არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 38

როგორ გსურთ, წარიმართოს თქვენი ცხოვრება?

როგორ გსურთ, წარიმართოს თქვენი ცხოვრება?

„გამჭრიახობა დაგიცავს“ (ᲘᲒᲐᲕ. 2:11).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 135 იეჰოვას თბილი თხოვნა: „შვილო, იყავი ბრძენი“

ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘ a

1. რატომ იქნებოდა რთული ამ სამი მეფისთვის, თავი გაერთმიათ დაკისრებული პასუხისმგებლობისთვის?

 ᲬᲐᲠᲛᲝᲘᲓᲒᲘᲜᲔᲗ, რომ მოზარდობის დროს ღვთის ხალხის მეფედ გცხეს. როგორი მეფე იქნებოდით? ბიბლიაში რამდენიმე მეფის შემთხვევაა მოთხრობილი, რომლებიც იუდას სამეფო ტახტზე საკმაოდ ადრეულ ასაკში ავიდნენ. მაგალითად, იეჰოაში 7 წლისა იყო, როცა გამეფდა, უზია — 16-ის, იოშია კი — 8-ის. დაფიქრდით, რამხელა პასუხისმგებლობის აღება მოუწიათ ასეთ პატარა ასაკში. თუმცა იეჰოვას ისინი დახმარების გარეშე არ დაუტოვებია.

2. რატომ უნდა დავფიქრდეთ იეჰოაშის, უზიასა და იოშიას მაგალითებზე?

2 მართალია, მსგავსი პასუხისმგებლობა ჩვენ არ გვაკისრია, მაგრამ ამ სამი მეფისგან ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია. ჩვენ განვიხილავთ მათ მიერ დატოვებულ როგორც კარგ, ისე ცუდ მაგალითებს და დავინახავთ, რატომ უნდა შევარჩიოთ დაკვირვებით სამეგობრო წრე, დავრჩეთ თავმდაბლები და ხელმძღვანელობისთვის ყოველთვის იეჰოვას მივმართოთ.

ᲓᲐᲙᲕᲘᲠᲕᲔᲑᲘᲗ ᲨᲔᲐᲠᲩᲘᲔᲗ ᲡᲐᲛᲔᲒᲝᲑᲠᲝ ᲬᲠᲔ

მიჰბაძეთ იეჰოაშს და მოუსმინეთ კარგ მეგობრებს (იხილეთ აბზაცები 3, 7). c

3. რა არჩევანი გააკეთა იეჰოაშმა?

3 იეჰოაშის კარგი მაგალითი. მოზარდობისას იეჰოაშმა სწორი არჩევანი გააკეთა. მართალია, მას მამა არ ჰყავდა, რომ დაერიგებინა, მაგრამ ის ღვთის ერთგული მღვდელმთავრის, იეჰოიადას, დარიგებას უსმენდა. იეჰოიადა მას საკუთარი შვილივით ზრდიდა და არიგებდა. იეჰოაშმაც გადაწყვიტა, იეჰოვასთვის ემსახურა და ხალხსაც დახმარებოდა ამაში. ამ მიზნით ის იეჰოვას ტაძრის შეკეთებასაც შეუდგა (2 მატ. 24:1, 2, 4, 13, 14).

4. როგორ მოემსახურება ჩვენს კეთილდღეობას იეჰოვას ნორმებით ცხოვრება? (იგავები 2:1, 10—12).

4 თუ პატარაობიდანვე შეგაყვარეს იეჰოვა და მისი ნორმებით ცხოვრება გასწავლეს, გამოდის, რომ ძალიან დიდი საჩუქარი მიგიღიათ (წაიკითხეთ იგავების 2:1, 10—12). მშობლებს ბევრი რამის სწავლება შეუძლიათ თქვენთვის. ვნახოთ, როგორ ეხმარებოდა ერთ დას, კატიას, მამამისი სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. ყოველდღე სკოლისკენ მიმავალ გზაზე ისინი ყოველდღიურ მუხლზე მსჯელობდნენ. კატია იხსენებს: „ასეთი საუბრები მეხმარებოდა, თავი გამერთმია სკოლაში რთული სიტუაციებისთვის“. თუმცა შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ის, რასაც მშობლები ბიბლიიდან გასწავლიან, შემზღუდველი მოგეჩვენოთ. ვნახოთ, რამ გაუადვილა ერთ ახალგაზრდას, ანასტასიას, მშობლების მორჩილება. როგორც თავად ამბობს, ისინი ყოველთვის უხსნიდნენ, რატომ უდგენდნენ ამა თუ იმ წესს. ეს დაეხმარა, მიმხვდარიყო, რომ მშობლებს მისი შეზღუდვა კი არა, დაცვა სურდათ.

5. ვისზე მოახდენს გავლენას თქვენი გადაწყვეტილებები? ახსენით (იგავები 22:6; 23:15, 24, 25).

5 თუ ბიბლიურ რჩევებს გაითვალისწინებთ, მშობლებს ძალიან გააბედნიერებთ. რაც მთავარია, იეჰოვას გაუხარებთ გულს და მასთან ურთიერთობას კიდევ უფრო განიმტკიცებთ (წაიკითხეთ იგავების 22:6; 23:15, 24, 25). ნამდვილად კარგი იქნება, მიჰბაძოთ ახალგაზრდა იეჰოაშს.

6. როგორ მოიქცა იეჰოაში იეჰოიადას სიკვდილის შემდეგ და რა მოჰყვა შედეგად მის არჩევანს? (2 მატიანე 24:17, 18).

6 იეჰოაშის ცუდი მაგალითი. მღვდელმთავარი იეჰოიადას სიკვდილის შემდეგ იეჰოაშმა ცუდ საზოგადოებასთან დაიჭირა საქმე (წაიკითხეთ 2 მატიანის 24:17, 18). ის იუდას მთავრებს დაუახლოვდა, რომლებსაც არ უყვარდათ იეჰოვა, და მათ აზრს ითვალისწინებდა. ალბათ, თქვენც ფიქრობთ, რომ იეჰოაშს თავი შორს უნდა დაეჭირა ასეთი ხალხისგან (იგავ. 1:10). სამწუხაროდ, მან ამ ვაი-მეგობრების გავლენით საკუთარი მამიდაშვილიც კი მოკლა, რომელიც მის სწორ გზაზე დაბრუნებას შეეცადა (2 მატ. 24:20, 21; მათ. 23:35). სადამდე დაეცა იეჰოაში! არადა, რა კარგად დაიწყო. საბოლოოდ ეს ღვთისგან განდგომილი და მკვლელად ქცეული კაცი თავისმა მსახურებმა გამოასალმეს სიცოცხლეს (2 მატ. 24:22—25). წარმოიდგინეთ, როგორ წარიმართებოდა მისი ცხოვრება, კვლავაც იეჰოვასა და მის მსახურთათვის რომ დაეგდო ყური! ვნახოთ, რას გვასწავლის ეს შემთხვევა.

7. ვისთან უნდა იმეგობროთ? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

7 იეჰოაშის მაგალითი გვასწავლის, რამდენად მნიშვნელოვანია, მათთან ვიმეგობროთ, ვინც დადებით ზეგავლენას მოახდენს ჩვენზე. კარგ მეგობრობას ისინი გაგვიწევენ, ვისაც უყვართ იეჰოვა და მისი გულის გახარება სურთ. მეგობრების არჩევისას მხოლოდ თანატოლებით ნუ შემოიფარგლებით. მაგალითად, იეჰოაშის მეგობარი იეჰოიადა მასზე გაცილებით უფროსი იყო. კარგი იქნება, შემდეგ კითხვებზე დავფიქრდეთ: მეხმარებიან მეგობრები, იეჰოვასადმი რწმენა განვიმტკიცო და მისი ნორმებით ვიცხოვრო? უყვართ იეჰოვაზე და, ზოგადად, ბიბლიურ თემებზე საუბარი? ყოველთვის იმას მეუბნებიან, რისი მოსმენაც მესიამოვნება, თუ ჰყოფნით გაბედულება, საჭირო დროს რჩევა მომცენ? (იგავ. 27:5, 6, 17). თუ ხედავთ, რომ თქვენს მეგობრებს არ უყვართ იეჰოვა, თავი შორს დაიჭირეთ მათგან. მათ კი, ვინც კარგ ზეგავლენას ახდენს თქვენზე, უფრო დაუახლოვდით (იგავ. 13:20).

8. რა უნდა გავითვალისწინოთ, თუ სოციალური მედიით ვსარგებლობთ?

8 სოციალური მედია კარგი საშუალებაა ოჯახის წევრებთან თუ მეგობრებთან საურთიერთოდ. თუმცა ზოგი ფოტოებსა და ვიდეოებს სხვებზე შთაბეჭდილების მოსახდენად დებს. თუ სოციალური მედიით სარგებლობთ, დაფიქრდით: რატომ ვდებ პოსტებს სოციალურ ქსელში? მინდა, სხვებს სასიამოვნო რამ გავუზიარო თუ ვიტრაბახო? უარყოფით ზეგავლენას ხომ არ ახდენენ ჩემს აზროვნებაზე, საუბარსა და საქციელზე ისინი, ვისაც სოციალურ მედიაში ვემეგობრები? ძმა ნეითან ნორმა, რომელიც ხელმძღვანელ საბჭოში მსახურობდა, ასეთი რამ თქვა: „ნუ ეცდებით ადამიანთა გულის მოგებას, რადგან საბოლოოდ ვერავის გულს ვერ მოიგებთ. ეცადეთ, იეჰოვას ასიამოვნოთ და ყველა იმ ადამიანის გულსაც მოიგებთ, რომლებსაც იეჰოვა უყვართ“.

ᲓᲐᲠᲩᲘᲗ ᲗᲐᲕᲛᲓᲐᲑᲚᲔᲑᲘ

9. რისი გაკეთება შეძლო უზიამ იეჰოვას დახმარებით? (2 მატიანე 26:1—5).

9 უზიას კარგი მაგალითი. ახალგაზრდობაში უზია თავმდაბალი იყო. მას ღვთისადმი შიში პატარაობიდანვე ჩაუნერგეს და იეჰოვაც ათწლეულების განმავლობაში კურთხევას არ აკლებდა (წაიკითხეთ 2 მატიანის 26:1—5). ღვთის დახმარებით მან არაერთ ბრძოლაში მოიპოვა გამარჯვება და გაამაგრა იერუსალიმი (2 მატ. 26:6—15). ეჭვგარეშეა, უზიას დიდ სიხარულს ანიჭებდა იმის დანახვა, რომ ღმერთი უმართავდა ხელს (ეკლ. 3:12, 13).

10. რა გააკეთა უზიამ და რა მოიმკა შედეგად?

10 უზიას ცუდი მაგალითი. რაკი უზია მეფე იყო, შეჩვეული იქნებოდა ბრძანებების გაცემას. შესაძლოა ამიტომაც მისცა ერთხელ საკუთარ თავს იმაზე მეტის უფლება, ვიდრე ჰქონდა. როგორც ვიცით, უზია იეჰოვას ტაძარში შევიდა და სამსხვერპლოზე საკმევლის კმევა სცადა. არადა მეფეებს ამის უფლება არ ჰქონდათ (2 მატ. 26:16—18). მღვდელმთავარი აზარია მის შეჩერებას შეეცადა, თუმცა უზია ამან ძლიერ განარისხა. სამწუხაროდ, მან ერთი ხელის მოსმით გადაუსვა ხაზი იეჰოვასთან წლების ნაშენ ურთიერთობას. ორგულობის გამო იეჰოვამ დასაჯა უზია და ის სიცოცხლის ბოლომდე კეთროვანი იყო (2 მატ. 26:19—21). ფაქტია, თავმდაბალი რომ დარჩენილიყო, მისი ცხოვრება ასე არ წარიმართებოდა.

თუ მსახურებაში წარმატებას ვაღწევთ, კი არ უნდა ვიტრაბახოთ, არამედ იეჰოვას მივაგოთ საკადრისი დიდება (იხილეთ აბზაცი 11). d

11. როგორ შევინარჩუნოთ თავმდაბლობა? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

11 როცა უზია გაძლიერდა, დაავიწყდა, ვინ უმართავდა ხელს. რისი სწავლა შეგვიძლია მისი შემთხვევიდან? არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, რომ თუ რამეს მივაღწიეთ, ეს იეჰოვას დამსახურებაა და სხვა ყველაფერშიც ის გვიმართავს ხელს. ასე რომ, კი არ უნდა ვიტრაბახოთ ჩვენი მიღწევებით, არამედ იეჰოვას მივაგოთ საკადრისი პატივი (1 კორ. 4:7). b ჩვენ თავმდაბლად უნდა ვაღიაროთ, რომ არასრულყოფილები ვართ და დროდადრო გამოსწორებას ვსაჭიროებთ. 60 წელს გადაცილებულმა ერთმა ძმამ ასეთი რამ თქვა: „ვისწავლე, რომ მძაფრი რეაქცია არ მქონდეს, როცა სხვები ჩემს შეცდომას ამჩნევენ. ზოგჯერ საკმაოდ სულელურ შეცდომას ვუშვებ და რჩევასაც ვიღებ. ასეთ დროს ვცდილობ, გამოვასწორო შეცდომა და კვლავაც საუკეთესო გავიღო იეჰოვასთვის“. ფაქტია, თუ იეჰოვას მოშიშები და თავმდაბლები ვიქნებით, ჩვენი ცხოვრება ისე წარიმართება, რომ სანანებელი არაფერი გვექნება (იგავ. 22:4).

ᲙᲕᲚᲐᲕᲐᲪ ᲓᲐᲣᲐᲮᲚᲝᲕᲓᲘᲗ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ

12. რა გააკეთა ახალგაზრდა იოშიამ? (2 მატიანე 34:1—3).

12 იოშიას კარგი მაგალითი. იოშია ჯერ კიდევ მოზარდი იყო, როცა იეჰოვას ძებნას შეუდგა. მას სურდა, უკეთ გაეცნო იეჰოვა და მისი ნება შეესრულებინა. თუმცა, როცა იოშია გამეფდა, ქვეყანაში მთლად სახარბიელო მდგომარეობა არ იყო. მის სამეფოში ცრუ თაყვანისმცემლობას მოეკიდებინა ფეხი, ამიტომ მას მტკიცედ უნდა დაეკავებინა წმინდა თაყვანისმცემლობის მხარე. ის ასეც მოიქცა და ჯერ კიდევ ახალგაზრდამ ცრუ თაყვანისმცემლობის წინააღმდეგ გაილაშქრა (წაიკითხეთ 2 მატიანის 34:1—3).

13. რა გავლენას მოახდენს თქვენს ცხოვრებაზე იეჰოვასადმი თავის მიძღვნა?

13 რა ასაკისაც არ უნდა იყოთ, მიჰბაძეთ იოშიას და უკეთ გაიცანით იეჰოვა. თუ ასე მოიქცევით, იმის სურვილიც გაგიჩნდებათ, რომ თავი მიუძღვნათ მას. რა გავლენას მოახდენს თქვენს ცხოვრებაზე ეს ნაბიჯი? ლუკამ, რომელიც 14 წლის ასაკში მოინათლა, ასეთი რამ თქვა: „იეჰოვას დავპირდი, რომ მისი მსახურება ჩემს ცხოვრებაში უმთავრეს ადგილს დაიკავებდა და ყველანაირად შევეცდებოდი, მისთვის გული გამეხარებინა“ (მარ. 12:30). ნამდვილად არ ინანებთ, თუ მსგავს არჩევანს გააკეთებთ.

14. როგორ ჰბაძავენ ახალგაზრდები იოშიას? მოიყვანეთ მაგალითები.

14 რა სირთულეებს შეიძლება შეხვდნენ ახალგაზრდები? იოჰანს, რომელიც 12 წლის ასაკში მოინათლა, კლასელები ელექტრონული სიგარეტის მოწევას აძალებენ. ზეწოლას რომ გაუძლოს, იოჰანი იმაზე ფიქრობს, როგორ აისახება მოწევა მის ჯანმრთელობაზე და იეჰოვასთან ურთიერთობაზე. რეიჩელი კი, რომელიც 14 წლისა მოინათლა, გვიყვება, რა ეხმარება, ყოველთვის სულიერზე იფიქროს: „სკოლაში, მაგალითად, ისტორიის გაკვეთილზე ბიბლიურ მონაკვეთს ან წინასწარმეტყველებას ვიხსენებ, რომელიც განსახილველ მასალას უკავშირდება. სხვებთან საუბრის დროს კი ვცდილობ, ისეთი ბიბლიური მუხლი გავიხსენო, რომელიც მათთვის საინტერესო იქნება“. რა სირთულესაც არ უნდა ხვდებოდეთ, თქვენც შეგიძლიათ, იოშიას მსგავსად გონივრული გადაწყვეტილებები მიიღოთ და უერთგულოთ იეჰოვას. ახალგაზრდობაში შეძენილი გამოცდილება მომავალშიც გამოგადგებათ.

15. რა ეხმარებოდა იოშიას, ერთგულად ემსახურა ღვთისთვის? (2 მატიანე 34:14, 18—21).

15 იოშია 26 წლის იყო, როცა ღვთის ტაძრის შეკეთებას შეუდგა. მუშაობის დროს იქ „მოსეს მიერ ისრაელებისთვის გადაცემული იეჰოვას კანონის წიგნი“ იპოვეს. როგორც კი იოშიამ კანონში ჩაწერილი მოისმინა, გადაწყვიტა, შესაბამისად ემოქმედა (წაიკითხეთ 2 მატიანის 34:14, 18—21). გსურთ, რეგულარულად იკითხოთ ბიბლია? თუ უკვე კითხულობთ, მოგწონთ ეს პროცესი? ინიშნავთ თქვენთვის საინტერესო ბიბლიურ მუხლებს? ზემოხსენებული ლუკა ბლოკნოტში იწერს ხოლმე ბიბლიის კითხვის დროს აღმოჩენილ საინტერესო აზრებს. თუ თქვენც ასე მოიქცევით, უკეთ გაეცნობით ღვთის სიტყვას, შეიყვარებთ მას და საინტერესო აზრების დამახსოვრებაც გაგიადვილდებათ. ეს იეჰოვას მსახურების სურვილს გაგიძლიერებთ და იოშიას მსგავსად აღძრულნი იქნებით, ნასწავლი ცხოვრებაში გამოიყენოთ.

16. ა) რატომ დაუშვა იოშიამ სერიოზული შეცდომა? ბ) ჩვენ რას ვსწავლობთ მისი შემთხვევიდან?

16 იოშიას ცუდი მაგალითი. იოშია დაახლოებით 40 წლისა იყო, როცა საბედისწერო შეცდომა დაუშვა. ნაცვლად იმისა, რომ იეჰოვასთვის ეთხოვა ხელმძღვანელობა, მან საკუთარი ჭკუით იმოქმედა (2 მატ. 35:20—25). გაკვეთილი ჩვენთვის: რა ასაკისაც არ უნდა ვიყოთ და რამდენი წელიც არ უნდა ვიკვლევდეთ ბიბლიას, კვლავაც უნდა ვეძებოთ იეჰოვა, რაც იმას გულისხმობს, რომ ლოცვაში ვთხოვოთ ხელმძღვანელობა, შევისწავლოთ მისი სიტყვა და რჩევისთვის მოწიფულ ქრისტიანებს მივმართოთ. ამ შემთხვევაში ბედნიერები ვიქნებით და იმის ალბათობაც ნაკლები იქნება, რომ სერიოზულ შეცდომას დავუშვებთ (იაკ. 1:25).

ᲐᲮᲐᲚᲒᲐᲖᲠᲓᲔᲑᲝ, ᲗᲥᲕᲔᲜ ᲨᲔᲒᲘᲫᲚᲘᲐᲗ ᲒᲐᲘᲮᲐᲠᲝᲗ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲘᲗ

17. რა ისწავლეთ იეჰოაშის, უზიასა და იოშიას მაგალითზე?

17 ახალგაზრდობა საინტერესო პერიოდია და ბევრი რამის გაკეთების შესაძლებლობას გაძლევთ. თქვენ შეგიძლიათ გონივრული გადაწყვეტილებები მიიღოთ და იეჰოვას მოსაწონად იცხოვროთ, როგორც ეს იეჰოაშის, უზიასა და იოშიას მაგალითებიდან დავინახეთ. თუმცა თქვენი ცხოვრება საუკეთესოდ რომ წარიმართოს, არ უნდა გაიმეოროთ მათი შეცდომები.

დავითის ცხოვრება საუკეთესოდ წარიმართა, რადგან ახალგაზრდობაშივე დაუახლოვდა იეჰოვას და მისი კეთილგანწყობა მოიპოვა (იხილეთ აბზაცი 18).

18. რატომ ღირს აბზაცში მოყვანილი მაგალითების გამოკვლევა? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

18 ბიბლიაში სხვა ახალგაზრდების შესახებაცაა მოთხრობილი, რომლებიც დაუახლოვდნენ იეჰოვას, მისი კეთილგანწყობა მოიპოვეს და აზრიანად განვლეს ცხოვრება. მათ შორის იყო მეფე დავითი. მან პატარაობაშივე გადაწყვიტა, ეერთგულა ღვთისთვის. მართალია, მოგვიანებით შეცდომები დაუშვა, მაგრამ მთლიანობაში ერთგული იყო და იეჰოვა იწონებდა მას (1 მეფ. 3:6; 9:4, 5; 14:8). დავითის მაგალითის გამოკლევა იეჰოვას ერთგულად მსახურების სურვილს გაგიძლიერებთ. შეგიძლიათ პირადი შესწავლის დროს მარკოზის და ტიმოთეს მაგალითებიც განიხილოთ. ისინიც ახალგაზრდობიდანვე ემსახურებოდნენ იეჰოვას და სიცოცხლის ბოლომდე გრძნობდნენ მის კეთილგანწყობას. მათ ნამდვილად ბედნიერი ცხოვრების გზა განვლეს.

19. რატომაა იეჰოვას მსახურება საუკეთესო არჩევანი?

19 თქვენი მომავალი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა გადაწყვეტილებებს იღებთ დღეს. თუ საკუთარ გონებას არ დაენდობით და იეჰოვას მიმართავთ ხელმძღვანელობისთვის, ის დაგეხმარებათ, სწორად წარმართოთ ცხოვრება (იგავ. 20:24). წინ ბედნიერი და საინტერესო ცხოვრება გელით. გახსოვდეთ, იეჰოვა ძალიან აფასებს იმას, რასაც მისთვის აკეთებთ. ჩვენი მოსიყვარულე ზეციერი მამის მსახურება ნამდვილად საუკეთესო არჩევანია. ამაზე უკეთეს გადაწყვეტილებას ცხოვრებაში ვერ მიიღებთ.

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 144 ჯილდოს მიაპყარით თვალი!

a ახალგაზრდებო, იეჰოვამ იცის, რომ მის მოსაწონად მოქცევა ყოველთვის ადვილი არ არის. რა დაგეხმარებათ, ისეთი გადაწყვეტილებები მიიღოთ, რომლებიც გულს გაუხარებს მას? ჩვენ სამი მეფის მაგალითს განვიხილავთ, რომლებიც იუდას სამეფო ტახტზე საკმაოდ ადრეულ ასაკში ავიდნენ და გავიგებთ, რისი სწავლა შეგვიძლია მათგან.

b jw.org-ზე განთავსებულ სტატიაში, „რამდენად მნიშვნელოვანია ონლაინ პოპულარობა?“, იხილეთ ჩარჩო „რატომ უნდა მოვერიდო შეფარვით ტრაბახს?“.

c ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: მოწიფული ქრისტიანი და რჩევას აძლევს ახალგაზრდა დას.

d ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: და კონგრესზე ინტერვიუს აღებამდე ლოცულობს. მოგვიანებით თანაქრისტიანებთან საუბრის დროს აღნიშნავს, რომ იეჰოვას დახმარების გარეშე მსახურებაში წარმატებას ვერ მიაღწევდა.