არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 49

მალე გავიხარებთ მარადიული სიცოცხლით

მალე გავიხარებთ მარადიული სიცოცხლით

„ღვთისგან ბოძებული ძღვენი — მარადიული სიცოცხლე“ (ᲠᲝᲛ. 6:23).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 147 ღმერთი მარადიულ სიცოცხლეს გვპირდება

ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘ a

1. რა გავლენას ახდენს ჩვენზე იეჰოვას დანაპირებზე ფიქრი?

 ᲘᲔᲰᲝᲕᲐ ყველას, ვინც მას დაემორჩილება, „მარადიულ სიცოცხლეს“ ჰპირდება (რომ. 6:23). როცა ამ იმედზე ვფიქრობთ, ღვთისადმი სიყვარული უფრო გვიძლიერდება. წარმოიდგინეთ, ჩვენს ზეციერ მამას ისე ვუყვარვართ, რომ არ სურს, ოდესმე ჩვენთან განშორება მოუწიოს.

2. რაში გვეხმარება მარადიული სიცოცხლის იმედი?

2 მარადიული სიცოცხლის იმედი გვეხმარება, ნებისმიერ განსაცდელს გავუძლოთ. მტრები მოკვლითაც რომ დაგვემუქრონ, ჩვენ იეჰოვას არ ვუღალატებთ. ვიცით, რომ ერთგულების გამო რომც დავიხოცოთ, იეჰოვა აღგვადგენს და მარადიულ სიცოცხლეს გვიბოძებს (იოან. 5:28, 29; 1 კორ. 15:55—58; ებრ. 2:15). რატომ გვჯერა, რომ მარადიული სიცოცხლე შესაძლებელია? განვიხილოთ ამის რამდენიმე მიზეზი.

ᲘᲔᲰᲝᲕᲐ ᲛᲐᲠᲐᲓᲘᲣᲚᲘᲐ

3. რატომ უნდა გვჯეროდეს, რომ იეჰოვა მარადიულად გვაცოცხლებს? (ფსალმუნი 102:12, 24, 27).

3 გვჯერა, რომ იეჰოვას შეუძლია მარადიულად გვაცოცხლოს, რადგან თავადაა სიცოცხლის წყარო და მარადიული (ფსალმ. 36:9). რომელი მუხლები ადასტურებს, რომ იეჰოვა ყოველთვის არსებობდა და ყოველთვის იარსებებს? ფსალმუნის 90:2-ში იეჰოვაზე ნათქვამია: „მარადიულად შენ ხარ ღმერთი“. მსგავს აზრს ვხვდებით 102-ე ფსალმუნშიც (წაიკითხეთ ფსალმუნის 102:12, 24, 27). წინასწარმეტყველი აბაკუმი ჩვენს ზეციერ მამაზე ასეთ სიტყვებს ამბობს: „განა მარადიული არა ხარ, იეჰოვა?! ჩემო ღმერთო, ჩემო წმინდავ, შენ არ კვდები!“ (აბაკ. 1:12).

4. რატომ არ ღირს იმაზე თავის მტვრევა, რომ იეჰოვა მარადიულია?

4 შეიძლება გიჭირთ იმის აღქმა, რომ იეჰოვა ყოველთვის არსებობდა (ეს. 40:28). ეს არცაა გასაკვირი. ბიბლიაც ამბობს, რომ „ჩაუწვდომელია მის წელთა რიცხვი“ (იობ. 36:26). ბევრი რამ არსებობს ამ სამყაროში, რაც ბოლომდე არ გვესმის, მაგალითად, სინათლის ფენომენი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სინათლე არ არსებობს. მსგავსადვე, შეიძლება ბოლომდე ვერასდროს ჩავწვდეთ იმ ფაქტს, რომ იეჰოვა ყოველთვის არსებობდა და ყოველთვის იარსებებს. თუმცა ამით არაფერი არ იცვლება და ფაქტი ფაქტად რჩება (რომ. 11:33—36). ღმერთი ფიზიკური სამყაროს და ნებისმიერი სინათლის წყაროს შექმნამდე არსებობდა. ის გვარწმუნებს, რომ „თავისი ძალით შექმნა დედამიწა“ და იქამდე არსებობდა, ვიდრე ცას გადაჭიმავდა (იერ. 51:15; საქ. 17:24). კიდევ რა გვარწმუნებს იმაში, რომ მარადიული სიცოცხლე ნამდვილად შესაძლებელია?

ᲛᲐᲠᲐᲓᲘᲣᲚᲘ ᲡᲘᲪᲝᲪᲮᲚᲘᲡᲗᲕᲘᲡ ᲨᲔᲥᲛᲜᲘᲚᲜᲘ

5. რისი შესაძლებლობა ჰქონდათ ადამსა და ევას?

5 დედამიწაზე შექმნილი ცოცხალი არსებებიდან იეჰოვამ მხოლოდ ადამიანს უბოძა მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა. ღმერთმა პირველ ადამიანს ასეთი გაფრთხილება მისცა: „სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხიდან არ ჭამო, რადგან რა დღესაც შეჭამ, იმ დღესვე მოკვდები!“ (დაბ. 2:17). ღვთისთვის რომ დაეჯერებინათ, ადამი და ევა არასდროს მოკვდებოდნენ. ლოგიკური იქნება, დავასკვნათ, რომ ოდესმე იეჰოვა მათ „სიცოცხლის ხის“ ნაყოფის ჭამის უფლებასაც მისცემდა, რაც მათთვის იმის გარანტია იქნებოდა, რომ მარადიულად იცოცხლებდნენ b (დაბ. 3:22).

6, 7. ა) კიდევ რა ადასტურებს, რომ ადამიანები სიკვდილისთვის არ ყოფილან შექმნილი? ბ) რის გაკეთებას აპირებთ ახალ ქვეყნიერებაში? (იხილეთ სურათები).

6 მეცნიერული კვლევებით დადასტურებულია, რომ ადამიანის ტვინს იმაზე გაცილებით მეტი ინფორმაციის დატევა შეუძლია, ვიდრე ამას მთელი ცხოვრების მანძილზე ახერხებს. მაგალითად, 2010 წელს ერთ-ერთ სამეცნიერო ჟურნალში ნათქვამი იყო, რომ ადამიანის ტვინს შეუძლია დაიტიოს დაახლოებით 2,5 მილიონი გიგაბაიტის რაოდენობის ინფორმაცია, რაც 3-მილიონსაათიან ვიდეოჩანაწერს უტოლდება. ასეთი ვიდეოჩანაწერის ყურებას 300 წელზე მეტი დასჭირდებოდა. ეს ციფრები შეიძლება ტვინის რეალურ შესაძლებლობას ვერ ასახავს, თუმცა იმას მაინც გვახვედრებს, რომ ღმერთმა ჩვენს ტვინს იმაზე გაცილებით მეტი ინფორმაციის შენახვის უნარი მისცა, ვიდრე 70-80 წლის მანძილზე ვიღებთ (ფსალმ. 90:10).

7 ჩვენში სიცოცხლის დაუოკებელი სურვილიც დევს. ბიბლიაში ტყუილად არ არის ნათქვამი, რომ ღმერთმა „მარადიულობა ჩადო ადამიანთა გულებში“ (ეკლ. 3:11). ამიტომაც არაა გასაკვირი, რატომ აღვიქვამთ სიკვდილს მტრად (1 კორ. 15:26). თუ ვინმეს სერიოზული დაავადება აღმოაჩნდება, გულხელდაკრეფილი არ დაჯდება და სიკვდილს არ დაელოდება. ის ექიმთან წავა და საჭირო მკურნალობასაც ჩაიტარებს. როგორც წესი, ყველა ცდილობს, გაიხანგრძლივოს სიცოცხლე. გარდა ამისა, თუ ჩვენთვის ძვირფასი ადამიანი კვდება, არა აქვს მნიშვნელობა, ახალგაზრდაა თუ ხანდაზმული, ამას ძალიან განვიცდით, თანაც წლების მანძილზე (იოან. 11:32, 33). ნუთუ ჩვენი მოსიყვარულე შემოქმედი ჩვენში ჩადებდა უსასრულო სიცოცხლის სურვილსა და რესურსს, ჩვენთვის მარადიული სიცოცხლე რომ არ ნდომებოდა?! თუმცა სხვა მიზეზებიც არსებობს, რომლებიც გვარწმუნებს, რომ უსასრულოდ ცხოვრება შესაძლებელია. მოდი განვიხილოთ, რა გააკეთა იეჰოვამ და რას აკეთებს დღეს თავისი თავდაპირველი განზრახვის შესასრულებლად.

მარადიული სიცოცხლის იმედი გვეხმარება, წარმოვიდგინოთ, რას გავაკეთებთ მომავალში (იხილეთ აბზაცი 7). c

ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ ᲒᲐᲜᲖᲠᲐᲮᲕᲐ ᲐᲠ ᲨᲔᲪᲕᲚᲘᲚᲐ

8. რაში გვარწმუნებს ესაიას 55:11?

8 მიუხედავად იმისა, რომ ადამისა და ევას ცოდვის გამო ჩვენ სიკვდილის შვილები გავხდით, იეჰოვას თავის განზრახვაზე უარი არ უთქვამს (წაიკითხეთ ესაიას 55:11). მას კვლავაც სურს, რომ ღვთის მორჩილმა ადამიანებმა მარადიულად იცოცხლონ. ამ დასკვნამდე მივყავართ იმას, რაც იეჰოვამ თქვა და გააკეთა თავისი განზრახვის შესასრულებლად.

9. რას გვპირდება ღმერთი? (დანიელი 12:2, 13).

9 ღმერთი გვპირდება, რომ აღადგენს გარდაცვლილებს და მათ მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობას მისცემს (საქ. 24:15; ტიტ. 1:1, 2). ღვთის ერთგული მსახური იობი დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვას ერთი სული აქვს, აღადგინოს გარდაცვლილები (იობ. 14:14, 15). წინასწარმეტყველმა დანიელმაც იცოდა, რომ ადამიანებს ჰქონდათ მკვდრეთით აღდგომისა და მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა (ფსალმ. 37:29; წაიკითხეთ დანიელის 12:2, 13). იესოს დროს მცხოვრებ ებრაელებსაც სწამდათ, რომ იეჰოვა თავის ერთგულ მსახურებს „მარადიულ სიცოცხლეს“ მისცემდა (ლუკ. 10:25; 18:18). ამაზე იესომაც არაერთხელ გაამახვილა ყურადღება და თავადვე გახდა ამის მაგალითი, როცა ზეციერმა მამამ აღადგინა მკვდრეთით (მათ. 19:29; 22:31, 32; ლუკ. 18:30; იოან. 11:25).

რაში გვარწმუნებს ძველად მომხდარი მკვდრეთით აღდგომის შემთხვევები? (იხილეთ აბზაცი 10).

10. რას ამტკიცებს წარსულში მომხდარი აღდგომის შემთხვევები? (იხილეთ სურათი).

10 იეჰოვამ შექმნა სიცოცხლე და ლოგიკურია, რომ მას მკვდრებისთვის სიცოცხლის დაბრუნების ძალაც შესწევს. ამის ძალა მან წინასწარმეტყველ ელიასაც მისცა, რომელმაც სარეფთელი ქვრივის ვაჟი აღადგინა (1 მეფ. 17:21—23). მოგვიანებით წინასწარმეტყველმა ელისემაც აღადგინა შუნამელი ქალის ვაჟი (2 მეფ. 4:18—20, 34—37). მკვდრეთით აღდგომის ეს თუ სხვა შემთხვევები იმაში გვარწმუნებს, რომ იეჰოვას შესწევს ძალა, სიცოცხლე დაუბრუნოს გარდაცვლილებს. დედამიწაზე იესოც იყენებდა მამისგან ნაბოძებ ამ ძალას (იოან. 11:23—25, 43, 44). ზეცად ამაღლებულ იესოს აქვს „მთელი ძალაუფლება, ზეცაში თუ დედამიწაზე“. ასე რომ, მას შეუძლია, სიცოცხლე დაუბრუნოს „ყველას, ვინც სამარხშია“ და მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა მისცეს (მათ. 28:18; იოან. 5:25—29).

11. როგორ გაგვიხსნა გამოსასყიდმა გზა მარადიული სიცოცხლისკენ?

11 რატომ გაიმეტა იეჰოვამ თავისი ძე მტანჯველი სიკვდილისთვის? ამ კითხვაზე პასუხს თავად იესო გვცემს: „ღმერთმა ქვეყნიერება ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა, რათა ვისაც ის სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“ (იოან. 3:16). როცა იეჰოვამ ჩვენი ცოდვების გამოსასყიდად თავისი ძე გაიღო მსხვერპლად, ამით მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა მოგვცა (მათ. 20:28). მოციქულმა პავლემ ღვთის განზრახვის ეს დეტალი ასე ახსნა: „როგორც ერთმა ადამიანმა მოიტანა სიკვდილი, ასევე ერთი ადამიანის მეშვეობით იქნება მკვდრეთით აღდგომა; როგორც ადამის გამო კვდება ყველა, ისე გაცოცხლდება ყველა ქრისტეს წყალობით“ (1 კორ. 15:21, 22).

12. რა როლს ასრულებს მესიანური სამეფო იეჰოვას განზრახვის შესრულებაში?

12 იესო თავის მიმდევრებს მოუწოდებდა, ღვთის სამეფოს მოსვლასა და მისი ნების შესრულებაზე ელოცათ (მათ. 6:9, 10). ღვთის ნება იმასაც გულისხმობს, რომ დედამიწაზე ადამიანებმა მარადიულად იცხოვრონ. ამ მიზნის მისაღწევად იეჰოვამ თავის ძეს მესიანური სამეფოს მეფობა უბოძა. გარდა ამისა, დედამიწიდან 144 000 ადამიანი აირჩია, რომ იესოსთან ერთად განახორციელონ მისი ეს განზრახვა (გამოცხ. 5:9, 10).

13. რას აკეთებს იეჰოვა და ჩვენ როგორ ვართ ჩართული ამ საქმეში?

13 იეჰოვა ახლა კრებს „უამრავ ხალხს“ და მათ თავისი სამეფოს ღირსეული ქვეშევრდომობისთვის ამზადებს (გამოცხ. 7:9, 10; იაკ. 2:8). დღეს მსოფლიო სიძულვილისა და კონფლიქტების გამოა დაქსაქსული. მაგრამ ისინი, ვისაც იეჰოვა „უამრავ ხალხში“ აერთიანებს, ყველანაირად ცდილობენ, რომ გადალახონ ნებისმიერი ბარიერი, რომელიც ადამიანებს ერთმანეთისგან ყოფს. შეიძლება ითქვას, რომ მათ უკვე დაიწყეს „მახვილებისგან სახნისების“ გამოჭედვა (მიქ. 4:3). ნაცვლად იმისა, რომ შეიარაღებულ კონფლიქტებში მიიღონ მონაწილეობა და სხვებს სიცოცხლე მოუსწრაფონ, ისინი ღმერთსა და მის განზრახვებს აცნობენ ხალხს, რათა მათაც მიეცეთ „ჭეშმარიტი სიცოცხლის“ იმედი (1 ტიმ. 6:19). ღვთის სამეფოს მხარდამჭერები შეიძლება ოჯახის წევრების მხრიდან წინააღმდეგობას შეხვდნენ ან ფინანსური ზარალი განიცადონ, თუმცა იეჰოვა მათ მზრუნველობის გარეშე არ დატოვებს (მათ. 6:25, 30—33; ლუკ. 18:29, 30). ეს ყველაფერი იმაში გვარწმუნებს, რომ ღვთის სამეფო რეალურია და ბოლომდე შეასხამს ხორცს ღვთის განზრახვას.

ᲬᲘᲜ ᲨᲔᲡᲐᲜᲘᲨᲜᲐᲕᲘ ᲛᲝᲛᲐᲕᲐᲚᲘ ᲒᲕᲔᲚᲘᲡ

14, 15. როგორ შესრულდება ღვთის განზრახვა და როგორ მოეღება სიკვდილს ბოლო?

14 იესო უკვე მეფობს ზეცაში და მალე სისრულეში მოიყვანს ღვთის ყველა დანაპირებს (2 კორ. 1:20). 1914 წლიდან მოყოლებული იესო ბატონობს თავის მტრებზე (ფსალმ. 110:1, 2). მალე ის თავის თანამმართველებთან ერთად საბოლოო გამარჯვებას მოიპოვებს და მოსპობს ბოროტებს (გამოცხ. 6:2).

15 იესოს ათასწლიანი მმართველობის დროს მკვდრები აღდგებიან და ყველა, ვინც ღვთის მითითებებს დაემორჩილება, გასრულყოფილდება. საბოლოო გამოცდის შემდეგ ისინი, ვისაც იეჰოვა მართლებად ჩათვლის, „დაიმკვიდრებენ დედამიწას და მარადიულად იცხოვრებენ მასზე“ (ფსალმ. 37:10, 11, 29). ეს კი იმას ნიშნავს, რომ „უკანასკნელ მტერსაც“, სიკვდილსაც ბოლო მოეღება (1 კორ. 15:26).

16. უპირველესად რა უნდა აღგვძრავდეს იეჰოვას მსახურებისკენ?

16 როგორც დავინახეთ, სწორედ ბიბლია გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ მარადიული სიცოცხლე შესაძლებელია. ეს იმედი გვეხმარება, რომ ძნელად ასატან ბოლო დღეებში ღვთის ერთგულები დავრჩეთ. გვინდა, იეჰოვასა და იესოს მხოლოდ მარადიული სიცოცხლის გამო კი არ ვუერთგულოთ, არამედ სიყვარულის გამო (2 კორ. 5:14, 15). ეს სიყვარული გვიბიძგებს, რომ მივბაძოთ მათ და ხალხს ჩვენი იმედი გავუზიაროთ (რომ. 10:13—15). იეჰოვა მარადიულად იმეგობრებს ჩვენთან, თუ უანგაროები და ხელგაშლილები ვიქნებით (ებრ. 13:16).

17. რა არჩევანი უნდა გავაკეთოთ თითოეულმა? (მათე 7:13, 14).

17 იეჰოვამ ყველას გაუხსნა მარადიული სიცოცხლისკენ მიმავალი გზა. ახლა ჩვენზეა დამოკიდებული, ბოლომდე მივყვებით თუ არა ამ გზას (წაიკითხეთ მათეს 7:13, 14). როგორი იქნება მარადიული სიცოცხლე? ამაზე შემდეგ სტატიაში ვიმსჯელებთ.

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 141 სიცოცხლის სასწაული

a გაქვთ მარადიულად ცხოვრების იმედი? იეჰოვა გვპირდება, რომ ერთ დღესაც სიკვდილი ძალას დაკარგავს. ამ სტატიაში ვისაუბრებთ რამდენიმე მიზეზზე, თუ რატომ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული, რომ იეჰოვა შეასრულებს თავის დანაპირებს.

c ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: ხანდაზმული ძმა თავს ახალ ქვეყნიერებაში წარმოიდგენს სხვადასხვა სიტუაციაში.