იცოდით თუ არა?
როგორი ეტლით მგზავრობდა ეთიოპი საჭურისი?
ᲑᲔᲠᲫᲜᲣᲚ სიტყვაში, რომელიც „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ გადმოტანილია როგორც „ეტლი“, ბევრნაირი ეტლი შეიძლება იგულისხმებოდეს (საქ. 8:28, 29, 38). თუმცა ეთიოპი საჭურისის ეტლი, სავარაუდოდ, უფრო დიდი იქნებოდა, ვიდრე ჩვეულებრივი საბრძოლო ან რბოლისთვის განკუთვნილი ეტლი. ამის თქმის საფუძველს შემდეგი მიზეზები გვაძლევს:
ეთიოპ საჭურისს მაღალი მდგომარეობა ეკავა და დიდ მანძილზე უწევდა გადაადგილება. როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ის იყო „ეთიოპთა დედოფლის, კანდაკეს, კარის მსახური, რომელსაც მთელი საგანძური ებარა“ (საქ. 8:27). ძველი ეთიოპიის ტერიტორია მოიცავდა დღევანდელი სუდანის და ეგვიპტის უკიდურეს სამხრეთ ნაწილს. როგორც ჩანს, საჭურისს ხანგრძლივი მგზავრობის დროს ბარგიც ბევრი ექნებოდა. თუმცა, ალბათ, არაერთხელ მოუწევდა სხვა ეტლზე გადაჯდომა. ახ. წ. პირველ საუკუნეში მგზავრები, ჩვეულებრივ, ოთხთვლიანი გადახურული ეტლებით გადაადგილდებოდნენ. ერთ-ერთი ნაშრომის თანახმად, „ასეთ ეტლში მეტი ბარგი ეტეოდა და მგზავრობაც უფრო კომფორტული იყო. სავარაუდოდ, ასეთი ეტლებით მგზავრები შედარებით დიდ მანძილზე გადაადგილდებოდნენ“ (Acts—An Exegetical Commentary).
ეთიოპი კითხულობდა, როცა მას ფილიპე მიუახლოვდა. ბიბლიაში ნათქვამია: „გაიქცა ფილიპე და, როცა დაეწია, გაიგონა, რომ საჭურისი ესაიას წინასწარმეტყველებას კითხულობდა“ (საქ. 8:30). იმდროინდელი სამგზავრო ეტლით სწრაფად ვერ გადაადგილდებოდი. ეს კი საშუალებას მისცემდა საჭურისს, წაეკითხა ღვთის სიტყვა და ფილიპეც ადვილად დაეწეოდა მიმავალ ეტლს.
ეთიოპი „შეეხვეწა ფილიპეს, რომ ასულიყო და გვერდით დასჯდომოდა“ (საქ. 8:31). რბოლისთვის განკუთვნილ ეტლში მეეტლე ფეხზე იდგა. სამგზავრო ეტლში კი საკმარისი ადგილი იყო, რომ ერთზე მეტი ადამიანი დამჯდარიყო.
საქმეების მე-8 თავში ჩაწერილ მონათხრობსა და ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით, ბოლო პერიოდში ჩვენს პუბლიკაციებში ეთიოპი საჭურისი გამოსახულია არა საბრძოლო ან რბოლისთვის განკუთვნილ ეტლში, არამედ შედარებით დიდ სამგზავრო ეტლში.