝ ᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐᲨᲘ
1974 წელს ხელმძღვანელმა საბჭომ რამდენიმე სარაიონო ზედამხედველი საოლქო ზედამხედველად დანიშნა. მე კვლავ სარაიონო მსახურებას დავუბრუნდი, ამჯერად სამხრეთ კაროლინაში. იმ დროს შავკანიან და თეთრკანიან და-ძმებს ერთად შეკრების უფლება უკვე გვქონდა, რაც ყველას ძალიან გვიხაროდა.
1976 წლის მიწურულს ახალ რაიონში დავინიშნე, ჯორჯიის შტატში. ჩემი რაიონი ატლანტიდან კოლუმბუსამდე ტერიტორიას მოიცავდა. დღემდე მახსოვს ის დღე, როცა ხუთი შავკანიანი ბავშვის დაკრძალვაზე მოხსენება წავიკითხე. ბავშვები ხანძარს შეეწირნენ, რომელიც ბოროტმოქმედებმა გაუჩინეს მათ სახლს. ბავშვების დედა გადარჩა, მაგრამ დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მშობლების სანუგეშებლად მოსული როგორც შავკანიანი, ისე თეთრკანიანი და-ძმების ნაკადი არ წყდებოდა. ეს იყო ნამდვილი ძმური სიყვარულის საუცხოო გამოვლინება. ასეთი სიყვარული და თანაგრძნობა ღვთის მსახურებს ურთულეს განსაცდელებს გვატანინებს.
ᲡᲬᲐᲕᲚᲐ ᲓᲐ ᲡᲬᲐᲕᲚᲔᲑᲐ ᲑᲔᲗᲔᲚᲨᲘ ᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲘᲡ ᲓᲠᲝᲡ
1977 წელს რამდენიმე თვით მიგვიწვიეს ბრუკლინის ბეთელში, რომ რაღაც პროექტზე გვემუშავა. პროექტის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე ხელმძღვანელი საბჭოს ორი წევრი გაგვესაუბრა და ბეთელში მსახურების გაგრძელება შემოგვთავაზა. ჩვენც სიხარულით დავთანხმდით.
24 წელი სამსახურებრივ განყოფილებაში ვმსახურობდი, სადაც ძმები რთულ და დელიკატურ საკითხებს არჩევენ. წლების განმავლობაში ხელმძღვანელი საბჭო ბიბლიურ პრინციპებზე დაფუძნებულ მითითებებს გვაძლევდა. ამ მითითებებით ვხელმძღვანელობდით, როცა განყოფილებაში შემოსულ კითხვებს ვპასუხობდით. ეს მითითებები სარაიონო ზედამხედველების, უხუცესების და პიონერების მოსამზადებლადაც გამოიყენება. ამის წყალობით ბევრი იზრდება სულიერად და ღვთის ორგანიზაციაც ძლიერდება.
1995 წლიდან 2018 წლამდე სხვადასხვა ფილიალს ვინახულებდი როგორც მთავარი სამმართველოს წარმომადგენელი (ადრე ეწოდებოდა სამხარეო ზედამხედველი). ვხვდებოდი ფილიალების კომიტეტების წევრებს, ბეთელელებს და მისიონერებს, რომ გამემხნევებინა და დავხმარებოდი. ისინიც ძალიან გვამხნევებდნენ მე და რუბის თავიანთი შემთხვევებით. მაგალითად, 2000 წელს რუანდას ვესტუმრეთ. სულით ხორცამდე შეგვძრა იმის გაგებამ, რა გამოიარეს იქაურმა და-ძმებმა და ბეთელის ოჯახმა 1994 წლის გენოციდის დროს. ბევრმა მათგანმა დაკარგა ახლობლები. ყველაფრის მიუხედავად, რაც მათ გადაიტანეს, და-ძმები არ კარგავდნენ რწმენას, იმედსა და სიხარულს.
მე და რუბი უკვე 80 წელს ვართ გადაცილებული. ბოლო 20 წელია შეერთებული შტატების ფილიალის კომიტეტში ვმსახურობ. უმაღლეს სასწავლებელში არასდროს მისწავლია, მაგრამ იეჰოვასა და მისი ორგანიზაციის წყალობით „უმაღლესი განათლება“ მივიღე. ამან შემაძლებინა, სხვებისთვისაც მესწავლებინა ბიბლიური ჭეშმარიტება, რაც მათ მარადიულ ბედნიერებას მოემსახურება (2 კორ. 3:5; 2 ტიმ. 2:2). საკუთარი თვალით ვნახე, როგორ დაეხმარა ბიბლია ბევრს ცხოვრების გაუმჯობესებასა და შემოქმედთან დაახლოებაში (იაკ. 4:8). მე და რუბი ყოველთვის ვცდილობთ, რომ დავეხმაროთ სხვებს, დააფასონ ის უდიდესი პატივი, რაც ყველა ღვთის მსახურს აქვს — ისწავლონ და სხვებსაც ასწავლონ იეჰოვას შესახებ!