არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

გაზვიადებული ხომ არ იყო დავითის სიტყვები, რომლებიც ფსალმუნის 61:8-ში იეჰოვაზე თქვა: „მარადიულად ვუგალობებ შენს სახელს“?

არა. დავითს შეეძლო ეს სიტყვები მართებულად ეთქვა.

აი, რას წერდა დავითი ამ და სხვა მსგავს მუხლებში: „მარადიულად ვუგალობებ შენს სახელს და ყოველდღიურად შევასრულებ ჩემს აღთქმებს“; „მთელი გულით გასხამ ხოტბას, იეჰოვა, ჩემო ღმერთო, და მარადიულად განვადიდებ შენს სახელს“; „განვადიდებ შენს სახელს სამარადისოდ, მარადიულად“ (ფსალმ. 61:8; 86:12; 145:1, 2).

დავითს ამ სიტყვებში ის არ უგულისხმია, რომ არასდროს მოკვდებოდა. მან კარგად იცოდა, რომ ადამიანი ცოდვის გამო კვდება, და თვითონაც ცოდვილი იყო (დაბ. 3:3, 17—19; ფსალმ. 51:4, 5). მისთვის ისიც ცნობილი ფაქტი იყო, რომ ღვთის ისეთი ერთგული მსახურებიც კი, როგორებიც იყვნენ აბრაამი, ისაკი და იაკობი, ყველანი დაიხოცნენ. დავითი იმასაც აცნობიერებდა, რომ ადრე თუ გვიან მასაც მოუწევდა სიცოცხლესთან გამოთხოვება (ფსალმ. 37:25; 39:4). მაშასადამე, ფსალმუნის 61:8-ში ჩაწერილი სიტყვებით დავითმა იმის ძლიერი სურვილი გამოხატა, რომ სიცოცხლის ბოლომდე განედიდებინა ღვთის სახელი (2 სამ. 7:12).

ზოგიერთი ფსალმუნი დავითის ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდს უკავშირდება, რაც კარგად ჩანს მე-18, 51-ე და 52-ე ფსალმუნების ეპიგრაფებიდან. 23-ე ფსალმუნში დავითი იეჰოვას მწყემსს ადარებს, რომელიც ზრუნავს თავის ცხვარზე, მიუძღვის და იცავს მას. დავითი თავადაც ასეთი მწყემსი იყო. მას სურდა, მთელი თავისი სიცოცხლე იეჰოვასთვის ემსახურა (ფსალმ. 23:6).

უნდა გვახსოვდეს, რომ დავითი ყველაფერს ღვთის შთაგონებით წერდა. აქედან ბევრ რამეს წინასწარმეტყველური მნიშვნელობა ჰქონდა. მაგალითად, 110-ე ფსალმუნში დავითი აღწერს იმ დროს, როცა მისი უფალი ღვთის მარჯვნივ დაჯდებოდა ზეცაში და დიდ ძალაუფლებას მიიღებდა, რათა დაემორჩილებინა ღვთის მტრები და განაჩენი აღესრულებინა ხალხებზე. სწორედ დავითი გახდა მესიის წინაპარი, რომელიც ზეცაში ტახტზე დაჯდა და რომელზეც შესრულდება სიტყვები: „მარადიულად შენ ხარ მღვდელი“ (ფსალმ. 110:1—6). მოგვიანებით იესომ დაადასტურა, რომ ფსალმუნის 110-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება მას ეხებოდა და მომავალში შესრულდებოდა (მათ. 22:41—45).

ასე რომ, დავითი ღვთის შთაგონებით საუბრობდა როგორც აწმყოზე, ისე მომავალზე, როცა მკვდრეთით აღდგებოდა და იეჰოვას მარადიულად განდიდების შესაძლებლობა მიეცემოდა. აქედან გამომდინარე, ფსალმუნის 37:10, 11, 29-ში ჩაწერილი სიტყვებიც ორ სხვადასხვა დროს ეხება. თავდაპირველად ეს სიტყვები მხოლოდ ძველ ისრაელზე შესრულდა, ხოლო მომავალში გლობალურად შესრულდება, როცა ღმერთი სისრულეში მოიყვანს თავის განზრახვას (ამავე ნომერში იხილეთ სტატია „ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში“, აბზაცი 8).

მაშასადამე, ფსალმუნის 61:8-სა და მსგავს მუხლებში გამოხატულია დავითის ძლიერი სურვილი, რომ სიცოცხლის ბოლომდე განედიდებინა იეჰოვა. ეს მუხლები იმაზეც მიანიშნებს, თუ რისი შესაძლებლობა მიეცემა დავითს მომავალში, როცა იეჰოვა მას სიცოცხლეს დაუბრუნებს.