ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 38
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 25 გამორჩეული საკუთრება
ყურად იღებთ იესოს გაფრთხილებებს?
„ერთს წაიყვანენ და მეორეს დატოვებენ“ (ᲛᲐᲗ. 24:40).
ᲛᲘᲖᲐᲜᲘ
ამ სტატიაში განვიხილავთ იესოს სამ იგავს და ვიმსჯელებთ, როგორ უკავშირდება ისინი სასამართლოს, რომელიც ქვეყნიერების აღსასრულისას გაიმართება.
1. რა სასამართლო გაიმართება მალე?
ᲩᲕᲔᲜ ისტორიულ დროში ვცხოვრობთ. მალე იესო დედამიწის თითოეულ მკვიდრს გაასამართლებს. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მან იწინასწარმეტყველა, როგორ განვითარდებოდა მოვლენები ამ დრომდე და მოწაფეებს უთხრა, თუ რა იქნებოდა მისი უხილავად „მოსვლისა და იმის ნიშანი, რომ ქვეყნიერების ბოლო დადგა“ (მათ. 24:3). ეს წინასწარმეტყველება ჩაწერილია როგორც მათეს 24-ე და 25-ე, ისე მარკოზის მე-13 და ლუკას 21-ე თავებში.
2. რას განვიხილავთ ამ სტატიაში და რატომ?
2 „ნიშანზე“ საუბრის დროს იესომ ჩვენ გასაფრთხილებლად სამი იგავი მოიყვანა. ესენია იგავები ცხვრებსა და თხებზე, გონიერ და უგუნურ ქალწულებზე და ტალანტებზე. სამივე იგავიდან ის აზრი იკვეთება, რომ ყველა ადამიანი თავისი საქმეების მიხედვით გასამართლდება. მოდი თითოეული მათგანი განვიხილოთ და დავინახოთ, რისი სწავლა შეგვიძლია. თავდაპირველად ვიმსჯელოთ ცხვრებისა და თხების შესახებ მოყვანილ იესოს იგავზე.
ᲘᲒᲐᲕᲘ ᲪᲮᲕᲠᲔᲑᲡᲐ ᲓᲐ ᲗᲮᲔᲑᲖᲔ
3. როდის გაასამართლებს იესო ადამიანებს?
3 ცხვრებსა და თხებზე მოყვანილი იგავის მეშვეობით იესომ დაგვანახვა, რომ ადამიანებს იმის მიხედვით გაასამართლებს, თუ როგორ ეხმაურებიან სასიხარულო ცნობას და უჭერენ თუ არა მხარს მის ცხებულ ძმებს (მათ. 25:31–46). ეს სასამართლო „დიდი გასაჭირის“ დროს, უშუალოდ არმაგედონის წინ შედგება (მათ. 24:21). მაშინ იესო ერთმანეთისგან გამოარჩევს მათ, ვინც ერთგულად უჭერდა მხარს მის ცხებულ ძმებს და ვინც ასე არ იქცეოდა.
4. რატომ არ გვეპარება ეჭვი იესოს სამართლიანობაში? (ესაია 11:3, 4; იხილეთ აგრეთვე სურათი).
4 ესაიას 11:3, 4-ში (წაიკითხეთ) ჩაწერილი სიტყვებიდან ვიგებთ, რომ იეჰოვას დანიშნული მოსამართლე, იესო, სამართლიანად გაასამართლებს ყველას. ის აკვირდება, რას ამბობენ და რას აკეთებენ ადამიანები და რა აქვთ გულში. ის იმასაც კარგად ხედავს, ვინ უჭერს მხარს ცხებულ ძმებს და სამქადაგებლო საქმეს, რომელიც მათ აქვთ დავალებული (მათ. 12:36, 37; 25:40). a სწორედ ამ საქმეში აქტიური მონაწილეობით ცხადყოფენ ცხვრისმაგვარი ადამიანები, რომ მხარს უჭერენ ქრისტეს ძმებს. იესო მათ მართლებად ჩათვლის და დედამიწაზე მარადიულად ცხოვრების შესაძლებლობას მისცემს (მათ. 25:46; გამოცხ. 7:16, 17). და თუ ისინი „დიდი გასაჭირის“ შემდეგაც შეინარჩუნებენ ერთგულებას, მათი სახელები არასდროს ამოიშლება „სიცოცხლის წიგნიდან“ (გამოცხ. 20:15). ისინი მართლაც დიდ ჯილდოს მიიღებენ ერთგულების სანაცვლოდ.
5. ვის ეხება ეს იგავი და რას ვსწავლობთ?
5 უერთგულეთ იეჰოვას. ცხვრებისა და თხების შესახებ იგავი იესომ, ძირითადად, მათ საყურადღებოდ წარმოთქვა, ვისაც დედამიწაზე ცხოვრების იმედი აქვს. სამქადაგებლო საქმეში მონაწილეობის გარდა, ისინი ერთგულებას იმითაც ამტკიცებენ, რომ მიჰყვებიან იესოს მიერ დანიშნული „ერთგული და გონიერი მონის“ ხელმძღვანელობას (მათ. 24:45). თუმცა ამ იგავიდან ცხებულ ქრისტიანებსაც შეუძლიათ რაღაცის სწავლა. რატომ ვამბობთ ამას? დედამიწაზე ცხოვრების მოიმედეთა მსგავსად იესო მათაც აკვირდება, რას აკეთებენ, რაზე საუბრობენ და რა აქვთ გულში. ერთგულება მათაც უნდა დაამტკიცონ. ეს კარგად ჩანს მათეს 25-ე თავში ჩაწერილი კიდევ ორი იგავიდან, რომლებიც იესომ კონკრეტულად მათ გასაფრთხილებლად მოიყვანა. მოდი ჯერ განვიხილოთ იგავი გონიერ და უგუნურ ქალწულებზე.
ᲘᲒᲐᲕᲘ ᲒᲝᲜᲘᲔᲠ ᲓᲐ ᲣᲒᲣᲜᲣᲠ ᲥᲐᲚᲬᲣᲚᲔᲑᲖᲔ
6. საიდან გამოჩნდა ხუთი ქალწულის გონიერება? (მათე 25:6–10).
6 იესომ იგავი მოიყვანა ათ ქალწულზე, რომლებიც ნეფესთან შესახვედრად იყვნენ გამოსული და მასთან ერთად უნდოდათ ნადიმზე შესვლა (მათ. 25:1–4). იესომ ხუთ ქალწულს „გონიერი“ უწოდა, რადგან მზად იყვნენ, ნებისმიერ დროს დახვედროდნენ ნეფეს. მათ ლამპრებიც გამართული ჰქონდათ და ზეთიც თან ჰქონდათ იმ შემთხვევისთვის, თუ ნეფე შუაღამემდე დააგვიანებდა მოსვლას (წაიკითხეთ მათეს 25:6–10). ამის წყალობით ნეფის მოსვლის შემდეგ ისინი მასთან ერთად შევიდნენ საქორწილო ნადიმზე. მათ მსგავსად ცხებული ქრისტიანებიც ერთგულობენ იეჰოვას და მზად არიან ბოლომდე მოსათმენად. ამიტომ, როცა ნეფე ანუ იესო მოვა, ის მათ ზეციერ სამეფოში შესვლის ღირსად ჩათვლის (გამოცხ. 7:1–3). b მაგრამ რისი თქმა შეიძლება დანარჩენ ხუთ ქალწულზე, რომლებსაც იესომ „უგუნურები“ უწოდა?
7. რა ბედი ეწიათ უგუნურ ქალწულებს და რატომ?
7 გონიერი ქალწულებისგან განსხვავებით ეს ქალწულები არ იყვნენ მზად, იმდენ ხანს დალოდებოდნენ ნეფეს, რამდენიც საჭირო იქნებოდა. მათ უკვე ლამპრებიც უქრებოდათ და არც ზეთი ჰქონდათ დამატებით წაღებული. ისინი მაშინ წავიდნენ მის საყიდლად, როცა გაიგეს, რომ ნეფე სადაცაა მოვიდოდა. თუმცა უკან დაბრუნებულებმა ნახეს, რომ ის გონიერ ქალწულებთან ერთად საქორწილო ნადიმზე იყო შესული, კარი კი დაკეტილი იყო (მათ. 25:10). ისინი ეხვეწებოდნენ ნეფეს, ნადიმზე შეეშვა, თუმცა მან უთხრა: „არ გიცნობთ!“ (მათ. 25:11, 12). რისი სწავლა შეუძლიათ ცხებულ ქრისტიანებს მათ მაგალითზე?
8, 9. რისი სწავლა შეუძლიათ ცხებულებს ამ იგავიდან? (იხილეთ აგრეთვე სურათი).
8 მზად იყავით ბოლომდე მოსათმენად. ამ იგავით იესოს იმის თქმა არ სურდა, რომ ცხებულების ორი კატეგორია იარსებებდა. მას, უბრალოდ, იმის ხაზგასმა უნდოდა, რომ თუ ბოლომდე არ უერთგულებდნენ იეჰოვას, ჯილდოს ვერ მიიღებდნენ (იოან. 14:3, 4). შესაბამისად, ეს სერიოზული გაფრთხილებაა როგორც ცხებულებისთვის, ისე მათთვის, ვისაც დედამიწაზე ცხოვრების იმედი აქვთ. ჩვენ ყველა მზად უნდა ვიყოთ ბოლომდე მოსათმენად (მათ. 24:13).
9 მას შემდეგ, რაც ბოლომდე მოთმენის აუცილებლობას გაუსვა ხაზი, იესომ სხვა იგავიც მოიყვანა. ესაა იგავი ტალანტების შესახებ, რომელიც გულმოდგინების ფასს გვანახვებს.
ᲘᲒᲐᲕᲘ ᲢᲐᲚᲐᲜᲢᲔᲑᲖᲔ
10. საიდან გამოჩნდა ორი მონის ერთგულება? (მათე 25:19–23).
10 ტალანტებზე მოყვანილ იგავში ვხედავთ, რომ ბატონი სხვა ქვეყანაში გამგზავრებამდე თავის სამ მონას დიდ ქონებას აბარებს (მათ. 25:14–18). ორმა მონამ, რომლებიც ბატონის ერთგულები იყვნენ, გულმოდგინება გამოიჩინეს და გააორმაგეს მათთვის დატოვებული ტალანტები. უკან დაბრუნებულმა ბატონმა შეაქო ისინი და მათაც ბატონთან ერთად გაიხარეს (წაიკითხეთ მათეს 25:19–23). მაგრამ როგორ მოიქცა მესამე მონა. მოდი ვნახოთ.
11. რა ბედი ეწია მესამე მონას და რატომ?
11 ბატონმა მესამე მონასაც ჩააბარა ერთი ტალანტი და მოელოდა, რომ ისიც ბრუნვაში გაუშვებდა მას. თუმცა ეს მონა ზარმაცი აღმოჩნდა და ტალანტი მიწაში ჩაფლა. ბატონი რომ დაბრუნდა, მას ერთი ტალანტის გარდა არაფერი ჰქონდა მისაცემი. თუმცა არც კი მოუბოდიშებია იმის გამო, რომ მოგება არ მოუტანა ბატონს. მეტიც, მას „მომთხოვნი კაცი“ უწოდა. ამიტომ რა გასაკვირია, რომ ამ მონამ ბატონის მოწონება ვერ დაიმსახურა. ბატონმა მას ის ერთი ტალანტიც წაართვა, რაც მისთვის ჰქონდა მიცემული, და საერთოდ მოიშორა ეს მონა (მათ. 25:24, 26–30).
12. ვის განასახიერებს ორი ერთგული მონა?
12 ის მონები, რომლებმაც ბატონს უერთგულეს, ერთგულ ცხებულ ქრისტიანებს განასახიერებენ. ბატონი ანუ იესო იწვევს მათ, რომ მასთან ერთად გაიხარონ. ისინი თავიანთ ზეციურ ჯილდოს პირველი აღდგომისას მიიღებენ (მათ. 25:21, 23; გამოცხ. 20:5ბ). თუმცა ის, რაც ზარმაც მონას დაემართა, გამაფრთხილებელი მაგალითია ცხებულებისთვის.
13, 14. რისი სწავლა შეუძლიათ ცხებულებს ამ იგავიდან? (იხილეთ აგრეთვე სურათი).
13 იყავით გულმოდგინენი. ამ იგავით იესოს იმის თქმა არ სურდა, რომ ცხებულები გაზარმაცდებოდნენ. მან უბრალოდ იმას გაუსვა ხაზი, რა მოხდებოდა, თუ გულმოდგინედ აღარ იმსახურებდნენ. ამ შემთხვევაში ცხებულები დაკარგავდნენ პატივს, რომ „მოწოდებულნი და რჩეულნი“ ყოფილიყვნენ და, შესაბამისად, არც ზეციერ სამეფოში იქნებოდა მათი ადგილი (2 პეტ. 1:10).
14 იესომ როგორც ქალწულებზე, ისე ტალანტებზე მოყვანილი იგავებით დაანახვა ცხებულ ქრისტიანებს, რომ უნდა ეფხიზლათ და გულმოდგინება გამოეჩინათ. თუმცა როგორც მათეს 24:40, 41-ში ვკითხულობთ, იესომ ცხებულების საყურადღებოდ კიდევ ერთი მაგალითი მოიყვანა, რომელიც მათ საბოლოო გასამართლებას უკავშირდება და ერთგვარი გაფრთხილებაცაა მათთვის.
ᲕᲘᲡᲖᲔᲐ ᲜᲐᲗᲥᲕᲐᲛᲘ, „ᲔᲠᲗᲡ ᲬᲐᲘᲧᲕᲐᲜᲔᲜ“?
15, 16. რით დაანახვა იესომ ცხებულებს სიფხიზლის აუცილებლობა? (მათე 24:40, 41).
15 როგორც აღვნიშნეთ, ზემოთ განხილული იგავების მოყვანამდე იესომ იმაზე ისაუბრა, როგორ მოხდებოდა ცხებულების საბოლოო გასამართლება ანუ საბოლოო ბეჭედდასმა. მან მოიხსენია ორი კაცი, რომლებიც ყანაში მუშაობდნენ, და ორი ქალი, რომლებიც ხელსაფქვავით ფქვავდნენ. ერთი შეხედვით ისე ჩანდა, რომ ყველანი საქმეში იყვნენ ჩართული, მაგრამ როგორც იესომ თქვა, ერთს წაიყვანდნენ, მეორეს კი დატოვებდნენ (წაიკითხეთ მათეს 24:40, 41). შემდეგ კი თავის მოწაფეებს მოუწოდა: „მაშ, იფხიზლეთ, რადგან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი“ (მათ. 24:42). ეს სიტყვები მან მას შემდეგაც გაიმეორა, რაც ქალწულებზე იგავი მოიყვანა (მათ. 25:13). როგორც ჩანს, ორივე შემთხვევაში იესოს იმის ხაზგასმა სურდა, რომ თავისთან მხოლოდ ერთგულ ცხებულებს წაიყვანდა ანუ მხოლოდ მათ მისცემდა ზეციერ სამეფოში მეფობის უფლებას (იოან. 14:3).
16 იფხიზლეთ. როდესაც იესო ცხებულებს შეკრებს, ისინი, ვინც არ შეინარჩუნებენ სულიერ სიფხიზლეს, არ აღმოჩნდებიან რჩეულებს შორის (მათ. 24:31). თუმცა ეს გაფრთხილება მხოლოდ ცხებულმა ქრისტიანებმა კი არა, ყველამ უნდა იღოს ყურად. ჩვენ ყველას გვმართებს ბოლომდე სიფხიზლის და ერთგულების შენარჩუნება.
17. უნდა გვაღელვებდეს, ვის როდის სცხებს იეჰოვა წმინდა სულს?
17 ჩვენ კარგად ვიცნობთ იეჰოვას და ეჭვი არ გვეპარება, რომ ის ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებებს იღებს. ამიტომ თავის რომელიმე ერთგულ მსახურს თანამედროვე დროშიც რომ სცხოს წმინდა სული, ეს ჩვენ კითხვებს არ გაგვიჩენს. c კარგად გვახსოვს, რა თქვა იესომ თავის იგავში მე-11 საათზე დაქირავებულ მუშებზე (მათ. 20:1–16). მართალია, ისინი სამუშაო დღის ბოლოს მივიდნენ, მაგრამ იგივე გასამრჯელო მიიღეს, რაც ადრე მისულმა მუშებმა. მსგავსად, მნიშვნელობა არ აქვს, როდის სცხებს იეჰოვა ვინმეს წმინდა სულს, თუ ის ბოლომდე უერთგულებს მას, ზეციერ ჯილდოსაც მიიღებს.
ᲧᲣᲠᲐᲓ ᲘᲦᲔᲗ ᲒᲐᲤᲠᲗᲮᲘᲚᲔᲑᲔᲑᲘ
18, 19. რა გვასწავლა განხილულმა?
18 მოდი შევიხსენოთ განხილული. ცხვრებისა და თხების შესახებ იგავიდან დავინახეთ, რომ მათ, ვისაც დედამიწაზე ცხოვრების იმედი აქვთ, დღესაც უნდა უერთგულონ იეჰოვას და მოახლოებული „დიდი გასაჭირის“ დროსაც. ამ შემთხვევაში იესო მათ მარადიული სიცოცხლის ღირსად ჩათვლის (მათ. 25:46).
19 ჩვენ კიდევ ორი იგავი განვიხილეთ, რომლებიც კონკრეტულად ცხებულებს ეხება და მათთვის ერთგვარ გაფრთხილებას წარმოადგენს. ქალწულების შესახებ იგავიდან დავინახეთ, რომ ხუთი მათგანი გონიერი იყო, რადგან მზად იყო, ნებისმიერ დროს დახვედროდა ნეფეს. ხოლო დანარჩენი ხუთი უგუნური იყო და მოუმზადებელი აღმოჩნდა ნეფის მოსვლისთვის. ამის გამო ისინი არ შეუშვეს საქორწილო ნადიმზე. ჩვენც მზად უნდა ვიყოთ, რომ რამდენ ხანსაც საჭირო იქნება, იმდენ ხანს დაველოდოთ იმ დროს, როცა იესო ბოლოს მოუღებს ამ ქვეყნიერებას. ტალანტების იგავიდან დავინახეთ, რომ ორი მონა ერთგული იყო და გულმოდგინედ შრომობდა, ბატონს მოგება რომ ენახა. ამის წყალობით, ზარმაცი მონისგან განსხვავებით მათ ბატონის მოწონება დაიმსახურეს. ამ იგავიდან დავინახეთ, რამდენად მნიშვნელოვანია, აღსასრულამდე გულმოდგინედ ვემსახუროთ იეჰოვას. ბოლოს კი იმაზე ვისაუბრეთ, რომ ზეციერი ჯილდოს მისაღებად ცხებულებმა უნდა იფხიზლონ. ამ შემთხვევაში ისინი დაჯილდოვდებიან და იესო მათ ზეცაში წაიყვანს, არმაგედონის შემდეგ კი საქორწილო ვახშამზე თავიანთ ნეფესთან ერთად გაიხარებენ (2 თეს. 2:1; გამოცხ. 19:9).
20. რას გააკეთებს იეჰოვა მათთვის, ვინც ყურად იღებს გაფრთხილებებს?
20 მართალია, სასამართლო მალე გაიმართება, მაგრამ ჩვენ შიშის მიზეზი არ გვაქვს. თუ ერთგულები ვიქნებით, ჩვენი მოსიყვარულე ზეციერი მამა მოგვცემს „ძალას, რომელიც ჩვეულებრივს აღემატება“ და შევძლებთ „[წარვდგეთ] კაცის ძის წინაშე“ (2 კორ. 4:7; ლუკ. 21:36). მთავარია, ყველამ, ზეცაში ცხოვრების იმედი გვაქვს თუ დედამიწაზე, ყურად ვიღოთ იესოს გაფრთხილებები. ამ შემთხვევაში გულს გავუხარებთ იეჰოვას და ჩვენი სახელები „[სიცოცხლის] წიგნში იქნება ჩაწერილი“ (დან. 12:1; გამოცხ. 3:5).
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 26 ეს ჩემთვის გააკეთეთ
a იხილეთ 2024 წლის მაისის „საგუშაგო კოშკი“, სტატია „როგორ გაასამართლებს იეჰოვა ადამიანებს ახლო მომავალში?“.
b დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ 2015 წლის 15 მარტის „საგუშაგო კოშკი“, სტატია „იფხიზლეთ!“.
d ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: ცხებული და ბიბლიის შესწავლას ატარებს ახალგაზრდა ქალთან, რომელსაც მსახურების დროს შეხვდა.