ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 40
მიჰბაძეთ პეტრეს და არ დანებდეთ!
„გამშორდი, უფალო, ცოდვილი კაცი ვარ!“ (ᲚᲣᲙ. 5:8).
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 38 ის გაგაძლიერებთ
ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘ a
1. რა რეაქცია ჰქონდა პეტრეს, როცა იესომ სასწაულებრივად უამრავი თევზი დააჭერინა?
ᲔᲠᲗᲮᲔᲚ პეტრემ სხვა მებადურებთან ერთად მთელი ღამე თევზაობაში გაატარა, თუმცა ვერაფერი დაიჭირა. ამ დროს მასთან იესო მივიდა და, მისდა გასაკვირად, შემდეგი სიტყვები უთხრა: „ღრმად შეცურდი და ისროლეთ ბადეები თევზის დასაჭერად“ (ლუკ. 5:4). მართალია, პეტრე ფიქრობდა, რომ ვერაფერს დაიჭერდა, მაგრამ მაინც იესოს სიტყვისამებრ მოიქცა და ბადეები წყალში ჩაუშვა. მათ იმდენი თევზი დაიჭირეს, რომ ბადეები ეხეოდათ. პეტრე და მასთან მყოფნი განცვიფრდნენ, რადგან მიხვდნენ, რომ სასწაულის მოწმენი გახდნენ. ამ დროს ის მუხლებში ჩაუვარდა იესოს და უთხრა: „გამშორდი, უფალო, ცოდვილი კაცი ვარ!“ (ლუკ. 5:6—9). პეტრეს, როგორც ჩანს, თავი იესოს გვერდით ყოფნის ღირსადაც კი არ მიაჩნდა.
2. რატომ ღირს პეტრეს მაგალითზე დაფიქრება?
2 პეტრე არ შემცდარა, როცა თქვა, რომ ცოდვილი იყო. როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ის ზოგჯერ ისეთ რამეს აკეთებდა და ამბობდა, რაც მოგვიანებით სანანებელი უხდებოდა. თქვენც ყოფილხართ მსგავს მდგომარეობაში? შეიძლება რომელიმე ცოდვილ მიდრეკილებასთან ან სხვა სახის სისუსტესთან გიწევთ ბრძოლა. ასეთ შემთხვევაში პეტრეს მაგალითის განხილვა დიდად გაგამხნევებთ. იეჰოვას ნება რომ არ ყოფილიყო, ჩვენ არაფერი გვეცოდინებოდა პეტრეს შეცდომების შესახებ. მაგრამ მან გადაწყვიტა, რომ ეს ყველაფერი ჩვენ სასწავლებლად ჩაწერილიყო მის სიტყვაში (2 ტიმ. 3:16, 17). იეჰოვას სურს, პეტრეს მაგალითიდან ვისწავლოთ, რომ ჩვენგან სრულყოფილებას კი არა, იმას მოელის, რომ სისუსტეების მიუხედავად არ დავნებდებით და გავაგრძელებთ ბრძოლას.
3. რატომ არ უნდა დავნებდეთ?
3 თუ არ დავნებდებით და ძალისხმევას არ დავიშურებთ, სასურველ შედეგსაც მივაღწევთ. თვალსაჩინოებისთვის მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი: ადამიანი კარგი პიანისტი რომ გახდეს, ამისთვის წლები უნდა იშრომოს. თავიდან ის, დიდი ალბათობით, ბევრ შეცდომას დაუშვებს, თუმცა თუ მცდელობას არ დაიშურებს, ნელ-ნელა დაიხვეწება. ფაქტია, პიანისტი შეცდომებისგან არც მას შემდეგ იქნება დაზღვეული, რაც თავისი საქმის პროფესიონალი გახდება. მაგრამ, ცხადია, ამის გამო წლების შრომას წყალში არ ჩაყრის. ჩვენი მიზანიც ისაა, რომ უკეთესები გავხდეთ და ამისთვის ძალ-ღონეს არ ვიშურებთ. თუმცა ზოგჯერ შეიძლება ისეთმა სისუსტემ შეგვახსენოს თავი, რომელიც გვეგონა, რომ დავძლიეთ. ფაქტია, ადრე თუ გვიან, ყველანი ვიტყვით ან გავაკეთებთ ისეთ რამეს, რაც მოგვიანებით სანანებელი გაგვიხდება. მაგრამ, თუ არ დავნებდებით, იეჰოვაც დაგვეხმარება, რომ უფრო და უფრო დავიხვეწოთ (1 პეტ. 5:10). ამ სტატიაში პეტრეს ცხოვრებიდან ზოგიერთ ეპიზოდს გავიხსენებთ და დავინახავთ, რა ეხმარებოდა, არ დანებებულიყო და რამხელა თანაგრძნობას ავლენდა მის მიმართ იესო. ეს განხილვა სურვილს გაგვიძლიერებს, რომ არასდროს შევწყვიტოთ იეჰოვას მსახურება.
ᲞᲔᲢᲠᲔᲡ ᲨᲔᲣᲞᲝᲕᲠᲝᲑᲐ ᲓᲐᲯᲘᲚᲓᲝᲕᲓᲐ
4. რას ფიქრობდა პეტრე საკუთარ თავზე, მაგრამ როგორ გაამხნევა იესომ? (ლუკა 5:5—10).
4 ჩვენ არ ვიცით, რატომ მოიხსენია პეტრემ თავი ცოდვილ კაცად (წაიკითხეთ ლუკას 5:5—10). თუმცა გამორიცხული არ არის, რომ მას მანამდე სერიოზული შეცდომები ჰქონდა დაშვებული. იესო მიხვდა, რომ პეტრეს შიში ალაპარაკებდა, რისი მიზეზიც შეიძლება უღირსობის გრძნობა ყოფილიყო. მაგრამ ის იმასაც მიხვდა, რომ პეტრეს შეეძლო ბოლომდე ეერთგულა. ამიტომ უთხრა: „ნუ გეშინია“. პეტრემ იგრძნო, რომ იესო ენდობოდა, რაც მისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა. მოგვიანებით მან თავი დაანება მეთევზეობას და იესოს მიმდევარი გახდა, რისთვისაც უხვად დაჯილდოვდა (მარ. 1:16—18).
5. როგორ დაჯილდოვდა პეტრე?
5 პეტრე, ალბათ, ვერც კი წარმოიდგენდა, რა საოცარი ცხოვრება ელოდა წინ. მან საკუთარი თვალით ნახა, როგორ კურნავდა იესო ავადმყოფებს, დევნიდა დემონებს და აღადგენდა მკვდრებს (მათ. 8:14—17; მარ. 5:37, 41, 42). b მან ერთხელ სამეფო დიდებით მოსილი იესოც კი ნახა. ამ ხილვამ მასზე წარუშლელი კვალი დატოვა (მარ. 9:1—8; 2 პეტ. 1:16—18). რა ბედნიერი იქნებოდა პეტრე, რომ უღირსობის გრძნობის მიუხედავად, უარი არ თქვა იესოს მიმდევრობაზე!
6. ადვილად მოერია პეტრე სისუსტეებს? ახსენით.
6 ფაქტია, იესოს გვერდით ყოფნა პეტრეს ბევრი რამის სწავლის შესაძლებლობას აძლევდა, თუმცა ის ბოლომდე ვერ ერეოდა თავის სისუსტეებს. მაგალითად, გვახსოვს, რა რეაქცია ჰქონდა, როცა იესომ მოწაფეებს უთხრა, რომ წინასწარმეტყველების თანახმად, არაერთი სატანჯველის ატანა და სიკვდილიც კი მოუწევდა (მარ. 8:31—33). ისიც გვახსოვს, როგორ კამათობდა სხვა მოციქულებთან იმაზე, თუ ვინ იყო მათ შორის ყველაზე დიდი, როგორ ჩამოათალა ყური მღვდელმთავრის მონას იესოს სიკვდილის წინა ღამეს და იმავე ღამით შეშინებულმა, სამჯერ როგორ უარყო თავისი საუკეთესო მეგობარი (მარ. 9:33, 34; 14:66—72; იოან. 18:10). მარცხი, რომელიც მან საკუთარ თავთან ბრძოლაში იწვნია, ძალიან მტკივნეული იყო (მათ. 26:75).
7. რისი შესაძლებლობა მისცა იესომ პეტრეს?
7 ასეთი მარცხის მიუხედავად, იესოს არ უფიქრია, რომ პეტრესგან არაფერი გამოვიდოდა. მკვდრეთით აღდგომის შემდეგ მან თავის გულგატეხილ მოციქულს იმის შესაძლებლობა მისცა, რომ მისთვის სიყვარული დაემტკიცებინა. იესომ მას თავისი „ცხვრის“ მწყემსვაც კი დაავალა (იოან. 21:15—17). პეტრე მზად იყო, შეესრულებინა ეს დავალება. ამიტომ ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე, როცა მოწაფეებზე წმინდა სული გადმოვიდა, ისიც მათ შორის იყო.
8. რა შეცდომა დაუშვა პეტრემ ანტიოქიაში?
8 საკუთარ თავთან ბრძოლა პეტრეს მას შემდეგაც უწევდა, რაც სულითცხებული ქრისტიანი გახდა. რამდენიმე წლის შემდეგ ანტიოქიაში ყოფნის დროს მას ისევ სძლია ადამიანების შიშმა და ებრაელი ქრისტიანების ზეგავლენაში მოქცეულმა თავი შორს დაიჭირა უცხოტომელი და-ძმებისგან. არადა სწორედ პეტრე იყო ის, ვინც ახ. წ. 36 წელს პირველ წინადაუცვეთელ უცხოტომელს დაეხმარა, რომ ქრისტიანი გამხდარიყო. როცა კორნელიუსზე წმინდა სული გადმოვიდა, პეტრემ დაინახა, რომ „ღმერთი მიუკერძოებელია“ და უცხოტომელები ისეთივე მისაღებნი არიან მისთვის, როგორიც ებრაელები (საქ. 10:34, 44, 45). მან გაიზიარა ღვთის თვალსაზრისი და თავისუფლად ურთიერთობდა უცხოტომელებთან და მათთან ერთად ჭამდა კიდეც, რასაც მანამდე არაფრის დიდებით არ გააკეთებდა (გალ. 2:12). თუმცა ზოგიერთი ებრაელი ქრისტიანი ამტკიცებდა, რომ ეს მიუღებელი იყო. ანტიოქიაში პეტრე სწორედ მათ ზეგავლენაში მოექცა. ამის გამო ის პავლემ სახალხოდ ამხილა (გალ. 2:13, 14). პეტრეს ახლაც მოუწია, საკუთარი სისუსტისთვის გაესწორებინა თვალი. მაგრამ ის არ დანებებულა. ვნახოთ, რა დაეხმარა ამაში.
ᲠᲐ ᲓᲐᲔᲮᲛᲐᲠᲐ ᲞᲔᲢᲠᲔᲡ, ᲐᲠ ᲓᲐᲜᲔᲑᲔᲑᲣᲚᲘᲧᲝ?
9. საიდან ჩანს, რომ პეტრე ერთგული ადამიანი იყო? (იოანე 6:68, 69).
9 პეტრე ერთგული ადამიანი იყო. ამიტომ, რაც არ უნდა მომხდარიყო, აგრძელებდა იესოს ნაკვალევით სიარულს. ეს ჯერ კიდევ მაშინ გამოჩნდა, როცა მოწაფეებმა იესოს ნათქვამი ვერ გაიგეს (წაიკითხეთ იოანეს 6:68, 69). ამის გამო ბევრმა მათგანმა მაშინვე ზურგი აქცია იესოს. მაგრამ პეტრე ასე არ მოქცეულა. ის ბოლომდე იყო დარწმუნებული, რომ მხოლოდ იესოს ჰქონდა „მარადიული სიცოცხლის სიტყვები“.
10. საიდან ჩანდა, რომ იესო ენდობოდა პეტრეს? (იხილეთ აგრეთვე სურათი).
10 იესომაც უერთგულა პეტრეს. მან კარგად იცოდა, რომ სხვა მოციქულების მსგავსად ისიც მიატოვებდა. თუმცა იესო დარწმუნებული იყო, რომ პეტრე კვლავაც წამოდგებოდა ფეხზე, რაც მისი სიტყვებიდანაც გამოჩნდა (ლუკ. 22:31, 32). რაკი კარგად ესმოდა, რომ „სული მონდომებულია, ხორცი კი — სუსტი“, იესოს არც მას მერე ჩაუქნევია პეტრეზე ხელი, რაც მან სამჯერ უარყო (მარ. 14:38). მკვდრეთით აღდგომის შემდეგ პირადად გამოეცხადა პეტრეს და აგრძნობინა, რომ კვლავაც ენდობოდა (მარ. 16:7; ლუკ. 24:34; 1 კორ. 15:5). წარმოიდგინეთ, როგორ გაამხნევებდა ეს გულდამძიმებულ მოციქულს!
11. კიდევ რაში დაარწმუნა იესომ პეტრე? ახსენით.
11 მკვდრეთით აღმდგარმა იესომ პეტრე იმაშიც დაარწმუნა, რომ იეჰოვა იზრუნებდა მასზე. სხვა მოციქულებთან ერთად სათევზაოდ გასულს მან დიდი რაოდენობით თევზი დააჭერინა (იოან. 21:4—6). ამ სასწაულის შემდეგ პეტრეს, ალბათ, ეჭვი აღარ შეეპარებოდა იესოს სიტყვების ჭეშმარიტებაში, რომ იეჰოვა იზრუნებდა მასზე, ვინც პირველ ადგილზე სამეფოს დააყენებდა (მათ. 6:33). ამიტომაც პეტრემ გადაწყვიტა, რომ მის ცხოვრებაში მთავარი თევზჭერა კი არა, მსახურება ყოფილიყო. იეჰოვამაც უხვად დააჯილდოვა ის ასეთი გადაწყვეტილებისთვის. პეტრეს დახმარებით უამრავი ადამიანი ეზიარა სასიხარულო ცნობას. მაგალითად, ახ. წ. 33 წელს, ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე, მისი სიტყვის მოსმენის შემდეგ ათასობით ებრაელი მოინათლა (საქ. 2:14, 37—41). მოგვიანებით მან სამარიელებისა და უცხოტომელების გაქრისტიანებაშიც გადამწყვეტი როლი შეასრულა (საქ. 8:14—17; 10:44—48).
ᲠᲐᲡ ᲕᲡᲬᲐᲕᲚᲝᲑᲗ ᲞᲔᲢᲠᲔᲡᲒᲐᲜ?
12. რა უნდა გვახსოვდეს, თუ წლებია ვებრძვით რაიმე სისუსტეს?
12 შესაძლოა თქვენც ებრძვით რაიმე სისუსტეს და ამ ბრძოლას ბოლო არ უჩანს. თუმცა დარწმუნებული იყავით, იეჰოვა აუცილებლად მოგცემთ ძალას, რომ არ დანებდეთ (ფსალმ. 94:17—19). ეს კარგად ჩანს ერთი ძმის მაგალითიდან, რომელიც წარსულში ჰომოსექსუალი იყო. მან დიდი ცვლილებები მოახდინა, თუმცა არასწორი სურვილები მაინც არ ანებებდა თავს. რა დაეხმარა მას, არ დანებებულიყო საკუთარ თავთან ბრძოლაში? როგორც თავად ამბობს, ამის ძალას მას იეჰოვა აძლევდა. ის აღნიშნავს: „საკუთარი გამოცდილებით დავრწმუნდი, რომ იეჰოვას სულის დახმარებით შესაძლებელია, არ გადავუხვიოთ სწორი გზიდან . . . სისუსტეების მიუხედავად იეჰოვა ძალას მაძლევს, მისი მოსაწონი მსახური ვიყო“.
13. რაში უნდა მივბაძოთ პეტრეს? (საქმეები 4:13, 29, 31; იხილეთ აგრეთვე სურათი).
13 როგორც დავინახეთ, პეტრეს არაერთხელ სძლია კაცთმოშიშებამ. თუმცა ლოცვა გაბედულების მოკრებაში ეხმარებოდა (წაიკითხეთ საქმეების 4:13, 29, 31). იეჰოვა არც ჩვენს ლოცვებს ტოვებს უპასუხოდ. ვნახოთ, როგორ იგრძნო ლოცვის ძალა ერთმა ძმამ, ჰორსტმა, რომელიც ნაცისტურ გერმანიაში გაიზარდა. სკოლაში მასწავლებლების შიშით მანაც წარმოთქვა რამდენჯერმე ნაცისტური მისალმება „ჰაილ ჰიტლერ“. თუმცა მშობლები ამის გამო არ გაუბრაზდნენ. ისინი მასთან ერთად ლოცულობდნენ და იეჰოვას სთხოვდნენ, ჰორსტს გაბედულება მოეკრიბა. მშობლებისა და იეჰოვას დახმარებით მან შეძლო მტკიცე პოზიციის დაკავება. მოგვიანებით ჰორსტმა ასეთი სიტყვები თქვა: „იეჰოვას არასოდეს მივუტოვებივარ“. c
14. როგორ ეხმარებიან მზრუნველი მწყემსები გულგატეხილ თანაქრისტიანებს?
14 უნდა გვჯეროდეს, რომ იეჰოვა და იესო არც ჩვენზე ჩაიქნევენ ხელს. მას შემდეგ, რაც პეტრემ იესო უარყო, არჩევანის წინაშე დადგა — ყველაფერს თავს დაანებებდა თუ ქრისტეს ერთგული დარჩებოდა. იესოს მისთვის ნათქვამი ჰქონდა: „ვილოცე შენთვის, რომ რწმენა არ დაკარგო, და როცა მობრუნდები, განამტკიცო ძმები“ (ლუკ. 22:31, 32). იმაზე ფიქრი, თუ როგორ ენდობოდა იესო, პეტრეს ძალას შემატებდა, არ დანებებულიყო. როცა ცხოვრების გზაგასაყარზე ვდგავართ და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება გვიწევს, იეჰოვამ შეიძლება მზრუნველი მწყემსების მეშვეობით გაგვამხნეოს და ერთგულების შენარჩუნებაში დაგვეხმაროს (ეფეს. 4:8, 11). სწორედ ამის გაკეთებას ცდილობს ერთი დიდი ხნის უხუცესი პოლი. როცა ამჩნევს, რომ რომელიმე თანაქრისტიანს ბრძოლის გაგრძელება უჭირს, ურჩევს, ის დრო გაიხსენოს, როცა იეჰოვამ თავისკენ მიიზიდა. შემდეგ არწმუნებს, რომ მისდამი იეჰოვას გრძნობები არ შეცვლილა და არასდროს ჩაიქნევს მასზე ხელს. პოლი აღნიშნავს: „ბევრჯერ გავმხდარვარ იმის მოწმე, როგორ წამოუყენებია იეჰოვას ფეხზე გულგატეხილი და-ძმები“.
15. როგორ გვარწმუნებს პეტრე მოციქულისა და ძმა ჰორსტის შემთხვევები მათეს 6:33-ში ჩაწერილი სიტყვების ჭეშმარიტებაში?
15 იეჰოვამ პეტრესა და სხვა მოციქულების მატერიალურ საჭიროებებზეც იზრუნა. ის ჩვენზეც იზრუნებს, თუ მის მსახურებას პირველ ადგილზე დავაყენებთ (მათ. 6:33). ამაზე მოწმობს ზემოხსენებული ჰორსტის შემთხვევაც. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ მას სურდა, პიონერად ემსახურა. ის ხელმოკლედ ცხოვრობდა, ამიტომ აფიქრებდა, რამდენად შეძლებდა სრული დროით მსახურებას და თავის რჩენას. ჰორსტმა გადაწყვიტა, რომ სარაიონო მონახულების კვირაში სრულად ჩაბმულიყო მსახურებაში და, ასე ვთქვათ, გამოეცადა იეჰოვა. მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა კვირის ბოლოს სარაიონო ზედამხედველმა ანონიმური კონვერტი გადასცა, რომელშიც რამდენიმე თვის სამყოფი თანხა იყო. ჰორსტი მიხვდა, რომ იეჰოვა არასდროს დატოვებდა აუცილებლის გარეშე. ამაში დარწმუნებულმა მთელი ცხოვრება ღვთის მსახურებას მიუძღვნა (მალ. 3:10).
16. რატომ ღირს პეტრეს ცხოვრებაზე და მის წერილებზე დაფიქრება?
16 ალბათ, პეტრე უზომოდ გახარებული იქნებოდა, რომ იესო მისი თხოვნისამებრ არ მოიქცა, არ მიატოვა ის და დაეხმარა, ერთგულ მოციქულად და სანიმუშო ქრისტიანად ჩამოყალიბებულიყო (ლუკ. 5:8). მან იესოსგან ნასწავლი თავის წერილებში ჩვენც გაგვიზიარა. მომდევნო სტატიაში განვიხილავთ რამდენიმე რჩევას ამ წერილებიდან და ვიმსჯელებთ, როგორ შეგვიძლია მათი გათვალისწინება.
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 126 იფხიზლეთ, განმტკიცდით, გაძლიერდით!
a ეს სტატია იმ ქრისტიანების გასამხნევებლად დაიწერა, რომლებიც სისუსტეებს ებრძვიან. აქ განხილული აზრები დაარწმუნებს მათ, რომ შეუძლიათ დაძლიონ სისუსტეები და ბოლომდე უერთგულონ იეჰოვას.
b ამ სტატიაში მოყვანილი ბევრი ციტატა აღებულია მარკოზის სახარებიდან. მან თავისი სახარება, როგორც ჩანს, პეტრეს მონათხრობზე დააფუძნა.
c ჰორსტ ჰენშელის ბიოგრაფიის წასაკითხად იხილეთ 1998 წლის 8 მარტის ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“, გვ. 18—23.
d ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: მშობლები ჰორსტთან ერთად ლოცულობდნენ და მტკიცე პოზიციის დაკავებაში ეხმარებოდნენ (დადგმული სცენა).