არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

სად იყო 70 მოწაფე, როცა იესომ უფლის გახსენების საღამო დააწესა? ხომ არ მიატოვეს ის?

როცა იესომ უფლის გახსენების საღამო დააწესა, 70 მოწაფე მასთან ერთად არ იყო. თუმცა ეს იმის ფიქრის საფუძველს არ გვაძლევს, რომ მათ მიატოვეს ის ან პირიქით, იესომ უარყო ისინი. როგორც ჩანს, იესოს სურდა, რომ იმ საღამოს მხოლოდ თავის მოციქულებთან ერთად ყოფილიყო.

იესომ მოწაფეთაგან 12 მამაკაცი ამოარჩია და მათ მოციქულები უწოდა (ლუკ. 6:12–16). ის გალილეაში იყო, როცა „მოუხმო თავის თორმეტ მოციქულს და . . . გაგზავნა ისინი, რომ ღვთის სამეფოს შესახებ ექადაგათ და ხალხი განეკურნათ“ (ლუკ. 9:1–6). მოგვიანებით იუდეაში ჩასულმა იესომ 70 მოწაფეც ამოარჩია და ორ-ორად გაგზავნა საქადაგებლად (ლუკ. 9:51; 10:1). ფაქტია, 12 მოციქულიც და 70 მოწაფეც იესოს მიმდევრები იყვნენ, უბრალოდ სხვადასხვა ტერიტორიაზე ქადაგებდნენ.

პასექს ყოველწლიურად იესოს მიმდევრებიც აღნიშნავდნენ, და ამას, სავარაუდოდ, თავიანთი ოჯახის წევრებთან ერთად აკეთებდნენ (გამ. 12:6–11, 17–20). სიკვდილამდე სულ ცოტა ხნით ადრე იესო მოციქულებთან ერთად იერუსალიმში ჩავიდა. თუმცა მას არ უთხოვია, რომ იმ მოწაფეებსაც მასთან ერთად უნდა აღენიშნათ პასექი, რომლებიც იუდეიდან, გალილეიდან და პერეიდან იყვნენ. აშკარაა, მას სურდა, იმ საღამოს მხოლოდ მოციქულებთან ერთად ყოფილიყო. ამაზე მისი სიტყვებიც მოწმობს: „ძალიან მინდოდა, თქვენთან ერთად მეჭამა პასექი ჩემი წამების წინ“ (ლუკ. 22:15).

რატომ სურდა იესოს მხოლოდ მათთან ერთად ყოფნა? იერუსალიმში, სადაც ებრაელები ოდითგანვე სწირავდნენ ღმერთს მსხვერპლს, იესოც მალე უნდა შეწირულიყო, როგორც „ღვთის კრავი, ქვეყნიერების ცოდვის აღმომფხვრელი“ (იოან. 1:29). თუმცა საპასექო კრავისგან განსხვავებით, რომელსაც ისინი ეგვიპტიდან გათავისუფლების აღსანიშნავად სწირავდნენ, იესოს მსხვერპლი გაცილებით დიდებულ ხსნას მოუტანდა მათაც და მთელ კაცობრიობასაც (1 კორ. 5:7, 8). მისი მსხვერპლის საფუძველზე 12 მოციქული, ასე ვთქვათ, კრების საძირკველი გახდებოდა (ეფეს. 2:20–22). საგულისხმოა ისიც, რომ წმინდა ქალაქ იერუსალიმს, რომელიც იოანემ ხილვაში იხილა, „საძირკვლად ჰქონდა 12 ქვა კრავის 12 მოციქულის 12 სახელით“ (გამოცხ. 21:10–14). აშკარაა, იესოს მოციქულები მნიშვნელოვან როლს ითამაშებდნენ ღვთის განზრახვის შესრულებაში. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ იესოს სწორედ მათთან ერთად სურდა ყოფნა, როცა ბოლო პასექს აღნიშნავდა და გახსენების საღამოს დააწესებდა.

მიუხედავად იმისა, რომ სხვა მოწაფეები ამ ვახშამზე იესოსთან ერთად არ იყვნენ, უფლის გახსენების საღამოს მოგვიანებით ისინიც აღნიშნავდნენ. გარდა ამისა, დროთა განმავლობაში ყველა ცხებული ქრისტიანი გახდებოდა სამეფოს შეთანხმების მონაწილე, რომელიც იესომ იმ საღამოს თავის მოციქულებს დაუდო (ლუკ. 22:29, 30).