არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 39

რბილი ხასიათი შინაგანი სიმტკიცის მაჩვენებელია

რბილი ხასიათი შინაგანი სიმტკიცის მაჩვენებელია

„უფლის მონა არ უნდა დავობდეს, არამედ ყველასთან თავაზიანი უნდა იყოს“ (2 ᲢᲘᲛ. 2:24).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 120 მიჰბაძეთ ქრისტეს და გქონდეთ რბილი ხასიათი

ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘ a

1. რა სიტუაციაში შეიძლება აღმოჩნდეთ სკოლასა თუ სამსახურში?

 ᲐᲚᲑᲐᲗ, თქვენთვისაც უკითხავს თანამშრომელს ან თანაკლასელს რაიმე თქვენი მრწამსის შესახებ. ხომ არ ღელავთ ხოლმე ასეთ სიტუაციებში? თუ ასეა, გამონაკლისი არ ხართ. თუმცა, რომ დავფიქრდეთ, ასეთი კითხვები გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის იმაზე, რას ფიქრობს ადამიანი და რა სწამს. თანაც შესაძლებლობას გვაძლევს, სასიხარულო ცნობა გავუზიაროთ. მაგრამ ზოგჯერ ისეც ხდება, რომ კრიტიკულ კითხვას გვისვამენ. ეს არცაა გასაკვირი, რადგან ჩვენზე ბევრი დეზინფორმაციაა გავრცელებული (საქ. 28:22). გარდა ამისა, „ბოლო დღეებში“ ხალხი უფრო აგრესიულია და, ხშირ შემთხვევაში, ძალიან რთულია მათთან საერთო ენის გამონახვა (2 ტიმ. 3:1, 3, სქოლიო).

2. რატომ უნდა განვივითაროთ რბილი ხასიათი?

2 რა არის საჭირო, რომ მშვიდად და ტაქტიანად უპასუხოთ მას, ვინც თქვენს მრწამსს ეჭვქვეშ აყენებს? მოკლედ რომ ვთქვათ, რბილი ხასიათი. ის, ვისაც რბილი ხასიათი აქვს, ადვილად არ ღიზიანდება, როცა მის გამოწვევას ცდილობენ, და სიმშვიდეს ინარჩუნებს მაშინაც კი, როცა ზუსტად არ იცის, როგორ უპასუხოს (იგავ. 16:32). შეიძლება იფიქროთ, რომ ეს სათქმელად ადვილია, გასაკეთებლად კი — რთული. მაშ, როგორ განვივითაროთ რბილი ხასიათი? როგორ მივუდგეთ რბილად მას, ვინც საპირისპირო აზრს გამოთქვამს და როგორ დავეხმაროთ შვილებს, რომ თავიანთი პოზიცია მშვიდად და თავაზიანად აუხსნან სხვებს? ეს სტატია ამ კითხვებზე გაგვცემს პასუხს.

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲒᲐᲜᲕᲘᲕᲘᲗᲐᲠᲝᲗ ᲠᲑᲘᲚᲘ ᲮᲐᲡᲘᲐᲗᲘ

3. რატომ შეიძლება იმის თქმა, რომ რბილი ხასიათი სიმტკიცის მაჩვენებელია? (2 ტიმოთე 2:24, 25).

3 ზოგის აზრით, რბილი ხასიათი სისუსტის მაჩვენებელია. სინამდვილეში კი დიდი შინაგანი სიმტკიცეა საჭირო, რომ დაძაბულ მომენტშიც არ დავკარგოთ სიმშვიდე. რბილ ხასიათს ჩვენში წმინდა სული წარმოშობს (გალ. 5:22, 23). ბერძნული სიტყვა, რომელიც „რბილ ხასიათად“ ითარგმნა, ზოგჯერ მოთვინიერებული ცხენის აღსაწერად გამოიყენებოდა. ფაქტია, მოთვინიერებულ ცხენზე ვერავინ იტყვის, რომ სუსტია. ჩვენც შეგვიძლია განვივითაროთ რბილი ხასიათი და, იმავდროულად, მტკიცენი ვიყოთ. თუმცა ამას საკუთარი ძალით ვერ მივაღწევთ. ჩვენ იეჰოვას ლოცვაში წმინდა სული უნდა ვთხოვოთ. ამ სულის დახმარებით მოწინააღმდეგეებთან საუბრისას ბევრმა ჩვენმა და-ძმამ შეძლო სიმშვიდის შენარჩუნება და კარგი შთაბეჭდილებაც შეუქმნა სხვებს იეჰოვას მოწმეებზე (წაიკითხეთ 2 ტიმოთეს 2:24, 25). კიდევ რა არის საჭირო რბილი ხასიათის განსავითარებლად?

4. რას ვსწავლობთ ისაკისგან?

4 ბიბლიაში ჩაწერილი არაერთი მონაკვეთიდან ჩანს, რომ რბილმა ხასიათმა ადამიანს შეიძლება პრობლემები აარიდოს თავიდან. ამის კარგი მაგალითია ისაკი. როცა ის ფილისტიმელთა მიწაზე, გერარში, დასახლდა, მეზობლებს შეშურდათ მისი და მამამისის ამოთხრილი ჭები მიწით ამოავსეს. თუმცა ისაკს მათთან დავა არ დაუწყია. მან არჩია, გასცლოდა იქაურობას და სხვაგან ამოეთხარა ჭები (დაბ. 26:12—18). მაგრამ ფილისტიმელები იქაც მოედავნენ წყალზე და ისაკმა ამჯერადაც მშვიდობიან გზას მიმართა (დაბ. 26:19—25). რა დაეხმარა მას სიმშვიდის შენარჩუნებაში, როცა სხვები მიზანმიმართულად ცდილობდნენ მის გამოწვევას? მან ალბათ ბევრი რამ ისწავლა თავისი მშობლებისგან — მშვიდობისმოყვარე აბრაამისა და „სიმშვიდითა და რბილი ხასიათით“ შემკული სარასგან (1 პეტ. 3:4—6; დაბ. 21:22—34).

5. როგორ შეუძლიათ მშობლებს, შვილებს რბილი ხასიათის ფასი დაანახვონ?

5 მშობლებო, თქვენც შეგიძლიათ შვილებს რბილი ხასიათის ფასი დაანახვოთ. ვნახოთ, როგორ შეძლეს ეს ერთი მოზარდის, მაქსენსის, მშობლებმა. მაქსენსი სკოლაში თუ მსახურებაში ხშირად ხვდებოდა აგრესიულად განწყობილ ხალხს. ამიტომ მისი მშობლები დიდ ძალისხმევას ახმარდნენ იმას, რომ მას რბილი ხასიათის განვითარებაში დახმარებოდნენ. მათი ძალისხმევა დაჯილდოვდა. ისინი ასეთ რამეს ამბობენ: „ჩვენმა შვილმა გააცნობიერა, რომ დაძაბულ სიტუაციაში თავშეკავების გამოვლენა სიძლიერის მაჩვენებელია და არა სისუსტის“. ამ ახალგაზრდას დღეს აღარ უჭირს რბილი ხასიათის გამოვლენა.

6. რატომაა აუცილებელი ლოცვა რბილი ხასიათის განსავითარებლად?

6 ახლა იმაზე ვისაუბროთ, როგორ მოვიქცეთ მაშინ, როცა ვინმე ცილს სწამებს ღვთის სახელს ან აბუჩად იგდებს მის სიტყვას. ასეთ დროს ჩვენ ლოცვით უნდა მივმართოთ იეჰოვას და წმინდა სული და სიბრძნე ვთხოვოთ, რათა სიმშვიდე შევინარჩუნოთ. მაგრამ შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ისე ვერ ვუპასუხოთ, როგორც საჭიროა, და ეს მოგვიანებით გავაცნობიეროთ. ამ შემთხვევაშიც კარგი იქნება, თუ იეჰოვას მივმართავთ ლოცვით და დავფიქრდებით, შემდეგ ჯერზე როგორ მოვიქცეთ უკეთ. დარწმუნებული იყავით, იეჰოვა წმინდა სულით დაგეხმარებათ, თავი ხელში აიყვანოთ და რბილი ხასიათი გამოავლინოთ.

7. კიდევ რა გვეხმარება სიმშვიდის შენარჩუნებაში? ახსენით (იგავები 15:1, 18).

7 სიმშვიდის შენარჩუნებაში ბიბლიური მუხლების დამახსოვრებაც გვეხმარება, რადგან რთულ სიტუაციაში წმინდა სულს შეუძლია გაგვახსენოს ისინი (იოან. 14:26). მაგალითად, წიგნ „იგავებში“ ბევრი სახელმძღვანელო პრინციპია მოცემული (წაიკითხეთ იგავების 15:1, 18). ამ წიგნიდან იმასაც ვიგებთ, თუ რატომ იქნება კარგი თავშეკავების გამოვლენა (იგავ. 10:19; 17:27; 21:23; 25:15).

ᲘᲧᲐᲕᲘᲗ ᲒᲐᲛᲭᲠᲘᲐᲮᲜᲘ

8. რატომ უნდა გამოვავლინოთ გამჭრიახობა, როცა ვინმე კითხვას გვისვამს?

8 რბილი ხასიათის გამოვლენაში გამჭრიახობაც გვეხმარება, რადგან გამჭრიახი ადამიანი იმას ხედავს, რაც ერთი შეხედვით არ ჩანს (იგავ. 19:11). ზოგი კითხვა აისბერგივითაა. ჩვენ მხოლოდ იმას ვხედავთ, რაც „ზედაპირზე“ ჩანს. მაგრამ თუ გამჭრიახობას გამოვავლენთ, ჩვენ, ასე ვთქვათ, სიღრმეში ჩავალთ და ადამიანის მოტივს დავინახავთ. ასე რომ, პასუხის გაცემამდე კარგი იქნება, დავფიქრდეთ, რატომ გვისვამენ კითხვას (იგავ. 16:23).

9. როგორ მოიქცა გედეონი, როცა ეფრემელებმა დავა დაუწყეს?

9 მოდი განვიხილოთ ერთი ბიბლიური შემთხვევა. ერთხელ ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ მსაჯულ გედეონს ეფრემელებმა დაუწყეს დავა, ჩვენ რატომ არ წაგვიყვანე საბრძოლველადო. რამ გამოიწვია მათი გაღიზიანება? შესაძლოა ეფრემელებს თავმოყვარეობა შეელახათ. თუმცა, რაც არ უნდა გამხდარიყო მათი გაღიზიანების მიზეზი, ფაქტი ერთია: გედეონმა მათი დამშვიდება შეძლო, რადგან გამჭრიახობა გამოიჩინა და რბილად უპასუხა (მსაჯ. 8:1—3).

10. რა დაგვეხმარება, რბილად და ტაქტიანად ავუხსნათ სხვებს ჩვენი პოზიცია? (1 პეტრე 3:15).

10 შეიძლება სკოლაში ან სამსახურში ვინმემ რომელიმე ბიბლიური მოთხოვნა ეჭვქვეშ დააყენოს. ასეთ დროს, რა თქმა უნდა, ვეცდებით, რომ ავუხსნათ ჩვენი პოზიცია, თანაც ეს რბილად და პატივისცემით გავაკეთოთ (წაიკითხეთ 1 პეტრეს 3:15). ამაში ორი რამ დაგვეხმარება: პირველი, წამოჭრილი კითხვა კრიტიკად ან თავდასხმად არ უნდა მივიჩნიოთ, და მეორე, მის მიღმა დავინახოთ, რა აღელვებს ადამიანს. როგორ ან რა მოტივითაც არ უნდა გვეკითხებოდეს ვინმე რამეს, ჩვენი მიზანი ის უნდა იყოს, რომ რბილად და თავაზიანად ვუპასუხოთ. ვინ იცის, ჩვენმა ასეთმა მიდგომამ ის თავის პოზიციაზე დააფიქროს! (რომ. 12:17).

თუ თანამშრომელს სურს, მათთან ერთად აღვნიშნოთ დაბადების დღე, კარგი იქნება, დავფიქრდეთ, რა მოტივი შეიძლება ამოძრავებდეს (იხილეთ აბზაცები 11, 12).

11, 12. რაზე ღირს დაფიქრება, სანამ ვინმეს ვუპასუხებთ? მოიყვანეთ მაგალითები (იხილეთ აგრეთვე სურათი).

11 მოდი ორი პირობითი სიტუაცია განვიხილოთ და ვიმსჯელოთ, რაზე ღირს დაფიქრება პასუხის გაცემამდე. დავუშვათ, თანამშრომელი გეკითხებათ, რატომ არ აღნიშნავთ დაბადების დღეს. ის ხომ არ ჰგონია, რომ საერთოდ გვეკრძალება გართობა? ან ხომ არ ფიქრობს, რომ ჩვენი პოზიციის გამო სამუშაოზე შეიძლება არამეგობრული ატმოსფერო შეიქმნას? თუ დავფიქრდებით, რეალურად რა შეიძლება იდგეს კითხვის მიღმა, გაგვიადვილდება სათანადო პასუხის გაცემა. მაგალითად, მადლობას გადავუხდით, რომ ცდილობს, სამუშაოზე სასიამოვნო გარემო შექმნას და დავარწმუნებთ, რომ ეს ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია. ასეთი მიდგომა დაძაბულობას განმუხტავს და უფრო მარტივად შევძლებთ მისთვის ბიბლიური პოზიციის ახსნას.

12 განვიხილოთ მეორე პირობითი სიტუაცია. დავუშვათ, თანაკლასელი გეუბნებათ, რომ ჰომოსექსუალიზმთან დაკავშირებით იეჰოვას მოწმეების პოზიცია გადახედვას საჭიროებს. ვიდრე რამეს ეტყვით, დაფიქრდით, რამდენად სწორად აღიქვამს ის ჩვენს პოზიციას. მისი რომელიმე ახლობელი ხომ არ არის ჰომოსექსუალი? ან იმას ხომ არ ფიქრობს, რომ გვძულს განსხვავებული ორიენტაციის ხალხი? თუ ასეა, შეიძლება მისი იმაში დარწმუნება გახდეს საჭირო, რომ ყველანაირ ადამიანს და მათ არჩევანს პატივს ვცემთ (1 პეტ. 2:17). b ამის შემდეგ შეიძლება იმის ახსნის შესაძლებლობაც კი მოგეცეთ, თუ რატომ არის კარგი ბიბლიური ნორმებით ცხოვრება.

13. როგორ მივუდგეთ მას, ვისაც ღვთისადმი რწმენა აბსურდული ჰგონია?

13 როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ვინმე კატეგორიულად არ გვეთანხმება? ასეთ დროს, კარგი იქნება, თუ მაშინვე არ დავასკვნით, რომ უკვე ვიცით, რისი სწამს მას (ტიტ. 3:2). მაგალითად, თუ სკოლაში ვინმე აბუჩად აგვიგდებს იმის გამო, რომ ღმერთის გვწამს, არ უნდა ვიფიქროთ, რომ მაინცდამაინც ევოლუციის თეორიის სჯერა და ღრმადაა ჩახედული ამ საკითხში. მას შეიძლება საერთოდ არ ჰქონდეს ამ საკითხზე ნაფიქრი. ამიტომ იმის ნაცვლად, რომ მეცნიერულ დებატებში შეხვიდეთ მასთან, ეცადეთ, ტაქტიანად მიუდგეთ და რაიმე კითხვაზე დააფიქროთ ან საინტერესო ინფორმაცია მიაწოდოთ. მაგალითად, ჩვენს ვებგვერდზე აჩვენოთ შემოქმედების შესახებ განთავსებული მასალა. თუ ამ მასალას გაეცნობა, მოგვიანებით მას შეიძლება თქვენთან საუბრის სურვილიც გაუჩნდეს. დიახ, ჩვენმა ტაქტიანმა მიდგომამ შეიძლება კარგი შედეგი გამოიღოს და ის თავის შეხედულებაზე დაფიქრდეს.

14. როგორ გამოიყენა ნილმა ჩვენი ვებგვერდი მცდარი შეხედულების გასაბათილებლად?

14 ერთმა ახალგაზრდა ძმამ, ნილმა, ჩვენი ვებგვერდი გამოიყენა იეჰოვას მოწმეების შესახებ მცდარი შეხედულებების გასაბათილებლად. ის ამბობს: „სკოლაში ერთი თანაკლასელი მეუბნებოდა ხოლმე, რომ იეჰოვას მოწმეებს მეცნიერული ფაქტების კი არა, ბიბლიაში ჩაწერილი გამოგონილი ამბების სჯერათ“. ეს კლასელი ნილს თავისი პოზიციის ახსნის საშუალებას არ აძლევდა. ამიტომ ნილმა ურჩია, რომ ჩვენს ვებგვერდზე jw.org განყოფილებაში „მეცნიერული ფაქტები და ბიბლია“ განთავსებულ მასალას გასცნობოდა. მოგვიანებით ნილი მიხვდა, რომ მისი კლასელი სასაუბროდ იყო განწყობილი, რადგან, როგორც ჩანს, ჩვენს ვებგვერდს ესტუმრა. მსგავსმა მიდგომამ შეიძლება თქვენს შემთხვევაშიც გაჭრას.

ᲬᲘᲜᲐᲡᲬᲐᲠ ᲛᲝᲔᲛᲖᲐᲓᲔᲗ

15. რისი გაკეთება შეუძლიათ მშობლებს შვილების დასახმარებლად?

15 მშობლების პასუხისმგებლობაა, შვილებს ასწავლონ, როგორ უპასუხონ მათ, ვინც ჩვენს მრწამსს ეჭვქვეშ აყენებს (იაკ. 3:13). ამ მიზნით ზოგი მშობელი შვილებთან ერთად ოჯახური თაყვანისცემის დროს ისეთ საკითხებს განიხილავს, რომლებიც შეიძლება სკოლაში წამოიჭრას. შემდეგ ისინი მსჯელობენ, როგორ უპასუხონ თანაკლასელების კითხვებს და ბოლოს გაითამაშებენ ხოლმე სავარაუდო სიტუაციებს. ამგვარად შვილებს უადვილდებათ თავიანთი პოზიციის რბილად დაფიქსირება (იხილეთ ჩარჩო  „განსახილველი საკითხები ოჯახური შესწავლისთვის“).

16, 17. რატომ ღირს ოჯახური თაყვანისცემის დროს სხვადასხვა სიტუაციის გათამაშება?

16 ოჯახური თაყვანისცემის დროს სხვადასხვა საკითხის განხილვა არა მხოლოდ იმაში გვეხმარება, რომ სხვებს მოვუყვანოთ დამაჯერებელი არგუმენტები, არამედ ჩვენც გვარწმუნებს ჩვენი მრწამსის სისწორეში. ამ მიზნით jw.org-ზე განყოფილებაში „ახალგაზრდები“ მოცემულია სხვადასხვა სტატია და სამუშაო ფურცლები. თუ ამ განყოფილებაში განთავსებულ მასალას ოჯახთან ერთად განვიხილავთ, ჩვენი შვილები თავისუფლად ახსნიან თავიანთ პოზიციას. მსგავსი განხილვები მხოლოდ მათ კი არა, ყველას დაგვეხმარება, მშვიდად და თავაზიანად დავიცვათ ჩვენი პოზიცია.

17 ერთი ახალგაზრდა, სახელად მეთიუ, მშობლებთან ერთად ხშირად იკვლევს ისეთ საკითხებს, რომლებიც შეიძლება სკოლაში გამოადგეს. ის გვიყვება, როგორ ეხმარება ეს მას: „თავიდან ვფიქრობთ, რა კითხვები შეიძლება წამოიჭრას. შემდეგ ამ კითხვებზე პასუხებს ვეძებთ და ბოლოს ვცდილობთ, საკუთარი სიტყვებით ავხსნათ ჩვენი შეხედულება. როცა კარგად მაქვს გააზრებული, რა მწამს და რატომ, თავდაჯერებულიც ვარ და არც ის მიჭირს, სხვებს თავაზიანად და რბილად გავცე პასუხი“.

18. რა აზრს უსვამს ხაზს კოლოსელების 4:6?

18 საუბრის დროს მხოლოდ ლოგიკური მსჯელობა და დამაჯერებელი არგუმენტები არ კმარა. როგორც დავინახეთ, არანაკლებ მნიშვნელოვანია, სათქმელი რბილად და ტაქტიანად ვთქვათ (წაიკითხეთ კოლოსელების 4:6). დიალოგი შეიძლება ბურთით თამაშს შევადაროთ. თუ მოთამაშეს ბურთს რბილად ვესვრით, არ გაუჭირდება მისი დაჭერა და თამაშის გაგრძელების სურვილიც ექნება. მსგავსად, თუ სათქმელს რბილად და თავაზიანად ვიტყვით, ადამიანებს ჩვენი მოსმენის და ჩვენთან საუბრის სურვილი გაუჩნდებათ. თუმცა არის ისეთი შემთხვევებიც, როცა თავი უნდა შევიკავოთ პასუხის გაცემისგან. მაგალითად მაშინ, როცა ჩვენი სიტყვაში გამოჭერა ან აბუჩად აგდება სურთ (იგავ. 26:4). მაგრამ ეს გამონაკლისი შემთხვევებია და, მეტწილად, შეიძლება ადამიანის საუბარში აყოლიება მოვახერხოთ.

19. რატომ ღირს რბილი ხასიათის გამოვლენა?

19 აშკარად დავინახეთ, რომ რბილი ხასიათის განვითარება ღირებული მიზანია. ამ მიზანს რომ მივაღწიოთ, იეჰოვას დახმარება გვჭირდება. ლოცვაში სთხოვეთ იეჰოვას ძალა, რომ რბილად და პატივისცემით უპასუხოთ მათ, ვინც გამომწვევ კითხვებს გისვამთ ან უსაფუძვლოდ გაკრიტიკებთ. სწორედ რბილი ხასიათი დაგეხმარებათ, რომ საუბარი კამათში არ გადაიზარდოს. თუ რბილ ხასიათს გამოავლენთ, ამან შეიძლება მოსაუბრე დადებითად განაწყოს და საბოლოოდ ისიც დაინახოს, რომ სიმართლეს ვასწავლით. ასე რომ, ყოველთვის მზად იყავით, „პასუხი გასცეთ მათ, ვინც თქვენი . . . [პოზიციის] გამო ახსნა-განმარტებას გთხოვთ, ოღონდ ეს რბილად და პატივისცემით გააკეთეთ“ (1 პეტ. 3:15). ამგვარად ცხადყოფთ, რომ შინაგანად ძლიერი ადამიანი ხართ!

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 88 მაუწყე შენი გზები

a ამ სტატიაში მოცემული რჩევები დაგეხმარებათ, რბილად უპასუხოთ მათ, ვინც თქვენს მრწამსს ეჭვქვეშ აყენებს ან ვისაც თქვენი გამოწვევა სურს.

b მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ 2016 წლის №4 „გამოიღვიძეთ!“, სტატია „რას ამბობს ბიბლია ჰომოსექსუალიზმზე?“.

c პრაქტიკული რჩევები შეგიძლიათ მოძებნოთ ვებგვერდზე jw.org. იხილეთ სტატიათა სერიები: „ახალგაზრდების შეკითხვები“ და „ხშირად დასმული კითხვები“.