მკითხველთა შეკითხვები
რას ვიგებთ ბიბლიიდან იეჰოვას უნარზე, იწინასწარმეტყველოს მომავალი?
ბიბლიიდან ნათლად ჩანს, რომ იეჰოვას შეუძლია მომავლის წინასწარმეტყველება (ეს. 45:21). თუმცა ზუსტად არ ვიცით, როდის და როგორ იყენებს იეჰოვა ამ უნარს. ამიტომ გადაჭრით ვერაფერს ვიტყვით. მაგრამ ბიბლიიდან რამდენიმე მხარე იკვეთება, რომლებიც ამ საკითხს გარკვეულ ნათელს ჰფენს.
ყოვლისშემძლე ღმერთი ზოგჯერ შეგნებულად არ აკეთებს იმას, რისი ძალაც შესწევს. ვინაიდან იეჰოვა ყოვლადბრძენია, მას ნებისმიერი მოვლენის წინასწარმეტყველება შეუძლია (რომ. 11:33). თუმცა, იმავდროულად, ის სრულყოფილად ავლენს თავშეკავებას. ამიტომ ზოგჯერ ირჩევს, არ გაიგოს, რა მოხდება მომავალში (შეადარეთ ესაიას 42:14).
იეჰოვა ყოველთვის ახორციელებს თავის განზრახვას. ესაიას 46:10-ში ნათქვამია: „დასაწყისიდანვე ვაცხადებ დასასრულს და ძველთაგანვე იმას, რაც არ მომხდარა; ვამბობ: შესრულდება ჩემი გადაწყვეტილება და გავაკეთებ ყველაფერს, რაც მსურს“.
იეჰოვას მომავლის წინასწარმეტყველების შესაძლებლობას სწორედ ის აძლევს, რომ შეუძლია მოვლენები თავისი ნებისამებრ წარმართოს. თუმცა არ უნდა ვიფიქროთ, რომ ის, ასე ვთქვათ, ჩანაწერს წინ ახვევს, რათა ნახოს, რა მოხდება ბოლოში. ამ შემთხვევაში ხომ ისე გამოვიდოდა, რომ ყველაფერი წინასწარაა გაწერილი. სინამდვილეში, იეჰოვა უბრალოდ იმას განსაზღვრავს, რა დროს რა უნდა მოხდეს და როცა ეს დრო დადგება, იმაზეც ზრუნავს, რომ მოვლენები მისი ნებისამებრ განვითარდეს (გამ. 9:5, 6; მათ. 24:36; საქ. 17:31).
ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მომავლის წინასწარმეტყველებისას იეჰოვა ხშირად იყენებს სიტყვას „განვიზრახე“ (2 მეფ. 19:25; ეს. 46:11). ეს ზმნა დედნისეულ ენაში ენათესავება სიტყვას „მეთუნე“ (იერ. 18:3, 4). როგორც მეთუნეს შეუძლია თიხისგან სასურველი ნაკეთობა გამოძერწოს, ისე იეჰოვას შეუძლია მოვლენები თავისი ნებისამებრ წარმართოს (ეფეს. 1:11).
იეჰოვა არ გვიზღუდავს ნების თავისუფლებას. ის არც არავის ბედს განსაზღვრავს და არც ისეთ რამეს აკეთებინებს ვინმეს, რაც მისთვის დამღუპველი აღმოჩნდებოდა. იეჰოვა ყველას აძლევს იმის უფლებას, რომ როგორც სურს, ისე მოიქცეს, თუმცა სწორი არჩევანის გაკეთებისკენ ყოველთვის მოუწოდებს.
თვალსაჩინოებისთვის მოვიყვანოთ ორი წინასწარმეტყველება. პირველი ნინეველებს ეხება. იეჰოვამ იწინასწარმეტყველა, რომ ნინეველთა ბოროტების გამო ქალაქი დაემხობოდა. თუმცა მათ მოინანიეს, რის გამოც იეჰოვამ „გადაიფიქრა და აღარ დაატეხა მათ უბედურება“ (იონ. 3:1—10). მან არ შეასრულა ნაწინასწარმეტყველები, რადგან მისი განაჩენის მოსმენის შემდეგ ნინეველებმა მოინანიეს, საიდანაც გამოჩნდა, რომ მათ შეზღუდული არ ჰქონდათ ნების თავისუფლება.
მეორე წინასწარმეტყველება ეხება ბაბილონის დამპყრობელ კიროსს, რომელზეც ნათქვამი იყო, რომ ებრაელებს ტყვეობიდან გაათავისუფლებდა და იეჰოვას ტაძრის აღდგენის ბრძანებულებას გამოსცემდა (ეს. 44:26—45:4). ეს წინასწარმეტყველება ზედმიწევნით შესრულდა (ეზრ. 1:1—4). თუმცა აღსანიშნავია, რომ კიროსი არასდროს გამხდარა იეჰოვას თაყვანისმცემელი. მართალია, მან შეასრულა წინასწარმეტყველება, მაგრამ იეჰოვას მისი ნების თავისუფლება არ შეუზღუდავს — კიროსმა თავად გადაწყვიტა, ვისთვის ეცა თაყვანი (იგავ. 21:1).
ფაქტია, ზემოთქმულის გარდა იეჰოვა მომავლის განჭვრეტისას სხვა ფაქტორებსაც ითვალისწინებს. თუმცა ისიც გვესმის, რომ ბოლომდე ვერასდროს ჩავწვდებით მის აზრებსა და საქმეებს (ეს. 55:8, 9). და მაინც, ყველაფერი, რასაც ბიბლიიდან იეჰოვას შესახებ ვიგებთ, გვარწმუნებს, რომ ის ყოველთვის სამართლიანად მოქმედებს და რომ შეუძლებელია მომავლის წინასწარმეტყველების დროს სხვაგვარად მოიქცეს.