არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 39

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 125 „ბედნიერნი არიან გულმოწყალენი!“

ხელგაშლილობა გვაბედნიერებს

ხელგაშლილობა გვაბედნიერებს

„გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (ᲡᲐᲥ. 20:35).

ᲛᲘᲖᲐᲜᲘ

ამ სტატიიდან დავინახავთ, რა კავშირია ხელგაშლილობასა და ბედნიერებას შორის. გავიგებთ იმასაც, კონკრეტულად რისი გაღება შეგვიძლია სხვებისთვის.

1, 2. როგორ შეგვქმნა იეჰოვამ? ახსენით.

 ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲛ ადამიანები გასაოცრად შეგვქმნა — ჩვენთვის „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (საქ. 20:35). ცხადია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვებისგან რაიმეს მიღება ბედნიერებას არ გვანიჭებს. ვინ იტყვის, რომ არ ახარებს, როცა საჩუქარს უკეთებენ. და მაინც, გაცილებით ბედნიერები მაშინ ვართ, როცა თავად ვავლენთ ხელგაშლილობას. რატომ არის საყურადღებო ის ფაქტი, რომ იეჰოვამ ასე შეგვქმნა?

2 ეს ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენი ბედნიერების სადავეები ჩვენსავე ხელშია. დიახ, რაც მეტ შესაძლებლობას მოვძებნით სხვებისთვის რაიმეს გასაკეთებლად, მით უფრო ბედნიერები ვიქნებით. მართლაც, რა საოცრად ვართ შექმნილი! (ფსალმ. 139:14).

3. რატომ ეწოდება იეჰოვას „ბედნიერი ღმერთი“?

3 იეჰოვას „ბედნიერი ღმერთი“ ეწოდება, რაც ნამდვილად არ არის გასაკვირი; ის ხომ ყველაზე ხელგაშლილი პიროვნებაა (1 ტიმ. 1:11). სინამდვილეში, „ყოველი კარგი ძღვენი და ყოველი სრულყოფილი საბოძვარი“ იეჰოვასგანაა (იაკ. 1:17). ჩვენ სწორედ მისი ხელგაშლილობის წყალობით „ვარსებობთ, ვცოცხლობთ და დავდივართ“ (საქ. 17:28). დიახ, ის იყო პირველი, ვინც უხვად გასცა და მისოდენის გაღებას სხვა ვერავინ შეძლებს.

4. რა შემთხვევაში მოგვანიჭებს ხელგაშლილობა უფრო მეტ სიხარულს?

4 ალბათ ყველას გვსურს, რომ ხელგაშლილობამ კიდევ უფრო მეტი სიხარული მოგვანიჭოს. ამისთვის საჭიროა, მივბაძოთ იეჰოვას (ეფეს. 5:1). ქვემოთ განვიხილავთ, როგორ ავლენს ის ხელგაშლილობას და რისი გაკეთება შეგვიძლია, თუ ვფიქრობთ, რომ სათანადოდ არ ფასდება ჩვენი სიკეთე. ეს რჩევები დაგვეხმარება, არასდროს შევწყვიტოთ სიკეთის კეთება და ამან უფრო მეტი სიხარული მოგვანიჭოს.

ᲛᲘᲰᲑᲐᲫᲔᲗ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ

5. როგორ ზრუნავს იეჰოვა ჩვენს ფიზიკურ საჭიროებებზე?

5 ერთ-ერთი მხარე, საიდანაც იეჰოვას ხელგაშლილობა ჩანს, ისაა, რომ ის ჩვენს ფიზიკურ საჭიროებებზე ზრუნავს. შეიძლება ფუფუნებაში არ ვცხოვრობდეთ, მაგრამ იეჰოვას წყალობით გვაქვს საარსებოდ აუცილებელი, მაგალითად, საკვები, ტანსაცმელი და ღამის გასათევი (მათ. 6:31–33; 1 ტიმ. 6:6–8). ფაქტია, იეჰოვა ამას მხოლოდ ვალდებულების გამო არ აკეთებს. ვნახოთ, რა აღძრავს მას იმისკენ, რომ ჩვენზე იზრუნოს.

6. რას ვიგებთ მათეს 6:25, 26-დან?

6 ჩვენს ზეციერ მამას, იეჰოვას, თავის ოჯახზე ზრუნვისკენ სიყვარული აღძრავს (ფსალმ. 145:16; მათ. 6:32). ამაში ჩვენ დასარწმუნებლად იესომ ფრინველების მაგალითი მოიყვანა (წაიკითხეთ მათეს 6:25, 26). მან თქვა: „ისინი არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღლებში აგროვებენ, მაგრამ თქვენი ზეციერი მამა კვებავს მათ. განა თქვენ მათზე ძვირფასნი არ ხართ?!“. რისი თქმა სურდა იესოს ამ სიტყვებით? თუკი ფრინველებზე ასე ზრუნავს იეჰოვა, განა ჩვენზე, მის თაყვანისმცემლებზე, უფრო მეტად არ იზრუნებს?! ჩვენ ხომ მისთვის გაცილებით ძვირფასნი ვართ.

7. როგორ მივბაძოთ იეჰოვას? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

7 იეჰოვას მსგავსად ჩვენც შეგვიძლია სიყვარული გამოვავლინოთ და სხვების ფიზიკურ საჭიროებებზე ვიზრუნოთ. მაგალითად, როცა თანაქრისტიანს საკვები ან ტანსაცმელი სჭირდება, შეგვიძლია ვითანამშრომლოთ იეჰოვასთან და მათ დახმარების ხელი გავუწოდოთ. ამის საჭიროება განსაკუთრებით საგანგებო სიტუაციებისას იქმნება და ასეთ დროს იეჰოვას ხალხიც ყოველთვის ავლენს ხელგაშლილობას. მაგალითად, კოვიდ-19 პანდემიის დროს აშკარად გავხდით იმის მოწმენი, როგორ ითვალისწინებს ღვთის ხალხი ებრაელების 13:16-ში ჩაწერილს: „ნუ მოიშლით კარგის კეთებასა და გაზიარებას, რადგან ღმერთს სიამოვნებს ასეთი მსხვერპლი“. გაჭირვებული თანაქრისტიანების დასახმარებლად ისინი იმას იღებდნენ, რაც ჰქონდათ – ზოგი შესაწირავს, რომელიც მსოფლიო მასშტაბით დაზარალებულთა დახმარებას ხმარდებოდა, ზოგი კი საკვებს, ტანსაცმელს თუ სხვა აუცილებელ ნივთებს.

ხელგაშლილობაში ყველას შეგვიძლია მივბაძოთ იეჰოვას (იხილეთ აბზაცი 7).


8. კიდევ საიდან ჩანს იეჰოვას ხელგაშლილობა? ახსენით (ფილიპელები 2:13).

8 იეჰოვა გვაძლევს ძალას. იეჰოვას ხელგაშლილობა იქიდანაც ჩანს, რომ უშურველად აძლევს ძალას თავის მსახურებს (წაიკითხეთ ფილიპელების 2:13). შესაძლოა ჩვენც გვითხოვია იეჰოვასთვის ძალა, რომ ცდუნებისთვის გაგვეძლო ან განსაცდელი აგვეტანა. შესაძლოა ძალაგამოცლილი იმასაც კი შევვედრებივართ მას, რომ კიდევ ერთი დღე გადაგვეგორებინა. როცა ვხედავთ, როგორ გვპასუხობს იეჰოვა ასეთ დროს, მოციქული პავლეს მსგავსი გრძნობები გვეუფლება, რომელმაც დაწერა: „ყველაფრის ძალა შემწევს ჩემი განმამტკიცებლის დახმარებით“ (ფილ. 4:13).

9. როგორ მივბაძოთ იეჰოვას? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

9 არასრულყოფილების მიუხედავად მაინც შეგვიძლია მივბაძოთ იეჰოვას, რომელიც უშურველად გვაძლევს ძალას. მართალია, პირდაპირი გაგებით, საკუთარ ძალას ვერ ვუწილადებთ სხვებს, მაგრამ შეგვიძლია ის მათ დასახმარებლად გამოვიყენოთ. მაგალითად, საყიდლებზე გავეგზავნოთ ან სახლის საქმეებში დავეხმაროთ ხანდაზმულ თუ დაუძლურებულ და-ძმებს და ვიზრუნოთ ჩვენს დარბაზებზე. ამგვარად, მივბაძავთ იეჰოვას და ძალას ჩვენი თანაქრისტიანების საკეთილდღეოდ გამოვიყენებთ.

ჩვენი ძალა შეგვიძლია სხვების სასიკეთოდ გამოვიყენოთ (იხილეთ აბზაცი 9).


10. როგორ განვამტკიცოთ სხვები სიტყვით?

10 სიტყვას დიდი ძალა აქვს. ამიტომ ღირს, დავფიქრდეთ, როგორ გავაძლიეროთ სხვები სიტყვით. ხომ არ გახსენდებათ ვინმე, ვისაც გაამხნევებს გულწრფელი შექება ან ვისაც ნუგეში სჭირდება? კარგი იქნება, თუ ინიციატივას აიღებთ და მოინახულებთ ან ტელეფონით დაუკავშირდებით მას. შეგიძლიათ ბარათი ან ტექსტური შეტყობინებაც გაუგზავნოთ. აუცილებელი არ არის, რაიმე განსაკუთრებული უთხრათ. რამდენიმე უბრალო, მაგრამ გულიდან წამოსულ სიტყვასაც შეუძლია ადამიანს ერთგულების შესანარჩუნებლად საჭირო ძალა შემატოს ან გულში იმედი ჩაუსახოს (იგავ. 12:25; ეფეს. 4:29).

11. როგორ გვაძლევს იეჰოვა სიბრძნეს?

11 იეჰოვა გვაძლევს სიბრძნეს. მოწაფე იაკობმა დაწერა: „თუ რომელიმე თქვენგანს სიბრძნე აკლია, გამუდმებით სთხოვოს ღმერთს, რომელიც ყველას უხვად და დაუყვედრებლად აძლევს“ (იაკ. 1:5). როგორც ამ სიტყვებიდან დავინახეთ, იეჰოვას არ ენანება ჩვენთვის თავისი სიბრძნე და მას ყველას უხვად გვაძლევს. ის არასდროს გვსაყვედურობს იმის გამო, რომ სიბრძნე გვაკლია და მისი ხელმძღვანელობა გვჭირდება. პირიქით, მოგვიწოდებს, რომ ვთხოვოთ მას სიბრძნე (იგავ. 2:1–6).

12. როგორ მივბაძოთ იეჰოვას?

12 როგორ მივბაძოთ იეჰოვას და ჩვენი ცოდნა სხვებს გავუზიაროთ? (ფსალმ. 32:8). ჩვენ არაერთი შესაძლებლობა გვაქვს, რომ ის რაც ვიცით, სხვებს გავუზიაროთ. მაგალითად, ყველას შეგვიძლია ახალ მაუწყებლებს დავეხმაროთ, დაიხვეწონ მსახურებაში. უხუცესებს შეუძლიათ მომსახურეებს და ახალმონათლულ ძმებს კრებაში სხვადასხვა დავალების შესრულება ასწავლონ. მათ, ვისაც სამშენებლო საქმეში აქვთ გამოცდილება ან სხვადასხვა ხელობას ფლობენ, შეუძლიათ ნაკლებად გამოცდილები მოამზადონ, რათა მათაც მიიღონ თეოკრატიულ სამშენებლო პროექტებში მონაწილეობა და იზრუნონ უკვე არსებულ შენობებზე.

13. საიდან ჩანს სხვების მომზადებისას, რომ ვბაძავთ იეჰოვას?

13 როგორც დავინახეთ, იეჰოვა ყველას უხვად აძლევს სიბრძნეს. ასე რომ, მას მივბაძავთ, თუ სხვების მომზადებისას უშურველად გავუზიარებთ მათ საკუთარ ცოდნასა თუ გამოცდილებას. იმის შიშით, რომ ჩაგვანაცვლებენ, არც იმისგან შევიკავებთ თავს, რომ მათ ბოლომდე ვასწავლოთ, რაც ვიცით. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ თავის დროზე ჩვენით მოგვიწია რაღაცის სწავლა, არ ვიფიქრებთ, რომ სხვებმაც იგივე გზა უნდა გაიარონ. ასეთი აზროვნება ქრისტიანისთვის ყოვლად მიუღებელია. პირიქით, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, მხოლოდ ინფორმაციის გადაცემას კი არ დავჯერდეთ, არამედ, რაც შეგვიძლია, ყველაფერი გავაკეთოთ მათ სასწავლებლად (1 თეს. 2:8). გვინდა, რომ საბოლოოდ ისინიც გამოდგნენ სხვების მასწავლებლად (2 ტიმ. 2:1, 2). ასეთი ხელგაშლილობით სხვებსაც მივცემთ ხელგაშლილობის გამოვლენის საშუალებას და ხელს შევუწყობთ როგორც საკუთარ, ისე სხვების ბედნიერებას.

ᲠᲝᲪᲐ ᲕᲤᲘᲥᲠᲝᲑᲗ, ᲠᲝᲛ ᲡᲘᲙᲔᲗᲔ ᲐᲠ ᲒᲕᲘᲤᲐᲡᲓᲔᲑᲐ

14. რა გრძნობას ბადებს ადამიანში სიკეთე?

14 როგორც წესი, როცა ხელგაშლილები ვართ და სხვებს სიკეთეს ვუკეთებთ, ისინი მადლიერებას გამოხატავენ. ამ მხრივ განსაკუთრებით ჩვენი და-ძმები გამოირჩევიან. ზოგჯერ ისინი სამადლობელ ბარათს გვიგზავნიან ან სხვა გზით გამოხატავენ თავიანთ მადლიერებას (კოლ. 3:15). ფაქტია, ამის დანახვა კიდევ უფრო გვაბედნიერებს.

15. რა არ უნდა დაგვავიწყდეს, თუ ყოველთვის არ გამოხატავენ ჩვენ მიმართ მადლიერებას?

15 ზოგჯერ შეიძლება ისეც მოხდეს, რომ სხვებისთვის დრო და ენერგია გავიღოთ ან მათ მატერიალურად ამოვუდგეთ მხარში, მაგრამ მათგან ერთი სამადლობელი სიტყვაც კი ვერ მოვისმინოთ. ამ დროს შესაძლოა ისეთი განცდა დაგვეუფლოს, რომ სიკეთე არ დაგვიფასეს. რა დაგვეხმარება, რომ გული არ გაგვიტყდეს? უნდა გავიხსენოთ ის აზრი, რაც სტატიის წამყვან მუხლში წერია (საქ. 20:35). დიახ, ბედნიერება თავად გაცემას მოაქვს და ის იმაზე არ არის დამოკიდებული, დაგვრჩება თუ არა ვინმე მადლიერი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენი ბედნიერება ჩვენსავე ხელშია. ვნახოთ, კონკრეტულად რა დაგვეხმარება, რომ სხვების რეაქციაზე არ იყოს დამოკიდებული ჩვენი სიხარული.

16. რა უნდა იყოს ჩვენთვის მთავარი?

16 ჩვენთვის მთავარი ის უნდა იყოს, რომ იეჰოვას ვბაძავთ. იეჰოვა ყველას უკეთებს სიკეთეს, მნიშვნელობა არ აქვს, აფასებენ თუ არა ისინი ამას (მათ. 5:43–48). თუ ჩვენც მასავით სიკეთის სანაცვლოდ არაფერს ველით, თუნდაც მადლობის სიტყვებს, ის დიდად დაგვაჯილდოებს (ლუკ. 6:35). მას ხომ ძალიან უყვარს სიხარულით გამცემი (იგავ. 19:17; 2 კორ. 9:7).

17. რა დაგვეხმარება, მივბაძოთ იეჰოვას? (ლუკ. 14:12–14).

17 ამ მხრივ კარგი სახელმძღვანელო პრინციპია მოცემული ლუკას 14:12–14-ში (წაიკითხეთ). ცხადია, ცუდი არაფერია იმაში, თუ ისეთ ადამიანებს ვეპატიჟებით ან ვუკეთებთ სიკეთეს, რომელთაც თავადაც შეუძლიათ ჩვენთვის იმავეს გაკეთება. მაგრამ სიკეთის კეთების მოტივატორი ეს არ უნდა იყოს. ამიტომ თუ შევნიშნავთ, რომ რაღაც დოზით მაინც ეს გავლენას ახდენს ჩვენზე, ღირს იესოს რჩევის გათვალისწინება და მათთვის სიკეთის გაკეთება, ვინც სანაცვლოდ ვერაფერს მოგვცემს. ამგვარად, ჩვენ იეჰოვას მივბაძავთ, რაც ნამდვილად დიდ ბედნიერებას მოგვანიჭებს. თანაც სიხარულს მაშინაც არ დავკარგავთ, თუ სიკეთის სანაცვლოდ მადლობასაც კი არ გვეტყვიან.

18. როგორ არ უნდა მოვიქცეთ? ახსენით.

18 ეჭვქვეშ ნუ დააყენებთ სხვების მოტივებს (1 კორ. 13:7). როცა ვფიქრობთ, რომ სიკეთეს არ გვიფასებენ, ქრისტიანულმა სიყვარულმა უნდა აღგვძრას, ადამიანს არასწორი მოტივები არ მივაწეროთ. სინამდვილეში, შეიძლება უამრავი მიზეზი არსებობდეს, რატომაც არ ჰქონდა მას ჩვენთვის სასურველი რეაქცია. იქნებ უბრალოდ დაავიწყდა მადლობის თქმა ან მადლიერების გამოხატვა უჭირს?! ამის მიზეზი შესაძლოა ისიც იყოს, რომ წარსულში სულ თვითონ ეხმარებოდა სხვებს, ახლა კი, ასე ვთქვათ, მიმღების პოზიციაში ყოფნა უხერხულად აგრძნობინებს თავს. ამ ყველაფერზე დაფიქრება დაგვეხმარება, სიხარულით გავაგრძელოთ სხვებისთვის სიკეთის კეთება (ეფეს. 4:2).

19, 20. რატომ არის მოთმინება მნიშვნელოვანი? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

19 იყავით მომთმენი. ხელგაშლილობასთან დაკავშირებით მეფე სოლომონმა ასეთი რამ დაწერა: „წყალს გაატანე შენი პური და მრავალი დღის შემდეგ იპოვი მას“ (ეკლ. 11:1). როგორც ამ მუხლიდან დავინახეთ, მათ, ვისაც სიკეთე გავუკეთეთ, შეიძლება მადლიერება კარგა ხნის შემდეგ გამოხატონ. ზუსტად ასე მოხდა ერთი დის შემთხვევაში.

20 წლების წინ სარაიონო ზედამხედველის მეუღლემ ერთ ახალმონათლულ დას გამამხნევებელი ბარათი მისწერა. ამ ბარათით ის დას თბილად მოუწოდებდა, რომ იეჰოვას ერთგული დარჩენილიყო. პასუხი მან რვა წლის შემდეგ მიიღო. აი რა ეწერა იქ: „ძალიან მინდა, იცოდე, რამხელა დახმარებას მიწევდი ამ წლების მანძილზე ისე, რომ ამის შესახებ არც კი იცოდი. . . მთელი წერილი ხომ როგორი თბილი იყო, მაგრამ ბიბლიურმა მუხლმა a საერთოდ წარუშლელი კვალი დატოვა ჩემზე“. შემდეგ ის წერდა, რა სირთულეებთან მოუწია გამკლავება ამ წლების მანძილზე, ბოლოს კი დასძენდა: „ზოგჯერ მინდოდა, ყველაფერზე ხელი ჩამექნია და ორგანიზაციიდანაც წავსულიყავი, მაგრამ ეს მუხლი სულ გონებაში მიტრიალებდა და სვლის გაგრძელების ძალას მაძლევდა. ამხელა გავლენა ამ რვა წლის განმავლობაში ჩემზე არაფერს მოუხდენია“. წარმოიდგინეთ, როგორ გაახარებდა სარაიონო ზედამხედველის მეუღლეს „მრავალი დღის შემდეგ“ ამ წერილის მიღება. ასეთი რამ ჩვენს შემთხვევაშიც შეიძლება მოხდეს. ამიტომ მოთმინებაა საჭირო.

მან, ვისაც სიკეთეს ვუკეთებთ, შეიძლება მადლიერება კარგა ხნის შემდეგ გამოხატოს (იხილეთ აბზაცი 20). b


21. რატომ გაქვთ გადაწყვეტილი, მიჰბაძოთ იეჰოვას?

21 როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, იეჰოვამ მართლაც გასაოცრად შეგვქმნა. მართალია, მიღებაც გვანიჭებს სიხარულს, მაგრამ გაცილებით ბედნიერები მაშინ ვართ, როცა თავად ვავლენთ ხელგაშლილობას. ჩვენ ძალიან გვსიამოვნებს, როცა დახმარების ხელს ვუწვდით თანამორწმუნეებს და მადლიერების სიტყვების მოსმენაც გულს გვითბობს. და მაინც, ჩვენი ბედნიერება იმაზე არ არის დამოკიდებული, გამოხატავენ თუ არა ჩვენ მიმართ მადლიერებას. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იეჰოვას იმაზე გაცილებით მეტის მოცემა შეუძლია, ვიდრე ჩვენ ვიღებთ სხვებისთვის (2 მატ. 25:9). განა რა უნდა იყოს იმაზე დიდი ბედნიერება, რომ თავად იეჰოვა გადაგვიხდის სიკეთისთვის?! ამიტომ კვლავაც მიჰბაძეთ ზეციერ მამას და იყავით ხელგაშლილები.

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 17 მსურს

a სარაიონო ზედამხედველის მეუღლემ დას 2 იოანეს მე-8 მუხლში ჩაწერილი სიტყვები მისწერა: „ფრთხილად იყავით, რომ არ დაკარგოთ ის, რისთვისაც გვიშრომია, და მიიღებთ სრულ საზღაურს“.

b ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: დადგმული სცენა: სარაიონო ზედამხედველის მეუღლემ, რომელმაც მთელი გულით გაამხნევა ერთი და, წლების შემდეგ მისგან სამადლობელი წერილი მიიღო.