არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 50

„ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში“

„ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში“

„ჭეშმარიტებას გეუბნები დღეს: ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში“ (ᲚᲣᲙ. 23:43).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 145 ღვთის მიერ დაპირებული სამოთხე

ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘ a

1. რა უთხრა იესომ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მის გვერდით ძელზე გაკრულ ერთ ბოროტმოქმედს? (ლუკა 23:39—43).

 ᲘᲔᲡᲝᲡᲐ და მასთან ერთად ძელზე გაკრულ ორ ბოროტმოქმედს ნელი და მტანჯველი სიკვდილი ელოდათ (ლუკ. 23:32, 33). ეს ბოროტმოქმედნი მისი მოწაფეები არ იყვნენ, რადგან შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდნენ მას (მათ. 27:44; მარ. 15:32). თუმცა მოგვიანებით ერთ-ერთმა დამოკიდებულება შეიცვალა და იესოს ასეთი სიტყვები უთხრა: „გამიხსენე, როცა შენს სამეფოში იქნები“. იესომ კი მიუგო: „ჭეშმარიტებას გეუბნები დღეს: ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში“ (წაიკითხეთ ლუკას 23:39—43). შესაძლოა ამ კაცს სმენოდა ზეციერ სამეფოზე, რომლის შესახებაც იესო ქადაგებდა, მაგრამ ის არ გამხდარა მისი მოწაფე და არც იესოს უთქვამს, რომ მასთან ერთად იქნებოდა ზეციერ სამეფოში (მათ. 4:17). ამ ბოროტმოქმედთან საუბრისას იესომ იგულისხმა სამოთხე, რომელიც მომავალში დედამიწაზე იქნებოდა. რა გვაძლევს ამის თქმის საფუძველს?

სავარაუდოდ, ვინ იყო მომნანიებელი ბოროტმოქმედი და რა იცოდა მან? (იხილეთ აბზაცები 2, 3).

2. რა მიანიშნებს იმაზე, რომ მომნანიებელი ბოროტმოქმედი ებრაელი იყო?

2 ეს მომნანიებელი კაცი, სავარაუდოდ, ებრაელი იყო. ის გაუწყრა მეორე ბოროტმოქმედს და უთხრა: „ღვთისა არ გეშინია?“ (ლუკ. 23:40). უცხოტომელებისგან განსხვავებით ებრაელები მხოლოდ ერთ ღმერთს სცემდნენ თაყვანს (გამ. 20:2, 3; 1 კორ. 8:5, 6). იესოსთან ერთად დასჯილი ბოროტმოქმედები უცხოტომელები რომ ყოფილიყვნენ, ეს კითხვა, ალბათ, შემდეგნაირად გაიჟღერებდა: „ღმერთებისა არ გეშინია?“. გარდა ამისა, იესო გაგზავნილი იყო არა უცხოტომელებთან, არამედ „ისრაელის დაკარგულ ცხვრებთან“ (მათ. 15:24). ღმერთმა ისრაელებს გაუცხადა, რომ მკვდრებს სიცოცხლეს დაუბრუნებდა. სავარაუდოდ, მომნანიებელმა ბოროტმოქმედმაც იცოდა ეს. როგორც მისი სიტყვებიდან გამოჩნდა, მან დაასკვნა, რომ იეჰოვა იესოს აღადგენდა, რათა ზეციერ სამეფოში ემმართველა. ამ კაცს, როგორც ჩანს, იმის იმედიც ჰქონდა, რომ ღმერთი მასაც დაუბრუნებდა სიცოცხლეს.

3. სავარაუდოდ, რა წარმოუდგებოდა ბოროტმოქმედს გონებაში, როცა სამოთხის შესახებ იესოს სიტყვებს მოისმენდა? (დაბადება 2:15).

3 ამ ებრაელ მამაკაცს ისიც ეცოდინებოდა, რომ იეჰოვამ ადამი და ევა სამოთხეში დაასახლა. ასე რომ, მას იესოს სიტყვების მოსმენაზე გონებაში ულამაზესი ბაღი წარმოუდგებოდა (წაიკითხეთ დაბადების 2:15).

4. რაზე უნდა დაგვაფიქროს ბოროტმოქმედისთვის ნათქვამმა იესოს სიტყვებმა?

4 იესოს სიტყვებმა ჩვენც უნდა აღგვძრას, წარმოვიდგინოთ სამოთხე. ამის გაკეთებაში იმის გახსენება დაგვეხმარება, როგორი იყო ცხოვრება ისრაელში მეფე სოლომონის მშვიდობიანი მმართველობის დროს. უნდა გვჯეროდეს, რომ იესო, რომელიც სოლომონზე დიდია, თავის თანამმართველებთან ერთად დედამიწაზე შესანიშნავ პირობებს შექმნის (მათ. 12:42). „სხვა ცხვარი“ იმაზეც უნდა დაფიქრდეს, თუ რა მოეთხოვება, სამოთხეში მარადიული სიცოცხლით რომ გაიხაროს (იოან. 10:16).

ᲠᲝᲒᲝᲠᲘ ᲘᲥᲜᲔᲑᲐ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲐ ᲡᲐᲛᲝᲗᲮᲔᲨᲘ?

5. როგორ წარმოგიდგენიათ სამოთხეში ცხოვრება?

5 როგორ წარმოგიდგენიათ სამოთხეში ცხოვრება? შესაძლოა თვალწინ ედემის ბაღის მსგავსი ულამაზესი ბაღი წარმოგიდგებათ (დაბ. 2:7—9). ალბათ, წინასწარმეტყველი მიქას სიტყვებიც გახსენდებათ, რომ „თითოეული თავისი ვაზისა და ლეღვის ძირში იჯდება“ (მიქ. 4:3, 4). შესაძლოა გონებაში ის დანაპირებიც მოგდით, რომ უხვად იქნება საკვები (ფსალმ. 72:16; ეს. 65:21, 22). ამ დანაპირებზე ფიქრი დაგეხმარებათ, ცოცხლად წარმოიდგინოთ თქვენი თავი სამოთხეში: თქვენ წინ გემრიელი საკვებით სავსე სუფრაა გაშლილი, გრძნობთ ნაირ-ნაირი ყვავილის სურნელს, გესმით ოჯახის წევრებისა თუ მეგობრების, მათ შორის მკვდრეთით აღმდგარი ახლობლების ჟრიამული. ეს ფანტაზიის ნაყოფი როდია. ახალ ქვეყნიერებაში ეს ყველაფერი ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდება. სამოთხეში ნებისმიერი სამუშაოც კმაყოფილების მომგვრელი იქნება.

სამოთხეში მეტად საპასუხისმგებლო საქმე დაგვევალება — მკვდრეთით აღმდგრებისთვის იეჰოვას შესახებ სწავლება (იხილეთ აბზაცი 6).

6. რას გავაკეთებთ სამოთხეში? (იხილეთ სურათი).

6 იეჰოვამ ისე შეგვქმნა, რომ სამუშაო კმაყოფილებას გვანიჭებდეს (ეკლ. 2:24). ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის დროს ბევრი სასიამოვნო საქმე გვექნება გასაკეთებელი. მათ, ვინც „დიდ გასაჭირს“ გადაიტანს, და მილიონობით მკვდრეთით აღმდგარს ტანსაცმელი, საკვები თუ საცხოვრებელი დასჭირდებათ. როგორც ადამსა და ევას უნდა მოევლოთ ედემის ბაღისთვის, ისე ჩვენ დაგვევალება დედამიწის მოვლა და სამოთხედ გადაქცევა. წარმოიდგინეთ, რა სასიამოვნო იქნება, როცა იეჰოვასთან დაახლოებაში დავეხმარებით მილიონობით მკვდრეთით აღმდგარს, რომელთაც თითქმის არაფერი სმენიათ მასზე და მის განზრახვებზე. გარდა ამისა, ღვთის იმ ერთგულ მსახურებსაც ვასწავლით, რომლებიც ქრისტემდე დიდი ხნით ადრე ცხოვრობდნენ.

7. რაში ვართ დარწმუნებული და რატომ?

7 გვჯერა, რომ სამოთხეში მშვიდობა და წესრიგი დამყარდება და ყველაფერი უხვად გვექნება. რა გვარწმუნებს ამაში? იეჰოვამ მეფე სოლომონის მმართველობით წარმოდგენა შეგვიქმნა, თუ როგორი ცხოვრება გველის ღვთის სამეფოს მმართველობის დროს.

ᲡᲝᲚᲝᲛᲝᲜᲘᲡ ᲛᲛᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲑᲐ — ᲡᲐᲛᲝᲗᲮᲘᲡ ᲞᲘᲠᲕᲔᲚᲡᲐᲮᲔ

8. როგორ შესრულდა ფსალმუნის 37:10, 11, 29-ში ჩაწერილი სიტყვები ძველად? (იხილეთ ამავე ნომერში „მკითხველთა შეკითხვები“).

8 მეფე დავითი ღვთივშთაგონებით წერდა იმის შესახებ, თუ როგორი იქნებოდა ცხოვრება, როცა ტახტზე ბრძენი და ერთგული მეფე ავიდოდა (წაიკითხეთ ფსალმუნის 37:10, 11, 29). ხშირად სხვებს მომავალ სამოთხეზე საუბრისას ფსალმუნის 37:11-ს ვუკითხავთ და ეს მართებულიცაა, რადგან მთაზე ქადაგებისას იესომ ამ მუხლის ციტირება მოახდინა და ასე დაანახვა მსმენელს, რომ ეს სიტყვები მომავალში შესრულდებოდა (მათ. 5:5). თუმცა დავითის სიტყვები იმაზეც მიანიშნებდა, თუ როგორი ცხოვრება იქნებოდა სოლომონის მეფობის დროს. როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, მისი მმართველობის პერიოდში ღვთის ხალხი არნახული მშვიდობითა და კეთილდღეობით ხარობდა თავიანთ მიწაზე, სადაც რძე და თაფლი მოედინებოდა. ღმერთი დაჰპირდა თავის ერს: „თუ დაიცავთ ჩემს წესებს . . . მშვიდობიანად გაცხოვრებთ იმ მიწაზე, მშვიდად დაიძინებთ და არავის შიში არ გექნებათ“ (ლევ. 20:24; 26:3, 6). ეს დაპირებები სოლომონის მმართველობის დროს შესრულდა (1 მატ. 22:9; 29:26—28). იეჰოვამ ისიც აღუთქვა ისრაელებს, რომ მათ შორის აღარ იქნებოდნენ ბოროტი ადამიანები (ფსალმ. 37:10). ასე რომ, ფსალმუნის 37:10, 11, 29-ში ჩაწერილი სიტყვები ძველადაც შესრულდა და მომავალშიც შესრულდება.

9. რა უთხრა საბას დედოფალმა სოლომონს მისი სამეფოს ნახვის შემდეგ?

9 ცნობებმა მშვიდობისა და კეთილდღეობის შესახებ, რითაც ისრაელები სოლომონის მმართველობის დროს ხარობდნენ, საბას დედოფლის ყურამდეც მიაღწია. დედოფალი გრძელ გზას დაადგა და იერუსალიმში ჩავიდა, რათა საკუთარი თვალით ენახა ყველაფერი (1 მეფ. 10:1). მას შემდეგ, რაც სოლომონის სამეფოში ნახა, მან ასეთი სიტყვები უთხრა მეფეს: „თურმე ნახევარიც არ უთქვამთ ჩემთვის . . . ბედნიერია შენი ხალხი და ბედნიერნი არიან შენი მსახურები, რომლებიც შენ გვერდით არიან და შენს სიბრძნეს ისმენენ!“ (1 მეფ. 10:6—8). თუმცა სოლომონის მმართველობის დროს არსებული პირობები ახლოსაც ვერ მივა იმასთან, რასაც იეჰოვა კაცობრიობისთვის გააკეთებს თავისი ძის, იესოს, მმართველობის დროს.

10. რით აღემატება იესო სოლომონს?

10 იესო ყოველმხრივ აღემატება სოლომონს, რომელიც არასრულყოფილი იყო და არაერთი არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, რის გამოც ღვთის ხალხს ცხოვრება დაუმძიმდა. მისგან განსხვავებით, იესო სრულყოფილი და უშეცდომო მმართველია (ლუკ. 1:32; ებრ. 4:14, 15). ის ბოლომდე ღვთის ერთგული დარჩა, როცა სატანისგან ურთულეს განსაცდელებს შეხვდა. იესომ თავის ცხოვრებით ცხადყო, რომ არასდროს შესცოდავს ან გააკეთებს ისეთ რამეს, რითაც ზიანს მიაყენებს თავის ერთგულ ქვეშევრდომებს. ამაზე უკეთეს მმართველს ვერც კი ვინატრებდით!

11. ვინ დაეხმარება იესოს?

11 იესოს 144 000 თანამმართველი დაეხმარება, რომ დედამიწასა და კაცობრიობასთან დაკავშირებული იეჰოვას განზრახვა სისრულეში მოიყვანოს (გამოცხ. 14:1—3). ისინი თანამგრძნობი და გულისხმიერი მმართველები იქნებიან, რადგან დედამიწაზე ცხოვრებისას ჩვენ მსგავსად ბევრ განსაცდელსა და პრობლემას ხვდებოდნენ. რა დაევალებათ მათ?

ᲠᲐ ᲓᲐᲔᲕᲐᲚᲔᲑᲐᲗ ᲘᲔᲡᲝᲡ ᲗᲐᲜᲐᲛᲛᲐᲠᲗᲕᲔᲚᲔᲑᲡ

12. რა საქმეს მიანდობს იეჰოვა იესოს თანამმართველებს?

12 დავალება, რომელსაც იესო თავის თანამმართველებთან ერთად შეასრულებს, გაცილებით მასშტაბური იქნება სოლომონისთვის დაკისრებულ დავალებასთან შედარებით. მაშინ როცა ისრაელის მეფე ერთ ქვეყანაში მცხოვრებ მილიონობით ადამიანის კეთილდღეობაზე ზრუნავდა, ღვთის სამეფოს მმართველები მთელ დედამიწაზე მილიარდობით ადამიანზე იზრუნებენ. მართლაც, რაოდენ საპასუხისმგებლო საქმეს მიანდობს იეჰოვა 144 000 ცხებულ ქრისტიანს.

13. რა შედის იესოს თანამმართველების პასუხისმგებლობაში?

13 იესოს მსგავსად, 144 000 ცხებული ქრისტიანი მეფეც იქნება და მღვდელიც (გამოცხ. 5:10). მოსეს კანონის თანახმად, როგორც ხალხის ჯანმრთელობაზე, ისე მათ სულიერ კეთილდღეობაზე ზრუნვა, უმთავრესად მღვდლების პასუხისმგებლობაში შედიოდა. იმის გათვალისწინებით, რომ მოსეს კანონი „მომავალ კურთხევათა ჩრდილი“ იყო, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ იესოს თანამმართველები ჩვენს ფიზიკურ მოთხოვნილებებზეც იზრუნებენ და ღმერთთან დაახლოებაშიც დაგვეხმარებიან (ებრ. 10:1). ჩვენ არ ვიცით, რა სახით მივიღებთ მათგან მითითებებს. ამას დრო გამოაჩენს. მაგრამ რა სახითაც არ უნდა მოხდეს ეს, უნდა გვჯეროდეს, რომ იეჰოვა სამოთხეში მცხოვრებთ საჭირო ხელმძღვანელობას გაუწევს (გამოცხ. 21:3, 4).

ᲠᲐ ᲛᲝᲔᲗᲮᲝᲕᲔᲑᲐ „ᲡᲮᲕᲐ ᲪᲮᲕᲐᲠᲡ“ ᲡᲐᲛᲝᲗᲮᲘᲡ ᲓᲐᲡᲐᲛᲙᲕᲘᲓᲠᲔᲑᲚᲐᲓ

14. რაში ჩანს „მცირე სამწყსოსა“ და „სხვა ცხვრის“ ერთიანობა?

14 იესომ თავის თანამმართველებს „მცირე სამწყსო“ უწოდა (ლუკ. 12:32). მან ისიც თქვა, რომ „სხვა ცხვარიც“ ეყოლებოდა. ეს ორი ჯგუფი ერთ სამწყსოს ქმნის (იოან. 10:16). ისინი დღესვე თანამშრომლობენ ერთმანეთის მხარდამხარ, რაც სამოთხეშიც გაგრძელდება. იმ დროისთვის „მცირე სამწყსო“ უკვე ზეცაში იქნება, ხოლო „სხვა ცხვარს“ შესაძლებლობა მიეცემა, მარადიულად იცხოვროს დედამიწაზე. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სამოთხის დასამკვიდრებლად „სხვა ცხვარი“ გარკვეულ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს.

დღესვე შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ ვემზადებით სამოთხეში საცხოვრებლად (იხილეთ აბზაცი 15). b

15. ა) როგორ თანამშრომლობს „სხვა ცხვარი“ ქრისტეს ძმებთან? ბ) როგორ შეგიძლიათ მიჰბაძოთ სურათზე ნაჩვენებ ძმას?

15 მომნანიებელმა ბოროტმოქმედმა ისე დაასრულა სიცოცხლე, რომ სათანადოდ ვერც კი გამოხატა მადლიერება ქრისტეს მიმართ. მისგან განსხვავებით, ჩვენ, ვინც „სხვა ცხვარს“ მივეკუთვნებით, დღესვე უამრავი შესაძლებლობა გვაქვს, მადლიერება გამოვხატოთ იესოს მიმართ. მისადმი ჩვენი დამოკიდებულება იქიდან ჩანს, თუ როგორ ვეპყრობით ქრისტეს ძმებს. როგორც იესომ თქვა, ის სწორედ ამის საფუძველზე გაგვასამართლებს (მათ. 25:31—40). ჩვენ მხარს ვუჭერთ ქრისტეს ძმებს, როცა მთელი გულმოდგინებით ვმონაწილეობთ ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების საქმეში (მათ. 28:18—20). ამაში კარგ დახმარებას გვიწევს ბიბლიის შესასწავლი პუბლიკაციები, მაგალითად, წიგნი „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“. თუ ჯერ არ ატარებთ ბიბლიის შესწავლას, მიზნად დაისახეთ, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს შესთავაზოთ შესწავლა.

16. როგორ შეგვიძლია მოვემზადოთ სამოთხეში ცხოვრებისთვის?

16 ჩვენ დღესვე შეგვიძლია მოვემზადოთ სამოთხეში ცხოვრებისთვის და გავხდეთ ღვთისმოსაწონი ადამიანები. მაგალითად, ყველაფერში პატიოსნები და ზომიერები ვიყოთ; ვუერთგულოთ იეჰოვას, ჩვენს მეუღლეს და თანაქრისტიანებს. თუ უკვე ახლა, ამ ბოროტ ქვეყნიერებაში მაქსიმალურად ვეცდებით, ღვთის ნორმებით ვიცხოვროთ, ამის გაკეთება ახალ ქვეყნიერებაში არ გაგვიჭირდება. გარდა ამისა, შეგვიძლია შევიძინოთ ისეთი უნარები თუ თვისებები, რომლებიც სამოთხეშიც გამოგვადგება (იხილეთ ამავე ნომერში სტატია „მზად ხართ, დაიმკვიდროთ დედამიწა?“).

17. რატომ არ უნდა გავიტეხოთ გული წარსულში ჩადენილი ცოდვების გამო?

17 ყველანაირად უნდა ვეცადოთ, მოვიშოროთ დანაშაულის გრძნობა, რომელიც შეიძლება წარსულში ჩადენილი სერიოზული ცოდვის გამო გვაწუხებს. მეორე მხრივ, არც ის გვინდა, განზრახ ჩავიდინოთ ცოდვა იმ იმედით, რომ გამოსასყიდის საფუძველზე ღმერთი გვაპატიებს (ებრ. 10:26—31). უნდა გვჯეროდეს, რომ თუკი გულწრფელად მოვინანიეთ, იეჰოვასგან დახმარება მივიღეთ და გამოსწორების გზას დავადექით, ეს იმას ნიშნავს, რომ მან დიდსულოვნად გვაპატია (ეს. 55:7; საქ. 3:19). გვახსოვდეს იესოს შემდეგი სიტყვებიც: „მე მოვედი არა მართალთა, არამედ ცოდვილთა მოსახმობად“ (მათ. 9:13). ქრისტეს გამოსასყიდს ნამდვილად შეუძლია გადაფაროს ჩვენი ცოდვები.

ᲗᲥᲕᲔᲜ ᲨᲔᲒᲘᲫᲚᲘᲐᲗ ᲡᲐᲛᲝᲗᲮᲔᲨᲘ ᲛᲐᲠᲐᲓᲘᲣᲚᲐᲓ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲐ

18. რა გსურთ ჰკითხოთ მომნანიებელ ბოროტმოქმედს?

18 წარმოიდგინეთ, რომ სამოთხეში იმ ბოროტმოქმედს ესაუბრებით, რომელიც იესოს გვერდით ძელზე გააკრეს. ეჭვგარეშეა, ორივე მადლიერებით ისაუბრებთ იესოს გამოსასყიდზე. ალბათ, ერთი სული გაქვთ, ჰკითხოთ, რა ხდებოდა იესოს სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში და რა იგრძნო, როცა მისგან სამოთხის შესახებ დაპირება მოისმინა. თავის მხრივ, მასაც ექნება სურვილი, გაიგოს, როგორი იყო ცხოვრება სატანის ქვეყნიერების ბოლო დღეებში. უდიდეს სიხარულს მოგვანიჭებს ასეთი ადამიანებისთვის ღვთის სიტყვის სწავლება (ეფეს. 4:22—24).

ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის დროს ძმა ხვეწს ხატვის უნარს (იხილეთ აბზაცი 19).

19. რატომ არ იქნება სამოთხეში ცხოვრება მოსაწყენი? (იხილეთ სურათი გარეკანზე).

19 სამოთხეში ცხოვრება არასდროს მოგვბეზრდება. ყოველთვის გვექნება კმაყოფილების მომგვრელი სამუშაო. გარდა ამისა, ბევრი საინტერესო ადამიანის გაცნობის შესაძლებლობა მოგვეცემა. ყველაზე კარგი კი ის იქნება, რომ დღითი დღე უკეთ გავეცნობით ზეციერ მამას და გავიხარებთ ყველაფრით, რასაც ჩვენთვის გააკეთებს. სულ უფრო მეტს გავიგებთ მასზე და მის შემოქმედებაზე. დროის სვლასთან ერთად ღვთისადმი სიყვარულიც გაგვიღრმავდება. უზომოდ მადლიერი ვართ იეჰოვასი და იესოსი, რომ სამოთხეში მარადიულად ცხოვრების იმედი მოგვცეს!

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 22 ღვთის სამეფო უკვე მმართველობს!

a ხშირად წარმოიდგენთ ხოლმე საკუთარ თავს სამოთხეში? რაც უფრო მეტს იფიქრებთ მომავალ კურთხევებზე, მით უფრო მეტი ენთუზიაზმით უქადაგებთ სხვებს ახალი ქვეყნიერების შესახებ. წინამდებარე სტატია დაგვეხმარება, განვიმტკიცოთ რწმენა იესოს დაპირებისადმი, რომლის თანახმადაც დედამიწა სამოთხედ იქცევა.

b ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: ძმა ხელიდან არ უშვებს ქადაგების შესაძლებლობას. ამგვარად ის აჩვენებს, რომ მზადაა, მომავალში მკვდრეთით აღმდგრებსაც ასწავლოს ღვთის სიტყვა.