ᲐᲕᲢᲝᲑᲘᲝᲒᲠᲐᲤᲘᲐ
იეჰოვამ კმაყოფილებით აღსავსე და ბედნიერი ცხოვრება მაჩუქა
1951 წელი იდგა. კვებეკის პროვინციის ერთ პატარა ქალაქ რუანში ახალი ჩასული ვიყავი. ერთი ძმის მისამართი მქონდა და პირდაპირ მასთან მივედი. კარი 23 წლის მაღალმა ბიჭმა გამიღო. მე მაშინ 16 წლის ვიყავი და ტანად მასზე დაბალი. ეს სკოლა „გალაადის“ კურსდამთავრებული მარსელ ფილტო a იყო. მას ჩემი პიონერად დანიშვნის წერილი მივაწოდე. წერილი რომ წაიკითხა, შემომხედა და მითხრა: „დედაშენმა იცის, აქ რომ ხარ?“.
ᲩᲔᲛᲘ ᲝᲯᲐᲮᲘ
დავიბადე 1934 წელს ქალაქ ტიმინში შვეიცარიელი იმიგრანტების ოჯახში. 1939 წელი იქნებოდა, დედაჩემმა „საგუშაგო კოშკის“ კითხვა და იეჰოვას მოწმეთა კრების შეხვედრებზე დასწრება რომ დაიწყო. დედას კრებებზე მეც და ჩემი ექვსი და-ძმაც დავყავდით. მალევე ის იეჰოვას მოწმე გახდა.
მამა არ იწონებდა მის გადაწყვეტილებას, თუმცა დედას უყვარდა ჭეშმარიტება და თავის პოზიციას არ თმობდა. მალევე, 1940-იანი წლების დასაწყისში, კანადაში იეჰოვას მოწმეთა საქმიანობა აიკრძალა. თუმცა დედაჩემის რწმენა არც მაშინ შერყეულა. მიუხედავად იმისა, რომ მამა სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, ის ყოველთვის პატივისცემით და რბილად ეპყრობოდა მას. სწორედ მისი ბრწყინვალე მაგალითის დამსახურებაა, რომ მეც და ჩემმა და-ძმებმაც იეჰოვას მსახურება გადავწყვიტეთ. საბედნიეროდ, დროთა განმავლობაში მამამ შეიცვალა დამოკიდებულება.
ᲕᲘᲬᲧᲔᲑ ᲡᲠᲣᲚᲘ ᲓᲠᲝᲘᲗ ᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐᲡ
1950 წლის ზაფხულში დავესწარი ნიუ-იორკში გამართულ კონგრესს „თეოკრატიული წინსვლა“. იქ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ ბევრ და-ძმას შევხვდი და „გალაადის“ კურსდამთავრებულების ინტერვიუებიც მოვისმინე. ამან უფრო გამიძლიერა სრული დროით მსახურების სურვილი. ამიტომ სახლში დაბრუნებისთანავე გავგზავნე კანადის ფილიალში განცხადება, რომ პიონერად მსახურების დაწყება მინდოდა. მალევე ფილიალიდან პასუხი მივიღე. წერილში ძმები მირჩევდნენ, რომ ჯერ მოვნათლულიყავი. მეც ასე მოვიქეცი და იმავე წლის 1 ოქტომბერს მოვინათლე, ერთი თვის შემდეგ კი პიონერად მსახურება დავიწყე. თავიდან ჩემი ქალაქიდან საკმაოდ შორს, ქალაქ კაპუსკასინგში გამგზავნეს.
იმ დროს ფრანგულენოვან პროვინციაში, კვებეკში, მქადაგებლების დიდი საჭიროება იყო. ამიტომ 1951 წელს ფილიალმა ფრანგულის მცოდნე მაუწყებლებს სთხოვა, იქ გადასულიყვნენ. რადგან
ფრანგულიც ბავშვობიდან ვიცოდი, გამოვეხმაურე ამ მოწოდებას. ფილიალმა რუანში გამგზავნა. როგორც ზემოთ აღვნიშნე, იქ არავის ვიცნობდი, მხოლოდ მისამართი მქონდა, სადაც უნდა მივსულიყავი. თუმცა ყველაფერი მშვენივრად აეწყო და მე და მარსელი ძალიან დავმეგობრდით. კვებეკში ოთხი წელი ვიყავი. თავიდან პიონერად ვმსახურობდი, შემდეგ კი სპეციალურ პიონერად დავინიშნე.„ᲒᲐᲚᲐᲐᲓᲘ“ ᲓᲐ ᲓᲐᲝᲯᲐᲮᲔᲑᲐ
ჯერ კიდევ კვებეკში მსახურების დროს სკოლა „გალაადის“ 26-ე კლასში მიმიწვიეს. სწავლა 1956 წლის 12 თებერვალს დავასრულეთ და მე დასავლეთ აფრიკაში, კერძოდ განაში, b გამგზავნეს. თუმცა იქ გასამგზავრებლად გარკვეული საბუთები მჭირდებოდა, ამიტომ რამდენიმე კვირით ჯერ კანადაში უნდა დავბრუნებულიყავი.
რამდენიმე კვირა რამდენიმე თვედ იქცა და საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ შვიდი თვე მომიწია ტორონტოში დარჩენა. ამ პერიოდში კრიპსების ოჯახი მიფარებდა. მე და მათ ქალიშვილს, შეილას, ერთმანეთი შეგვიყვარდა. უკვე ხელის თხოვნას ვაპირებდი, რომ ვიზაც მოვიდა. ჩვენ ვილოცეთ და გადავწყვიტეთ, რომ უარი არ უნდა მეთქვა ჩემს დავალებაზე და წავსულიყავი. თუმცა ვფიქრობდით, რომ მიმოწერას გავაგრძელებდით და შევხედავდით, რამდენად შესაძლებელი იქნებოდა მომავალში დაქორწინება. ამ გადაწყვეტილების მიღება ნამდვილად არ იყო ადვილი. თუმცა მოგვიანებით დავინახეთ, რომ სწორად მოვიქეცით.
გზაში ერთი თვე მომიწია ყოფნა. თავიდან მატარებლით ვიმგზავრე, შემდეგ სატვირთო გემით, ბოლოს კი თვითმფრინავით და ასე ჩავაღწიე განას დედაქალაქ აკრაში. იქ მითხრეს, რომ საოლქო ზედამხედველად ვიმსახურებდი. ჩემს ოლქში განის გარდა შედიოდა დღევანდელი კოტ-დ’ივუარი და ტოგოც. მეც, მეტწილად, მარტო ხან ერთგან მივდიოდი და ხან მეორეგან. თანაც ფილიალმა მანქანა გამომიყო, რომ ამხელა ტერიტორიაზე ადვილად გადავადგილებულიყავი. ეს დრო ძალიან ტკბილად მახსენდება.
შაბათ-კვირას სარაიონო კონგრესებზე გამოვდიოდი ხოლმე მოხსენებებით. მაშინ საკონგრესო
დარბაზები არ გვქონდა, თუმცა მცხუნვარე მზისგან თავშესაფარი გვჭირდებოდა. ამიტომ ძმები სახელდახელოდ აწყობდნენ ხოლმე ბამბუკის კონსტრუქციას, რომელსაც პალმის ტოტებით ხურავდნენ. მაშინ დამსწრეებს სადილს იქვე უმზადებდნენ, მაგრამ რადგან მაცივრები არ გვქონდა, ცოცხალი საქონელი მოჰყავდათ და იქვე კლავდნენ.კონგრესებზე ზოგჯერ სასაცილო შემთხვევებიც გვქონდა. მახსოვს, ერთხელ ერთი მისიონერი, ჰერბ ჯენინგზი, c მოხსენებით გამოდიოდა, როცა იქიდან, სადაც საჭმელს ამზადებდნენ, მოზვერი გამოვარდა. ის დაბნეული სცენასა და აუდიტორიას შორის დარბოდა, რის გამოც ჰერბს მოხსენების შეწყვეტა მოუწია. თუმცა ოთხმა ჯანიანმა ძმამ შეძლო მისი დაჭერა და უკან შეყვანა, რასაც დიდი ოვაცია მოჰყვა.
კონგრესების პერიოდში შუა კვირაში ახლომახლო სოფლებში მივდიოდი და იქაურებს ვუჩვენებდი ფილმს „ახალი ქვეყნიერების საზოგადოება მოქმედებს“. ამისთვის ორ ხეს ან ორ ბოძს შორის თეთრ ტილოს გავჭიმავდი ხოლმე და მასზე პროექტორით ფილმს ვუშვებდი. ბევრმა სწორედ მაშინ უყურა პირველად ფილმს და მათ ძალიან მოსწონდათ ნანახი. ისინი განსაკუთრებული ტაშისკვრით ხვდებოდნენ ნათლობის სცენებს. ეს ფილმი ბევრს დაეხმარა, საერთაშორისო საძმოს ნაწილად აღექვა თავი.
1958 წელს, აფრიკაში ორწლიანი მსახურების შემდეგ, ქალაქ ნიუ-იორკში საერთაშორისო კონგრესზე მიმიწვიეს, რამაც ძალიან გამახარა. თანაც უზომოდ ბედნიერი ვიყავი, რომ კონგრესს შეილაც ესწრებოდა, რომელიც იმ დროს კვებეკში სპეციალურ პიონერად მსახურობდა. მთელი ეს პერიოდი მასთან მიმოწერას ვაგრძელებდი და ახლა, როცა ერთმანეთთან პირისპირ შეხვედრის შესაძლებლობა მოგვეცა, მას ხელი ვთხოვე. შეილაც დამთანხმდა. ამის შემდეგ ძმა ნეითან ნორს d მივწერე და ვთხოვე, რომ შეილა „გალაადში“ მიეწვიათ, რათა ჩემთან ერთად აფრიკაში გაეგრძელებინა მსახურება. შეილაც მიიწვიეს სკოლაში, რის შემდეგაც ის განაში ჩამოვიდა. ჩვენ 1959 წლის 3 ოქტომბერს დავქორწინდით ქალაქ აკრაში. აშკარად ვიგრძენით, რომ იეჰოვამ გვაკურთხა, რადგან მისი მსახურება ცხოვრებაში პირველ ადგილზე დავაყენეთ.
ᲙᲐᲛᲔᲠᲣᲜᲨᲘ ᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐ
1961 წელს კამერუნში ფილიალის გასახსნელად გაგვგზავნეს. ეს საკმაოდ შრომატევადი საქმე იყო. თანაც მე ფილიალის მსახურად დამნიშნეს. ამ
საქმეში გამოუცდელი ვიყავი, ამიტომ ბევრი მქონდა სასწავლი. რამდენიმე წლის შემდეგ, 1965 წელს, გავიგეთ, რომ შეილა ორსულად იყო. სიმართლე გითხრათ, დრო დაგვჭირდა ამ ამბავთან შესაგუებლად. თუმცა, როცა უკვე გავიაზრეთ, რამხელა სიხარული გველოდა წინ და კანადაში დასაბრუნებლად გეგმებსაც ვაწყობდით, ჩვენს თავს დიდი ტრაგედია დატრიალდა.შეილას მუცელი მოეშალა. ექიმმა გვითხრა, რომ ჩვენ ბიჭი უნდა გვყოლოდა. მას შემდეგ 50 წელზე მეტი გავიდა, მაგრამ დღემდე გუშინდელივით მახსოვს ეს დღე. თავს საშინლად ვგრძნობდით, მაგრამ გადავწყვიტეთ, მაინც არ გვეთქვა უარი ჩვენს საყვარელ დავალებაზე.
კამერუნელი და-ძმები ნეიტრალიტეტის გამო ხშირად ხდებოდნენ დევნის ობიექტი. სიტუაცია განსაკუთრებით საპრეზიდენტო არჩევნების დროს იძაბებოდა ხოლმე. სამწუხაროდ, 1970 წლის 13 მაისს ზუსტად ის მოხდა, რისიც ყველაზე მეტად გვეშინოდა — იეჰოვას მოწმეების საქმიანობა ქვეყანაში ოფიციალურად აიკრძალა. ამას ჩვენი ულამაზესი ფილიალის კონფისკაციაც მოჰყვა. არადა იქ, სულ რაღაც, ხუთი თვის გადასულები ვიყავით. ერთ კვირაში ყველა მისიონერი, მათ შორის მე და შეილაც, ქვეყნიდან გაგვაძევეს. ჩვენი უსაყვარლესი და-ძმების დატოვება ძალიან გაგვიჭირდა, თანაც ვნერვიულობდით, როგორ წავიდოდა მათი საქმე.
შემდეგი ექვსი თვე საფრანგეთის ფილიალში ვმსახურობდით და უკვე იქიდან ვცდილობდი, ყველანაირად დამეჭირა მხარი კამერუნელი და-ძმებისთვის. იმავე წლის დეკემბერში ნიგერიაში გაგვგზავნეს, რადგან კამერუნში ჩვენი საქმიანობის ზედამხედველობა ნიგერიის ფილიალს დაევალა. იქაურმა და-ძმებმა ძალიან თბილად მიგვიღეს და მათ გვერდით მსახურება ჩვენც უდიდეს სიამოვნებას გვანიჭებდა.
ᲠᲗᲣᲚᲘ ᲒᲐᲓᲐᲬᲧᲕᲔᲢᲘᲚᲔᲑᲐ
1973 წელს ნიუ-იორკში საოლქო კონგრესზე დასასწრებად ჩავედით, სადაც ურთულესი გადაწყვეტილების წინაშე დავდექით. ბოლო პერიოდში შეილას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აწუხებდა. ერთხელაც იქ ყოფნის დროს მას ტირილი აუვარდა და მითხრა: „მეტის ატანა აღარ შემიძლია, თითქმის სულ ცუდად ვარ. არაფრის ძალა აღარ შემრჩა“. მეამაყებოდა, რომ 14 წელზე მეტხანს ის ჩემთან ერთად ერთგულად მსახურობდა დასავლეთ აფრიკაში, მაგრამ ახლა აშკარად უნდა შეგვეცვალა რაღაც. ჩვენ კარგად ავწონ-დავწონეთ ეს საკითხი. ბევრსაც ვლოცულობდით და საბოლოოდ გადავწყვიტეთ, კანადაში დავბრუნებულიყავით, სადაც შეილას ჯანმრთელობაზე უკეთ ვიზრუნებდით. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მისიონერული მსახურების და, ზოგადად, სრული დროით მსახურების შეწყვეტა ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყო ჩვენს ცხოვრებაში. ამის გამო გული ძალიან გვქონდა დამძიმებული.
კანადაში ჩასვლის შემდეგ ჩემს დიდი ხნის მეგობართან დავიწყე მუშაობა, რომელიც ტორონტოსთან ახლოს მდებარე ერთ ქალაქში მანქანებით ვაჭრობდა. მე და შეილამ ბინა ვიქირავეთ, შევიძინეთ მეორადი ავეჯი და, საბედნიეროდ, ყველანაირი ვალის გარეშე შევძელით ახალი ცხოვრების დაწყება. იმედი გვქონდა, რომ ერთ დღესაც კვლავაც გავაგრძელებდით სრული დროით მსახურებას. ამიტომ ვცდილობდით, მცირედს დავკმაყოფილებულიყავით. ჩვენდა
სასიხარულოდ, ეს ოცნება იმაზე მალე აგვიხდა, ვიდრე წარმოგვედგინა.შაბათობით ნორველის საკონგრესო დარბაზის მშენებლობაზე ვმსახურობდი მოხალისედ. რაღაც დროის შემდეგ მთხოვეს, საკონგრესო დარბაზის ზედამხედველად მემსახურა. შეილა სულ უფრო და უფრო უკეთ გრძნობდა თავს და მივხვდით, რომ შეგვეძლო ამ ახალი დავალების შესრულება. ამიტომ 1974 წლის ივნისში საკონგრესო დარბაზის საცხოვრებელში გადავედით. უზომოდ ბედნიერები ვიყავით, რომ კვლავ შევუდექით სრული დროით მსახურებას.
ორი წლის შემდეგ სარაიონო მსახურება შემოგვთავაზეს. იმ დროისთვის შეილა იმდენად კარგად იყო, რომ არც ამაზე გვითქვამს უარი. ჩვენი რაიონი მანიტობას პროვინციაში იყო, სადაც საკმაოდ მკაცრი ზამთარი იცის. თუმცა გულს და-ძმების სიყვარული გვითბობდა. მივხვდით, რომ მთავარია, იეჰოვას ემსახურო, და სად იქნები, ამას მნიშვნელობა არ აქვს.
ᲛᲜᲘᲨᲕᲜᲔᲚᲝᲕᲐᲜᲘ ᲒᲐᲙᲕᲔᲗᲘᲚᲘ
სარაიონო მსახურებაში გატარებული რამდენიმე წლის შემდეგ, 1978 წელს, კანადის ბეთელში მიგვიწვიეს. ცოტა ხანში ძალიან მტკივნეული, მაგრამ მნიშვნელოვანი გაკვეთილი მივიღე. მონრეალში გამართულ სპეციალურ შეხვედრაზე ფრანგულად საათნახევრიანი მოხსენების წაკითხვა დამავალეს. სამწუხაროდ, აუდიტორიისთვის ჩემი მოხსენება მთლად საინტერესო არ აღმოჩნდა, რის გამოც ერთმა ძმამ სამსახურებრივი განყოფილებიდან რჩევა მომცა. ახლა კი ვხვდები, რომ დიდად გამორჩეული მომხსენებელი არ ვარ, მაგრამ მაშინ ამის აღიარება ძალიან გამიჭირდა და ამ ძმაზე გავბრაზდი. ვფიქრობდი, რომ ის კრიტიკული იყო და ვბრაზობდი, ერთი საქებარი სიტყვაც რომ არ უთქვამს ჩემთვის. სამწუხაროდ, დიდი შეცდომა დავუშვი და არ მივიღე მისი რჩევა, რადგან ეს ძმა არც პიროვნულად მეხატებოდა გულზე და არც ის მომეწონა, როგორ მომცა რჩევა.
რამდენიმე დღეში ფილიალის კომიტეტის ერთ-ერთი წევრი შემხვდა და მომხდარის შესახებ გამესაუბრა. გულწრფელად ვაღიარე, რომ რჩევაზე არ მქონდა სწორი რეაქცია. შემდეგ იმ ძმასაც მოვუბოდიშე, რომელმაც რჩევა მომცა და მანაც მაპატია. ამ შემთხვევამ დამანახვა, რამდენად მნიშვნელოვანია თავმდაბლობა. ამ გაკვეთილს არასდროს დავივიწყებ (იგავ. 16:18). დღემდე ვლოცულობ იმაზე, რომ თუ რჩევას მომცემენ, მისი მიღება არ გამიჭირდეს.
უკვე 40 წელია, კანადის ფილიალში ვმსახურობ. 1985 წლიდან ფილიალის კომიტეტის წევრი ვარ. 2021 წლის თებერვალში ჩემი ძვირფასი მეუღლე შეილა ხელიდან გამომეცალა. მის გარეშე ძალიან მიჭირს. ამას ისიც ემატება, რომ ჯანმრთელობა შემერყა. თუმცა მაბედნიერებს ის, რომ იეჰოვას მსახურებით ვარ დაკავებული და ბევრი დრო არ მრჩება წარსულზე ფიქრისთვის (ეკლ. 5:20). მართალია, ცხოვრებაში ბევრ სირთულესაც შევხვდი, მაგრამ ეს სირთულეები არაფერი იყო იმ სიხარულთან შედარებით, რასაც იეჰოვას მსახურება მანიჭებდა. სრული დროით მსახურებაში მართლაც უბედნიერესი 70 წელი გავატარე. ვლოცულობ, რომ იეჰოვას მსახურება ჩვენმა ახალგაზრდებმაც პირველ ადგილზე დააყენონ, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ კმაყოფილებით აღსავსე, ბედნიერი ცხოვრება მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნებათ.
a მარსელ ფილტოს ავტობიოგრაფია „იეჰოვაა ჩემი მფარველი და ძალა“ დაიბეჭდა 2000 წლის 1 თებერვლის „საგუშაგო კოშკში“.
b ეს ტერიტორია 1957 წლამდე დიდი ბრიტანეთის კოლონია იყო და „ოქროს ნაპირი“ ეწოდებოდა.
c ჰერბერტ ჯენინგზის ავტობიოგრაფია „არ იცით, რა გელით ხვალ“ დაიბეჭდა 2000 წლის 1 დეკემბრის „საგუშაგო კოშკში“.
d იმ დროს ჩვენს საქმიანობას ნეითან ნორი ხელმძღვანელობდა.