ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 3
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 124 მუდამ ერთგულები
იეჰოვა იქნება თქვენი შემწე სირთულეების დროს!
„[იეჰოვა] გაცხოვრებს უსაფრთხოდ“ (ᲔᲡ. 33:6).
ᲛᲘᲖᲐᲜᲘ
გაიგეთ, რა უნდა გააკეთოთ სირთულეების დროს, რომ იეჰოვასგან მიიღოთ დახმარება.
1, 2. რა სირთულეებს ხვდებიან ღვთის მსახურები?
ᲐᲠᲐᲕᲘᲜ ვიცით, რას მოგვიტანს ხვალინდელი დღე. მოულოდნელად განვითარებულმა მოვლენებმა შეიძლება თავდაყირა დააყენოს ჩვენი ცხოვრება. მაგალითად, ერთ ძმას, ლუისს a, კიბოს იშვიათი ფორმის დიაგნოზი დაუსვეს და უთხრეს, რომ მხოლოდ რამდენიმე თვის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი. ერთი და მონიკა თავის მეუღლესთან ერთად აქტიურად იყო ღვთის საქმეში ჩართული, თუმცა ერთ დღეს გაიგო, რომ მისი ქმარი, რომელიც უხუცესად მსახურობდა, უკვე წლებია, ღალატობდა და ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობდა. ერთ დაუქორწინებელ დას, ოლივიას, სახლის დატოვება მოუწია, რადგან იმ ტერიტორიას გამანადგურებელი ქარიშხალი უახლოვდებოდა. უკან დაბრუნებულს იქ მხოლოდ ნანგრევები დახვდა. ამ და-ძმების ცხოვრება თვალის დახამხამებაში თავდაყირა დადგა. თქვენც ხომ არ აღმოჩენილხართ მსგავს მდგომარეობაში?
2 ფაქტია, იეჰოვას მსახურები არ ვართ დაზღვეული სხვადასხვა სირთულისა თუ ავადმყოფობისგან. გარდა ამისა, შეიძლება დევნისა და წინააღმდეგობის ატანა მოგვიწიოს. მართალია, იეჰოვა არ გვარიდებს სირთულეებს, მაგრამ თავის მხარდაჭერაში გვარწმუნებს (ეს. 41:10). მისი დახმარებით ურთულეს სიტუაციებშიც კი შევძლებთ გონივრული გადაწყვეტილებების მიღებას და სიხარულისა და ერთგულების შენარჩუნებას. მოდი გავიგოთ, როგორ გვეხმარება იეჰოვა ასეთ დროს და ვიმსჯელოთ, რისი გაკეთება შეგვიძლია მისგან დახმარების მისაღებად.
ᲘᲔᲰᲝᲕᲐ ᲓᲐᲒᲘᲪᲐᲕᲗ
3. რისი გაკეთება შეიძლება გაგვიჭირდეს მოულოდნელად თავსდატეხილი სირთულეების დროს?
3 მოულოდნელად თავსდატეხილი სირთულეების დროს შეიძლება გაგვიჭირდეს საღად აზროვნება და გადაწყვეტილებების მიღება, რადგან დასტრესილები და გონებრივად თუ ემოციურად გამოფიტულები ვიყოთ. ეს მდგომარეობა შეიძლება ნისლში გზის გაკვლევას შევადაროთ, როცა გზა არ ჩანს და არ იცი, საით წახვიდე. მოდი გავიგოთ, როგორ გრძნობდა თავს ზემოთ მოხსენიებული ორი და მას შემდეგ, რაც დიდი უბედურება დაატყდათ თავს. ოლივია იხსენებს: „როცა ქარიშხალმა ჩემი სახლი მიწასთან გაასწორა, სასოწარკვეთილებამ მომიცვა“. მონიკა კი, რომელსაც ქმარმა უღალატა, ამბობს: „ეს უბრალოდ იმედგაცრუება არ იყო. ენით აუწერელ ტკივილს ვგრძნობდი, განადგურებული და პარალიზებული ვიყავი. ვერასდროს წარმოვიდგენდი, ასეთი რამ თუ შემემთხვეოდა“. როგორ გვეხმარება იეჰოვა ასეთ დროს?
4. რას გვპირდება იეჰოვა? (ფილიპელები 4:6, 7).
4 რას აკეთებს იეჰოვა. ის გვპირდება, რომ თავის მშვიდობას მოგვცემს (წაიკითხეთ ფილიპელების 4:6, 7). ფრაზაში „ღვთის მშვიდობა“ იგულისხმება შინაგანი სიმშვიდე, რომელიც იეჰოვასთან ახლო ურთიერთობის შედეგად გვეუფლება. ეს მშვიდობა ნებისმიერ აზრს აღემატება ანუ ყველანაირ მოლოდინს აჭარბებს. თქვენც დაგუფლებიათ ასეთი საოცარი სიმშვიდე მხურვალე ლოცვის შემდეგ? თუ ასეა, იცოდეთ, ამის მიზეზი ის იყო, რომ ღმერთმა თავისი მშვიდობა მოგცათ.
5. როგორ დაიცავს ღვთის მშვიდობა ჩვენს გულსა და გონებას?
5 იმავე მუხლში ნათქვამია, რომ ღვთის მშვიდობა დაიცავს ჩვენს გულსა და გონებას. „დაცვად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა სამხედრო ტერმინი იყო, რომელსაც ქალაქის დამცველ სამხედრო ნაწილთან მიმართებით იყენებდნენ. ქალაქის მოსახლეობას მშვიდად ეძინა, რადგან იცოდნენ, რომ კარიბჭეებთან მცველები იდგნენ. მსგავსად, როცა ღვთის მშვიდობა იცავს ჩვენს გულსა და გონებას, თავს მშვიდად და უსაფრთხოდ ვგრძნობთ (ფსალმ. 4:8). იმ შემთხვევაშიც კი, თუ სიტუაცია მალევე არ იცვლება უკეთესობისკენ, როგორც ეს ხანას შემთხვევაში იყო, მაინც შეგვიძლია ვიგრძნოთ სიმშვიდე (1 სამ. 1:16—18). როცა მშვიდად ვართ, გვიადვილდება, საღად ვიაზროვნოთ და სწორი გადაწყვეტილებები მივიღოთ.
6. რა უნდა გავაკეთოთ „ღვთის მშვიდობის“ მისაღებად? (იხილეთ აგრეთვე სურათი).
6 ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ. როცა პრობლემების გამო მოსვენებას ვკარგავთ, ჩვენც გვჭირდება დაცვა. რა უნდა გავაკეთოთ, რომ თავი დაცულად ვიგრძნოთ? მანამ უნდა ვილოცოთ, სანამ ღვთიური სიმშვიდე არ დაგვეუფლება (ლუკ. 11:9; 1 თეს. 5:17). ზემოთ მოხსენიებული ლუისი აღნიშნავს, რა დაეხმარა მას და მის მეუღლეს, არ ჩაცვენილიყვნენ სასოწარკვეთილებაში, როცა თავზარდამცემი ამბავი გაიგეს: „ასეთ დროს ძალიან ბევრი გადაწყვეტილების მიღება გიწევს, მათ შორის, როგორ სამედიცინო დახმარებას მიიღებ. არადა ისეთ დღეში ხარ, რომ ამის გაკეთება ნამდვილად არ არის ადვილი. ფაქტია, რომ არა ლოცვა, სიმშვიდეს ვერ შევინარჩუნებდით“. ლუისი და მისი მეუღლე ანა გულმხურვალედ ლოცულობდნენ და იეჰოვას სთხოვდნენ, მათთვის სიმშვიდე და სწორი გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო სიბრძნე მიეცა. იეჰოვამაც უპასუხოდ არ დატოვა მათი ლოცვები. თუ თქვენც დაგატყდებათ თავს მძიმე განსაცდელი, გამუდმებით ილოცეთ და იეჰოვაც აუცილებლად მოგცემთ მშვიდობას, რომელიც დაიცავს თქვენს გულსა და გონებას (რომ. 12:12).
ᲘᲔᲰᲝᲕᲐ ᲒᲐᲜᲒᲐᲛᲢᲙᲘᲪᲔᲑᲗ
7. რა ემოციები შეიძლება დაგვეუფლოს მძიმე განსაცდელის დროს?
7 მძიმე განსაცდელის დროს ადამიანმა შეიძლება ემოციური წონასწორობა დაკარგოს და გაუჭირდეს ფიქრებისა და საქციელის კონტროლი. მას შეიძლება ემოციები ტალღებივით ატყდებოდეს თავს. სწორედ ასე მოხდა ზემოთ მოხსენიებული ანას შემთხვევაშიც. ის ამბობს: „ხან სიცარიელის გრძნობა მეუფლებოდა, ხან საკუთარი თავი მეცოდებოდა, ხანაც ბრაზი მერეოდა“. ანას მარტოობის გრძნობაც ტანჯავდა და აფიქრებდა, როგორ გაართმევდა თავს იმ საქმეებს, რომლებსაც მანამდე ლუისი აგვარებდა. ზოგჯერ ისეთი განცდაც ეუფლებოდა, თითქოს აბობოქრებულ ზღვაში დიდ ტალღებს ებრძოდა. როგორ გვეხმარება იეჰოვა ასეთ დროს?
8. რას გვპირდება იეჰოვა? (ესაია 33:6).
8 რას აკეთებს იეჰოვა. ის გვპირდება, რომ წონასწორობისა და სიმტკიცის შენარჩუნებაში დაგვეხმარება (წაიკითხეთ ესაიას 33:6). შტორმში მოყოლილი გემი ძლიერ რყევას იწყებს, რაც მისი გადაბრუნების საფრთხეს ქმნის. საფრთხის თავიდან ასარიდებლად გემს ორივე მხრიდან სტაბილიზატორი აქვს დაყენებული. მათი წყალობით რყევა საგრძნობლად მცირდება, რაც მგზავრობას უფრო უსაფრთხოს და სასიამოვნოს ხდის. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სტაბილიზატორი თავის ფუნქციას საუკეთესოდ მაშინ ასრულებს, როცა გემი მოძრაობს. მსგავსად, თუ სირთულეების მიუხედავად ერთგულად გავაგრძელებთ იეჰოვას მსახურებას, ეს დაგვეხმარება, წონასწორობა და სიმშვიდე შევინარჩუნოთ.
9. როგორ გვეხმარება საკვლევი საშუალებები წონასწორობის შენარჩუნებაში? (იხილეთ აგრეთვე სურათი).
9 ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ. როცა ძლიერ ემოციურ სტრესს განვიცდით, უნდა ვეცადოთ, არ ჩამოვრჩეთ სულიერ განრიგს. შეიძლება იმდენს ვეღარ ვაკეთებდეთ, რამდენსაც უწინ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იეჰოვა იმაზე მეტს არ გვთხოვს, ვიდრე შეგვიძლია (შეადარეთ ლუკას 21:1—4). დრო გამოუყავით პირად შესწავლასა და ფიქრს. თავისი ორგანიზაციის მეშვეობით იეჰოვა უხვად გვაწვდის სულიერ საზრდოს, რომელიც წონასწორობის შენარჩუნებაში გვეხმარება. სასურველი ინფორმაციის მოსაძიებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ JW ბიბლიოთეკა, „საგუშაგო კოშკის პუბლიკაციების საძიებელი“ და „იეჰოვას მოწმეების საკვლევი სახელმძღვანელო“. სწორედ ამ საკვლევ საშუალებებს იყენებდა ზემოხსენიებული მონიკაც, როცა ემოციების კონტროლი უჭირდა. მაგალითად, ძიების ველში ჩაბეჭდავდა ასეთ სიტყვებს: „ბრაზი“, „ღალატი“, „ერთგულება“, და როცა ინფორმაციას მოიძიებდა, მანამ კითხულობდა, სანამ თავს უკეთ არ იგრძნობდა. ის ამბობს: „კითხვის დროს დაძაბულობა ნელ-ნელა მეხსნებოდა, რადგან ვხვდებოდი, რომ იეჰოვას ესმოდა ჩემი და გვერდში მედგა. ბოლოს უკვე ისე ვგრძნობდი თავს, თითქოს იეჰოვას გულში ვყავდი ჩაკრული“. დარწმუნებული იყავით, რომ თუ თქვენც მონიკას მსგავსად მოიქცევით, იეჰოვა თქვენც დაგეხმარებათ, მოერიოთ მოზღვავებულ ემოციებს და წონასწორობა შეინარჩუნოთ (ფსალმ. 119:143, 144).
ᲘᲔᲰᲝᲕᲐ ᲛᲮᲐᲠᲨᲘ ᲐᲛᲝᲒᲘᲓᲒᲔᲑᲐᲗ
10. როგორ შეიძლება ვიგრძნოთ თავი ემოციური ტრავმის შემდეგ?
10 ემოციური ტრავმის შემდეგ დროდადრო შეიძლება აბსოლუტურად ძალაგამოცლილი ვიყოთ და მარტივ საქმეებსაც ვერ გავართვათ თავი. ჩვენ შეიძლება ისეთი რამის კეთებაც კი არ გვეხალისებოდეს, რაც გვიყვარს. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ელიას მსგავსად ძილის გარდა სხვა არაფრის თავი არ გვქონდეს (1 მეფ. 19:5—7). როგორ დაგვეხმარება იეჰოვა, თუ ასეთ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით?
11. კიდევ როგორ გვეხმარება იეჰოვა? (ფსალმუნი 94:18).
11 რას აკეთებს იეჰოვა. ის გვპირდება, რომ მხარში ამოგვიდგება (წაიკითხეთ ფსალმუნის 94:18). როგორც ფეხნაღრძობი მორბენალი ვერ დადგება დახმარების გარეშე ფეხზე, ისე ჩვენც გაგვიჭირდება მსახურების გაგრძელება, თუ არავინ ამოგვიდგება მხარში. იეჰოვა გვარწმუნებს: „მე, იეჰოვას, შენს ღმერთს, მიჭირავს შენი მარჯვენა და გეუბნები: ნუ გეშინია, მე დაგეხმარები!“ (ეს. 41:13). დავითი იეჰოვასგან სწორედ ასეთ მხარდაჭერას გრძნობდა. განსაცდელში მყოფმა ღმერთს ასეთი რამ უთხრა: „შენი მარჯვენაა ჩემი შემწე“ (ფსალმ. 18:35). მაგრამ კონკრეტულად როგორ გვიწვდის იეჰოვა დახმარების ხელს?
12. ვისი მეშვეობით გვიწვდის იეჰოვა დახმარების ხელს?
12 იეჰოვა ხშირად დახმარების ხელს თავისი მსახურების მეშვეობით გვიწვდის. ის ასე იქცეოდა ძველ დროშიც. მაგალითად, ერთხელ, როცა დავითი ემოციურ მხარდაჭერას საჭიროებდა, იეჰოვამ მის დასახმარებლად მისი მეგობარი იონათანი აღძრა (1 სამ. 23:16, 17). ელიას კი ელისეს მეშვეობით ამოუდგა მხარში (1 მეფ. 19:16, 21; 2 მეფ. 2:2). დღესაც იეჰოვამ შეიძლება ოჯახის წევრები, მეგობრები და უხუცესები აღძრას ჩვენ დასახმარებლად. თუმცა ერთიცაა, დიდი ემოციური ტკივილის დროს შეიძლება საკუთარ ნაჭუჭში ჩავიკეტოთ და არავისთან არ გვინდოდეს ურთიერთობა. ამაში გასაკვირი არაფერია. თუმცა ვნახოთ, როგორ გავუწიოთ ამ დროს წინააღმდეგობა საკუთარ თავს და მივიღოთ იეჰოვასგან დახმარება.
13. ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ იეჰოვასგან დახმარების მისაღებად? (იხილეთ აგრეთვე სურათი).
13 ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ. ყველანაირად უნდა ვეცადოთ, არ ავყვეთ იმის ცდუნებას, რომ გავერიყოთ სხვებს. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მხოლოდ საკუთარი თავით და ჩვენი პრობლემებით გავხდეთ მოცული და უკვე ვეღარ შევძლოთ გონივრული გადაწყვეტილებების მიღება (იგავ. 18:1). რა თქმა უნდა, ამით იმის თქმა არ გვინდა, რომ ემოციური ტკივილის დროს განმარტოება ყოველთვის ცუდია. თუმცა თუ გავერიყებით სხვებს, შეიძლება ისე გამოვიდეს, რომ იეჰოვას ხელი ვუკრათ დახმარებაზე. ასე რომ, როგორი რთულიც არ უნდა იყოს ჩვენთვის, უნდა ვეცადოთ, უარი არ ვთქვათ ოჯახის წევრების, მეგობრებისა და უხუცესების მხრიდან მხარდაჭერაზე. უნდა გვახსოვდეს, რომ იეჰოვა სწორედ მათი მეშვეობით გვიდგას მხარში (იგავ. 17:17; ეს. 32:1, 2).
ᲘᲔᲰᲝᲕᲐ ᲒᲐᲜᲣᲒᲔᲨᲔᲑᲗ
14. როდის შეიძლება დაგვეუფლოს შიში?
14 ზოგჯერ შეიძლება პრობლემების გამო შიშმაც შეგვიპყროს. ეს გრძნობა არც ძველად მცხოვრები ღვთის ერთგული მსახურებისთვის იყო უცხო. მათ შიშის ზარს სცემდა მტრების თავდასხმა თუ სხვადასხვა განსაცდელი (ფსალმ. 18:4; 55:1, 5). შეიძლება ჩვენც გვავიწროებდნენ სკოლასა თუ სამსახურში ან ოჯახის წევრებისა თუ მთავრობის მხრიდან ვხვდებოდეთ წინააღმდეგობას. ჩვენ არც სასიკვდილო დაავადებებისგან ვართ დაზღვეული. ასეთ მდგომარეობაში შეიძლება თავი ჩვილი ბავშვივით უმწეოდ ვიგრძნოთ. რას აკეთებს იეჰოვა ამ დროს ჩვენ დასახმარებლად?
15. რაში გვარწმუნებს ფსალმუნის 94:19?
15 რას აკეთებს იეჰოვა. ფსალმუნის 94:19 (წაიკითხეთ) გვარწმუნებს, რომ ის გვანუგეშებს და დაგვამშვიდებს. იმის უკეთ გასაგებად, თუ როგორ აკეთებს ამას, მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი: წარმოიდგინეთ პატარა გოგონა, რომელიც ჭექა-ქუხილმა ისე შეაშინა, რომ ვერაფრით იძინებს. თუმცა აჰყავს თუ არა მამას ხელში და გულში იხუტებს, ღრმად ეძინება. მართალია, ჭექა-ქუხილი კვლავ გრძელდება, მაგრამ მამის მკლავებში ის თავს უსაფრთხოდ გრძნობს. შიშის მომგვრელ სიტუაციებში ჩვენც იმ შემთხვევაში დაგვეუფლება სიმშვიდე, თუ იეჰოვას „მკლავებში“ ვიქნებით. მაგრამ რა უნდა გავაკეთოთ ჩვენი ზეციერი მამისგან ნუგეშის მისაღებად?
16. რა უნდა გავაკეთოთ იეჰოვასგან ნუგეშის მისაღებად? (იხილეთ აგრეთვე სურათი).
16 ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ. რეგულარულად გამოყავით დრო იეჰოვასთან ურთიერთობისთვის. ამისთვის საჭიროა, ილოცოთ და იკითხოთ მისი სიტყვა (ფსალმ. 77:1, 12—14). თუ ასე მოიქცევით, დიდი ალბათობით, სტრესულ სიტუაციაში მაშინვე ზეციერ მამას მიმართავთ დახმარებისთვის. გაანდეთ იეჰოვას თქვენი შიშები და საწუხარი და მასაც მიეცით შესაძლებლობა, რომ თავისი სიტყვის მეშვეობით დაგელაპარაკოთ და განუგეშოთ (ფსალმ. 119:28). ბიბლიის ზოგიერთი მონაკვეთი შეიძლება განსაკუთრებით მანუგეშებელი აღმოჩნდეს თქვენთვის. მაგალითად, შეიძლება გულზე მალამოსავით დაგედოთ „იობში“, „ფსალმუნებში“ და „იგავებში“ ჩაწერილი აზრები, აგრეთვე მათეს მე-6 თავში ჩაწერილი იესოს სიტყვები. ეჭვი ნუ შეგეპარებათ, რომ თუ რეგულარულად მიმართავთ იეჰოვას ლოცვით და ყურს დაუგდებთ მის სიტყვას, ეს აუცილებლად დაგამშვიდებთ და განუგეშებთ.
17. რაში უნდა ვიყოთ დარწმუნებული?
17 დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ მძიმე წუთებში იეჰოვა ჩვენ გვერდით იქნება და მარტო არ დაგვტოვებს (ფსალმ. 23:4; 94:14). ის გვპირდება, რომ დაგვიცავს, განგვამტკიცებს, მხარში ამოგვიდგება და გვანუგეშებს. აი რა არის ნათქვამი იეჰოვაზე ესაიას 26:3-ში: „დაიცავ შენზე სრულად მონდობილთ; ყოველთვის მშვიდობით ამყოფებ, რადგან შენ გენდობიან“. ასე რომ, მიენდეთ იეჰოვას და მიეცით მას თქვენი დახმარების საშუალება! ამ შემთხვევაში ურთულეს სიტუაციებშიც კი შეძლებთ მტკიცედ დგომას.
ᲠᲝᲒᲝᲠ ᲣᲞᲐᲡᲣᲮᲔᲑᲗ?
-
განსაკუთრებით როდის ვსაჭიროებთ იეჰოვას მხარდაჭერას?
-
როგორ გვეხმარება იეჰოვა სირთულეების დროს?
-
რა უნდა გავაკეთოთ იეჰოვასგან დახმარების მისაღებად?
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 12 დიდებული ღმერთი, იეჰოვა
a ზოგი სახელი შეცვლილია.