სასწავლო სტატია 37
„შევძრავ ხალხებს“
„შევძრავ ხალხებს და მოვა ხალხთა საუნჯე“ (ანგ. 2:7).
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 24 ავიდეთ იეჰოვას მთაზე
მოკლე შინაარსი *
1, 2. რა იწინასწარმეტყველა ანგიამ?
„სულ რამდენიმე წუთში მაღაზიები და ძველი შენობები ერთიმეორის მიყოლებით ხუხულასავით დაინგრა“. „სრული პანიკა იყო . . . როგორც ბევრმა თქვა, ის ორიოდე წუთი გაგრძელდა, მაგრამ ჩემთვის ეს მთელი საუკუნე იყო“. ასე აღწერეს 2015 წელს ნეპალში მომხდარი მიწისძვრა თვითმხილველებმა. თქვენც რომ ყოფილიყავით ამ შემზარავი მოვლენის მომსწრე, ალბათ, ადვილად ვერ დაივიწყებდით.
2 შეიძლება ითქვას, რომ უკვე ათწლეულებია, სრულიად სხვა სახის „ძვრების“ მომსწრენი ვართ, რაც მხოლოდ რომელიმე ქალაქს ან ქვეყანას კი არა, ყველა ერს ეხება. ამ მოვლენის შესახებ ანგიამ იწინასწარმეტყველა: «აი, რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „ცოტაც და კიდევ ერთხელ შევძრავ ცასა და დედამიწას, ზღვასა და ხმელეთს“» (ანგ. 2:6).
3. რით განსხვავდება ანგიას მიერ აღწერილი შეძვრა მიწისძვრისგან?
3 შეძვრაში, რომელზეც ანგია საუბრობს, პირდაპირი გაგებით მიწისძვრა არ იგულისხმება, რომელიც მხოლოდ ნგრევას იწვევს. ის აღწერს ისეთ მოვლენას, რომელსაც კარგი შედეგები მოჰყვება. ეს თავად იეჰოვას სიტყვებიდან ჩანს: „შევძრავ ხალხებს და მოვა ხალხთა საუნჯე ამ ტაძარში; დიდებით ავავსებ მას“ (ანგ. 2:7). რას მოასწავებდა ეს წინასწარმეტყველება ანგიას დროს მცხოვრები ხალხისთვის და რას ნიშნავს ის ჩვენთვის? ამ კითხვებზე წინამდებარე სტატიაში ვიმსჯელებთ. აგრეთვე გავიგებთ, ჩვენ რა წვლილი შეგვიძლია შევიტანოთ საქმეში, რომელიც დღეს ხალხების შეძვრას იწვევს.
დამაიმედებელი ცნობა ანგიას პერიოდში
4. რატომ გაუგზავნა იეჰოვამ ანგია თავის ხალხს?
4 წინასწარმეტყველმა ანგიამ მნიშვნელოვანი დავალება მიიღო იეჰოვასგან. თავდაპირველად მიმოვიხილოთ ისტორიული ფონი. როგორც ჩანს, ანგია იმ გადასახლებულთა შორის იყო, რომლებიც ძვ. წ. 537 წელს ბაბილონიდან იერუსალიმში დაბრუნდნენ. სამშობლოში დაბრუნებული ღვთის ერთგული მსახურები მალევე შეუდგნენ საქმეს და იეჰოვას ტაძრის საძირკველი ჩაყარეს (ეზრ. 3:8, 10). მაგრამ სამწუხაროდ, მათ ეს შემართება დიდხანს არ გაჰყოლიათ. წინააღმდეგობის გამო მათ გული გაუტყდათ და თავი ანებეს მშენებლობას (ეზრ. 4:4; ანგ. 1:1, 2). ამიტომ ძვ. წ. 520 წელს იეჰოვა ანგიას მეშვეობით შეეცადა, ხალხში თავდაპირველი ენთუზიაზმი გაეღვიძებინა, რათა ტაძრის მშენებლობის საქმე ბოლომდე მიეყვანათ * (ეზრ. 6:14, 15).
5. რატომ იქნებოდა ანგიას ცნობა ღვთის ხალხისთვის დამაიმედებელი?
5 ანგიას ცნობას ხალხისთვის რწმენა და მხნეობა უნდა შეემატებინა. წინასწარმეტყველმა გაბედულად გადასცა გულგატეხილ იუდეველებს შემდეგი სიტყვები: „ამ მიწის მკვიდრნო, გამაგრდით, — ამბობს იეჰოვა, — და იშრომეთ! მე თქვენთანა ვარ, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა“ (ანგ. 2:4). ფრაზას „ლაშქართა ღმერთი“ ხალხი უნდა გაემხნევებინა. მათი წარმატება იეჰოვაზე, ანგელოზთა ძლევამოსილი ლაშქრის მეთაურის ნდობაზე იყო დამოკიდებული.
6. რა მოჰყვებოდა ანგიას მიერ ნაწინასწარმეტყველებ შეძვრას?
6 იეჰოვას შთაგონებით ანგიამ წარმოთქვა წინასწარმეტყველება ხალხთა სიმბოლური შეძვრის შესახებ. მის ცნობას გულგატეხილი მშენებლები იმაში უნდა დაერწმუნებინა, რომ იეჰოვა შეძრავდა სპარსეთის იმპერიას, რომელიც იმ დროს მრავალ ერს აერთიანებდა. რა მოჰყვებოდა ამ შეძვრას? პირველ რიგში, ის რომ ღვთის ხალხი ტაძარს აღადგენდა. გარდა ამისა, არაებრაელებიც მივიდოდნენ იეჰოვას თაყვანსაცემად აღდგენილ ტაძარში. რამხელა სტიმულს მისცემდა ეს ცნობა ღვთის ხალხს! (ზაქ. 8:9).
საქმე, რომელიც არყევს დედამიწას
7. რა საქმე არყევს დღეს მსოფლიოს? ახსენით.
7 როგორ სრულდება ანგიას წინასწარმეტყველება დღეს? იეჰოვა დღესაც არყევს ერებს და ამ საქმეში ჩვენც შეგვაქვს წვლილი. დავფიქრდეთ შემდეგზე: 1914 წელს იეჰოვამ იესო ქრისტე გაამეფა ზეციერ სამეფოში (ფსალმ. 2:6). ამ სამეფოს დამყარება მსოფლიო ლიდერებისთვის სასიამოვნო სიახლე ნამდვილად არ ყოფილა. ეს იმას მოასწავებდა, რომ „უცხოტომელთათვის დანიშნული დროები“ ანუ ის პერიოდი, როცა უშუალოდ იეჰოვას მიერ არჩეული მმართველი არ არსებობდა, დასრულდა (ლუკ. 21:24). სწორედ ამ მიზეზის გამო აცხადებს იეჰოვას ხალხი, განსაკუთრებით 1919 წლიდან, რომ ღვთის სამეფო კაცობრიობის ხსნის ერთადერთი იმედია. ამ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგება არყევს მთელ მსოფლიოს (მათ. 24:14).
8. ფსალმუნის 2:1—3-ის თანახმად, როგორ რეაგირებენ ერები სასიხარულო ცნობაზე?
8 ხალხის უმეტესობა ამ ცნობაზე უარყოფითად რეაგირებს. როგორც ფსალმუნის 2:1—3-დან ვიგებთ, ერები ბობოქრობენ, რადგან არ სურთ, აღიარონ იეჰოვას მიერ დანიშნული მმართველი (წაიკითხეთ). სამეფოს შესახებ ცნობა მათთვის სულაც არ არის სასიხარულო. მეტიც, ზოგმა მთავრობამ აკრძალა კიდეც ჩვენი სამქადაგებლო საქმიანობა. მართალია, ბევრი სახელმწიფო მმართველი თავს ღვთის მსახურად აცხადებს, მაგრამ სინამდვილეში არ სურს თავისი ძალაუფლებისა თუ უფლებამოსილების დათმობა. იესოს დროს მცხოვრები მმართველების მსგავსად, დღესაც სახელმწიფო ლიდერები უპირისპირდებიან იეჰოვას ცხებულ მეფეს, რაც იმაში გამოიხატება, რომ იერიში მიაქვთ მის ერთგულ მიმდევრებზე (საქ. 4:25—28).
9. როგორ რეაგირებს იეჰოვა ერების უარყოფით გამოხმაურებაზე?
9 როგორ რეაგირებს იეჰოვა ერების უარყოფით გამოხმაურებაზე? ფსალმუნის 2:10—12-ში ნათქვამია: „ახლა კი, მეფეებო, გონს მოეგეთ, ყურად იღეთ შეგონება, დედამიწის მოსამართლეებო! შიშით ემსახურეთ იეჰოვას, გიხაროდეთ და თრთოდეთ! პატივი მიაგეთ ძეს, რომ არ განრისხდეს ღმერთი და არ მოისპოთ თქვენი გზიდან, რადგან უეცრად განრისხდება იგი; ბედნიერია ყველა, ვინც მას აფარებს თავს“. იეჰოვა თავისი სიკეთიდან გამომდინარე კიდევ ერთ შანსს აძლევს თავის მოწინააღმდეგეებს. მათ შეუძლიათ, აზრი შეიცვალონ და აღიარონ იეჰოვას სამეფო, რისთვისაც მცირე დროღა რჩებათ, რადგან ამ ქვეყნიერების „ბოლო დღეებში“ ვცხოვრობთ (2 ტიმ. 3:1; ეს. 61:2). უკვე აღარ არის იმის დრო, რომ მათ სამომავლოდ გადადონ იეჰოვას გაცნობა და სწორი არჩევანის გაკეთება.
დადებითი გამოხმაურება
10. ანგიას 2:7—9-ის თანახმად, რა დადებითი შედეგები მოჰყვებოდა ნაწინასწარმეტყველებ შეძვრას?
10 ანგიას ნაწინასწარმეტყველებ შეძვრას ზოგის მხრიდან დადებითი გამოხმაურება მოჰყვებოდა. ამ წინასწარმეტყველების თანახმად, შეძვრის შედეგად „ხალხთა საუნჯე [წრფელი გულის ხალხი]“ იეჰოვას თაყვანსაცემად მოვიდოდა * (წაიკითხეთ ანგიას 2:7—9). ესაიაც და მიქაც წინასწარმეტყველებდნენ, რომ ეს „უკანასკნელ დღეებში“ მოხდებოდა (ეს. 2:2—4; მიქ. 4:1, 2).
11. როგორ გამოეხმაურა ერთი ძმა სამეფოს შესახებ ცნობას?
11 მოდი ვნახოთ, როგორ იმოქმედა ამ
მნიშვნელოვანმა ცნობამ ძმა კენზე, რომელიც მსოფლიო მთავარ სამმართველოში მსახურობს. მას დღემდე კარგად ახსოვს, რა რეაქცია ჰქონდა 40 წლის წინ სამეფოს შესახებ ცნობის მოსმენაზე. კენი ამბობს: „როცა ღვთის სიტყვიდან გავიგე, რომ ამ ქვეყნიერების ბოლო დღეებში ვცხოვრობთ, ძალიან გამიხარდა. მივხვდი, ღვთის მოსაწონი რომ ვყოფილიყავი და მარადიული სიცოცხლე მიმეღო, ამ ცვალებადი ქვეყნიერებისთვის ზურგი უნდა მექცია და იეჰოვას მხარეს დავმდგარიყავი. ეს გადაწყვეტილება მალევე მივიღე და ამის შესახებ იეჰოვას ლოცვაში ვუთხარი. უკან მოვიტოვე ქვეყნიერება და თავი შევაფარე ღვთის სამეფოს, რომელსაც ვერაფერი შეარყევს“.12. როგორ ივსება იეჰოვას სულიერი ტაძარი დიდებით ამ ბოლო დღეებში?
12 აშკარად ვხედავთ, როგორ აკურთხებს იეჰოვა თავის ხალხს. ამ ბოლო დღეებში მისი თაყვანისმცემლების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. 1914 წელს ღვთის ხალხის რაოდენობა მხოლოდ რამდენიმე ათასს ითვლიდა. ახლა კი რვა მილიონზე მეტი ადამიანი აქტიურად ემსახურება იეჰოვას და ყოველწლიურად კიდევ მილიონობით ადამიანი უერთდება მათ გახსენების საღამოს აღსანიშნავად. ამგვარად იეჰოვას სულიერი ტაძრის მიწიერი ეზოები „ხალხთა საუნჯით“ ივსება, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვებიც უერთდებიან იეჰოვას თაყვანისმცემელთა რიგებს. ღვთის სახელის განდიდებას ისიც ემსახურება, რომ ეს ადამიანები ცხოვრების წესს იცვლიან და „ახალი პიროვნებით“ იმოსებიან (ეფეს. 4:22—24).
13. კიდევ რომელი წინასწარმეტყველებების შესრულებას განაპირობებს იეჰოვას მსახურთა რიცხობრივი ზრდა? (იხილეთ სურათი გარეკანზე).
13 ამ წინასწარმეტყველების შესრულებამ სხვა წინასწარმეტყველებების შესრულებაც განაპირობა, მაგალითად იმის, რაც ესაიას მე-60 თავშია ჩაწერილი. 22-ე მუხლში ვკითხულობთ: „მცირე ათასად გადაიქცევა და პატარა — ძლიერ ხალხად. მე, იეჰოვა, თავის დროზე დავაჩქარებ ამას“. იეჰოვას თაყვანისმცემლების რიცხობრივ ზრდას სხვა არაჩვეულებრივი შედეგებიც ახლავს თან. ამ „ხალხთა საუნჯეში“ ყველა თავისი ნიჭითა და უნარით გამოირჩევა. ისინი მზად არიან, რომ თავიანთი წვლილი შეიტანონ „სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის“ ქადაგებაში. შედეგად, იეჰოვას მსახურები, ესაიას სიტყვებით თუ ვიტყვით, „ხალხთა რძეს“ სვამენ (ეს. 60:5, 16). სწორედ ამ ძვირფასი და-ძმების მეშვეობით იქადაგება სასიხარულო ცნობა 240 ქვეყანაში, ხოლო ბიბლიური პუბლიკაციები 1000-ზე მეტ ენაზე გამოიცემა.
არჩევანის გაკეთების დრო
14. რა არჩევანის წინაშე დგას ხალხი?
14 ამ ბოლო დღეებში შეძვრის პროცესი ხალხს არჩევანის წინაშე აყენებს: მათ ან ღვთის სამეფოს უნდა დაუჭირონ მხარი, ან ადამიანურ მთავრობებს გამოუცხადონ ნდობა. ამ არჩევანის გაკეთება უკლებლივ ყველას მოუწევს. მართალია, იეჰოვას ხალხი თავიანთი ქვეყნის მთავრობის დადგენილ კანონებს ემორჩილება, მაგრამ პოლიტიკურ საკითხებში აბსოლუტურ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს (რომ. 13:1—7). მათ ესმით, რომ კაცობრიობის პრობლემებს მხოლოდ ღვთის სამეფო გადაჭრის, რომელიც ამ ქვეყნიერების ნაწილი არ არის (იოან. 18:36, 37).
15. როგორც „გამოცხადებიდან“ ვიგებთ, ერთგულების რა დიდ გამოცდას შეხვდება ღვთის ხალხი?
15 წიგნი „გამოცხადება“ აღგვიწერს, როგორ გამოიცდება ღვთის ხალხის ერთგულება ბოლო დღეებში. მათი დევნა და შევიწროება უფრო გამწვავდება. მთავრობები იმას მოითხოვენ, რაც მხოლოდ ღმერთს ეკუთვნის და დევნას დაუწყებენ ყველას, ვინც უარს იტყვის მათ მხარდაჭერაზე (გამოცხ. 13:12, 15). ისინი აიძულებენ „დიდსაც და მცირესაც, მდიდარსაც და ღარიბსაც, თავისუფალსაც და მონასაც, რომ ნიშანი დაიდონ მარჯვენა ხელზე ან შუბლზე“ (გამოცხ. 13:16). ძველად მონებს დაღს ანუ ნიშანს ასვამდნენ იმის ამოსაცნობად, თუ ვინ იყო მისი ბატონი. შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი რამ მოხდება ჩვენს დროშიც. ხალხს იმის მოლოდინი ექნება, რომ ყველა, ასე ვთქვათ, შუბლსა და ხელზე დაიდებს ნიშანს, ანუ სიტყვითა და საქმით აჩვენებს, რომელ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს.
16. რატომ არის უაღრესად მნიშვნელოვანი, დღესვე განვიმტკიცოთ იეჰოვასადმი ერთგულება?
16 ჩვენ როგორ მოვიქცევით: დავიდებთ სიმბოლურ ნიშანს და მხარს დავუჭერთ რომელიმე პოლიტიკურ ძალას? ვინც უარს იტყვის ამ ნიშნის დადებაზე, ცხოვრებას გაირთულებს და თავს საფრთხეში ჩაიგდებს. წიგნში „გამოცხადება“ ასეთ განაცხადს ვკითხულობთ: „ვერავინ შეძლოს ყიდვა-გაყიდვა იმათ გარდა, ვისაც აქვს ნიშანი“ (გამოცხ. 13:17). მაგრამ ღვთის ხალხს კარგად ესმის, როგორ გაუსწორდება ღმერთი მათ, ვინც გამოცხადების 14:9, 10-ში მოხსენიებულ ნიშანს დაიდებს. ღვთის მსახურები ნიშნის დადების ნაცვლად, ასე ვთქვათ, ხელზე დაიწერენ: „იეჰოვას ვეკუთვნიო“ (ეს. 44:5). ახლაა დრო, რომ განვიმტკიცოთ იეჰოვასადმი ერთგულება. თუ ასე მოვიქცევით, ის სიხარულით გვაღიარებს თავის საკუთრებად!
უკანასკნელი შეძვრა
17. რა უნდა მივიღოთ მხედველობაში, როცა იეჰოვას მოთმინებაზე ვსაუბრობთ?
17 იეჰოვა უდიდეს სულგრძელობას იჩენს ამ ბოლო დღეებში, „რადგან არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს“ (2 პეტ. 3:9). ის ყველას აძლევს შესაძლებლობას, მოინანიოს და სწორი არჩევანი გააკეთოს. თუმცა მის მოთმინებასაც აქვს საზღვარი. ვინც არ გამოიყენებს ამ შანსს, იგივე დაემართება, რაც მოსეს დროს მცხოვრებ ფარაონს, რომელსაც იეჰოვამ უთხრა: „ახლავე აღვმართავდი ხელს და მომაკვდინებელ სენს შეგყრიდით შენც და შენს ხალხსაც და აღიგვებოდით მიწის პირიდან, მაგრამ იმიტომ დაგტოვე ცოცხალი, რომ გაჩვენო ჩემი ძალა და მთელ დედამიწას ეუწყოს ჩემი სახელი“ (გამ. 9:15, 16). საბოლოოდ ყველა ერი გაიგებს, რომ იეჰოვაა ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი (ეზეკ. 38:23). როგორ მოხდება ეს?
18. ა) კიდევ რა სახის შეძვრაზეა საუბარი ანგიას 2:6, 20—22-ში? ბ) საიდან ვიცით, რომ ანგიას სიტყვები მომავალშიც შესრულდება?
18 წინასწარმეტყველ ანგიას მოღვაწეობიდან საუკუნეების შემდეგ მოციქულმა პავლემ ებრაელ ქრისტიანებს აუხსნა, რომ ანგიას 2:6, 20—22-ში ჩაწერილი სიტყვები მომავალშიც შესრულდებოდა (წაიკითხეთ). პავლე წერდა: «ის ახლაც გვპირდება: „კიდევ ერთხელ შევძრავ არა მხოლოდ დედამიწას, არამედ ცასაც“. სიტყვები „კიდევ ერთხელ“ იმაზე მიანიშნებს, რომ ღმერთი მოაშორებს შექმნილს ანუ იმას, რაც შეიძრა, რათა დარჩეს ის, რაც არ შეიძვრება» (ებრ. 12:26, 27). ანგიას 2:7-ში მოხსენიებული შეძვრისგან განსხვავებით, ეს შეძვრა სამუდამო განადგურებას მოასწავებს მათთვის, ვინც ფარაონის მსგავსად არ აღიარებს იეჰოვას უზენაეს მმართველობას.
19. რა არ შეიძვრება და რა გვარწმუნებს ამაში?
19 რა არ შეიძვრება ანუ რა არ განადგურდება? პავლე დასძენს: „მაშ, რადგან ვხედავთ, რომ დავიმკვიდრებთ სამეფოს, რომელიც არ შეიძვრება, კვლავაც მივიღოთ ღვთის წყალობა, რისი მეშვეობითაც შევძლებთ, ღმერთს მისთვის მოსაწონად ვემსახუროთ შიშითა და კრძალვით“ (ებრ. 12:28). როცა ყველაფერი უკანასკნელად შეიძვრება, მხოლოდ ღვთის სამეფო დარჩება მტკიცე და შეურყეველი (ფსალმ. 110:5, 6; დან. 2:44).
20. რა არჩევანის გაკეთება მოუწევს ხალხს და ჩვენ როგორ დავეხმაროთ მათ?
20 დასაკარგი დრო არ არის. ხალხს მოუწევს არჩევანის გაკეთება: განადგურებისთვის განწირულ ქვეყნიერებას დაუჭიროს მხარი თუ იეჰოვას მსახურება აირჩიოს და შესაბამისი ცვლილებები მოახდინოს მარადიული სიცოცხლის მისაღებად (ებრ. 12:25). სამქადაგებლო საქმეში მონაწილეობით ხალხს ვეხმარებით, ამ მნიშვნელოვან საკითხში არჩევანი გააკეთონ. მოდი კიდევ უფრო მეტ ადამიანს დავეხმაროთ, ღვთის სამეფოს დაუჭირონ მხარი. ყოველთვის გვახსოვდეს უფალ იესოს სიტყვები: „იქადაგებენ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის საუწყებლად და მაშინ დადგება აღსასრული“ (მათ. 24:14).
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 40 ვის ვეკუთვნით?
^ აბზ. 5 ამ სტატიაში ახლებურად იქნება ახსნილი ანგიას 2:7. ვიმსჯელებთ, როგორ შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ საქმეში, რომელიც ერების შეძვრას იწვევს. გავიგებთ იმასაც, თუ როგორ ეხმაურება ამას ხალხი.
^ აბზ. 4 წინასწარმეტყველმა ანგიამ პირნათლად შეასრულა იეჰოვას დავალება, რაც იქიდან გამოჩნდა, რომ ძვ. წ. 515 წელს ტაძრის მშენებლობა დასრულდა.
^ აბზ. 10 ეს განახლებული ახსნაა. ზოგჯერ ვამბობდით, რომ წრფელი გულის ადამიანების იეჰოვასთან დაახლოება არ იყო დაკავშირებული ხალხების შეძვრასთან. იხილეთ 2006 წლის 15 მაისის „საგუშაგო კოშკი“, რუბრიკა „მკითხველთა შეკითხვები“.
^ აბზ. 63 სურათის აღწერა: ანგია მოუწოდებდა ღვთის ხალხს, მხნეობა არ დაეკარგათ და ტაძრის მშენებლობა დაესრულებინათ; ღვთის ხალხი ჩვენს ეპოქაში გულმოდგინედ აცხადებს სამეფოს შესახებ ცნობას. ცოლ-ქმარი მონაწილეობს საქმეში, რომელიც არყევს დედამიწას. ისინი საბოლოო შეძვრაზე ქადაგებენ.