ხელმძღვანელი საბჭოს ახალი წევრები
ᲕᲔᲑᲒᲕᲔᲠᲓᲖᲔ jw.org 2023 წლის 18 იანვარს სპეციალური განცხადება განთავსდა, საიდანაც გავიგეთ, რომ იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელ საბჭოს შეემატა ორი ახალი წევრი, გეიჯ ფლიგლი და ჯეფრი უინდერი. ორივე ძმა ათწლეულებია იეჰოვას ერთგულად ემსახურება.
გეიჯ ფლიგლი დასავლეთ პენსილვანიაში (აშშ) ღვთისმოშიშმა მშობლებმა აღზარდეს. ის მოზარდი იყო, როცა ოჯახთან ერთად პატარა ქალაქში გადავიდა, სადაც მქადაგებლებზე დიდი მოთხოვნილება იყო. იქ გადასვლიდან მალევე, 1988 წლის 20 ნოემბერს, ის მოინათლა.
მშობლები ყოველთვის მოუწოდებდნენ გეიჯს, იეჰოვასთვის სრული დროით ემსახურა. ისინი ხშირად ეპატიჟებოდნენ სახლში სარაიონო ზედამხედველებსა თუ ბეთელელებს. მათი სტუმრობისას გეიჯი ამჩნევდა, როგორი ბედნიერები იყვნენ ეს და-ძმები. ნათლობიდან მალევე, 1989 წლის 1 სექტემბერს, ის პიონერულ მსახურებას შეუდგა. ორი წლის შემდეგ კი, 1991 წლის ოქტობერში, ის ბრუკლინის ბეთელში მიიწვიეს. ეს მიზანი მას ბავშვობიდან, კერძოდ 12 წლის ასაკიდან ჰქონდა დასახული.
ძმა გეიჯ ფლიგლი ბეთელში პირველი 8 წელი საამკინძაო საამქროში მუშაობდა, შემდეგ კი სამსახურებრივ განყოფილებაში გადაიყვანეს. იმ პერიოდში ის რამდენიმე წელი რუსულენოვან კრებაში მსახურობდა. 2006 წელს გეიჯი დაქორწინდა, რის შემდეგაც მისმა მეუღლემ, ნადიამაც, დაიწყო ბეთელში მსახურება. ისინი ჯერ პორტუგალიურენოვან კრებაში, შემდეგ კი 10 წელზე მეტი ხანი ესპანურენოვან კრებაში მსახურობდნენ. სამსახურებრივ განყოფილებაში მრავალწლიანი მსახურების შემდეგ ის ჯერ სასწავლო კომიტეტის, შემდეგ კი სამსახურებრივი კომიტეტის ოფისში გადაიყვანეს. 2022 წლის მარტში გეიჯი ხელმძღვანელი საბჭოს სამსახურებრივი კომიტეტის დამხმარედ დაინიშნა.
ძმა ჯეფრი უინდერი კალიფორნიაში (აშშ) იეჰოვას მოწმეთა ოჯახში გაიზარდა. ის 1986 წლის 29 მარტს მოინათლა, მომდევნო თვიდან კი დამხმარე პიონერად მსახურებას შეუდგა. მას ძალიან მოსწონდა აქტიურად მსახურება, ამიტომ იმავე წლის 1 ოქტომბერს პიონერთა რიგებს შეუერთდა.
ჯეფრის ორი უფროსი ძმა ჰყავდა, რომლებიც ბეთელში მსახურობდნენ. ის მოზარდი იყო, როცა მათთან ჩავიდა სტუმრად. ამ სტუმრობამ მას ბეთელში მსახურების სურვილი აღუძრა. 1990 წლის მაისში ის უოლკილში მიიწვიეს.
ბეთელში ჯეფრის სხვადასხვა განყოფილებაში მოუწია მუშაობა, მათ შორის დასუფთავების განყოფილებაში, მეურნეობაში და ბეთელის ბიუროში. 1997 წელს ის დაქორწინდა, რის შემდეგაც თავის მეუღლესთან, ანჯელასთან ერთად განაგრძო ბეთელში მსახურება. 2014 წელს ისინი უორიკში გადაიყვანეს, სადაც ჯეფრი მსოფლიო მთავარი სამმართველოს მშენებლობაში იღებდა მონაწილეობას. 2016 წლიდან მათ მსახურება პატერსონში, „საგუშაგო კოშკის“ საგანმანათლებლო ცენტრში, გააგრძელეს. იქ ჯეფრი აუდიო-ვიდეო მომსახურების განყოფილებას ეხმარებოდა. ოთხი წლის შემდეგ ისინი კვლავ დაბრუნდნენ უორიკში, სადაც მან კადრების კომიტეტის ოფისში დაიწყო მსახურება. 2022 წლის მარტში კი ჯეფრი ხელმძღვანელი საბჭოს კადრების კომიტეტის დამხმარედ დანიშნეს.
ვლოცულობთ, რომ იეჰოვამ უხვად აკურთხოს ეს მძიმედ მშრომელი ძმები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ სამეფოს ინტერესების მხარდასაჭერად და რომლებსაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ „ძღვენი ადამიანთა სახით“ (ეფეს. 4:8).