არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

კვლავაც სიხარულით ემსახურე იეჰოვას!

კვლავაც სიხარულით ემსახურე იეჰოვას!

გახსოვს, რომელი დღე იყო შენს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი? შენი ქორწილის დღე ხომ არა? თუ დღე, როცა ბავშვი შეგეძინა? ან იქნებ ის დღე, როცა წყალში მოინათლე როგორც იეჰოვასთვის მიძღვნილი მსახური? შესაძლოა სწორედ ეს უკანასკნელი იყო შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და სასიხარულო დღე. ალბათ შენი თანამორწმუნეებიც ხარობდნენ შენი გადაწყვეტილებით, რომლითაც საჯაროდ დაამტკიცე, რომ გიყვარს ღმერთი მთელი გულით, სულით, გონებითა და ძალით (მარ. 12:30).

ალბათ დღემდე სიხარულით ემსახურები იეჰოვას. თუმცა ზოგი მაუწყებელი ისეთი სიხარულით ვეღარ მსახურობს, როგორითაც ადრე მსახურობდა. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? რა დაგვეხმარება, რომ კვლავაც სიხარულით ვემსახუროთ იეჰოვას?

რატომ გაუნელდა ზოგს სიხარული?

ცნობა სამეფოს შესახებ, რომ იეჰოვა მალე ბოლოს მოუღებს ბოროტ ქვეყნიერებას და ახალ ქვეყნიერებას დაამყარებს, თავისთავად სასიხარულოა. უფრო მეტიც, როგორც სოფონიას 1:14-ში ვკითხულობთ, „ახლოს არის იეჰოვას დიდი დღე, ახლოს არის და ძლიერ ჩქარდება“. მაგრამ, თუ იმაზე მეტხანს გვიწევს ლოდინი, ვიდრე ვიმედოვნებდით, შეიძლება სიხარული გაგვინელდეს და ისე აქტიურად აღარ ვემსახუროთ ღმერთს (იგავ. 13:12).

ღვთის ხალხთან ჯანსაღი ურთიერთობა სტიმულს გვაძლევს, რომ იეჰოვას სიხარულით ვემსახუროთ. შესაძლოა სწორედ იეჰოვას მოწმეების კარგმა საქციელმა მიგვიზიდა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისკენ და ამიტომ გავხდით მისი მსახურები (1 პეტ. 2:12). მაგრამ რა შეიძლება მოხდეს, თუ თანაქრისტიანმა ღვთის მოთხოვნები დაარღვია? მათ, ვინც ჭეშმარიტებისკენ იეჰოვას ხალხის კარგმა საქციელმა მიიზიდა, შეიძლება გული გაუტყდეთ და სიხარული დაკარგონ.

სიხარული შეიძლება სატანის ბოროტი ქვეყნიერების კომერციულმა პროპაგანდამაც წაგვართვას. ეშმაკი ცდილობს, დაგვაჯეროს, რომ გვჭირდება ისეთი ნივთები, რომელთა გარეშეც იოლად გავალთ. მაგრამ გავიხსენოთ იესოს სიტყვები: „ვერავინ იქნება ორი ბატონის მონა, რადგან ან ერთს შეიძულებს და მეორეს შეიყვარებს, ან ერთს ზედ გადაჰყვება და მეორეს არაფრად ჩააგდებს. ვერ იქნებით ღვთის მონაც და სიმდიდრისაც“ (მათ. 6:24). როგორც ვხედავთ, შეუძლებელია სრულად ვსარგებლობდეთ ქვეყნიერებით და თან სიხარულით ვემსახურებოდეთ იეჰოვას.

„ვიმხიარულებ ჩემი ხსნის ღმერთით“

იეჰოვას მსახურება მის მოყვარულთათვის ტვირთი არ არის (1 იოან. 5:3). გავიხსენოთ, რა თქვა იესომ: „მოდით ჩემთან, მძიმედ მშრომელნო და ტვირთმძიმენო, და მე გამოგაცოცხლებთ. დაიდგით ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, რადგან რბილი და გულით თავმდაბალი ვარ, და გამოცოცხლდება თქვენი სული. ჩემი უღელი ადვილი სატარებელია და ჩემი ტვირთი მსუბუქია“ (მათ. 11:28—30). ქრისტეს მოწაფეობის უღელი გამომაცოცხლებელი და სიხარულის მომტანია. ჩვენ ნამდვილად გვაქვს იმის საფუძველი, რომ სიხარულით ვემსახუროთ ღმერთს. მოდი, განვიხილოთ სამი მნიშვნელოვანი მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა ვიმხიარულოთ ჩვენი ხსნის ღმერთით (აბაკ. 3:18).

ჩვენ ვემსახურებით სიცოცხლისმომცემ ბედნიერ ღმერთს (საქ. 17:28; 1 ტიმ. 1:11). ჩვენი არსებობა იეჰოვას დამსახურებაა. სწორედ ეს გვაძლევს იმის საფუძველს, რომ მას სიხარულით ვემსახუროთ იმის მიუხედავად, თუ რამდენი ხანია მონათლული ვართ.

ჰექტორს ღვთის სამეფოზე ფიქრი და აქტიური მსახურება ეხმარება სიხარულის შენარჩუნებაში

მოვიყვანოთ ჰექტორის მაგალითი. იგი 40 წელი მსახურობდა მიმომსვლელ ზედამხედველად. ახლა ჰექტორი ასაკშია, თუმცა მაინც სიხარულით ემსახურება ღმერთს (ფსალმ. 92:12—14). ჰექტორი მეუღლის ავადმყოფობის გამო იმდენად აქტიურად ვეღარ მსახურობს, მაგრამ მას სიხარული მაინც არ განელებია. იგი ამბობს: „მართალია, ძალიან განვიცდი, რომ ჩემი ცოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და მისი მოვლაც მიჭირს, მაგრამ ვცდილობ, სიხარული არ დავკარგო ღვთის მსახურებაში. იმის ცოდნა, რომ სიცოცხლე ღმერთმა მაჩუქა, რომელმაც ადამიანი აზრიანი ცხოვრებისთვის შექმნა, საკმარისი საფუძველია, მიყვარდეს ღმერთი და მას მთელი გულით ვემსახურო. ვცდილობ, აქტიურად ვიქადაგო სასიხარულო ცნობა და ხშირად ვიფიქრო ღვთის სამეფოზე, რათა სიხარული არ გამინელდეს“.

იეჰოვამ ჩვენი ცოდვების გამოსყიდვაზე იზრუნა. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ღმერთმა ქვეყნიერება ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა, რათა ვისაც ის სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“ (იოან. 3:16). თუ ვირწმუნებთ, რომ იესოს მიერ გაღებულ გამოსასყიდს ხსნის ძალა აქვს, ცოდვები გვეპატიება და მარადიულ სიცოცხლეს მივიღებთ. განა ამისთვის მადლიერები არ უნდა ვიყოთ და არ უნდა აღგვძრას მადლიერებამ, რომ სიხარულით ვემსახუროთ იეჰოვას?!

ხესუსმა გაიმარტივა ცხოვრება და იეჰოვას სიხარულით ემსახურებოდა წლების განმავლობაში

ერთი მექსიკელი ძმა, ხესუსი, იხსენებდა: „სამსახურზე ვიყავი გადაგებული. ზოგჯერ ზედიზედ ხუთ ცვლაში ვმუშაობდი, თუმცა სავალდებულო არ იყო. ამას იმიტომ ვაკეთებდი, რომ ბევრი ფული მქონოდა. მერე იეჰოვას შესახებ გავიგე და შევიტყვე, რომ ადამიანთა სახსნელად მას საკუთარი შვილი გაეღო. დიდი სურვილი გამიჩნდა, რომ მისი მსახური გავმხდარიყავი. გადავწყვიტე, თავი მიმეძღვნა იეჰოვასთვის. წამოვედი იმ კომპანიიდან, სადაც 28 წელი ვიმუშავე, და სრული დროით მსახურებას შევუდექი“. ასე დაიწყო მან იეჰოვასადმი სიხარულით მსახურება.

ნაყოფს, რომელიც გამოგვაქვს, სიხარული მოაქვს და არა მწუხარება. გახსოვს, როგორ ცხოვრებას ეწეოდი, სანამ იეჰოვას გაიცნობდი? პავლე მოციქულმა რომაელ ქრისტიანებს შეახსენა, რომ ერთ დროს „ცოდვის მონები“ იყვნენ, მაგრამ შემდეგ „სიმართლის მონები“ გახდნენ. მათი ნაყოფი სიწმინდე იყო, რაც მარადიულ სიცოცხლემდე მიიყვანდა მათ (რომ. 6:17—22). დღეს ჩვენც სუფთა ცხოვრებას ვეწევით, შორს ვართ უზნეობისა და ძალადობისგან და ამიტომ არ განვიცდით მწუხარებას. სწორედ ეს გვახარებს!

„ჩემი ცხოვრების უბედნიერესი წლები იეჰოვას მსახურებაში გავატარე“ (ხაიმე)

მოვიყვანოთ ხაიმეს მაგალითი. იგი ათეისტი იყო და ევოლუციის სჯეროდა. გარდა ამისა, ხაიმე კრივს მისდევდა. როდესაც მან ქრისტიანულ შეხვედრებზე დაიწყო სიარული, მოიხიბლა იმ სიყვარულით, რომელიც იქ ნახა. შეხედულებები და ცხოვრების წესი რომ შეეცვალა, ხაიმე იეჰოვას სთხოვდა, რომ მის არსებობაში დაერწმუნებინა. იგი იხსენებს: „ნელა-ნელა დავიჯერე მოსიყვარულე და გულმოწყალე ღმერთის არსებობა. იეჰოვას ნორმებით ცხოვრებამ დამიცვა. რომ არ შევცვლილიყავი, დღეს ალბათ ჩემი ზოგიერთი მოკრივე მეგობარივით ცოცხალი აღარ ვიქნებოდი. ჩემი ცხოვრების უბედნიერესი წლები იეჰოვას მსახურებაში გავატარე“.

ხელს ნუ ჩაიქნევ!

როგორი განწყობა უნდა გვქონდეს ახლა, როცა ბოროტი ქვეყნიერების აღსასრული კარსაა მომდგარი? გვახსოვდეს, რომ ჩვენ სულისთვის ვთესავთ და შედეგად მარადიულ სიცოცხლეს მოვიმკით. ამიტომ „ნუ მოვიშლით კარგის კეთებას, რადგან თავის დროზე მოვიმკით, თუ არ დავიღლებით“ (გალ. 6:8, 9). დაე, იეჰოვას დახმარებით შევინარჩუნოთ მხნეობა, განვივითაროთ დიდ გასაჭირში გადასარჩენად საჭირო თვისებები და განსაცდელების მიუხედავად სიხარულით ვემსახუროთ იეჰოვას (გამოცხ. 7:9, 13, 14; იაკ. 1:2—4).

გვჯეროდეს, რომ ჩვენი მოთმინება დაჯილდოვდება; ღმერთი არ დაივიწყებს ჩვენს შრომასა და სიყვარულს, რომელსაც მისი სახელისთვის ვავლენთ. თუ იეჰოვას კვლავაც სიხარულით ვემსახურებით, ჩვენც შევძლებთ იმავეს თქმას, რასაც ფსალმუნმომღერალი დავითი ამბობდა: „ყოველთვის თვალწინ მიდგას იეჰოვა. არ წავბორძიკდები, რადგან ის ჩემ მარჯვნივ არის. ამიტომ ხარობს ჩემი გული, ჩემი დიდება სიხარულს ესწრაფვის; ჩემი სხეულიც უსაფრთხოდ იქნება“ (ფსალმ. 16:8, 9).