არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სასწავლო სტატია 44

იქნება თქვენი შვილებისთვის ღვთის მსახურება ცხოვრების მთავარი არჩევანი?

იქნება თქვენი შვილებისთვის ღვთის მსახურება ცხოვრების მთავარი არჩევანი?

„ემატებოდა იესოს სიბრძნე, იზრდებოდა და უფრო მეტ კეთილგანწყობას იხვეჭდა ღვთისა და ადამიანთა თვალში“ (ლუკ. 2:52).

სიმღერა 134 შვილები — მემკვიდრეობა იეჰოვასგან

მოკლე შინაარსი *

1. რომელია საუკეთესო არჩევანი?

ხშირ შემთხვევაში მშობლების არჩევანი დიდ გავლენას ახდენს შვილების მომავალზე. მათმა მცდარმა გადაწყვეტილებებმა შეიძლება შვილებს ცხოვრება გაურთულოს. მეორე მხრივ, მშობლების ბრძნული გადაწყვეტილებები შვილებს შესაძლებლობას აძლევს, ბედნიერი და საინტერესო ცხოვრება ჰქონდეთ. თუმცა სწორი არჩევანის გაკეთება თავად შვილებსაც მოუწევთ. თუ ისინი მოსიყვარულე ზეციერი მამის, იეჰოვას მსახურებას აირჩევენ, ეს მათ ცხოვრებაში საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება (ფსალმ. 73:28).

2. რა არჩევანი გააკეთეს იესომ და მისმა მშობლებმა?

2 იესოს მშობლებს სურდათ, შვილები იეჰოვას მსახურებად აღეზარდათ, რაც მათი გადაწყვეტილებებიდანაც კარგად გამოჩნდა (ლუკ. 2:40, 41, 52). იესომაც, თავის მხრივ, სწორი გადაწყვეტილებები მიიღო და ღირსეულად შეასრულა თავისი როლი ღვთის განზრახვაში (მათ. 4:1—10). იესო კეთილი, ერთგული და გაბედული კაცი დადგა, ისეთი, როგორსაც ნებისმიერი ღვთისმოშიში მშობელი ინატრებდა.

3. რომელ კითხვებს განვიხილავთ ამ სტატიაში?

3 ამ სტატიაში განვიხილავთ შემდეგ კითხვებს: რა გადაწყვეტილებები მიიღო იეჰოვამ, სანამ იესოს დედამიწაზე გამოგზავნიდა? რისი სწავლა შეუძლიათ ქრისტიან მშობლებს იესოს მიწიერი მშობლებისგან? და რას სწავლობენ ახალგაზრდა ქრისტიანები იესოს გადაწყვეტილებებიდან?

მიჰბაძეთ იეჰოვას

4. რა არჩევანი გააკეთა იეჰოვამ იესოსთვის?

4 იეჰოვამ იესოს საუკეთესო მშობლები შეურჩია (მათ. 1:18—23; ლუკ. 1:26—38). ბიბლიაში ჩაწერილი მარიამის გულწრფელი სიტყვებიდან აშკარად ჩანს იეჰოვასა და მისი სიტყვისადმი უდიდესი სიყვარული (ლუკ. 1:46—55). რაც შეეხება იოსებს, მისი ღვთისმოშიშება კარგად გამოჩნდა მაშინ, როცა დაემორჩილა იეჰოვას მითითებას (მათ. 1:24).

5, 6. რა არ აურიდებია იეჰოვას თავისი ძისთვის?

5 აღსანიშნავია, რომ იეჰოვას იესოსთვის მდიდარი მშობლები არ აურჩევია. ისინი რომ ხელმოკლედ ცხოვრობდნენ, ის შესაწირავიც მეტყველებს, რომელიც იოსებმა და მარიამმა იესოს დაბადების შემდეგ გაიღეს (ლუკ. 2:24). იოსებს, როგორც ჩანს, ნაზარეთში სახლთან ახლოს პატარა სახელოსნო ჰქონდა, სადაც სადურგლო საქმეს ეწეოდა. მათ მოკრძალებული შემოსავლით მოუწევდათ თავის გატანა, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ოჯახს სულ მცირე შვიდი შვილი ჰყავდა (მათ. 13:55, 56).

6 მართალია, იეჰოვა ზოგი საფრთხისგან იცავდა იესოს, მაგრამ ყველა სირთულე არ აურიდებია მისთვის (მათ. 2:13—15). მაგალითად, იესოსთვის ადვილი არ იქნებოდა იმ ნათესავებთან ურთიერთობა, რომლებსაც არ სწამდათ მისი. წარმოიდგინეთ, რა გულსატკენი იქნებოდა იესოსთვის, რომ თავიდან ოჯახის წევრებიც კი არ აღიარებდნენ მესიად (მარ. 3:21; იოან. 7:5). გარდა ამისა, შესაძლოა მას მამობილიც ნაადრევად გამოეცალა ხელიდან. იოსების სიკვდილის შემდეგ იესოს, როგორც უფროს ვაჟს, სადურგლო საქმე უნდა გაეგრძელებინა (მარ. 6:3). ზრდასრულმა იესომ საკუთარ თავზე აიღო ოჯახზე ზრუნვის პასუხისმგებლობა, რისთვისაც მძიმედ შრომა მოუწევდა. ასე რომ, მისთვის უცხო ნამდვილად არ იქნებოდა ის განცდა, რაც მშრომელ ადამიანს დამღლელი დღის ბოლოს ეუფლება.

მშობლებო, ასწავლეთ შვილებს ბიბლიური რჩევებით ხელმძღვანელობა და ამგვარად შეამზადეთ ისინი ცხოვრებისეულ სირთულეებთან შესახვედრად (იხილეთ აბზაცი 7). *

7. ა) რაზე უნდა დაფიქრდეს ცოლ-ქმარი, როცა საქმე ბავშვის აღზრდას ეხება? ბ) იგავების 2:1—6-დან გამომდინარე, რა უნდა ასწავლონ მშობლებმა შვილებს?

7 თუ დაქორწინებული ხართ და შვილების ყოლას გეგმავთ, დაფიქრდით: ხართ მარიამივით და იოსებივით თავმდაბალი და სულიერად მოაზროვნე ადამიანები, რომლებსაც იეჰოვა ძვირფას ძღვენს, ბავშვის აღზრდას, მიანდობდა? (ფსალმ. 127:3, 4). თუ უკვე გყავთ შვილები, ჰკითხეთ საკუთარ თავს: „რას ვაკეთებ იმისათვის, რომ ჩემმა შვილებმა შრომის ფასი იცოდნენ?“ (ეკლ. 3:12, 13). „ყველანაირად ვცდილობ, რომ სატანის ქვეყნიერებამ ჩემს შვილებს ფიზიკური და მორალური ზიანი არ მიაყენოს?“ (იგავ. 22:3). ისიც ფაქტია, რომ შვილებს ყველა საფრთხისგან ვერ დაიცავთ, რადგან ეს შეუძლებელია. მაგრამ, თუ სიყვარულითა და მოთმინებით ასწავლით ბიბლიური რჩევებით ხელმძღვანელობას, ცხოვრებისეულ სირთულეებთან შესახვედრად შეამზადებთ (წაიკითხეთ იგავების 2:1—6). მაგალითად, თუ ოჯახის წევრმა ზურგი აქცია იეჰოვას, ბიბლიის მეშვეობით დაანახვეთ თქვენს შვილს, რამდენად მნიშვნელოვანია იეჰოვას ერთგულება (ფსალმ. 31:23). ან თუ ახლობელი დაგეღუპათ, ღვთის სიტყვით ანუგეშეთ თქვენი შვილი, რომ წუხილმა არ მოიცვას და სიმშვიდე არ დაკარგოს (2 კორ. 1:3, 4; 2 ტიმ. 3:16).

მიჰბაძეთ იოსებსა და მარიამს

8. კანონის 6:6, 7-ის თანახმად, რა მოეთხოვებოდათ იოსებსა და მარიამს, როგორც მშობლებს?

8 იოსებმა და მარიამმა ღვთის მოსაწონად აღზარდეს იესო; ისინი მიჰყვებოდნენ იმ მითითებებს, რომლებიც იეჰოვამ მშობლებს მისცა (წაიკითხეთ კანონის 6:6, 7). იოსებსა და მარიამს ძალიან უყვარდათ იეჰოვა და მათი მთავარი მიზანიც ის იყო, რომ შვილებისთვის ასეთივე სიყვარული ჩაენერგათ.

9. რა იდგა იოსებისა და მარიამის ოჯახში პირველ ადგილზე?

9 იოსებისა და მარიამის ოჯახში იეჰოვას თაყვანისცემას მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. ისინი ყოველკვირა შვილებთან ერთად დადიოდნენ ნაზარეთის სინაგოგაში, აგრეთვე ყოველწლიური პასექის დღესასწაულის აღსანიშნავად — იერუსალიმში (ლუკ. 2:41; 4:16). იერუსალიმისკენ მიმავალ გზაზე მშობლები, ალბათ, იესოსა და მის და-ძმებს მოუთხრობდნენ იეჰოვას ხალხის ისტორიას. შესაძლოა გზად იმ ისტორიულ ადგილებსაც ათვალიერებინებდნენ, რომლებიც წმინდა წერილებში იყო მოხსენიებული. ოჯახის ზრდასთან ერთად იოსებისა და მარიამისთვის უფრო რთული გახდებოდა სულიერ საქმეებში რეგულარული მონაწილეობა. მაგრამ მათ შრომა ნამდვილად დაუფასდათ. საბოლოო ჯამში, მთელი ოჯახის სულიერ კეთილდღეობაზე აისახა ის, რომ იეჰოვას თაყვანისცემა ოჯახში ყოველთვის პირველ ადგილზე იყო.

10. რაში უნდა მიჰბაძონ მშობლებმა იოსებსა და მარიამს?

10 რაში უნდა მიჰბაძონ ღვთისმოშიშმა მშობლებმა იოსებსა და მარიამს? პირველ რიგში, სიტყვითა თუ საქმით დაანახვეთ თქვენს შვილებს, რა ძლიერ გიყვართ იეჰოვა. ფაქტია, იმაზე უკეთესს ვერაფერს გააკეთებთ თქვენი შვილებისთვის, ვიდრე იმას, რომ შეაყვაროთ იეჰოვა. აგრეთვე უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ შვილები მიაჩვიოთ შესწავლას, ლოცვას, კრების შეხვედრებზე დასწრებასა და მსახურებას (1 ტიმ. 6:6). ამასთან ერთად, ცხადია, თქვენი შვილების ფიზიკურ მოთხოვნილებებზეც უნდა იზრუნოთ (1 ტიმ. 5:8). მაგრამ გახსოვდეთ, რომ თქვენს შვილებს ნივთები ან ფული კი არა, იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა გადაარჩენს და დაამკვიდრებინებს ახალ ქვეყნიერებას * (ეზეკ. 7:19; 1 ტიმ. 4:8).

გვიხარია, რომ ბევრი ქრისტიანი მშობელი სწორ არჩევანს აკეთებს თავისი ოჯახის სულიერი კეთილდღეობისთვის (იხილეთ აბზაცი 11). *

11. ა) როგორ დაეხმარება 1 ტიმოთეს 6:17—19-ში ჩაწერილი რჩევა მშობლებს, რომ სწორი გადაწყვეტილებები მიიღონ შვილების აღზრდისას? ბ) რა მიზნები შეიძლება დაისახოს თქვენმა ოჯახმა და რა მხრივ წაგადგებათ ეს? (იხილეთ ჩარჩო  „რა მიზნები შეგიძლიათ დაისახოთ?“).

11 გვიხარია, რომ ბევრი ქრისტიანი მშობელი სწორ არჩევანს აკეთებს და სულიერ მიზნებს უსახავს შვილებს. ისინი შვილებთან ერთად რეგულარულად მონაწილეობენ სულიერ საქმეებში: ესწრებიან კრების შეხვედრებსა და კონგრესებს და ერთად მსახურობენ. ზოგი ოჯახი ისეთ ტერიტორიაზე მსახურობს, რომელიც იშვიათად მუშავდება. ზოგიც ოჯახთან ერთად სტუმრობს ბეთელს ან მონაწილეობს თეოკრატიული შენობების მშენებლობაში. ეს ყველაფერი ოჯახებისთვის გარკვეულ ფინანსურ ხარჯებთან და სირთულეებთან არის დაკავშირებული, თუმცა ის, რასაც სანაცვლოდ იღებენ, მათ სულიერად ამდიდრებს (წაიკითხეთ 1 ტიმოთეს 6:17—19). ასეთ ოჯახებში აღზრდილ ბავშვებს კარგი უნარ-ჩვევები მოჰყვებათ და ბავშვობა ბედნიერად ახსენდებათ * (იგავ. 10:22).

მიჰბაძეთ იესოს

12. რა არჩევანი უნდა გაეკეთებინა ზრდასრულ იესოს?

12 მართალია, იესოს ზეციერი მამა და მისი მიწიერი მშობლები გონივრულ გადაწყვეტილებებს იღებდნენ, როცა საქმე იესოს მომავალს ეხებოდა, მაგრამ ზრდასრულ იესოს თავად უნდა გაეკეთებინა არჩევანი (გალ. 6:5). ჩვენს მსგავსად მასაც ნების თავისუფლება ჰქონდა და შეეძლო საკუთარ ნება-სურვილს აჰყოლოდა, მაგრამ იესომ იეჰოვას ნების შესრულება არჩია (იოან. 8:29). როგორ დაეხმარება ახალგაზრდებს მისი მაგალითი?

ახალგაზრდებო, ისწავლეთ მშობლებისგან (იხილეთ აბზაცი 13). *

13. რა არჩევანი გააკეთა იესომ, როცა ჯერ კიდევ პატარა იყო?

13 იესო ჯერ კიდევ პატარა იყო, როცა არჩევანი გააკეთა. მართალია, მას მშობლებზე მეტი ესმოდა, მაგრამ არ უფიქრია, რომ ამის გამო მათ არ უნდა დამორჩილებოდა. როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ის მშობლების დამჯერი შვილი იყო (ლუკ. 2:51). ეჭვგარეშეა, იესო, როგორც უფროსი შვილი, სერიოზულად ეკიდებოდა თავის პასუხისმგებლობას და ბევრს შრომობდა, რომ მამობილისგან ხელობა ესწავლა და მომავალში ოჯახს მხარში ამოსდგომოდა.

14. საიდან ვიცით, რომ იესო ღვთის სიტყვის კარგი მკვლევარი იყო?

14 სავარაუდოდ, მშობლები იესოს მის სასწაულებრივ დაბადებაზეც მოუყვებოდნენ და იმაზეც, რა თქვეს ღვთის მაცნეებმა მის შესახებ (ლუკ. 2:8—19, 25—38). იესო მოსმენილს არ დასჯერდა და თავადაც იკვლევდა წმინდა წერილებს. საიდან ჩანს ეს? ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როცა იერუსალიმში მასწავლებლები გააოცა „იმით, თუ როგორ პასუხობდა და რამდენი რამ ესმოდა“ (ლუკ. 2:46, 47). 12 წლის ასაკში იესოს უკვე კარგად ჰქონდა გამოკვლეული ღვთის სიტყვა და ეჭვი არ ეპარებოდა, რომ იეჰოვა მისი მამა იყო (ლუკ. 2:42, 43, 49).

15. საიდან გამოჩნდა, რომ იესომ ღვთის ნების შესრულება არჩია?

15 მას შემდეგ, რაც იესომ გაიაზრა, რა როლი ეკისრა იეჰოვას განზრახვაში, გადაწყვიტა, დაჰყოლოდა მამის ნებას (იოან. 6:38). მან იცოდა, რომ ბევრი შეიძულებდა და ამ აზრთან შეგუება მისთვის, ალბათ, ადვილი არ იქნებოდა. მიუხედავად ამისა, იეჰოვას მორჩილება არჩია. მას შემდეგ, რაც ახ. წ. 29 წელს მოინათლა, იესო მთლიანად ღვთის ნების შესრულებაზე გადაერთო (ებრ. 10:5—7). წამების ძელზე სიკვდილის პირას მყოფსაც კი მამის ნების შესრულება აფიქრებდა (იოან. 19:30).

16. რაში უნდა მიჰბაძონ ბავშვებმა იესოს?

16 დაემორჩილე მშობლებს. იოსებისა და მარიამის მსგავსად არც შენი მშობლები არიან უნაკლო. თუმცა იეჰოვამ შენი აღზრდა, დაცვა და დარიგება მათ მიანდო. თუ დააფასებ მშობლების რჩევა-დარიგებას და მათდამი პატივისცემას გამოავლენ, ბევრ რამეში „მოგემართება ხელი“ (ეფეს. 6:1—4).

17. იესო ნავეს ძის 24:15-ის თანახმად, რა არჩევანი უნდა გააკეთონ ახალგაზრდებმა?

17 აირჩიე, ვის ემსახურები. კარგად გაიცანი იეჰოვა, გაიგე, რა განზრახვა აქვს მას და შენ როგორ შეგიძლია ღვთის ნების შესრულება (რომ. 12:2). მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღებ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას, რომ ემსახურო იეჰოვას (წაიკითხეთ იესო ნავეს ძის 24:15; ეკლ. 12:1). თუ ბიბლიის კითხვისა და შესწავლის კარგი განრიგი გექნება, იეჰოვასადმი სიყვარულსაც გაიღრმავებ და რწმენასაც გაიძლიერებ.

18. რა არჩევანი უნდა გააკეთონ ახალგაზრდებმა და რა იქნება შედეგი?

18 ღვთის ნების შესრულება მთავარ პრიორიტეტად აქციე. სატანის ქვეყნიერება გარწმუნებს, რომ შენი ნიჭისა თუ უნარის საშენოდ გამოყენება ბედნიერებას მოგიტანს. სინამდვილეში, მათ, ვინც მეტის მოხვეჭას მიუძღვნეს ცხოვრება, „მრავალი ტკივილი მიაყენეს საკუთარ თავს“ (1 ტიმ. 6:9, 10). მათგან განსხვავებით, თუ იეჰოვას მოუსმენ და მისი ნების შესრულებას მთავარ პრიორიტეტად აქცევ, წარმატებული იქნები და ბრძნულად იმოქმედებ (იეს. 1:8).

თქვენი არჩევანი

19. რა უნდა ახსოვდეთ მშობლებს?

19 მშობლებო, ყველაფერი გააკეთეთ, რომ შვილები იეჰოვას მოსაწონად აღზარდოთ. მიენდეთ ღმერთს და ის დაგეხმარებათ ბრძნული გადაწყვეტილებების მიღებაში (იგავ. 3:5, 6). გახსოვდეთ, რომ ბავშვებზე თქვენი საქმეები უფრო ახდენს გავლენას, ვიდრე სიტყვები. ამიტომ ისეთი გადაწყვეტილებები მიიღეთ, რომ თქვენს შვილს იეჰოვას კეთილგანწყობის მოპოვებაში დაეხმაროთ.

20. რა ელით ახალგაზრდებს, თუ იეჰოვას მსახურებას აირჩევენ?

20 ახალგაზრდებო, მშობლები გონივრული გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებიან. მაგრამ, საბოლოო ჯამში, მაინც თქვენზეა დამოკიდებული, დაიმსახურებთ თუ არა იეჰოვას მოწონებას. ამიტომ მიჰბაძეთ იესოს და ემსახურეთ თქვენს მოსიყვარულე ზეციერ მამას. ასეთ შემთხვევაში საინტერესო, აზრიანი და სასიამოვნო ცხოვრება გექნებათ (1 ტიმ. 4:16). მომავალში კი წარმოუდგენლად ბედნიერი ცხოვრება გელით!

სიმღერა 133 ახალგაზრდები თაყვანს ვცემთ იეჰოვას

^ აბზ. 5 ქრისტიან მშობლებს სურთ, რომ მათი შვილები ზრდასრულ ასაკშიც სიხარულით ემსახურონ იეჰოვას. როგორი გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ მშობლებმა, რომ შვილებს ამ მიზნის მიღწევაში დაეხმარონ? რა არჩევანი უნდა გააკეთონ ახალგაზრდა ქრისტიანებმა, წარმატებულნი რომ იყვნენ ცხოვრებაში? წინამდებარე სტატიაში ამ კითხვებზე ვიმსჯელებთ.

^ აბზ. 11 იხილეთ 2011 წლის ოქტომბრის „გამოიღვიძეთ!“, ჩარჩო „ამაზე უკეთესი მშობლები ვერც კი წარმომიდგენია“, გვერდი 20.

^ აბზ. 66 სურათის აღწერა: მარიამი პატარაობიდანვე უნერგავდა იესოს იეჰოვასადმი სიყვარულს. მის მსგავსად დედებს დღესაც შეუძლიათ, შვილებს იეჰოვა შეაყვარონ.

^ აბზ. 68 სურათის აღწერა: იოსები ოჯახთან ერთად დადიოდა სინაგოგაში. მის მსგავსად ოჯახისთავებიც ცოლ-შვილთან ერთად ესწრებიან კრების შეხვედრებს.

^ აბზ. 70 სურათის აღწერა: იესომ მამისგან ხელობა ისწავლა. ახალგაზრდებს დღესაც შეუძლიათ მამებისგან სხვადასხვა საქმის კეთება ისწავლონ.