არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბიოგრაფია

იეჰოვამ დიდად მაკურთხა

იეჰოვამ დიდად მაკურთხა

ოფიცერს ვუთხარი, რომ სასჯელი უკვე მოხდილი მქონდა იმის გამო, რომ ხელში იარაღი არ ავიღე. მერე ვკითხე: „ისევ ციხეში უნდა დამაბრუნოთ?“. ეს საუბარი მაშინ შედგა, როცა სამხედრო სამსახურში მეორედ გამიწვიეს.

დავიბადე 1926 წელს კრუკსვილში (ოჰაიო, აშშ). ოჯახში რვა ბავშვი ვიყავით. დედაჩემი და მამაჩემი რელიგიურები არ იყვნენ, თუმცა უნდოდათ, რომ ბავშვებს ეკლესიაში გვევლო. მე მეთოდისტურ ეკლესიაში დავიწყე სიარული. 14 წლის ვიყავი, როცა ეკლესიის მსახურმა დამაჯილდოვა იმის გამო, რომ ერთი წლის განმავლობაში არც ერთი საკვირაო მსახურება არ მქონდა გაცდენილი.

მარგარეტ უოლკერი (მარცხნიდან მეორე) ჭეშმარიტების გაგებაში დამეხმარა

იმ დროს ჩვენმა მეზობელმა, მარგარეტ უოლკერმა, რომელიც იეჰოვას მოწმე იყო, დედაჩემთან ბიბლიურ თემებზე საუბარი დაიწყო. იგი ჩვენთან სახლში მოდიოდა ხოლმე. ერთ დღესაც გადავწყვიტე, მეც მომესმინა მათთვის. დედაჩემმა იფიქრა, რომ ხელს შევუშლიდი და მითხრა, რომ მათ მსჯელობას არ დავსწრებოდი, თუმცა მათი საუბრების მოსმენას მაინც ვახერხებდი. ერთხელაც მარგარეტმა მკითხა: „იცი, ღმერთს რა ჰქვია?“. მე მივუგე: „ეგ ხომ ყველამ იცის, ღმერთი!“. შემდეგ მითხრა: „მოძებნე ბიბლიაში ფსალმუნის 83:18“. მეც მოვძებნე ეს მუხლი და აღმოვაჩინე, რომ ღმერთს იეჰოვა რქმევია. იმწამსვე მეგობრებთან გავიქეცი და ვუთხარი: „სახლში რომ მიხვალთ, მოძებნეთ ბიბლიაში ფსალმუნის 83:18 და ნახეთ, რა ჰქვია ღმერთს“. შეიძლება ითქვას, რომ ქადაგებას იმ დროიდან შევუდექი.

დავიწყე ბიბლიის შესწავლა და 1941 წელს მოვინათლე. მალევე წიგნის შესწავლის ჩატარება დამავალეს. დედაჩემს და ჩემს და-ძმებს ვთხოვდი, რომ დასწრებოდნენ შესწავლას, რომელსაც მე ვატარებდი. ყველამ დაიწყო წიგნის შესწავლაზე სიარული. თუმცა მათგან განსხვავებით, მამაჩემს ჭეშმარიტება არ აინტერესებდა.

მამაჩემი გვეწინააღმდეგება

კრებაში უფრო და უფრო მეტ პასუხისმგებლობას მანდობდნენ. ჩემი თეოკრატიული ბიბლიოთეკაც თანდათანობით იზრდებოდა. ერთ დღესაც მამამ თითი ჩემი წიგნებისკენ გაიშვირა და მითხრა: „ეგ წიგნები აქ აღარ დავინახო! შეგიძლია შენც წახვიდე“. სახლიდან წამოვედი და საცხოვრებლად ახლომდებარე ზეინსვილში (ოჰაიო) გადავედი. თუმცა ოჯახის წევრების გასამხნევებლად კრუკსვილში ჩავდიოდი ხოლმე.

მამაჩემი დედაჩემს შეხვედრებზე დასწრებას უშლიდა. ზოგჯერ გზიდანაც კი აბრუნებდა, თუმცა დედა სხვა კარიდან გადიოდა და შეხვედრებს მაინც ესწრებოდა. ერთხელ დედას ვუთხარი, არ ინერვიულო, დაიღლება შენი დევნით და თავს დაგანებებს-მეთქი. მართლაც, დროთა განმავლობაში მამამ შეწყვიტა მისთვის წინააღმდეგობის გაწევა და დედა უკვე თავისუფლად დადიოდა შეხვედრებზე.

1943 წელს კრებებში თეოკრატიული მსახურების სკოლა ამოქმედდა. ამ სკოლაში დავალებებით გამოვდიოდი. ყოველი გამოსვლის შემდეგ მიღებული რჩევები მეტყველების უნარის გაუმჯობესებაში მეხმარებოდა.

ვინარჩუნებ ნეიტრალიტეტს

მეორე მსოფლიო ომი მძვინვარებდა. 1944 წელს სამხედრო სამსახურში გამიწვიეს. როდესაც სამხედრო დაწესებულებაში გამოვცხადდი, სამედიცინო შემოწმება გამატარეს და ანკეტა შემავსებინეს. დაწესებულების თანამშრომლებს განვუცხადე, რომ ჯარისკაცი არასოდეს გავხდებოდი; მათ გამომიშვეს. თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ ერთმა ოფიცერმა სახლში მომაკითხა და მითხრა: „კორვინ რობისონ, მე ხელთ მაქვს თქვენი დაპატიმრების ორდერი“.

ორი კვირის შემდეგ სასამართლო სხდომა გაიმართა. მოსამართლემ მითხრა: „ჩემი ნება რომ იყოს, სამუდამო პატიმრობას მოგისჯიდით. თუ რაიმე გაქვთ სათქმელი, თქვით“. მე ვუპასუხე: „თქვენო ღირსებავ, წესით, მე ღვთის მსახურის სტატუსი უნდა მქონდეს. ყველა კარი ჩემი კათედრაა, საიდანაც სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას ვქადაგებ“. მაშინ მოსამართლე ნაფიც მსაჯულებს მიუბრუნდა და უთხრა: „თქვენ აქ იმისთვის არ ხართ მოწვეულნი, რომ განსაზღვროთ, არის თუ არა ეს კაცი ღვთის მსახური. თქვენი მიზანი იმის გამორკვევა უნდა იყოს, გამოცხადდა თუ არა იგი ჯარში წასასვლელად“. დაახლოებით ნახევარ საათში ნაფიცმა მსაჯულებმა განაჩენი გამოიტანეს — მათ დამნაშავედ მცნეს. მოსამართლემ ხუთწლიანი პატიმრობა მომისაჯა. სასჯელი აშლენდის (კენტუკი) ფედერალურ ციხეში უნდა მომეხადა.

იეჰოვა მიცავს

პირველი ორი კვირა კოლუმბუსის (ოჰაიო) ციხეში მამყოფეს. პირველი დღე საკანში გავატარე. მაშინ იეჰოვას მივმართე ლოცვით: „საკანში ხუთ წელს რა გამაძლებინებს?! არ ვიცი, რა ვქნა“.

მეორე დღეს ციხის მცველებმა გარეთ გამიყვანეს. ფანჯარასთან მივედი, სადაც ერთი მაღალი, მხარბეჭიანი პატიმარი იდგა. მან შემომხედა და მკითხა: „ე, ნამცეც, რაზე ზიხარ?“. მე ვუპასუხე: „იეჰოვას მოწმე ვარ“. „მართლა? — გაიკვირვა მან. — მერე აქ რა გინდა?“. მე მივუგე: „იეჰოვას მოწმეები საომრად არ მიდიან და ხალხს არ კლავენ“. მან მითხრა: „აქ ხალხი მკვლელობისთვის ზის, შენ კი იმიტომ ზიხარ, რომ ხალხს არ კლავ. ეს ნორმალურია?“. „რა თქმა უნდა, არა“, — ვუთხარი მე.

შემდეგ მან მითხრა: „15 წელი სხვა ციხეში ვიჯექი. იქ თქვენს ლიტერატურას ვკითხულობდი“. მე მაშინვე ვილოცე, იეჰოვა, გთხოვ, ეს კაცი ჩემდამი კარგად განაწყვე-მეთქი. პოლმა (ასე ერქვა მას) იმწამსვე მითხრა: „თუ ვინმე რამეს გეტყვის, მითხარი და დანარჩენი მე ვიცი“. ციხის იმ ნაწილში, სადაც მე ვიჯექი, 50 პატიმარი იყო, და არც ერთ მათგანს არ შეუქმნია ჩემთვის პრობლემა.

ნეიტრალიტეტის შენარჩუნებისთვის დაპატიმრებულ მოწმეებს შორის (აშლენდი, კენტუკი)

აშლენდის ციხეში, სადაც გადამიყვანეს, რამდენიმე სულიერად მოწიფული ძმა იხდიდა სასჯელს. მათთან ურთიერთობა სულიერად გვაძლიერებდა მეც და სხვა ძმებსაც. ამ ძმებმა ბიბლიის ყოველკვირეული კითხვის პროგრამაში ჩაგვრთეს; ვამზადებდით კითხვებსა და პასუხებს შეხვედრისთვის, რომელიც ძმების ორგანიზებით ტარდებოდა. ერთ ძმას „სამქადაგებლო უბნების“ განაწილება ევალა. პატიმრებს დიდ საკანში გვეძინა. საწოლები კედლების გასწვრივ იდგა. „უბნებზე პასუხისმგებელი“ ძმა მეტყოდა ხოლმე: „რობისონ, ესა და ეს საწოლია შენი უბანი. ვისიც ეს საწოლი იქნება, მას შენ უნდა უქადაგო. ეცადე, მანამ უქადაგო, სანამ წავა“. აი, ასე ეწეოდა ორგანიზება ციხეში ქადაგებას.

ციხის გარეთ

1945 წელს მეორე მსოფლიო ომი დამთავრდა. ომის დამთავრების შემდეგ ციხეში ცოტა ხანს კიდევ მომიწია ყოფნა. დედაჩემზე და ჩემს და-ძმებზე ვდარდობდი, რადგან მამას ნათქვამი ჰქონდა, თუ შენ მოგიშორებ, ამათაც ადვილად მოვუვლიო. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ სახლში ჩასულს სასიამოვნო სიურპრიზი დამხვდა. მამაჩემის წინააღმდეგობის მიუხედავად, ოჯახის 7 წევრი ესწრებოდა კრებებს და ერთი და უკვე მონათლული იყო.

მსახურების დროს ცხებულ ძმასთან, დემეტრიუს პაპაჯორჯთან ერთად, რომელმაც იეჰოვას მსახურება 1913 წელს დაიწყო

1950 წელს კორეის ომი დაიწყო. სამხედრო სამსახურში ხელმეორედ გამომიძახეს და ჩემი გონებრივი შესაძლებლობების შესაფასებლად ტესტი შემავსებინეს. შემდეგ ერთმა ოფიცერმა მითხრა: „შენ საკმაოდ მაღალი ქულები დააგროვე“. მე მივუგე: „კარგია, მაგრამ ჯარში წასვლას მაინც არ ვაპირებ“. მერე 2 ტიმოთეს 2:3 მოვიშველიე და მას ვუთხარი: „მე უკვე ქრისტეს მეომარი ვარ“. კარგა ხნის დუმილის შემდეგ ოფიცერმა მითხრა: „თავისუფალი ხარ“.

მალევე დავესწარი კონგრესს ცინცინატში (ოჰაიო). ძმა მილტონ ჰენშელმა შეხვედრა ჩაატარა ბეთელში მსახურების მსურველთათვის და გვითხრა, რომ ვისაც სამეფოსთვის მეტის გაკეთება სურდა, ორგანიზაცია მას ბეთელში მოიწვევდა. შევავსე ბეთელში მსახურების ბლანკი და მოწვევაც მივიღე. 1954 წლის აგვისტოდან დღემდე ბრუკლინის ბეთელში ვმსახურობ.

ბეთელში ყოველთვის ბევრი საქმე იყო. რამდენიმე წელი სტამბასა და საოფისე კომპლექსში ბოილერებს ვამუშავებდი; ვმუშაობდი მექანიკოსად, ვარემონტებდი საკეტებს. გარდა ამისა, ვმუშაობდი ნიუ-იორკის საკონგრესო დარბაზებში.

ბრუკლინის ბეთელის საოფისე კომპლექსის ბოილერთან

ძალიან მიყვარს ის ღონისძიებები, რომლებშიც ბეთელის ოჯახის წევრები ვიღებთ მონაწილეობას, მაგალითად: დილის თაყვანისცემა და „საგუშაგო კოშკის“ ოჯახური შესწავლა. კრების წევრებთან ერთად მსახურებაც ძალიან მიყვარს. ასეთი სულიერი განრიგი თითოეული იეჰოვას მოწმის ოჯახის განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს. თუ მშობლები და შვილები ერთად განიხილავენ ყოველდღიურ მუხლს, რეგულარულად ატარებენ ოჯახურ თაყვანისცემას და აქტიურად მონაწილეობენ კრების შეხვედრებსა თუ სასიხარულო ცნობის ქადაგებაში, ეს ოჯახის წევრების სულიერობას უწყობს ხელს.

ბეთელსა თუ კრებაში ბევრი მეგობარი შევიძინე. ზოგი მათგანი ცხებული იყო და ზეციური ჯილდო უკვე მიიღო, ზოგიც — მიწიერი იმედის მქონე. თუმცა იეჰოვას ყველა მსახური არასრულყოფილია, მათ შორის ბეთელელები. თუ თანაქრისტიანთან უთანხმოება მომდის, ყოველთვის ვცდილობ მშვიდობის აღდგენას. ამ დროს ვიხსენებ მათეს 5:23, 24-ს და ვფიქრობ იმაზე, თუ რა მომეთხოვება უთანხმოების მოსაგვარებლად. მობოდიშება იოლი არ არის, მაგრამ საკუთარი გამოცდილებიდან ერთი რამის თქმა შემიძლია: ბოდიშის მოხდის შემდეგ უთანხმოება თითქმის ყოველთვის გვარდება.

ჩემმა მსახურებამ შედეგი გამოიღო

უკვე ასაკში ვარ და კარდაკარ მსახურება მიჭირს, მაგრამ ფარ-ხმალს არ ვყრი. ცოტა ჩინური ვისწავლე და ქუჩაში ჩინელებთან ვქადაგებ ხოლმე. ყოფილა შემთხვევები, როცა დილით მსახურებაში გასულს 30-40 ჟურნალი გამივრცელებია.

ვქადაგებ ჩინურ ენაზე (ბრუკლინი, ნიუ-იორკი)

განმეორებითი მონახულება „ჩინეთშიც“ კი გავაკეთე. ერთხელ ერთი ხალისიანი გოგონა სარეკლამო ფურცლებს არიგებდა და ხალხს ხილ-ბოსტნეულის გასაყიდი პუნქტის ადგილმდებარეობას აცნობდა. მან ჩამიარა და გამიღიმა. მეც გავუღიმე და შევთავაზე ჩინურ ენაზე ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“. გოგონამ ჟურნალები გამომართვა და მითხრა, რომ ქეითი ერქვა. ამის შემდეგ, როცა დამინახავდა, ჩემთან სალაპარაკოდ მოდიოდა ხოლმე. მე მას ვასწავლიდი, თუ როგორ იყო ესა თუ ის ხილი ან ბოსტნეული ინგლისურად. ისიც იმეორებდა. გარდა ამისა, მას ბიბლიურ მუხლებს ვაჩვენებდი და მათ მნიშვნელობას ვუხსნიდი. გოგონას მივეცი წიგნიც „რას გვასწავლის ბიბლია?“. მას შემდეგ იგი რამდენჯერმეღა ვნახე და მერე მისთვის თვალი აღარ მომიკრავს.

რამდენიმე თვის შემდეგ სხვა გოგონაც შევნიშნე, რომელიც სარეკლამო ფურცლებს არიგებდა. მასაც შევთავაზე ჟურნალები და გამომართვა. მომდევნო კვირას რომ ვნახე, ტელეფონი მომაწოდა და მითხრა: „ხაზზე ჩინეთია“. მე ვუთხარი: „ჩინეთში არავის ვიცნობ“. მაგრამ არ მომეშვა. მერე გამოვართვი გოგონას ტელეფონი და მას, ვინც რეკავდა, ვუთხარი: „გამარჯობა, მე რობისონი ვარ“. „რობი, მე ქეითი ვარ, — მიპასუხა მან. — ჩინეთში დავბრუნდი“. „ჩინეთში?“, — ვკითხე გაკვირვებულმა. ქეითიმ მითხრა: „ხო, ჩინეთში. რობი, ტელეფონი ვინც მოგცა, ჩემი დაა. შენ მე ბევრი კარგი რამ მასწავლე. გთხოვ, მასაც ასწავლე“. მე ვუთხარი: „ქეითი, რაც შემიძლია, ყველაფერს გავაკეთებ. მადლობა, რომ შემეხმიანე“. ამის შემდეგ ქეითის დასთან ერთხელღა მოვახერხე საუბარი. მართალია, არ ვიცი, ახლა ეს გოგონები სად არიან, მაგრამ სადაც არ უნდა იყვნენ, იმედი მაქვს, რომ ისინი იეჰოვას ეცნობიან.

73 წელია, რაც იეჰოვას ვემსახურები. ბედნიერი ვარ, რომ მისი დახმარებით ნეიტრალიტეტი შევინარჩუნე და ციხეშიც ვუერთგულე მას. მახარებს ისიც, რომ თურმე ჩემი და-ძმები მხნევდებოდნენ, როცა ხედავდნენ, რომ მამაჩემის წინააღმდეგობის მიუხედავად ფარ-ხმალს არ ვყრიდი. დედა და ჩემი 6 დედმამიშვილიც მოინათლნენ. მამაჩემმაც კი შეიცვალა დამოკიდებულება და სანამ გარდაიცვლებოდა, ზოგჯერ კრებებსაც ესწრებოდა.

თუ ღვთის ნება იქნება, ახალ ქვეყნიერებაში მკვდრეთით აღდგებიან ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრები. წარმოიდგინეთ, როგორ გავიხარებთ, როცა იეჰოვას ჩვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად მარადიულად ვცემთ თაყვანს. *

^ აბზ. 32 როცა ეს სტატია მზადდებოდა, ძმა კორვინ რობისონი გარდაიცვალა. მან ბოლომდე უერთგულა იეჰოვას.