არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 4

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 30 ჩემო მამა, ჩემო ღმერთო, ჩემო მეგობარო!

იეჰოვას უყვარხართ!

იეჰოვას უყვარხართ!

„მამას უყვარხართ“ (ᲘᲝᲐᲜ. 16:27).

ᲛᲘᲖᲐᲜᲘ

იეჰოვას მოსიყვარულე პიროვნებაზე დაფიქრება გვეხმარება, დავუახლოვდეთ მას, თავი უსაფრთხოდ ვიგრძნოთ, ძალა განვიახლოთ და დავრწმუნდეთ, რომ ის ზრუნავს ჩვენზე.

1. რა სურათი წარმოგიდგებათ თვალწინ, როცა იეჰოვაზე ფიქრობთ?

 ᲠᲝᲒᲝᲠᲘ წარმოგიდგენიათ იეჰოვა? როცა ლოცულობთ, რა სურათი წარმოგიდგებათ თვალწინ? მართალია, იეჰოვა ადამიანის თვალისთვის უხილავია, მაგრამ ბიბლიაში მაინც ვხვდებით მის სხვადასხვა აღწერილობას. მაგალითად, მასზე ნათქვამია, რომ ის არის „მზე და ფარი“ და „შთამნთქმელი ცეცხლი“ (ფსალმ. 84:11; ებრ. 12:29). ეზეკიელმა იხილა, რომ ის ოქროსა და ვერცხლის შენადნობივით ელვარებდა, საფირონისებრ ტახტზე იჯდა და მბრწყინავი ცისარტყელით იყო გარემოცული (ეზეკ. 1:26—28). როდესაც ბიბლიაში იეჰოვას შესახებ ასეთ აღწერილობებს ვხვდებით, შეიძლება შიშმა შეგვიპყროს და ძრწოლამაც კი აგვიტანოს.

2. რატომ შეიძლება უჭირდეს ზოგს იეჰოვასთან დაახლოება?

2 რაკი ღმერთი უხილავია, ზოგს უჭირს იმის აღქმა, რომ ის რეალური პიროვნებაა, რომელსაც ვუყვარვართ. ზოგიც მძიმე წარსულის გამო ვერ იჯერებს, რომ იეჰოვას უყვარს. ზოგი ხომ საერთოდ ისე გაიზარდა, არც კი უგრძნია მამის სიყვარული. თუ ეს თქვენს შემთხვევაშიც ასეა, გჯეროდეთ, რომ იეჰოვას კარგად ესმის თქვენი და ისიც კარგად უწყის, რა კვალს ტოვებს ასეთი წარსული ადამიანზე. თავის სიყვარულში რომ დაგვარწმუნოს, ის ბიბლიის მეშვეობით გვაცნობს თავს.

3. რატომ იქნება კარგი, ჩავუღრმავდეთ იეჰოვას სიყვარულს?

3 იეჰოვას პიროვნებას საუკეთესოდ ასახავს ბიბლიაში ჩაწერილი შემდეგი სიტყვები: „ღმერთი სიყვარულია“ (1 იოან. 4:8). ეს იმას ნიშნავს, რომ მისი ყველა საქმის მიღმა სიყვარული დგას. მისი სიყვარული იმდენად ძლიერი და ყოვლისმომცველია, რომ მათაც კი სიყვარულით ეპყრობა, ვინც მსგავსი გრძნობით არ არის განმსჭვალული მის მიმართ (მათ. 5:44, 45). ეს სტატია დაგვეხმარება, უკეთ დავინახოთ ღვთის მოსიყვარულე პიროვნება, რაც მისადმი სიყვარულს გაგვიძლიერებს.

ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ ᲫᲚᲘᲔᲠ ᲕᲣᲧᲕᲐᲠᲕᲐᲠᲗ

4. რას გრძნობთ, როცა იეჰოვას სიყვარულზე ფიქრობთ? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

4 ბიბლიიდან ნათლად ჩანს, რომ იეჰოვას ვუყვარვართ (იოან. 16:27). იეჰოვა თავს მზრუნველ, მოსიყვარულე დედას ადარებს, რომელიც თავს ევლება თავის პატარას (ეს. 66:12, 13). წარმოიდგინეთ, როგორ იკრავს დედა გულში ბავშვს და ალერსიანი სიტყვებით ეფერება. და თუ ხედავს, რომ ბავშვს რაღაც აწუხებს და ტირის, ყველანაირად ცდილობს, დაამშვიდოს. უნდა გვჯეროდეს, რომ როცა რაღაც გვაწუხებს, იეჰოვა სწორედ ასეთი მოსიყვარულე მშობელივით მოგვექცევა. ფსალმუნმომღერალმაც დაწერა: „როცა საფიქრალმა მოსვენება დამიკარგა, შენ მანუგეშე და დამამშვიდე“ (ფსალმ. 94:19).

„როგორც ვაჟს ანუგეშებს დედა, მეც ისე განუგეშებთ“ (იხილეთ აბზაცი 4).


5. რაში გვარწმუნებს ის ფაქტი, რომ იეჰოვას სიყვარული ურყევია?

5 ბიბლიაში ნათქვამია, რომ იეჰოვას სიყვარული ურყევია (ფსალმ. 103:8). ეს იმას ნიშნავს, რომ როცა რამეს ვაშავებთ, ის ზურგს არ გვაქცევს. ეს კარგად ჩანს იქიდან, თუ როგორ ექცეოდა იეჰოვა ძველად ისრაელ ერს. ისინი ხშირად ეურჩებოდნენ მას და გულს სტკენდნენ, მაგრამ, როცა ინანიებდნენ, პატიობდა და თავის სიყვარულშიც არწმუნებდა. მან ასეთი სიტყვები უთხრა მათ: „ძვირფასი ხარ ჩემს თვალში, პატივდებული და საყვარელი“ (ეს. 43:4, 5). იეჰოვა არ შეცვლილა. ამიტომ, რა შეცდომაც არ უნდა დავუშვათ, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ის ჩვენზე ხელს არ ჩაიქნევს. „ის მრავლის მიმტევებელია“ (ეს. 55:7). ასე რომ, თუ მოვინანიებთ და მოვბრუნდებით, ვიგრძნობთ, რაოდენ ურყევია მისი სიყვარული, რადგან გვაპატიებს და გამოგვაცოცხლებს (საქ. 3:19).

6. რას ვიგებთ იეჰოვას შესახებ ზაქარიას 2:8-დან?

6 წაიკითხეთ ზაქარიას 2:8. ამ მუხლში იეჰოვა თავის თვალის გუგას გვადარებს, რითაც იმის თქმა სურს, რომ ძალიან ძვირფასნი ვართ მისთვის. ფაქტობრივად, ის ასეთ რამეს გვეუბნება: „თქვენთვის მოყენებული ტკივილი ჩემთვის მოყენებული ტკივილია“. დიახ, იეჰოვას ძალიან ვუყვარვართ და გულთან ახლოს მიაქვს ჩვენი განცდები და გრძნობები. ამიტომ ფსალმუნმომღერლის მსგავსად ჩვენც თამამად შეგვიძლია ვთხოვოთ: „თვალის გუგასავით გამიფრთხილდი“ (ფსალმ. 17:8).

7. რატომ სურს იეჰოვას, დავრწმუნდეთ მის სიყვარულში?

7 იეჰოვას სურს, დაგვარწმუნოს, რომ ძლიერ ვუყვარვართ, რადგან იცის, რომ ამჟამინდელი პრობლემებისა თუ წარსული გამოცდილების გამო შეიძლება დავეჭვდეთ მის სიყვარულში. როგორ გავთავისუფლდეთ ეჭვებისგან? ამაში იმაზე დაფიქრება დაგვეხმარება, თუ როგორ გამოხატავს იეჰოვა სიყვარულს იესოს, ცხებულებისა და თითოეული ჩვენგანის მიმართ.

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲒᲐᲛᲝᲮᲐᲢᲐᲕᲡ ᲘᲔᲰᲝᲕᲐ ᲡᲘᲧᲕᲐᲠᲣᲚᲡ

8. რატომ იყო იესო დარწმუნებული მამის სიყვარულში?

8 იეჰოვასა და იესოს შორის ურთიერთობას ჯერ კიდევ მაშინ ჩაეყარა საფუძველი, როცა სამყაროში სხვა არავინ და არაფერი არსებობდა. უთვალავი წლის მანძილზე მათ შორის სიყვარული უფრო და უფრო ძლიერდებოდა. იეჰოვას სურვილი იყო, ჩვენც გვცოდნოდა, რამდენად უყვარს თავისი ძე, ამიტომ ასეთი სიტყვები წარმოთქვა: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე“ (მათ. 17:5). მას უბრალოდ ის კი არ უთქვამს, რომ იწონებდა იესოს, არამედ „საყვარელი ძეც“ უწოდა. იეჰოვას ეამაყებოდა, რომ იესოსნაირი შვილი ჰყავდა, რომელიც გამოსასყიდის გასაღებადაც კი იყო მზად (ეფეს. 1:7). იესოც ყოველთვის გრძნობდა, რა ძლიერ უყვარდა მამას, რაც არაერთხელ გამოჩნდა მისი სიტყვებიდან. აშკარაა, მას ოდნავაც არ ეპარებოდა ეჭვი მამის სიყვარულში (იოან. 3:35; 10:17; 17:24).

9. რაზე მიანიშნებს რომაელების 5:5-ში ჩაწერილი სიტყვები?

9 სიყვარულს იეჰოვა ცხებულების მიმართაც აშკარად გამოხატავს. რომაელების 5:5-ში (წაიკითხეთ) გამოყენებული ზმნა „ჩაგვეღვარა“ იმაზე მიანიშნებს, რომ ღვთის სიყვარულმა მათ გულში, ასე ვთქვათ, დიდ ნაკადად იდინა. ამიტომაც არ ეპარებათ ეჭვი, რომ ღმერთმა ძლიერ შეიყვარა ისინი (იუდ. 1). აი რა დაწერა მოციქულმა იოანემ ყველა ცხებულის სახელით: „ნახეთ, როგორი სიყვარული გამოავლინა მამამ ჩვენდამი, ღვთის შვილებად რომ ვყოფილიყავით წოდებულნი“ (1 იოან. 3:1). თუმცა ღვთის სიყვარულში მხოლოდ ცხებულები კი არა, ყველანი უნდა ვიყოთ დარწმუნებული. მოდი ვნახოთ, რატომ.

10. რა არის იეჰოვას სიყვარულის უდიდესი მტკიცებულება?

10 რა არის იეჰოვას სიყვარულის უდიდესი მტკიცებულება? თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის გამოსასყიდი (იოან. 3:16; რომ. 5:8). რატომ ვამბობთ ამას? ჩვენთვის პატიებისა და მასთან დამეგობრების შესაძლებლობა რომ მოეცა, იეჰოვამ ყველაზე ძვირფასი, თავისი მხოლოდშობილი ძე, გაიმეტა და ისიც კი დაუშვა, რომ ის მტანჯველი სიკვდილით მომკვდარიყო (1 იოან. 4:10). რაც უფრო მეტს ვფიქრობთ იმაზე, რამხელა ფასი გადაიხადეს იეჰოვამ და იესომ თითოეული ჩვენგანის გამოსასყიდად, მით უფრო მეტად ვრწმუნდებით იმაში, რომ ეს უბრალოდ სამართლის აღსასრულებლად გადადგმული ნაბიჯი კი არა, უდიდესი სიყვარულის დასტური იყო (გალ. 2:20).

11. რას ვიგებთ იერემიას 31:3-დან?

11 როგორც დავინახეთ, იეჰოვა ჩვენდამი თავის გრძნობებს გულში კი არ იტოვებს, არამედ მათ აშკარად გამოხატავს კიდეც (წაიკითხეთ იერემიას 31:3). სწორედ ძლიერი სიყვარულის გამო დაგვიახლოვა იეჰოვამ (შეადარეთ კანონის 7:7, 8). ის იმაშიც გვარწმუნებს, რომ ვერავინ და ვერაფერი ჩამოგვაშორებს მის სიყვარულს (რომ. 8:38, 39). როცა ამ ყოველივეზე ფიქრობთ, შესაძლოა თქვენც ისეთივე გრძნობები გეუფლებათ, როგორიც მეფე დავითს. მოდი ვნახოთ, როგორ გამოხატავს ის თავის გრძნობებს 23-ე ფსალმუნში.

ᲠᲐᲨᲘ ᲒᲕᲐᲠᲬᲛᲣᲜᲔᲑᲡ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ ᲡᲘᲧᲕᲐᲠᲣᲚᲘ

12. რას აღწერს დავითი 23-ე ფსალმუნში?

12 წაიკითხეთ ფსალმუნის 23:1—6. ამ ფსალმუნიდან კარგად ჩანს, რომ დავითს ოდნავაც არ ეპარებოდა ეჭვი იეჰოვას სიყვარულსა და მზრუნველობაში. ის აღწერს, როგორი ახლო ურთიერთობა იყო მასსა და მის მწყემსს, იეჰოვას შორის. ის ბოლომდე იყო დარწმუნებული, რომ იეჰოვა საუკეთესოდ შეძლებდა მისი ცხოვრების წარმართვას და არასდროს გაუნელდებოდა მისადმი სიყვარული. რა აძლევდა დავითს ასეთი მტკიცე რწმენის საფუძველს?

13. რატომ არ ეპარებოდა დავითს ეჭვი იეჰოვას მზრუნველობაში?

13 „არაფერი მომაკლდება“. დავითი ყოველთვის ხედავდა იეჰოვას მზრუნველობას. ამიტომ დარწმუნებული იყო, რომ რა რთულ სიტუაციაშიც არ უნდა აღმოჩენილიყო, ის არასდროს დატოვებდა აუცილებლის გარეშე. ის იეჰოვას კეთილგანწყობასაც გრძნობდა და მასთან მეგობრული ურთიერთობით ტკბებოდა. იეჰოვას მზრუნველობასა და სიყვარულში დარწმუნებული, ის ურთულესი განსაცდელების დროსაც ახერხებდა, არ მისცემოდა საწუხარს და ბედნიერი და კმაყოფილი ყოფილიყო (ფსალმ. 16:11).

14. განსაკუთრებით როდის ვგრძნობთ იეჰოვას მზრუნველობას?

14 იეჰოვას მზრუნველობას განსაკუთრებით მაშინ ვგრძნობთ ხოლმე, როცა ცხოვრებისეული ქარტეხილები გვატყდება თავს. ზუსტად ასე მოხდა ერთი დის, კლერის, a შემთხვევაში, რომელიც 20 წელზე მეტია, ბეთელში მსახურობს. მის ოჯახს ერთი მეორის მიყოლებით არაერთი განსაცდელი დაატყდა თავს. მამამისი ინსულტმა ლოგინად ჩააგდო, მისი ერთი და კი კრებიდან გაირიცხა. ამას ისიც დაემატა, რომ კლერის ოჯახი შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩა და მათ სახლიც დაკარგეს. კლერი თავს უსუსურად გრძნობდა, რადგან არ იცოდა, როგორ დახმარებოდა მათ. თუმცა იეჰოვას მისი ოჯახი მზრუნველობის გარეშე არ დაუტოვებია. აი რას ამბობს კლერი: „არ მახსენდება ისეთი დღე, რომ ჩემს ოჯახს აუცილებელი მოჰკლებოდა. იეჰოვამ არაერთხელ გააკეთა ისეთი რამ, რამაც ჩვენს ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. ხშირად ვიხსენებ ხოლმე, რას აკეთებდა იეჰოვა იმ პერიოდში ჩვენთვის და როგორ ვგრძნობდი იმ დროს მის სიყვარულს. მიღებული გამოცდილება მოგვიანებითაც ბევრჯერ დამეხმარა, ერთგულად გამეგრძელებინა მსახურება“.

15. როგორ აღიდგინა ძალა დავითმა? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

15 „ისაა ჩემი გამომაცოცხლებელი“. ზოგჯერ დავითს ძალას აცლიდა თავსდატეხილი განსაცდელები (ფსალმ. 18:4—6). ასეთ დროს თავისი ძალაგამოცლილი მეგობარი რომ გამოეცოცხლებინა, იეჰოვა მას „აბიბინებული საძოვრებისა“ და „წყალუხვი ადგილებისკენ“ მიუძღოდა. ასეთი მზრუნველობის წყალობით დავითმა შეძლო აღედგინა ძალა და სიხარულით გაეგრძელებინა იეჰოვას მსახურება (ფსალმ. 18:28—32).

დევნილობის დროსაც კი დავითი გრძნობდა იეჰოვას სიყვარულსა და მზრუნველობას (იხილეთ აბზაცი 15).


16. თქვენ როგორ დაგეხმარათ იეჰოვა, აღგედგინათ ძალა?

16 როცა განსაცდელებს ვხვდებით, ჩვენც სწორედ „იეჰოვას ურყევი სიყვარულის გამო არ გვეღება ბოლო“ (გოდ. 3:22; კოლ. 1:11). განვიხილოთ ერთი დის, რეიჩელის, შემთხვევა. კოვიდპანდემიის დროს მისმა მეუღლემ ისიც მიატოვა და კრებაც. როგორ ამოუდგა მას იეჰოვა მხარში? რეიჩელი ამბობს: „და-ძმების მეშვეობით იეჰოვა გამუდმებით მარწმუნებდა თავის სიყვარულში. ისინი გვერდიდან არ მშორდებოდნენ, საჭმელსაც მიკეთებდნენ და გამამხნევებელ მესიჯებსა და ბიბლიურ მუხლებსაც მიგზავნიდნენ. ისინი გამუდმებით მარწმუნებდნენ იეჰოვას მზრუნველობაში და, სხვა თუ არაფერი, ღიმილით მაინც ცდილობდნენ ჩემ გამხნევებას. ყოველდღე მადლობას ვუხდი იეჰოვას ასეთი მოსიყვარულე ოჯახი რომ მაჩუქა“.

17. რატომ გრძნობდა დავითი თავს უსაფრთხოდ?

17 „არაფერი მაშინებს, რადგან შენა ხარ ჩემთან“. დავითის სიცოცხლეს არაერთხელ ემუქრებოდა საფრთხე, რადგან უამრავი მტერი ჰყავდა. შესაბამისად, მას ზოგჯერ შიშიც იპყრობდა. მაგრამ ის იმდენად იყო დარწმუნებული იეჰოვას სიყვარულში, რომ თავს უსაფრთხოდ და დაცულად გრძნობდა. დავითი ხედავდა, რომ იეჰოვა ყოველთვის მის გვერდით იყო და ამიტომაც გრძნობდა თავს მშვიდად. მას თავისუფლად შეეძლო ეთქვა: „[იეჰოვამ] ყველა ჩემი შიშისგან გამათავისუფლა“ (ფსალმ. 34:4). დიახ, იმის მტკიცე რწმენა, რომ იეჰოვას უყვარდა, დავითს ყველანაირი შიშის დაძლევაში დაეხმარა.

18. როგორ გვეხმარება იმის ცოდნა, რომ იეჰოვას ვუყვარვართ?

18 როგორ გვეხმარება იმის ცოდნა, რომ იეჰოვას ვუყვარვართ, როცა თავს საშინელი განსაცდელი გვატყდება? ერთი პიონერი და სიუზი გვიყვება, როგორ გრძნობდნენ თავს ის და მისი მეუღლე მას შემდეგ, რაც მათმა ბიჭმა თავი მოიკლა: „როცა ტრაგედია გატყდება თავს, ეს იმდენად დიდ ტრავმას გაყენებს, რომ მუდმივ შიშში იწყებ ცხოვრებას. თუმცა იეჰოვა ყველანაირად ეცადა, რომ თავის სიყვარულში დავერწმუნებინეთ, რამაც თავი უსაფრთხოდ და დაცულად გვაგრძნობინა“. ზემოთ მოხსენიებული რეიჩელი კი იხსენებს: „ერთ ღამით საშინლად სასოწარკვეთილი და შეშინებული ვიყავი. ამ დროს იეჰოვას ხმამაღლა შევთხოვე შველა და იმ წუთშივე ვიგრძენი შვება. იეჰოვამ ისე დამამშვიდა, როგორც დედა ამშვიდებს თავის პატარას, და მალევე ღრმად ჩამეძინა კიდეც. არასდროს დამავიწყდება ეს შემთხვევა“. ერთი უხუცესი ტასოსი, რომელიც სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო ოთხი წელი იჯდა ციხეში, იხსენებს, თუ როგორ გრძნობდა იმ პერიოდში იეჰოვას სიყვარულსა და მზრუნველობას: „იეჰოვას წყალობით არასდროს მაკლდა აუცილებელი. ამან მისადმი ნდობა კიდევ უფრო განმიმტკიცა. ღვთის სულის დახმარებით იმ საშინელ გარემოშიც შევძელი სიხარულის შენარჩუნება. მიღებულმა გამოცდილებამ დამარწმუნა, რომ რაც მეტად მივენდობი იეჰოვას, მით მეტად შევიგრძნობ მის სიყვარულს. ამიტომაც გადავწყვიტე, ციხეშივე დამეწყო პიონერად მსახურება“.

ᲓᲐᲣᲐᲮᲚᲝᲕᲓᲘᲗ ᲛᲝᲡᲘᲧᲕᲐᲠᲣᲚᲔ ᲦᲛᲔᲠᲗᲡ

19. ა) როგორ აისახება ჩვენს ლოცვებზე იმის ცოდნა, რომ იეჰოვას ვუყვარვართ? ბ) განსაკუთრებით რომელი მუხლი მოგწონთ ჩარჩოში მოცემული მუხლებიდან? (იხილეთ ჩარჩო  „ბიბლიური მუხლები, რომლებიც იეჰოვას სიყვარულში გვარწმუნებს“).

19 ზემოთ განხილულმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ „სიყვარულის ღმერთი“ იეჰოვა ჩვენ გვერდითაა (2 კორ. 13:11). ის პირადადაა დაინტერესებული თითოეული ჩვენგანით და ჩვენც ეჭვი არ გვეპარება, რომ მისი სიყვარულით ვართ გარემოცული (ფსალმ. 32:10). რაც მეტს ვფიქრობთ, რამდენად მოსიყვარულეა იეჰოვა, მით უფრო რეალური ხდება ის ჩვენთვის და მეტ სიახლოვესაც ვგრძნობთ მასთან. ჩვენ თავისუფლადაც მივმართავთ მას ლოცვით და ვთხოვთ, ყოველთვის გვაგრძნობინოს სიყვარული. ჩვენ ყველა საწუხარს ვანდობთ მას იმაში დარწმუნებულნი, რომ ბოლომდე გვიგებს და ჩვენი დახმარების სურვილიც აქვს (ფსალმ. 145:18, 19).

20. როგორ მოქმედებს ჩვენზე იეჰოვას სიყვარული?

20 როგორც ცივ ამინდში გვიზიდავს ცეცხლი, ისე ამ პრობლემებით აღსავსე ქვეყნიერებაში გვიზიდავს იეჰოვას სიყვარული. არასდროს უკრათ ხელი მას სიყვარულზე და მიეცით შესაძლებლობა, დაგამშვიდოთ და განუგეშოთ. მოდი თითოეულმა მის სიყვარულს სიყვარულით ვუპასუხოთ (ფსალმ. 116:1).

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲣᲞᲐᲡᲣᲮᲔᲑᲗ?

  • რას ვიგებთ ბიბლიიდან იეჰოვას სიყვარულის შესახებ?

  • რატომ უნდა გჯეროდეთ, რომ იეჰოვას ძლიერ უყვარხართ?

  • რას გრძნობთ, როცა იეჰოვას სიყვარულზე ფიქრობთ?

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 108 ღმერთი ერთგულებას და სიყვარულს ავლენს

a ზოგი სახელი შეცვლილია.