არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 51

როგორ ვპოვოთ შინაგანი სიმშვიდე რთულ სიტუაციებში?

როგორ ვპოვოთ შინაგანი სიმშვიდე რთულ სიტუაციებში?

„ნურც აფორიაქდებით და ნურც შიში შეგიპყრობთ“ (ᲘᲝᲐᲜ. 14:27).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 112 იეჰოვა, მშვიდობის ღმერთი

ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘ a

1. რა არის „ღვთის მშვიდობა“ და რა მოაქვს მას ჩვენთვის? (ფილიპელები 4:6, 7).

 ᲐᲠᲡᲔᲑᲝᲑᲡ მშვიდობა, რომლის შესახებაც ამ ქვეყნიერებას წარმოდგენაც კი არ აქვს. ეს არის „ღვთის მშვიდობა“, ანუ შინაგანი სიმშვიდე, რომელიც ჩვენს ზეციერ მამასთან, „მშვიდობის ღმერთთან“ ახლო ურთიერთობის შედეგად გვეუფლება (1 თეს. 5:23). ღვთის მშვიდობა თავს უსაფრთხოდ გვაგრძნობინებს (წაიკითხეთ ფილიპელების 4:6, 7). ეს მშვიდობა მათთანაც გვაახლოებს, ვისაც ჩვენ მსგავსად ღმერთი უყვარს. როცა ვეცნობით, ვენდობით და ვემორჩილებით ჩვენს მამას, „ღვთის მშვიდობა“ გვეუფლება, თუნდაც რთულ სიტუაციაში ვიყოთ.

2. რამდენად რეალურია, რომ არ დავკარგოთ ღვთის მშვიდობა?

2 შესაძლებელია, რომ ღვთის მშვიდობა დაგვეუფლოს ეპიდემიის, სტიქიის, სამოქალაქო არეულობის ან დევნის დროს? ჩვეულებრივ, ადამიანს ასეთ დროს შიში იპყრობს. მაგრამ საინტერესოა, რა ურჩია იესომ თავის მოწაფეებს: „ნურც აფორიაქდებით და ნურც შიში შეგიპყრობთ“ (იოან. 14:27). მრავალმა და-ძმამ გაითვალისწინა იესოს ეს რჩევა. იეჰოვას დახმარებით მათ ღვთის მშვიდობა არ დაუკარგავთ ურთულეს სიტუაციებშიც კი.

ᲦᲕᲗᲘᲡ ᲛᲨᲕᲘᲓᲝᲑᲐ ᲔᲞᲘᲓᲔᲛᲘᲘᲡ ᲓᲠᲝᲡ

3. როგორ შეიძლება დაგვირღვიოს სიმშვიდე ეპიდემიამ?

3 ეპიდემიამ შეიძლება რადიკალურად შეცვალოს ჩვენი ცხოვრება. მაგალითად, ერთი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა ნახევარზე მეტს კოვიდ-19 პანდემიის გამო ძილის პრობლემები შეექმნა. ბევრს დაეწყო შფოთვა და დეპრესია. მკვეთრად მოიმატა ოჯახში ძალადობამ, თვითმკვლელობის მცდელობებმა; ხალხი უფრო მეტად მიეძალა ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს. თუ თქვენს ქვეყანაშიც მძვინვარებს ეპიდემია, რა უნდა გააკეთოთ, რომ საკუთარ თავზე იგრძნოთ ღვთის მშვიდობა?

4. რატომ გვამშვიდებს იმის ცოდნა, თუ რა იწინასწარმეტყველა იესომ ბოლო დღეებთან დაკავშირებით?

4 იესომ იწინასწარმეტყველა, რომ ბოლო დღეებში იქნებოდა ეპიდემიები „ხან ერთ და ხან მეორე ადგილას“ (ლუკ. 21:11). რატომ გვამშვიდებს ამის ცოდნა? იმიტომ, რომ ვიცით, ყველაფერი ისე ხდება, როგორც იესომ იწინასწარმეტყველა. ამიტომ გვინდა, ისიც გავითვალისწინოთ, რაც იესომ ბოლო დღეებში მცხოვრებთ გვირჩია: „ნუ შეშინდებით“ (მათ. 24:6).

ბიბლიის აუდიოჩანაწერების მოსმენა დაგეხმარებათ შინაგანი სიმშვიდის შენარჩუნებაში (იხილეთ აბზაცი 5).

5. ა) რაზე უნდა ვილოცოთ, როცა ეპიდემიას ვუმკლავდებით? (ფილიპელები 4:8, 9). ბ) რა მხრივ დაგეხმარებათ ბიბლიის აუდიოჩანაწერების მოსმენა?

5 ეპიდემია გაურკვევლობისა და შიშის განცდას იწვევს. აი, რა შეემთხვა ერთ დას, დეზის b. მისი ბიძა, ბიძაშვილი და მათი მკურნალი ექიმი ᲙᲝᲕᲘᲓ-19-ით გარდაიცვალნენ. დეზის იმის შიში გაუჩნდა, თავადაც ხომ არ დაინფიცირდა და ასაკოვან დედასაც რამე ხომ არ გადასდო. პანდემიის გამო კინაღამ სამსახურიც დაკარგა. ამიტომ იმაზეც ეფიქრებოდა, როგორ უნდა ერჩინა თავი და გადაეხადა გადასახადები. ფიქრისა და დარდისგან ღამე ძილიც კი გაუკრთა. ყველაფრის მიუხედავად, დეზიმ დაიბრუნა შინაგანი სიმშვიდე. ის კონკრეტულად სთხოვდა იეჰოვას ლოცვაში, რომ სიმშვიდე მიეცა მისთვის და უარყოფითი ფიქრები მოეშორებინა (წაიკითხეთ ფილიპელების 4:8, 9). დეზისთვის იეჰოვას პასუხი ბიბლიის აუდიოჩანაწერების მოსმენა აღმოჩნდა. როგორც ის ამბობს, მკითხველის სასიამოვნო ხმა მას ამშვიდებდა და იეჰოვას მზრუნველობაში არწმუნებდა (ფსალმ. 94:19).

6. რაში გვეხმარება პირადი შესწავლა და კრების შეხვედრები?

6 ფაქტია, რომ ეპიდემია გვირღვევს ცხოვრების ჩვეულ რიტმს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საერთოდ ხელი ავიღოთ პირად შესწავლაზე და კრების შეხვედრებზე. პუბლიკაციებში მოთხრობილი თუ ვიდეორგოლებში ნაჩვენები ჩვენი და-ძმების ისტორიებიდან ვიგებთ, რომ მსგავს სიტუაციებში ისინი არ კარგავენ მხნეობას და კვლავ შემართებით ემსახურებიან იეჰოვას (1 პეტ. 5:9). კრების შეხვედრები გვეხმარება, რომ ბიბლიური აზრებით გავმხნევდეთ და სხვებიც გავამხნეოთ (რომ. 1:11, 12). თუ ყოველთვის გვემახსოვრება, როგორ ედგა იეჰოვა მხარში თავის მსახურებს ავადმყოფობის, შიშისა თუ სიმარტოვის დროს, რწმენა განგვიმტკიცდება და ეჭვი არ შეგვეპარება, რომ იეჰოვა არც ჩვენ მიგვატოვებს.

7. რას ვსწავლობთ მოციქულ იოანესგან?

7 არ გაწყვიტოთ კონტაქტი და-ძმებთან. ეპიდემიის დროს ფიზიკური დისტანციის დაცვა მოგვეთხოვება, რაც და-ძმებთან ჩვენს ურთიერთობაზეც აისახება. ასეთ დროს თავს შეიძლება იოანე მოციქულივით ვგრძნობთ, რომელსაც თავისი მეგობრის, გაიუსის პირისპირ ნახვა სურდა (3 იოან. 13, 14). რახან ეს ვერ შეძლო, ადგა და წერილი მისწერა. თუ თქვენც არ შეგიძლიათ და-ძმების პირადად ნახვა, დაურეკეთ ან ტექსტური შეტყობინება მისწერეთ. თუ არ გაწყვეტთ თანაქრისტიანებთან კონტაქტს, თავს უფრო დაცულად და მშვიდად იგრძნობთ. თუ ძალიან დათრგუნული ხართ, შეეხმიანეთ უხუცესებს და საშუალება მიეცით, რომ გაგამხნეონ (ეს. 32:1, 2).

ᲦᲕᲗᲘᲡ ᲛᲨᲕᲘᲓᲝᲑᲐ ᲡᲢᲘᲥᲘᲣᲠᲘ ᲣᲑᲔᲓᲣᲠᲔᲑᲘᲡ ᲓᲠᲝᲡ

8. როგორ გვირღვევს სიმშვიდეს სტიქიური უბედურებები?

8 თუ საკუთარ თავზე გამოგიცდიათ წყალდიდობა, მიწისძვრა ან ხანძარი, ალბათ კარგად გესმით, რამხელა ემოციურ კვალს ტოვებს ეს გამოცდილება ადამიანზე. თუ ამ დროს ახლობელი დაკარგეთ ან მატერიალურად დაზარალდით, სავსებით ბუნებრივია, თუ დარდობთ, უიმედობა გეუფლებათ ან ბრაზი გერევათ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქონებას მისტირით ან რწმენა გაკლიათ. თქვენ სიტუაციაში მსგავსი რეაქცია მოსალოდნელია და არც სხვებისთვის იქნება ეს გასაკვირი (იობ. 1:11). ამ მძიმე გამოცდილების მიუხედავად თქვენ შეგიძლიათ სიმშვიდის შენარჩუნება. როგორ?

9. რის შესახებ გაგვაფრთხილა იესომ და რაში გვეხმარება ამის ცოდნა?

9 დღეს ბევრს ჰგონია, რომ სტიქია მას არ შეეხება, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ იესოს წინასწარმეტყველების თანახმად ასეთი მოვლენები უნდა გახშირებულიყო. შესაბამისად მათგან არავინ ვართ დაზღვეული. იესომ თავისი მიმდევრები გააფრთხილა, რომ აღსასრულამდე „დიდი მიწისძვრები“ თუ სხვა სტიქიური უბედურებები მოხდებოდა (ლუკ. 21:11). მან „უკანონობის გამრავლებაც“ იწინასწარმეტყველა. ამაზე მოწმობს გახშირებული დამნაშავეობა, ძალადობა და ტერორისტული თავდასხმები (მათ. 24:12). იესოს არ უთქვამს, რომ მსგავსი მოვლენები ღვთის მსახურებს არ შეეხებოდათ. სამწუხაროდ, სტიქიურმა უბედურებებმა იეჰოვას ბევრი მსახურიც დააზარალა (ეს. 57:1; 2 კორ. 11:25). ღმერთმა შეიძლება სასწაულებრივად არ დაგვიცვას ყველანაირი უბედურებისგან, მაგრამ მხარში ამოგვიდგება და შინაგან სიმშვიდეს მოგვცემს.

10. რატომ არის საგანგებო სიტუაციებისთვის წინასწარ მომზადება რწმენის მაჩვენებელი? (იგავები 22:3).

10 საგანგებო სიტუაციებისთვის წინასწარ მომზადება სიმშვიდის შენარჩუნებაში დაგვეხმარება. თუ წინასწარ ვემზადებით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რწმენა გვაკლია. პირიქით, ეს ჩვენი რწმენის მაჩვენებელია, რადგან ამგვარად ვითვალისწინებთ ბიბლიურ რჩევას (წაიკითხეთ იგავების 22:3). ღვთის ორგანიზაციისგან არაერთხელ მივიღეთ მითითებები, რომ წინასწარ მოვემზადოთ საგანგებო სიტუაციებისთვის. c თუ ვენდობით იეჰოვას, დღესვე გავითვალისწინებთ რჩევას და მომზადებული შევხვდებით მოსალოდნელ სირთულეებს.

წინასწარ მოემზადეთ სტიქიური უბედურებისთვის (იხილეთ აბზაცი 11). d

11. რას გვასწავლის მარგარეტის შემთხვევა?

11 ვნახოთ, რა შეემთხვა ერთ დას, მარგარეტს. მის ქალაქში გაჩენილი ხანძრის გამო მას ევაკუაცია მოსთხოვეს. ერთბაშად იმდენი ხალხი გარბოდა, რომ გზები ჩაიკეტა. კვამლის გამო სუნთქვა ჭირდა. ამიტომ მარგარეტი მანქანაში იჯდა და ვერ გადაადგილდებოდა. მაგრამ მას თან ჰქონდა რუკა, გარდა ამისა, წინასწარ ჰქონდა გავლილი გზა, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში საევაკუაციოდ გამოიყენებდა. მარგარეტმა სწორედ ამ გზით დააღწია თავი ხანძარს და ეს იმიტომ, რომ წინასწარ იყო მომზადებული.

12. რატომ უნდა გავითვალისწინოთ უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებული მითითებები?

12 უსაფრთხოების მიზნით მთავრობამ შეიძლება დაგვიწესოს კომენდანტის საათი, მოგვთხოვოს ევაკუაცია ან მოგვცეს სხვა სახის მითითებები. ზოგი ფეხს ითრევს და არ ემორჩილება მიღებულ მითითებებს, რადგან ქონებას ვერ ელევა. მაგრამ რისი გაკეთება მოგვეთხოვება ქრისტიანებს? ბიბლია მოგვიწოდებს: „უფლის გულისთვის დაემორჩილეთ კაცთა მიერ დამყარებულ ხელისუფლებას: მეფეს, როგორც უმაღლეს მმართველს, და გამგებლებს, როგორც მისგან უფლებამოსილთ“ (1 პეტ. 2:13, 14). ჩვენი უსაფრთხოებისთვის მითითებებს ღვთის ორგანიზაციაც გვაძლევს. ხშირად შეგვახსენებენ, რომ საკონტაქტო ინფორმაცია მივაწოდოთ უხუცესებს, რათა საგანგებო სიტუაციების დროს მათ შეძლონ ჩვენთან დაკავშირება. თქვენმა უხუცესებმა თუ იციან, როგორ დაგიკავშირდნენ? ძმებმა შეიძლება გვთხოვონ, რომ საგანგებო სიტუაციის დროს ადგილზე დავრჩეთ ან მოვახდინოთ ევაკუაცია. შეიძლება მითითებები მოგვცენ, როგორ მივიღოთ ჰუმანიტარული დახმარება ან რა გავაკეთოთ სხვებისთვის. მითითებების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში შეიძლება საფრთხეში ჩავაგდოთ საკუთარი ან უხუცესების სიცოცხლე. გვახსოვდეს, რომ ეს ძმები მუდამ ზრუნავენ ჩვენზე (ებრ. 13:17). აი, რას ამბობს მარგარეტი: „მჯერა, რომ უხუცესებისა და ორგანიზაციისგან მიღებული მითითებების წყალობით გადავრჩი“.

13. როგორ ინარჩუნებენ სიხარულსა და სიმშვიდეს ის ქრისტიანები, რომლებსაც სახლ-კარის დატოვება მოუწიათ?

13 მრავალი და-ძმა, რომლებსაც სტიქიის, ომისა თუ სამოქალაქო არეულობის გამო მოუწია სახლ-კარის დატოვება, ყველანაირად ცდილობს, შეეგუოს ცვლილებებს და არ მოწყდეს სულიერ საქმეებს. პირველ საუკუნეში მცხოვრები ქრისტიანების მსგავსად, რომლებიც დევნის გამო გაიფანტნენ, ისინიც ახარებენ ღვთის სიტყვას (საქ. 8:4). ქადაგება ეხმარება მათ, რომ ღვთის სამეფოზე იყვნენ კონცენტრირებული და არა საკუთარ პრობლემებზე. ამგვარად სიხარულსა და სიმშვიდეს არ კარგავენ.

ᲦᲕᲗᲘᲡ ᲛᲨᲕᲘᲓᲝᲑᲐ ᲓᲔᲕᲜᲘᲡ ᲓᲠᲝᲡ

14. როგორ შეიძლება იმოქმედოს დევნამ ჩვენზე?

14 დევნა გვზღუდავს და ბევრი ისეთი რამის კეთების საშუალებას არ გვაძლევს, რაც სიმშვიდეს გვგვრის. ჩვენ ბედნიერები ვართ, როცა შეგვიძლია შევიკრიბოთ, ვიქადაგოთ თუ სხვა საქმეები ვაკეთოთ ისე, რომ დაპატიმრების შიში არ გვქონდეს. მაგრამ როცა გვზღუდავენ, ვნერვიულობთ და გაურკვევლობის განცდა გვეუფლება, რაც სავსებით ნორმალურია. მაგრამ სიფრთხილე გვმართებს, რადგან იესოს სიტყვების თანახმად, მისი ზოგიერთი მიმდევარი დევნის გამო დაბრკოლდებოდა (იოან. 16:1, 2). მაშ, როგორ შევინარჩუნოთ სიმშვიდე დევნის დროს?

15. რატომ არ უნდა შეგვაშინოს დევნამ? (იოანე 15:20; 16:33).

15 ღვთის სიტყვა გვაფრთხილებს: „ყველა, ვისაც სურს, ქრისტეს მოწაფე იყოს და ღმერთს უერთგულოს, დევნილი იქნება“ (2 ტიმ. 3:12). ერთ ძმას, ანდრეის, გაუჭირდა ამ აზრთან შეგუება მას შემდეგ, რაც მის ქვეყანაში ჩვენი საქმიანობა აიკრძალა. ის ასე მსჯელობდა, ჩვენს ქვეყანაში მოწმეები ძალიან ბევრნი ვართ და ყველას როგორ დაგვიჭერენო. მაგრამ ასეთმა ფიქრებმა კი არ დაამშვიდა, პირიქით, მოსვენება დაუკარგა. სხვა ძმები ბოლომდე მიენდნენ იეჰოვას და შეეგუვნენ იმ აზრს, რომ ერთ დღეს შეიძლება ისინიც დაეპატიმრებინათ. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ისინი ანდრეიზე ბევრად უფრო მშვიდად გრძნობდნენ თავს. ანდრეი მიხვდა, რომ ამ ძმებისთვის უნდა მიებაძა და ბოლომდე მინდობოდა იეჰოვას. მან მალევე იგრძნო შვება. მართალია, სირთულეებს დღესაც ხვდება, მაგრამ სიხარულს არ კარგავს. ეს ჩვენთვისაც საყურადღებოა. იესომ გაგვაფრთხილა, რომ დევნას შევხვდებოდით, მაგრამ იმაშიც დაგვარწმუნა, რომ დევნის მიუხედავად შევძლებდით ღვთის ერთგულების შენარჩუნებას (წაიკითხეთ იოანეს 15:20; 16:33).

16. რა მითითებებს უნდა მივყვეთ დევნის დროს?

16 როცა ჩვენი საქმიანობა იკრძალება ან მკაცრად იზღუდება, შეიძლება მითითებები მივიღოთ ფილიალისგან ან უხუცესებისგან. ეს მითითებები ჩვენს უსაფრთხოებას ემსახურება, რომ არ მოგვაკლდეს სულიერი საზრდო და შეძლებისდაგვარად გავაგრძელოთ ქადაგება. ყველანაირად ეცადეთ, რომ მიჰყვეთ ამ მითითებებს მაშინაც კი, თუ ბოლომდე არ გესმით (იაკ. 3:17). ნურასდროს გაუმხელთ ინფორმაციას და-ძმებზე და კრების საქმიანობის შესახებ მათ, ვისაც ამის ცოდნის უფლება არა აქვს (ეკლ. 3:7).

რა დაგეხმარებათ, რომ სიმშვიდე არ დაკარგოთ რთულ სიტუაციებში? (იხილეთ აბზაცი 17). e

17. მოციქულების მსგავსად, რა უნდა გვქონდეს გადაწყვეტილი?

17 ჩვენ „იესოს შესახებ ქადაგების საქმე“ გვაკისრია. სწორედ ესაა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც სატანა გვებრძვის (გამოცხ. 12:17). ნუ შეუშინდებით სატანასა და მის ქვეყნიერებას. თუ წინააღმდეგობის მიუხედავად გავაგრძელებთ ქადაგებისა და სწავლების საქმეს, სიხარული და მშვიდობა არ მოგვაკლდება. პირველ საუკუნეში, როცა იუდეველმა წინამძღოლებმა მოციქულებს ქადაგება აუკრძალეს, ისინი ღმერთს დაემორჩილნენ და გააგრძელეს ქადაგება, რამაც მათ დიდი სიხარული მოჰგვარა (საქ. 5:27—29, 41, 42). რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ქადაგების დროს სიფრთხილე გვმართებს, როცა ჩვენი საქმიანობა იზღუდება (მათ. 10:16). მაგრამ, თუ ჩვენი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ, ღვთის მშვიდობას ვიგრძნობთ, რადგან გულს გავუხარებთ იეჰოვას და სხვებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ცნობას გადავცემთ.

„ᲛᲨᲕᲘᲓᲝᲑᲘᲡ ᲦᲛᲔᲠᲗᲘ ᲗᲥᲕᲔᲜᲗᲐᲜ ᲘᲥᲜᲔᲑᲐ“

18. ვისგან მომდინარეობს მშვიდობა, რომელიც რთულ სიტუაციებში გვჭირდება?

18 გჯეროდეთ, რომ ურთულეს სიტუაციებშიც კი შესაძლებელია მშვიდობის შენარჩუნება. ამ სიტუაციებში ჩვენ ღვთის მშვიდობა გვჭირდება, მშვიდობა, რომელსაც მხოლოდ იეჰოვა გვაძლევს. ეპიდემიის, სტიქიური უბედურებისა თუ დევნის დროს იეჰოვას მიენდეთ. არ ჩამოშორდეთ ღვთის ორგანიზაციას. ყოველთვის თვალწინ გქონდეთ ის საოცარი დრო, რომელიც წინ გელით. ასეთ შემთხვევაში „მშვიდობის ღმერთი თქვენთან იქნება“ (ფილ. 4:9). მომდევნო სტატიაში ვიმსჯელებთ, როგორ დავეხმაროთ გასაჭირში მყოფ თანაქრისტიანებს, რომ შეინარჩუნონ ღვთის მშვიდობა.

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 38 ის გაგაძლიერებთ

a იეჰოვა მშვიდობას ჰპირდება თავის მოყვარულთ. რა არის ღვთისგან ბოძებული მშვიდობა და როგორ ვპოვოთ ის? როგორ გვეხმარება „ღვთის მშვიდობა“ ეპიდემიის, სტიქიური უბედურებისა თუ დევნის დროს? ეს სტატია ამ კითხვებს გასცემს პასუხს.

b ზოგი სახელი შეცვლილია.

d ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: და წინასწარ არის მომზადებული საევაკუაციოდ.

e ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: ძმა ფრთხილობს და ისე ქადაგებს, რადგან მის ქვეყანაში სამქადაგებლო საქმიანობა აკრძალულია.