არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 37

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 118 „რწმენა განგვიმტკიცე“

წერილი, რომელიც დაგვეხმარება, ბოლომდე ვუერთგულოთ იეჰოვას

წერილი, რომელიც დაგვეხმარება, ბოლომდე ვუერთგულოთ იეჰოვას

„ბოლომდე მტკიცე რწმენა გვექნება იმისა, რაც დასაწყისში ვირწმუნეთ“ (ᲔᲑᲠ. 3:14).

ᲛᲘᲖᲐᲜᲘ

ამ სტატიაში განვიხილავთ ებრაელი ქრისტიანებისთვის მიცემულ რამდენიმე რჩევას, რომლებიც დაგვეხმარება, ქვეყნიერების აღსასრულამდე ვუერთგულოთ იეჰოვას.

1, 2. ა) როგორი მდგომარეობა იყო იუდეაში, როცა პავლემ იქ მცხოვრებ ქრისტიანებს წერილი მისწერა? ბ) რატომ აღმოჩნდა მათთვის ეს წერილი დროული?

 ᲘᲔᲡᲝᲡ სიკვდილისა და ქრისტიანული კრების ჩამოყალიბების შემდეგ იერუსალიმსა და მთელ იუდეაში მცხოვრებ ქრისტიანებს მძიმე პერიოდი დაუდგათ. მალევე კრების სასტიკი დევნა დაიწყო, დაახლოებით 20 წლის შემდეგ კი დიდი შიმშილობა ჩამოვარდა და ქრისტიანებსაც ძალიან გაუჭირდათ (საქ. 8:1; 11:27–30). თუმცა 61 წლისთვის, როცა მოციქულმა პავლემ ებრაელ ქრისტიანებს წერილი მისწერა, მათ შედარებით მშვიდობიანი პერიოდი ედგათ.

2 სამწუხაროდ, ეს მშვიდობიანი პერიოდი დიდხანს არ გასტანდა, რადგან იერუსალიმის ნაწინასწარმეტყველები განადგურება მოახლოებული იყო (ლუკ. 21:20). ფაქტია, არც იქ მცხოვრებმა ქრისტიანებმა და არც პავლემ არ იცოდნენ, ზუსტად როდის დადგებოდა ეს დრო. თუმცა ამ წერილში მოცემული რჩევები მათ რწმენისა და მოთმინების განვითარებაში დაეხმარებოდა და იმ გასაჭირისთვის მოამზადებდა, წინ რომ ელოდათ (ებრ. 10:25; 12:1, 2).

3. რატომ არის ებრაელებისთვის მიწერილი წერილი ჩვენთვისაც აქტუალური?

3 ებრაელი ქრისტიანების მსგავსად ჩვენც ველოდებით გასაჭირს, თანაც ისეთს, როგორიც კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს (მათ. 24:21; გამოცხ. 16:14, 16). ამიტომ მათთვის ღვთის შთაგონებით მიცემული რჩევები ჩვენთვისაც პრაქტიკული იქნება. მოდი განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი.

ᲘᲡᲬᲠᲐᲤᲔᲗ ᲛᲝᲬᲘᲤᲣᲚᲝᲑᲘᲡᲙᲔᲜ

4. რა სირთულის წინაშე აღმოჩნდნენ ებრაელი ქრისტიანები? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

4 ერთ დროს ისრაელი ღვთის რჩეული ერი იყო, რომელზეც იერუსალიმიდან ღვთის მიერ არჩეული მეფეები მმართველობდნენ. მათ ჰქონდათ ტაძარი, რომელიც წმინდა თაყვანისმცემლობის ცენტრს წარმოადგენდა, აგრეთვე მოსეს კანონი, რომელსაც რელიგიური წინამძღოლები განუმარტავდნენ. ერთგული ებრაელები ზედმიწევნით იცავდნენ ამ კანონებს, რომლებიც, ფაქტობრივად, მათი ცხოვრების ყველა სფეროს ეხებოდა. მაგრამ იესოს სიკვდილის შემდეგ მოსეს კანონი გაუქმდა და აღარც ტაძარში მოითხოვებოდა მსხვერპლშეწირვა. ამ ცვლილებებთან შეგუება ებრაელი ქრისტიანებისთვის იოლი ნამდვილად არ იქნებოდა (ებრ. 10:1, 4, 10). ეს ისეთ მოწიფულ ქრისტიანსაც კი გაუჭირდა, როგორიც მოციქული პეტრე იყო (საქ. 10:9–14; გალ. 2:11–14). ყველაფერს ისიც დაემატა, რომ ქრისტიანული მრწამსის გამო ისინი იუდეველი რელიგიური წინამძღოლების მხრიდან დევნის ობიექტი გახდნენ. ფაქტია, ებრაელი ქრისტიანები დიდი სირთულის წინაშე აღმოჩნდნენ.

ქრისტიანებს ყური არ უნდა დაეგდოთ იუდეველი რელიგიური წინამძღოლების სიცრუისთვის და ჭეშმარიტების მხარეს დამდგარიყვნენ (იხილეთ აბზაცები 4, 5).


5. რატომ მართებდათ ქრისტიანებს სიფრთხილის გამოჩენა?

5 გარდა იმისა, რომ ებრაელ ქრისტიანებზე რელიგიური წინამძღოლები ახდენდნენ ზეწოლას და განდგომილებივით ექცეოდნენ, მათი ერთგულება კრების შიგნითაც იცდებოდა. როგორც ჩანს, დევნის თავიდან ასარიდებლად, ზოგი მათგანი მოსეს კანონის დაცვას იჟინებდა (გალ. 6:12). რა დაეხმარებოდა იმ ქრისტიანებს, რომელთაც იეჰოვასადმი ერთგულების შენარჩუნება სურდათ, ჭეშმარიტების მხარეს დარჩენილიყვნენ?

6. რისკენ მოუწოდა პავლემ თანამორწმუნეებს? (ებრაელები 5:14–6:1).

6 პავლემ ებრაელ ქრისტიანებს ღვთის სიტყვის სიღრმისეული კვლევისკენ მოუწოდა (წაიკითხეთ ებრაელების 5:14–6:1). მან ამის მაგალითი თავად მისცა და ებრაული წერილების საფუძველზე დაანახვა, თუ როგორ აღემატებოდა იუდაიზმს ქრისტიანული თაყვანისმცემლობა. a პავლეს კარგად ესმოდა, რომ ღვთის სიტყვის სიღრმისეული ცოდნა ებრაელ ქრისტიანებს დაეხმარებოდა, ჭეშმარიტება სიცრუისგან გაერჩიათ და სწორ გზას არ აცდენილიყვნენ.

7. ჩვენ რა სირთულეს ვხვდებით?

7 როგორც მაშინ, ისე დღეს საზოგადოების შეხედულებები აშკარად უპირისპირდება იეჰოვას ნორმებს. ხშირად მკაცრად გვაკრიტიკებენ იმის გამო, რომ ბიბლიის მაღალზნეობრივ ნორმებს ვიცავთ და არატოლერანტულობასა და სისასტიკეშიც გვდებენ ბრალს. ფაქტია, ქვეყნიური აზროვნება სულ უფრო და უფრო შორდება იეჰოვას აზროვნებას (იგავ. 17:15). სწორედ ამიტომ უაღრესად მნიშვნელოვანია, შეგვეძლოს ღვთისთვის მიუღებელი შეხედულებების ამოცნობა. ამ შემთხვევაში მოწინააღმდეგეები ვერც გულს გაგვიტეხენ და ვერც ჭეშმარიტებას ჩამოგვაშორებენ (ებრ. 13:9).

8. როგორ ვისწრაფოთ სულიერი მოწიფულობისკენ?

8 ჩვენც გვმართებს პავლეს მიერ ებრაელებისთვის მიცემული რჩევის გათვალისწინება და სულიერი მოწიფულობისკენ სწრაფვა. ამაში ღვთის სიტყვის სიღრმისეული კვლევა და იეჰოვას აზროვნების გათავისება დაგვეხმარება. ეს უწყვეტი პროცესია, რომელიც ნათლობის შემდეგაც გრძელდება. ასე რომ, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ხანია, ვემსახურებით იეჰოვას, ყველამ რეგულარულად უნდა შევისწავლოთ ბიბლია (ფსალმ. 1:2). პირადი შესწავლის კარგი გეგმა რწმენის განმტკიცებაშიც დაგვეხმარება, რაზეც პავლემაც გაამახვილა ყურადღება (ებრ. 11:1, 6).

ᲒᲥᲝᲜᲓᲔᲗ ᲠᲬᲛᲔᲜᲐ ᲒᲐᲓᲐᲡᲐᲠᲩᲔᲜᲐᲓ

9. რატომ სჭირდებოდათ ებრაელ ქრისტიანებს მტკიცე რწმენა?

9 როგორც იესომ იწინასწარმეტყველა, იუდეაში მალე ისეთი მოვლენები განვითარდებოდა, რომლებიც მისი მიმდევრების რწმენას გამოცდიდა (ებრ. 10:37–39). მან ისინი გააფრთხილა, რომ როგორც კი იერუსალიმს ჯარით გარშემორტყმულს დაინახავდნენ, მთებში გაქცეულიყვნენ. ეს გაფრთხილება ეხებოდათ როგორც უშუალოდ ქალაქში, ისე ქალაქგარეთ მცხოვრებ ქრისტიანებსაც (ლუკ. 21:20–24). თუმცა ეს ქრისტიანებᲡ შეიძლება საკმაოდ არალოგიკური მოსჩვენებოდათ. მტრის შემოსევისას ხომ, როგორც წესი, პირიქით იქცეოდნენ და თავს გალავნიან ქალაქს აფარებდნენ. ასე რომ, მორჩილებისთვის მათ ნამდვილად დასჭირდებოდათ მტკიცე რწმენა.

10. რას გაუადვილებდა მტკიცე რწმენა ებრაელ ქრისტიანებს? (ებრაელები 13:17).

10 იუდეაში მცხოვრები ქრისტიანები მათაც უნდა მინდობოდნენ, ვისაც იესომ კრებაში ხელმძღვანელობა დააკისრა. დიდი ალბათობით, სწორედ ისინი მისცემდნენ მათ მითითებებს, როდის და როგორ გაქცეულიყვნენ. სწორედ ამიტომ პავლემ ებრაელ ქრისტიანებს მოუწოდა, დამორჩილებოდნენ ამ ძმებს (წაიკითხეთ ებრაელების 13:17). „მორჩილებად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანი ენდობა მას, ვინც ხელმძღვანელობას უწევს, და ამიტომაც მიჰყვება მის მითითებებს. ის ამას იძულებით კი არა, თავისი ნებით აკეთებს. ხელმძღვანელი ძმებისადმი ნდობა ებრაელ ქრისტიანებს ჯერ კიდევ მანამ უნდა განევითარებინათ, სანამ რთული პერიოდი დაუდგებოდათ. თუ ისინი მშვიდობიან დროს დაემორჩილებოდნენ მათ, დიდი ალბათობით, ეს არც მაშინ გაუჭირდებოდათ, როცა სიტუაცია დაიძაბებოდა.

11. ჩვენ რატომ გვჭირდება მტკიცე რწმენა?

11 ებრაელი ქრისტიანების მსგავსად ჩვენც გვჭირდება მტკიცე რწმენა. ჩვენ ისეთ საზოგადოებაში გვიწევს ცხოვრება, სადაც არათუ არ სჯერათ, სასაცილოდაც კი არ ჰყოფნით ბიბლიის გაფრთხილება მოახლოებული აღსასრულის შესახებ (2 პეტ. 3:3, 4). თანაც ბიბლია „დიდი გასაჭირის“ შესახებ ყველა დეტალს არ გვიმჟღავნებს. მართლაც უაღრესად მნიშვნელოვანია, მტკიცედ გვწამდეს, რომ აღსასრული თავის დროზე დადგება და იმ დროს იეჰოვა მზრუნველობას არ მოგვაკლებს (აბაკ. 2:3).

12. რა დაგვეხმარება „დიდი გასაჭირის“ გადატანაში?

12 მნიშვნელოვანია, გავიძლიეროთ ნდობა „ერთგული და გონიერი მონისადმი“, რადგან იეჰოვა სწორედ მათი მეშვეობით გვხელმძღვანელობს (მათ. 24:45). როცა „დიდი გასაჭირი“ დაიწყება, პირველი საუკუნის ქრისტიანების მსგავსად შეიძლება ჩვენც მივიღოთ ისეთი მითითებები, რომელთა გათვალისწინებაზეც ჩვენი სიცოცხლე იქნება დამოკიდებული. ამიტომ დღესვე უნდა გავიძლიეროთ ხელმძღვანელი ძმებისადმი ნდობა. ფაქტია, თუ დღეს გვიჭირს მათი მითითებების მიყოლა, ამის გაკეთება „დიდი გასაჭირის“ დროს უფრო გაგვიჭირდება.

13. რატომ სჭირდებოდათ ებრაელ ქრისტიანებს პავლეს მიერ მიცემული რჩევა? (ებრაელები 13:5).

13 ებრაელებისთვის პრიორიტეტული ქონების დაგროვება კი არა, იეჰოვას მსახურება უნდა ყოფილიყო (წაიკითხეთ ებრაელების 13:5). ბევრმა მათგანმა ძალიან რთული პერიოდი გამოიარა და მათთვის არც სიღარიბე და არც შიმშილი იყო უცხო (ებრ. 10:32–34). მართალია, ერთ დროს ისინი მზად იყვნენ, სასიხარულო ცნობის გულისთვის ყველაფერი აეტანათ, მაგრამ დროთა განმავლობაში ზოგი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ მათი უსაფრთხოების გარანტია კარგი ფინანსური მდგომარეობა იქნებოდა. ასეთ ქრისტიანებს მხედველობიდან გამორჩათ, რომ მატერიალური ქონება ვერ დაიცავდა მოახლოებული განადგურების დროს (იაკ. 5:3). სინამდვილეში მათ, ვინც მატერიალურზე გახდებოდნენ ფოკუსირებული, უფრო გაუჭირდებოდათ ხელმძღვანელობის მიყოლა და ყველაფრის დატოვება.

14. კიდევ საიდან გამოჩნდება ჩვენი მტკიცე რწმენა? ახსენით.

14 თუ მტკიცედ გვწამს, რომ ამ ქვეყნიერების აღსასრული ახლოსაა, ფული და ქონება ჩვენთვის არ გახდება მთავარი. იეჰოვას რისხვის დღეს ადამიანები „ვერცხლს ქუჩებში გადაყრიან“, რადგან მიხვდებიან, რომ მათ „ვერც ვერცხლი დაიხსნის და ვერც ოქრო“ (ეზეკ. 7:19). ჩვენი მიზანი მეტის მოხვეჭა კი არ უნდა იყოს, არამედ ის, რომ ვიზრუნოთ ჩვენი და ჩვენი ოჯახის საჭიროებებზე და ვემსახუროთ იეჰოვას. თუ მატერიალური საკითხებისადმი გაწონასწორებული დამოკიდებულება გვექნება, არ ავიღებთ არასაჭირო ვალებს და იმდენ ნივთს არ დავიგროვებთ, რომ მათ მოვლას მთელი ჩვენი დრო შევალიოთ. ასეთი დამოკიდებულება იმაშიც დაგვეხმარება, რომ რაც გვაქვს, არც ის გახდეს უმთავრესი ჩვენს ცხოვრებაში (მათ. 6:19, 24). ფაქტია, ქვეყნიერების აღსასრულის მოახლოებასთან ერთად ჩვენი რწმენა შეიძლება მრავალმხრივ გამოიცადოს.

„ᲛᲝᲗᲛᲘᲜᲔᲑᲐ ᲒᲛᲐᲠᲗᲔᲑᲗ“

15. რატომ უნდა გამოევლინათ ებრაელ ქრისტიანებს მოთმინება?

15 ძალიან მალე იუდეაში მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდებოდა, ამიტომ ებრაელ ქრისტიანებს მოთმინება დასჭირდებოდათ (ებრ. 10:36). მართალია, ზოგ მათგანს გამოვლილი ჰქონდა დევნების პერიოდი, მაგრამ ბევრიც ქრისტიანი შედარებით მშვიდობიან პერიოდში გახდა. ამიტომ პავლემ შეახსენა მათ, რომ მზად ყოფილიყვნენ არა მხოლოდ დევნებისთვის, არამედ იმისთვისაც, რომ იესოს მსგავსად სიკვდილამდე შეენარჩუნებინათ ერთგულება (ებრ. 12:4). ფაქტია, ქრისტიანობის გავრცელება იუდეველებს ძალიან განარისხებდა. მაგალითად, ამ წერილის დაწერამდე სულ რამდენიმე წლით ადრე პავლეს იერუსალიმში ჩასვლას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. მაშინ სადღაც 40 კაცი შეითქვა და ფიცი დადო, რომ სანამ მას არ მოკლავდნენ, ლუკმას არ ჩაიდებდნენ პირში (საქ. 22:22; 23:12–14). ასეთი ფანატიკური განწყობის მიუხედავად ებრაელ ქრისტიანებს ძლიერი რწმენა უნდა შეენარჩუნებინათ, კვლავაც შეკრებილიყვნენ თაყვანსაცემად და არ შეეწყვიტათ ქადაგება.

16. როგორ დაგვეხმარება ებრაელებისთვის მიწერილი წერილი, სწორი განწყობით შევხვდეთ დევნებს? (ებრაელები 12:7).

16 რა გაუადვილებდა ებრაელ ქრისტიანებს დევნის მოთმინებით ატანას? მარტივად თუ ვიტყვით, სწორი ხედვა. ამიტომ პავლემ მათ აუხსნა, რომ განსაცდელები ქრისტიანის პიროვნულ ზრდას ემსახურებოდა და ღვთისმოსაწონი თვისებების განვითარებასა და დახვეწაში ეხმარებოდა (წაიკითხეთ ებრაელების 12:7). დიახ, თუ ებრაელი ქრისტიანები განსაცდელების დადებით მხარეზე გადაიტანდნენ ყურადღებას, გაუადვილდებოდათ მათი მოთმინებით ატანა (ებრ. 12:11).

17. რა იცოდა პავლემ საკუთარი გამოცდილებით?

17 პავლემ საკუთარი გამოცდილებით იცოდა, რა იყო საჭირო იმისთვის, რომ განსაცდელების დროს ქრისტიანს არ შეშინებოდა და მხნეობა არ დაეკარგა. მან კარგად უწყოდა, რისი ატანა უწევდათ ქრისტიანებს, რადგან ერთ დროს თვითონაც მდევნელი იყო. თანაც გაქრისტიანების შემდეგ თავადაც არაერთხელ გახდა დევნის ობიექტი (2 კორ. 11:23–25). თუმცა მან ღირსეულად აიტანა დევნა, რადგან საკუთარ ძალაზე კი არა, იეჰოვაზე იყო მინდობილი. ამიტომაც გულდაჯერებულმა თქვა: „იეჰოვაა ჩემი შემწე, არ შემეშინდება. რას მიზამს კაცი?!“ (ებრ. 13:6). იეჰოვას დახმარებით ებრაელი ქრისტიანებიც შეძლებდნენ განსაცდელების გაბედულად ატანას.

18. რა გველის წინ და როგორ უნდა მოვემზადოთ ამ მოვლენებისთვის?

18 ზოგი ჩვენი და-ძმა დღესვე ხდება დევნის მსხვერპლი. ჩვენც ვლოცულობთ მათთვის და, შეძლებისდაგვარად, ვცდილობთ მათ დახმარებას (ებრ. 10:33). თუმცა ბიბლიიდან ნათლად ჩანს, რომ „ყველა, ვისაც სურს, ქრისტეს მოწაფე იყოს და ღმერთს უერთგულოს, დევნილი იქნება“ (2 ტიმ. 3:12). აქედან გამომდინარე, თითოეული ჩვენგანი უნდა მოვემზადოთ ამისთვის. ამას იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ ბოლომდე მივენდობით იეჰოვას და დარწმუნებული ვიქნებით, რომ განსაცდელების დროს ის ჩვენ გვერდით იქნება, თავის დროზე კი საბოლოოდ მოგვგვრის შვებას (2 თეს. 1:7, 8).

19. რა უნდა გავაკეთოთ, რომ მოვემზადოთ „დიდი გასაჭირისთვის“? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

19 მოახლოებული განსაცდელებისთვის რომ მოემზადებინა, პავლემ ებრაელ ქრისტიანებს მოუწოდა, ღვთის სიტყვის სიღრმისეული ცოდნა შეეძინათ. ამგვარად ისინი შეძლებდნენ, ჭეშმარიტება სიცრუისგან გაერჩიათ და სწორ გზას არ აცდენილიყვნენ. პავლემ მათ იმისკენაც მოუწოდა, რომ რწმენა განემტკიცებინათ, რაც დაეხმარებოდათ, ორჭოფობის გარეშე მიჰყოლოდნენ იესოსა და ძმების ხელმძღვანელობას. მან იმასაც გაუსვა ხაზი, რომ აუცილებელი იყო მოთმინებით აეტანათ განსაცდელი, რასაც იმ შემთხვევაში შეძლებდნენ, თუ მის დადებით მხარეებზე გაამახვილებდნენ ყურადღებას. ეჭვგარეშეა, ეს რჩევები ებრაელებს მოსახდენი მოვლენებისთვის მოამზადებდა. თუ ჩვენც გავითვალისწინებთ ამ რჩევებს, ჩვენც შევძლებთ ამ ქვეყნიერების აღსასრულამდე ერთგულების შენარჩუნებას (ებრ. 3:14).

იეჰოვას ერთგული ქრისტიანების მოთმინება დაფასდა. იუდეიდან გაქცევის შემდეგ ისინი კვლავაც იკრიბებოდნენ ერთად. რისი სწავლა შეგვიძლია მათ მაგალითზე? (იხილეთ აბზაცი 19)

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 126 იფხიზლეთ, განმტკიცდით, გაძლიერდით!

a მხოლოდ პირველ თავში პავლემ შვიდი ციტატა მოიყვანა ებრაული წერილებიდან იმის ხაზგასასმელად, რომ ქრისტიანული თაყვანისმცემლობა იუდაიზმზე გაცილებით აღმატებული იყო (ებრ. 1:5–13).