არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მზად ხართ, დაიმკვიდროთ დედამიწა?

მზად ხართ, დაიმკვიდროთ დედამიწა?

ᲩᲕᲔᲜ მოუთმენლად ველით იესოს შემდეგი დაპირების შესრულებას: „ბედნიერნი არიან რბილი ხასიათისანი, რადგან ისინი დაიმკვიდრებენ დედამიწას“ (მათ. 5:5). ცხებული ქრისტიანები იმ გაგებით დაიმკვიდრებენ დედამიწას, რომ ზეციდან ქრისტესთან ერთად უხელმძღვანელებენ დედამიწის მკვიდრთ (გამოცხ. 5:10; 20:6). ქრისტიანთა უმეტესობას იმის იმედი აქვს, რომ დედამიწაზე იცხოვრებს მარადიულად სრულყოფილ, მშვიდობიან და ბედნიერ გარემოში. მათაც უნდა შეიტანონ თავიანთი წვლილი ასეთი გარემოს შექმნაში. მაგალითად, მათ მოუწევთ სამოთხედ გადააქციონ დედამიწა, იზრუნონ მკვდრეთით აღმდგრებზე და ასწავლონ მათ. დღეს როგორ ვაჩვენოთ, რომ ნამდვილად გვსურს ამ ყველაფერში მონაწილეობის მიღება?

ᲛᲖᲐᲓ ᲮᲐᲠᲗ ᲗᲥᲕᲔᲜᲘ ᲬᲕᲚᲘᲚᲘ ᲨᲔᲘᲢᲐᲜᲝᲗ ᲓᲔᲓᲐᲛᲘᲬᲘᲡ ᲡᲐᲛᲝᲗᲮᲔᲓ ᲒᲐᲓᲐᲥᲪᲔᲕᲐᲨᲘ?

იეჰოვამ პირველ წყვილს ასეთი დავალება მისცა: „აავსეთ დედამიწა [და] დაეპატრონეთ მას“. ღმერთმა ამით მიანიშნა, რომ საბოლოოდ მთელი დედამიწა ერთ დიდ სამოთხედ გადაიქცეოდა (დაბ. 1:28). ეს დავალება მათაც შეეხება, ვინც მომავალში დაიმკვიდრებს დედამიწას. როგორც ვიცით, ედემის ბაღი კარგა ხანია აღარ არსებობს. ამიტომ ყველაფრის თავიდან დაწყება მოგვიწევს. თუ გავითვალისწინებთ, დღეს რა მდგომარეობაშია დედამიწა, წინ შრომატევადი საქმე გველის.

ეს რაღაცით იმას მოგვაგონებს, რისი გაკეთებაც ბაბილონიდან სამშობლოში დაბრუნებულ ისრაელებს მოუწიათ. მათი მიწა 70 წელი იყო გაპარტახებული. თუმცა ესაიამ იწინასწარმეტყველა, რომ იეჰოვას დახმარებით ისინი პირვანდელ სახეს დაუბრუნებდნენ მას. წინასწარმეტყველებაში ნათქვამი იყო: „უდაბნოს ედემს დაამსგავსებს და უკაცრიელ ველს — იეჰოვას ბაღს“ (ეს. 51:3). ეს წინასწარმეტყველება ზედმიწევნით შესრულდა. მსგავსად ამისა, იეჰოვას დახმარებით ისინი, ვინც დედამიწას დაიმკვიდრებენ, სამოთხედ გადააქცევენ მას. დღეს რით შეგიძლიათ აჩვენოთ, რომ ნამდვილად გსურთ ამ საქმეში მონაწილეობა?

ერთ-ერთი მხარე ისაა, თუ შეეცდებით, რომ თქვენი კარ-მიდამო სუფთა და მოწესრიგებული იყოს. მნიშვნელობა არა აქვს, რა დამოკიდებულება აქვთ თქვენს მეზობლებს სისუფთავის მიმართ. გარდა ამისა, შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ ჩვენი დარბაზების მოვლა-პატრონობაში. აგრეთვე, თუ მდგომარეობა საშუალებას გაძლევთ, შეგიძლიათ დაეხმაროთ სტიქიით დაზარალებულებს. ეს იმის მაჩვენებელი იქნება, რომ მზად ხართ სხვების დასახმარებლად. ჰკითხეთ საკუთარ თავს: რა უნარ-ჩვევები შემიძლია შევიძინო დღესვე, რომლებიც მომავალშიც გამომადგება, როცა დედამიწას დავიმკვიდრებ?

ᲛᲖᲐᲓ ᲮᲐᲠᲗ, ᲘᲖᲠᲣᲜᲝᲗ ᲛᲙᲕᲓᲠᲔᲗᲘᲗ ᲐᲦᲛᲓᲒᲠᲔᲑᲖᲔ?

როგორც კი იაიროსის ქალიშვილი აღადგინა, იესომ მშობლებს უთხრა, რომ „გოგონასთვის საჭმელი მიეცათ“ (მარ. 5:42, 43). ერთი ბავშვის დაპურება რთული საქმე არ იქნებოდა, მაგრამ წარმოიდგინეთ, რამდენ ადამიანზე მოგვიწევს ზრუნვა, როცა იესო შეასრულებს თავის დანაპირებს და „ყველა, ვინც სამარხშია, მის ხმას მოისმენს და აღდგება“ (იოან. 5:28, 29). ბიბლია ამასთან დაკავშირებით ბევრ დეტალს არ გვიმხელს, მაგრამ ფაქტია, მკვდრეთით აღმდგრებს საკვებიც დასჭირდებათ, ტანსაცმელიც და საცხოვრებელიც. დღეს საიდან გამოჩნდება, რომ ნამდვილად გაქვთ სხვების დახმარების სურვილი? ამაში მომდევნო კითხვებზე დაფიქრება დაგეხმარებათ.

როგორ უნდა აჩვენოთ დღესვე, რომ მზად ხართ, დაიმკვიდროთ დედამიწა?

როცა თქვენს კრებაში სარაიონო ზედამხედველი მოდის, ეპატიჟებით სადილზე? როცა ბეთელელს ველზე ნიშნავენ ან სარაიონო ზედამხედველი წყვეტს მიმოსვლით მსახურებას, ეხმარებით მათ საცხოვრებლის მოძებნაში? როცა თქვენს ქვეყანაში რეგიონული ან სპეციალური კონგრესი ტარდება, გიჩნდებათ სურვილი, მონაწილეობა მიიღოთ კონგრესამდე თუ კონგრესის შემდგომ შესასრულებელ სამუშაოებში ან შეხვდეთ ჩამოსულ დელეგატებს?

ᲛᲖᲐᲓ ᲮᲐᲠᲗ, ᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝᲗ ᲛᲙᲕᲓᲠᲔᲗᲘᲗ ᲐᲦᲛᲓᲒᲠᲔᲑᲡ?

საქმეების 24:15-ის თანახმად ჩვენ ვიცით, რომ მილიონობით ადამიანს სიცოცხლე დაუბრუნდება. მათ შორის ბევრი იქნება ისეთი, ვისაც სიცოცხლეში არ მისცემია იეჰოვას გაცნობის საშუალება. ამის შესაძლებლობა მათ მკვდრეთით აღდგომის შემდეგ მიეცემათ, რაშიც ღვთის ერთგული მსახურები დაეხმარებიან (ეს. 11:9). a შარლოტა, რომელიც მსახურობდა ევროპაში, სამხრეთ ამერიკაში და აფრიკაში, მოუთმენლად ელის ამ დროს. ის ამბობს: „ერთი სული მაქვს, როდის მომეცემა მკვდრეთით აღმდგრებთან იეჰოვაზე საუბრის საშუალება. როცა წარსულში მცხოვრები რომელიმე ადამიანის ისტორიას ვკითხულობ, ხშირად ვფიქრობ, ამ ადამიანს რომ იეჰოვა ცნობოდა, მისი ცხოვრება სულ სხვანაირი იქნებოდა. ძალიან მინდა შევხვდე ამ ადამიანებს და ვუთხრა, რამდენი რამ გაუშვეს ხელიდან“.

იმ ღვთის ერთგულ მსახურებსაც, რომლებიც იესოს დედამიწაზე მოსვლამდე ცხოვრობდნენ, ბევრი ექნებათ სასწავლი. წარმოიდგინეთ, რა საინტერესო იქნება დანიელისთვის იმ წინასწარმეტყველებების ახსნა, რომლებიც თავად დაწერა, მაგრამ იმ დროს არ ესმოდა (დან. 12:8). ან რუთისა და ნაომისთვის იმის თქმა, თუ რა როლი ითამაშა მათმა ოჯახმა მესიის მოსვლაში. უდიდეს სიხარულს მოგვგვრის გლობალურ სამქადაგებლო საქმიანობაში მონაწილეობა, როცა აღარ იარსებებს ის ხელისშემშლელი ფაქტორები, რომლებიც დღეს ამ ბოროტ ქვეყნიერებაში არსებობს.

როგორ შეგიძლიათ დღეს აჩვენოთ, რომ გსურთ, მომავალში მონაწილეობა მიიღოთ გლობალურ საგანმანათლებლო საქმეში? ერთ-ერთი ისაა, რომ დაიხვეწოთ როგორც მქადაგებლები და რეგულარულად მიიღოთ მონაწილეობა სამქადაგებლო საქმეში (მათ. 24:14). შეიძლება ასაკი ან სხვა გარემოებები გზღუდავთ, მაგრამ თქვენი მზადყოფნით და მონდომებით აჩვენებთ, რომ მზად ხართ, მომავალში ასწავლოთ მკვდრეთით აღმდგრებს.

მოუთმენლად ელით იმ დროს, როცა დაიმკვიდრებთ დედამიწას? ერთი სული გაქვთ, რომ სამოთხედ გადააქციოთ დედამიწა, იზრუნოთ მკვდრეთით აღმდგრებზე და ასწავლოთ მათ? თუ ამ კითხვებზე თქვენი პასუხი დადებითია, დღესვე გაიწაფეთ იმ საქმეებში, რომელთა კეთება მაშინაც მოგიწევთ, როცა დედამიწას დაიმკვიდრებთ.

a იხილეთ 2022 წლის სექტემბრის „საგუშაგო კოშკი“, სტატია „მრავალთა სიმართლემდე მიმყვანნი“.