არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მიჰბაძეთ იეჰოვას ერთგულ მსახურებს!

მიჰბაძეთ იეჰოვას ერთგულ მსახურებს!

„ერთგულს ერთგულებით უპასუხებ“ (ფსალმ. 18:25).

სიმღერები: 63, 43

1, 2. რით ცხადყო დავითმა, რომ ღვთის ერთგული იყო? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე)

უკუნი სიბნელეა. დავითი და აბიშაი 3 000 მძინარე ჯარისკაცს შორის ფეხაკრეფით მიდიან. ბანაკის შუაგულში ისინი ღრმა ძილში მყოფ საულს აწყდებიან. მეფე საული იუდეის უდაბნოში დავითის მოსაძებნად და მოსაკლავად არის წამოსული. აბიშაი დავითს ჩურჩულით ეუბნება: „მიმიშვი, შუბის ერთი დარტყმით დავაკლავ [საულს] მიწას, მეორე არ დამჭირდება“. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, დავითი მას პასუხობს: „არ მოკლა, ვის აღუმართავს ხელი იეჰოვას ცხებულზე და უდანაშაულო დარჩენილა? . . . იეჰოვამ დამიფაროს, ხელი აღვმართო იეჰოვას ცხებულზე!“ (1 სამ. 26:8—12).

2 დავითს კარგად ესმოდა ღვთის ერთგულების მნიშვნელობა. საულის მოკვლა მას აზრადაც არ მოსვლია, ვინაიდან იეჰოვამ სცხო იგი ისრაელის მეფედ. დიახ, ღვთის ერთგული მსახურები პატივს სცემენ მათ, ვისაც ის ნიშნავს. იეჰოვა ყველა თავისი მსახურისგან მოითხოვს ერთგულებას (წაიკითხეთ ფსალმუნის 18:25).

3. როგორ დაამტკიცა აბიშაიმ დავითისადმი ერთგულება?

3 აბიშაი პატივს სცემდა დავითს. გავიხსენოთ ის შემთხვევა, როცა დავითმა ბათ-შებასთან იმრუშა. თავისი დანაშაულის დასაფარავად მან აბიშაის ძმას, იოაბს დაავალა, რომ ბათ-შებას ქმარი, ურია, ბრძოლის წინა ხაზზე დაეყენებინა, რათა მოეკლათ იგი (2 სამ. 11:2—4, 14, 15; 1 მატ. 2:16). აბიშაის შეიძლება რაღაც სცოდნოდა ამის შესახებ. მიუხედავად ამისა, იგი კვლავაც პატივს სცემდა დავითს, როგორც ღვთის მიერ დანიშნულ მეფეს. უფრო მეტიც, აბიშაის, როგორც მხედართმთავარს, არასოდეს უცდია თავისი ძალაუფლების გამოყენება ისრაელის ტახტის მისათვისებლად. ის ყოველთვის იცავდა დავითს მოღალატეებისგან თუ მტრებისგან (2 სამ. 10:10; 20:6; 21:15—17).

4. ა) რით ცხადყო დავითმა, რომ ღვთის ერთგული იყო? ბ) კიდევ ვის მაგალითებს განვიხილავთ?

4 ის, რომ დავითმა საულის მოკვლა არ მოინდომა, იმაზე მეტყველებს, რომ იგი იეჰოვას ერთგული იყო. ახალგაზრდობაში დავითი ფილისტიმელ გოლიათს შეებრძოლა, რომელიც უტიფრად დასცინოდა „ცოცხალი ღვთის რაზმს“ (1 სამ. 17:23, 26, 48—51). როცა მეფე გახდა და მძიმე ცოდვები ჩაიდინა, როგორიც იყო მრუშობა და მკვლელობა, ნათან წინასწარმეტყველის შეგონება მიიღო და მოინანია კიდეც (2 სამ. 12:1—5, 13). როცა მოხუცდა, იგი კვლავაც ერთგულობდა ღმერთს. მაგალითად, მან იეჰოვას ტაძრის ასაშენებლად საჭირო მასალის მომარაგებაზე იზრუნა (1 მატ. 29:1—5). მართალია, დავითმა სერიოზული შეცდომები დაუშვა, მაგრამ მაინც ღვთის ერთგული დარჩა (ფსალმ. 51:4, 10; 86:2). განვიხილოთ სხვა მაგალითები დავითის ცხოვრებიდან და მის დროს მცხოვრები სხვა ადამიანების შემთხვევები და დავფიქრდეთ შემდეგ კითხვებზე: პირველ რიგში, ვისი ერთგულები უნდა ვიყოთ? და რა თვისებებია საჭირო ერთგულების გამოსავლენად?

პირველ რიგში, ვისი ერთგულები უნდა ვიყოთ

5. რას ვსწავლობთ აბიშაის მაგალითიდან?

5 იმ დროს, როცა აბიშაი საულის ბანაკში შეიპარა, არ ჰქონდა გაცნობიერებული, თუ პირველ რიგში, ვისი ერთგული უნდა ყოფილიყო. დავითისადმი ერთგულების გამო იგი მზად იყო მეფე საულის მოსაკლავად. მაგრამ დავითმა შეაკავა აბიშაი, რადგან ესმოდა, რომ არასწორი იქნებოდა „იეჰოვას ცხებულზე“ ხელის აღმართვა (1 სამ. 26:8—11). ამ შემთხვევიდან მნიშვნელოვან რამეს ვსწავლობთ: შეიძლება ერთდროულად რამდენიმე პიროვნების ერთგულები ვიყოთ და ამაში გასაკვირი არაფერია, მაგრამ გაცნობიერებული უნდა გვქონდეს, თუ პირველ რიგში, ვისი ერთგულები უნდა ვიყოთ. ამაში კი ბიბლიური პრინციპები დაგვეხმარება.

6. რატომ უნდა გამოვიჩინოთ სიფრთხილე, როცა საქმე ეხება ოჯახის წევრების ან ახლო მეგობრების ერთგულებას?

6 ერთგულება გულიდან მოდის, მაგრამ სამწუხაროდ, ადამიანის გული ვერაგია (იერ. 17:9). ამიტომ ადვილი შესაძლებელია, რომ ღვთისადმი ჩვენი ერთგულება ოჯახის წევრისადმი ან ახლო მეგობრისადმი ერთგულებამ დაჩრდილოს მაშინ, როცა ერთი ან მეორე ცოდვას სჩადის. გვახსოვდეს, რომ ჩვენს ერთგულებას, პირველ რიგში, იეჰოვა იმსახურებს; გამონაკლისი არც იმ შემთხვევაში უნდა დავუშვათ, როცა ჩვენი საყვარელი ადამიანი ტოვებს ჭეშმარიტებას (წაიკითხეთ მათეს 22:37).

7. რა დაეხმარა ერთ დას, ღვთის ერთგული დარჩენილიყო?

7 როდესაც ოჯახის წევრი ირიცხება, არჩევანის წინაშე ვდგებით, ვის ვუერთგულოთ. მაგალითად, ერთ დას, სახელად ენს [1] გარიცხულმა დედამ დაურეკა. იგი ენს შეეხვეწა, რომ მასთან სტუმრობის უფლება მიეცა, რადგან თავს გარიყულად გრძნობდა. ენი ძალიან შეწუხდა და დაჰპირდა, რომ წერილს მისწერდა. წერილის დაწერამდე მან ბიბლიურ პრინციპებს გადახედა (1 კორ. 5:11; 2 იოან. 9—11). ენმა წერილში დედას ტაქტიანად შეახსენა, რომ თავი თვითონ გაირიყა, რადგან შესცოდა და არ მოინანია. მან დედას უთხრა, რომ ამ ტკივილს მხოლოდ იეჰოვასთან დაბრუნება გაუქარვებდა (იაკ. 4:8).

8. რომელი თვისებები დაგვეხმარება, რომ ღვთის ერთგულები ვიყოთ?

8 დავითის დროს მცხოვრები ადამიანების შემთხვევებიდან ჩანს, რომ ღვთისადმი ერთგულების გამოსავლენად სამი თვისებაა საჭირო. ესენია: თავმდაბლობა, სიკეთე და გაბედულება. განვიხილოთ თითოეული მათგანი.

თავმდაბლობა

9. რატომ ცდილობდა აბნერი დავითის მოკვლას?

9 როდესაც დავითს ხელში გოლიათის თავი ეჭირა და საულს ელაპარაკებოდა, იქვე, სულ მცირე, ორი კაცი იდგებოდა. ერთი საულის ვაჟი იონათანი იქნებოდა, რომელიც დავითს დაუმეგობრდა, ხოლო მეორე — მხედართმთავარი აბნერი (1 სამ. 17:57—18:3). მოგვიანებით, როცა საულმა დავითის მოკვლა განიზრახა, აბნერი საულს დაუდგა მხარში. „სასტიკნი ეძებენ ჩემს სულს“, — წერდა დავითი (ფსალმ. 54:3; 1 სამ. 26:1—5). რატომ არ მოიქცა აბნერი ისე, როგორც იონათანი? იონათანის მსგავსად, აბნერმა იცოდა, რომ ღმერთს დავითი ჰყავდა ამორჩეული ისრაელის მეფედ. საულის სიკვდილის შემდეგ მაინც ხომ შეეძლო აბნერს თავმდაბლობა გამოევლინა და ღვთისადმი ერთგულება იმით დაემტკიცებინა, რომ დავითისთვის დაეჭირა მხარი და არა საულის ვაჟისთვის, იშ-ბოშეთისთვის?! მას, როგორც ჩანს, ტახტის მითვისება სურდა, რაც იქიდან გამოჩნდა, რომ იგი საულის ხარჭასთან დაწვა (2 სამ. 2:8—10; 3:6—11).

10. რატომ უორგულა აბესალომმა ღმერთს?

10 დავითის ვაჟი, აბესალომიც ღვთის ერთგული იმიტომ ვერ დარჩა, რომ არ იყო თავმდაბალი. მან „ეტლი გაიკეთა და ცხენები შეიძინა, ორმოცდაათი კაცი მიუძღოდა ხოლმე წინ“ (2 სამ. 15:1). გარდა ამისა, აბესალომმა ხალხიც მიიმხრო. აბნერის მსგავსად, მასაც სურდა დავითის მოკვლა, არადა იცოდა, რომ დავითი იეჰოვას მიერ არჩეული მეფე იყო (2 სამ. 15:13, 14; 17:1—4).

11. რას ვსწავლობთ აბნერის, აბესალომისა და ბარუქის შემთხვევებიდან?

11 აბნერისა და აბესალომის მაგალითებიდან ვხედავთ, რომ უმართებულო სურვილმა ადამიანი ადვილად შეიძლება ღვთის ორგული გახადოს. რასაკვირველია, ღვთის არც ერთ ერთგულ მსახურს არ ენდომება, მათსავით ეგოისტურად და მზაკვრულად მოიქცეს. თუმცა გამდიდრებისა და პრესტიჟული კარიერის მოწყობის სურვილმაც შეიძლება ქრისტიანის სულიერობაზე უარყოფითად იმოქმედოს. მაგალითად, იერემია წინასწარმეტყველის მდივანმა, ბარუქმა, მცირე ხნით სულიერი ხედვა დაკარგა. ღმერთმა მას უთხრა: „აი, რასაც ვაშენებ, თავადვე ვანგრევ და რასაც ვრგავ, თავადვე ვძირკვავ, მთელ მიწასაც კი. შენ კი დიდ რამეს ეძებ შენთვის. ნუ ეძებ“ (იერ. 45:4, 5). ბარუქმა მიიღო იეჰოვას შეგონება. მოდი, ჩვენც გავითვალისწინოთ ეს სიტყვები, ვიდრე დამდგარა ამ ბოროტი ქვეყნიერების აღსასრული!

12. რატომ ვერ ვიქნებით ღვთის ერთგულები, თუ პირად ინტერესებს ჩვენს ცხოვრებაში უმთავრესი ადგილი უკავია? მოიყვანეთ მაგალითი.

12 ერთი მექსიკელი ძმა, დანიელი არჩევანის წინაშე დადგა — დააყენებდა თუ არა ღვთის ერთგულებას პირად ინტერესებზე წინ. მას შეუყვარდა ერთი გოგონა, რომელიც არ იყო იეჰოვას მოწმე. დანიელს მისი ცოლად მოყვანა სურდა. იგი იხსენებს: „მასთან მიმოწერა პიონერული მსახურების დაწყების შემდეგაც არ გამიწყვეტია. ბოლოს გამოცდილ უხუცესს დაველაპარაკე, რაშიც თავმდაბლობა დამეხმარა. ვუთხარი, რომ მიჭირდა პირად ინტერესებზე წინ ღვთის ერთგულების დაყენება. მან დამანახვა, რომ ღვთის ერთგული ვერ ვიქნებოდი, თუ მასთან მიმოწერას არ შევწყვეტდი. ბევრი ვილოცე, ცრემლიც ბევრი ვღვარე. ბოლოს, როგორც იქნა, გავწყვიტე მასთან კონტაქტი. მალევე მსახურებაში მეტი სიხარული ვიგრძენი“. მოგვიანებით დანიელმა ცოლად შეირთო კარგი ქრისტიანი და. ახლა იგი სარაიონო ზედამხედველად მსახურობს.

სიკეთე

თუ შეიტყობ, რომ თანაქრისტიანმა სერიოზული ცოდვა ჩაიდინა, უერთგულებ მას და აღძრავ, სულიერი დახმარება ითხოვოს? (იხილეთ მე-14 აბზაცი)

13. როგორ უერთგულა ნათანმა ღმერთსაც და დავითსაც, როდესაც დავითმა შესცოდა?

13 ღვთისადმი ერთგულება ადამიანებისადმი ერთგულებას არ გამორიცხავს. მაგალითად, ნათან წინასწარმეტყველი ერთდროულად ღვთის ერთგულიც იყო და დავითისაც. გავიხსენოთ ერთი ბიბლიური შემთხვევა. როცა დავითმა ბათ-შებასთან იმრუშა და მისი ქმარი ბრძოლაში მოაკვლევინა, ღმერთმა ნათანს დავითის შეგონება დაავალა. წინასწარმეტყველი დაემორჩილა იეჰოვას და გაბედულად იმოქმედა, თუმცა იგი დავითის ერთგულიც დარჩა. ნათანი გონივრულად მიუდგა მას, კეთილად მოეპყრო და ასე შეაგონა. დავითისთვის მისი ცოდვების სიმძიმე რომ დაენახვებინა, წინასწარმეტყველმა ერთი უსამართლო და მდიდარი კაცის მაგალითი მოიყვანა, რომელმაც ღარიბი კაცის ბატკანი მიითვისა. როდესაც დავითი განრისხდა მდიდრის საქციელზე, ნათანმა მას უთხრა: „შენა ხარ ის კაცი!“. დავითი მიუხვდა სათქმელს (2 სამ. 12:1—7, 13).

14. რა დაგეხმარებათ, რომ ღვთის ერთგულიც დარჩეთ და მეგობარს თუ ნათესავსაც უერთგულოთ?

14 სიკეთის კეთების სურვილი დაგეხმარებათ, სწორად იმოქმედოთ, როცა არჩევანის წინაშე დგახართ, ვის უერთგულოთ. დავუშვათ, დანამდვილებით იცი, რომ თანაქრისტიანმა სერიოზული ცოდვა ჩაიდინა. შეიძლება თავს ვალდებულად თვლიდე, რომ მას უერთგულო, მით უმეტეს, თუ იგი შენი ოჯახის წევრი ან ახლო მეგობარია. მაგრამ, თუ მას ხელს დააფარებ, ღვთის ერთგული ვერ დარჩები. იეჰოვას ერთგულებაზე წინ კი არაფერი უნდა დააყენო. ამიტომ მიჰბაძე ნათანს, და ოჯახის წევრი იქნება შემცოდველი თუ ახლო მეგობარი, კეთილად მოექეცი მას, მაგრამ, ამავე დროს, სიმტკიცე გამოიჩინე. აღძარი იგი, რომ უხუცესებს სთხოვოს დახმარება. თუ თვითონ არ მივა მათთან, მაშინ ღვთის ერთგულებამ შენ უნდა აღგძრას, რომ მომხდარის შესახებ უხუცესებს შეატყობინო. ამგვარად, იეჰოვასაც უერთგულებ და შენს მეგობარს თუ ოჯახის წევრსაც სიკეთეს გაუკეთებ, რადგან უხუცესები რბილად მიუდგებიან მას და დაეხმარებიან გამოსწორებაში (წაიკითხეთ ლევიანების 5:1; გალატელების 6:1)

გაბედულება

15, 16. რატომ სჭირდებოდა ხუშაის გაბედულება?

15 ერთხელ მეფე დავითის ერთგულ მეგობარს, ხუშაის, გაბედულება დასჭირდა, რომ ღვთის ერთგული დარჩენილიყო. ღვთისადმი მისი ერთგულება მაშინ გამოიცადა, როდესაც დავითის ვაჟმა, აბესალომმა, ხალხის გული მოიგო და იერუსალიმის სამეფო ტახტის მითვისება მოინდომა (2 სამ. 15:13; 16:15). დავითს ქალაქიდან გაქცევა მოუწია. საინტერესოა, როგორ მოიქცეოდა ხუშაი? აბესალომს მიემხრობოდა თუ გაჰყვებოდა ასაკოვან მეფეს, რომელიც თავის გადასარჩენად გარბოდა? ხუშაის გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ღვთის მიერ დანიშნული მეფის ერთგული დარჩენილიყო; ამიტომაც ის ზეთისხილის მთაზე დახვდა დავითს (2 სამ. 15:30, 32).

16 დავითმა ხუშაის სთხოვა, რომ იერუსალიმში დაბრუნებულიყო და თავი ისე მოეჩვენებინა აბესალომისთვის, ვითომ მისი მხარდამჭერი იყო, რათა ახითოფელის რჩევა ჩაეშალა. მართალია, ხუშაიმ სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო, მაგრამ იეჰოვას უერთგულა და დავითის თხოვნა შეასრულა. დავითის ლოცვის თანახმად, გაბედული ხუშაის რჩევამ ჩაშალა ახითოფელის რჩევა (2 სამ. 15:31; 17:14).

17. რატომ გვჭირდება გაბედულება?

17 იეჰოვას რომ ვუერთგულოთ, გაბედულება ჩვენც გვჭირდება. ბევრი ჩვენგანი გაბედულად შეხვედრია წინააღმდეგობას ოჯახის წევრების, თანამშრომლებისა თუ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, რათა ღვთისადმი ერთგულება დაემტკიცებინათ. მაგალითად, ერთი იაპონელი ძმა, ტარო, ბავშვობიდან მშობლების ერთგული და მორჩილი იყო, თუმცა არა მოვალეობის მოხდის მიზნით, არამედ მშობლების გულის გასახარებლად. როცა მშობლებმა იეჰოვას მოწმეებთან ურთიერთობა დაუშალეს, მას ძალიან გაუჭირდა იმის თქმა, რომ გადაწყვეტილი ჰქონდა ქრისტიანულ შეხვედრებზე სიარული. ტარო იხსენებს: „ისე გაბრაზდნენ, რომ წლების განმავლობაში სახლში არ მიშვებდნენ. ვლოცულობდი, რომ გაბედულება გამომეჩინა და მიღებული გადაწყვეტილება არ შემეცვალა. მას შემდეგ ცოტათი შეიცვალნენ. ახლა უკვე მივდივარ ხოლმე სახლში“ (წაიკითხეთ იგავების 29:25).

18. რა ისწავლეთ ამ სტატიიდან?

18 მოდი, მივბაძოთ დავითს, იონათანს, ნათანსა და ხუშაის და ჩვენც განვიცადოთ ის ბედნიერება, რომელიც იეჰოვას ერთგულებას მოაქვს. ამასთანავე, არ დაგვავიწყდეს ორგული აბნერისა და აბესალომის მაგალითები. ჩვენ გვინდა, დავითივით მივეკრათ იეჰოვას. როგორც არასრულყოფილები, შეცდომისგან დაზღვეულები არ ვართ. მიუხედავად ამისა, ჩვენ შეგვიძლია დავამტკიცოთ, რომ იეჰოვას ერთგულებას ჩვენს გულში უმთავრესი ადგილი უკავია.

^ [1] (აბზაცი 7) ზოგი სახელი შეცვლილია.