არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სასწავლო სტატია 41

როგორ მივიყვანოთ ბიბლიის შემსწავლელი ნათლობამდე — ნაწილი I

როგორ მივიყვანოთ ბიბლიის შემსწავლელი ნათლობამდე — ნაწილი I

„აშკარაა, რომ ქრისტეს წერილი ხართ, ჩვენ მიერ, ღვთის მსახურთა მიერ დაწერილი“ (2 კორ. 3:3).

სიმღერა 78 ვასწავლით ღვთის სიტყვას

მოკლე შინაარსი *

მთელი კრებისთვის სასიხარულო მოვლენაა ბიბლიის შემსწავლელის ნათლობა, რადგან მის სულიერ ზრდაში ყველას მიუძღვის წვლილი (იხილეთ აბზაცი 1).

1. როგორ გვეხმარება 2 კორინთელების 3:1—3-ში ჩაწერილი სიტყვები, დიდ პატივად მივიჩნიოთ სხვების ნათლობამდე მიყვანა? (იხილეთ სურათი გარეკანზე).

რა გრძნობა გეუფლებათ, როცა იგებთ, რომ თქვენს კრებაში ვინმე მოინათლა? ცხადია, ეს ფაქტი ძალიან გახარებთ, მით უმეტეს, თუ ახალმონათლულს თქვენ ასწავლიდით ბიბლიას (მათ. 28:19; 1 თეს. 2:19, 20). ბიბლიის შემსწავლელის სულიერი ზრდა და ნათლობა, როგორც თქვენი, ისე მთელი კრების მიერ გაწეული შრომის შედეგია. ბიბლიური ენით თუ ვიტყვით, ახალმონათლულები ცოცხალი „საშუამავლო წერილები“ არიან მთელი კრებისთვის და არა მხოლოდ მათი მასწავლებლებისთვის (წაიკითხეთ 2 კორინთელების 3:1—3).

2. ა) რომელ მნიშვნელოვან კითხვაზე ვიმსჯელებთ და რატომ? ბ) რა ითვლება ბიბლიის შესწავლად? (იხილეთ სქოლიო).

2 ძალიან სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეები ყოველ თვე დაახლოებით 10 000 000 ბიბლიის შესწავლას * ატარებდნენ. ამ დროის მანძილზე ყოველ წელს 280 000-ზე მეტი ადამიანი ინათლებოდა და იესო ქრისტეს მოწაფე ხდებოდა. რისი გაკეთება შეგვიძლია, რომ მილიონობით ბიბლიის შემსწავლელს სულიერ ზრდასა და მონათვლაში დავეხმაროთ? სანამ იეჰოვა მოთმინებით აძლევს ადამიანებს დროს და საშუალებას, გახდნენ ქრისტეს მოწაფეები, გვინდა, შეძლებისდაგვარად ყველაფერი გავაკეთოთ, რათა მათ სულიერად სწრაფად წაიწიონ წინ და მოინათლონ. გახსოვდეთ, რომ დრო არ ითმენს! (1 კორ. 7:29ა; 1 პეტ. 4:7).

3. რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

3 ვინაიდან დღეს უაღრესად მნიშვნელოვანია მოწაფეების მომზადება, ხელმძღვანელი საბჭოს მითითებით ფილიალებს უნდა გაერკვიათ, რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო საიმისოდ, რომ უფრო მეტ ბიბლიის შემსწავლელს დახმარებოდნენ სულიერ ზრდასა და მონათვლაში. ამ და მომდევნო სტატიაში გავიგებთ, რა მხრივ წაგვადგება პიონერების, მისიონერებისა და სარაიონო ზედამხედველების გამოცდილება * (იგავ. 11:14; 15:22). ისინი გვირჩევენ, რა უნდა გააკეთონ მაუწყებლებმა და მათმა შემსწავლელებმა, რომ შესწავლა უფრო საინტერესო და პრაქტიკული იყოს. ამ სტატიაში განვიხილავთ ხუთ რჩევას, რომელთა გათვალისწინებაც დაეხმარება ბიბლიის შემსწავლელებს, სულიერად გაიზარდონ და მოინათლონ.

ყოველკვირეულად ჩაატარეთ შესწავლა

შემსწავლელს შესთავაზეთ სადმე დასხდომა ბიბლიურ თემაზე მსჯელობის გასაგრძელებლად (იხილეთ აბზაცები 4—6).

4. რატომ შეიძლება ვერ გაამართლოს კართან ბიბლიის შესწავლის ჩატარებამ?

4 ბევრი და-ძმა ბიბლიის შესწავლებს კართან ატარებს. მართალია, ასე შეიძლება ინტერესი გავუღვივოთ ადამიანს ბიბლიისადმი, მაგრამ ასეთი განხილვები, ჩვეულებრივ, ხანმოკლეა და შეიძლება ყოველკვირეულადაც ვერ ჩატარდეს. უფრო მეტად რომ აღუძრან ინტერესი, ზოგი მაუწყებელი დაინტერესებულს საკონტაქტო ინფორმაციას სთხოვს და ყოველ მომდევნო შეხვედრამდე ურეკავს ან ტექსტურ შეტყობინებას უგზავნის, რათა მოკლე საინტერესო აზრი გაუზიაროს ბიბლიიდან. ასეთი განხილვები შეიძლება თვეების განმავლობაში გაგრძელდეს და ვერა და ვერ მოიტანოს სასურველი შედეგი. თუ ადამიანი მხოლოდ ამას სჯერდება და მეტ ძალისხმევას არ ახმარს ღვთის სიტყვის შესწავლას, საეჭვოა, რომ ის ოდესმე მიძღვნამდე და ნათლობამდე მივიდეს.

5. როგორ შეგვიძლია ლუკას 14:27—33-ში ჩაწერილი პრინციპი ბიბლიის შემსწავლელის დასახმარებლად გამოვიყენოთ?

5 ერთხელ იესომ მაგალითის მეშვეობით ახსნა, რისი გაკეთება მოუწევს ნებისმიერს, ვისაც მისი მოწაფეობა სურს. მან მოიყვანა კოშკის აშენების მსურველისა და იმ მეფის მაგალითი, რომელიც საომრად აპირებს წასვლას. როგორც იესომ თქვა, მშენებელი უნდა დაჯდეს და გამოთვალოს ხარჯები, შეძლებს თუ არა კოშკის მშენებლობის დასრულებას, ხოლო მეფემ წინასწარ უნდა განსაზღვროს, შეძლებს თუ არა თავისი ჯარით მტრის დამარცხებას (წაიკითხეთ ლუკას 14:27—33). იესო იმას გულისხმობდა, რომ მისი მოწაფეობის მსურველს კარგად უნდა გაეაზრებინა, რასთან იყო დაკავშირებული ქრისტეს მიმდევრობა. ამის გაანალიზებაში შემსწავლელს იმ შემთხვევაში დავეხმარებით, თუ მასთან შესწავლებს ყოველკვირეულად ჩავატარებთ. რა დაგვეხმარება ამ მიზნის მიღწევაში?

6. რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმისთვის, რომ შესწავლა უფრო შედეგიანი გახდეს?

6 თავდაპირველად შეეცადეთ, კართან შესწავლები გაახანგრძლივოთ. ყოველ ჯერზე შეგიძლიათ დამატებით ბიბლიურ მუხლზე იმსჯელოთ. როცა მობინადრე მიეჩვევა კართან შედარებით ხანგრძლივ განხილვებს, შესთავაზეთ სადმე დასხდომა მსჯელობის გასაგრძელებლად. მისი პასუხი დაგანახვებთ, რამდენად სერიოზულად ეკიდება ის ბიბლიის შესწავლას. შემსწავლელის სულიერი ზრდა რომ დააჩქაროთ, შეგიძლიათ ბიბლიის შესწავლის ჩატარება კვირაში ორჯერ შესთავაზოთ. თუმცა უფრო მეტია საჭირო, ვიდრე შესწავლის რეგულარულად ჩატარება.

მოემზადეთ ყოველი შესწავლისთვის

თავადაც მოემზადეთ ბიბლიის შესწავლისთვის და შემსწავლელსაც აჩვენეთ, როგორ მოემზადოს (იხილეთ აბზაცები 7—9).

7. როგორ უნდა მოემზადოს მასწავლებელი ყოველი შესწავლისთვის?

7 მასწავლებელი ყოველი შესწავლისთვის კარგად უნდა მოემზადოს. მაგალითად, ჯერ წაიკითხეთ განსახილველი მასალა და ნახეთ შესაბამისი მუხლები. წინასწარ განსაზღვრეთ, რომელია მთავარი აზრები. დააკვირდით სათაურს, ქვესათაურებს, კითხვებს, წასაკითხ ბიბლიურ მუხლებს, ილუსტრაციებს და თემასთან დაკავშირებულ ვიდეორგოლებს. შემდეგ დაფიქრდით, შემსწავლელის მდგომარეობის გათვალისწინებით, როგორ გადასცეთ მასალა მარტივად და გასაგებად, რათა შემსწავლელს გაუადვილდეს ნასწავლის გაგება და გათვალისწინება (ნეემ. 8:8; იგავ. 15:28ა).

8. როგორ გვეხმარება კოლოსელების 1:9, 10-ში ჩაწერილი სიტყვები იმის განსაზღვრაში, რაზე უნდა ილოცოს მასწავლებელმა?

8 მომზადებაში ისიც შედის, რომ ილოცოთ შემსწავლელზე. შეიძლება ისიც ითხოვოთ ლოცვაში, რომ, როგორც მასწავლებელმა კარგად გაართვათ თავი ამ საქმეს და ჩასწვდეთ შემსწავლელის გულს (წაიკითხეთ კოლოსელების 1:9, 10). შეეცადეთ, წინასწარ განსაზღვროთ, რისი გაგება ან გათვალისწინება შეიძლება გაუჭირდეს მას. თქვენი მთავარი ამოცანა ისაა, რომ შემსწავლელი ნათლობამდე მიიყვანოთ.

9. როგორ უნდა დაეხმაროს მასწავლებელი შემსწავლელს მომზადებაში? ახსენით.

9 ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ბიბლიის რეგულარული შესწავლის წყალობით შემსწავლელი დააფასებს, რაც იეჰოვამ და იესომ გააკეთეს მისთვის, და მეტის გაგებას მოისურვებს (მათ. 5:3, 6). შესწავლა მაქსიმალურად შედეგიანი რომ იყოს, შემსწავლელმა კარგად უნდა გაიაზროს ნასწავლი. ამისთვის საჭიროა, დაანახვოთ, რამდენად მნიშვნელოვანია მომზადება ყოველი შესწავლისთვის, რაც გულისხმობს მასალის წაკითხვას და მისი პრაქტიკული ღირებულების დანახვას. როგორ შეგიძლიათ ამის გაკეთება? მაგალითად, შემსწავლელთან ერთად მოემზადეთ და ასე აჩვენეთ, რა შედის მომზადებაში. * აუხსნით, როგორ იპოვოს ზუსტი პასუხები კითხვებზე და დაანახვეთ, როგორ დაეხმარება პასუხის გაცემაში მთავარი სიტყვებისა თუ ფრაზების მონიშვნა. სთხოვეთ შემსწავლელს, საკუთარი სიტყვებით ჩამოაყალიბოს პასუხი. ეს მიგახვედრებთ, რამდენად კარგად ესმის მას განხილული მასალა. თუმცა შემსწავლელმა მომზადების გარდა სხვა რამეც უნდა ისწავლოს.

დაეხმარეთ, ისწავლოს ღმერთთან პირადი ურთიერთობა

დაეხმარეთ შემსწავლელს, ისწავლოს ღმერთთან ყოველდღიური ურთიერთობა (იხილეთ აბზაცები 10, 11).

10. რატომ არის შემსწავლელისთვის მნიშვნელოვანი ბიბლიის ყოველდღიური კითხვა და რა არის საჭირო, რომ ბიბლიის კითხვამ შედეგი გამოიღოს?

10 ყოველკვირეული შესწავლის გარდა შემსწავლელმა ზოგიერთი რამ დამოუკიდებლადაც უნდა აკეთოს. მან პირადი ურთიერთობა უნდა განივითაროს იეჰოვასთან. რა დაეხმარება ამაში? ის უნდა მიეჩვიოს იეჰოვას მოსმენას და მასთან საუბარს. ბიბლიის ყოველდღიური კითხვა ღვთის მოსმენის საშუალებაა (იეს. 1:8; ფსალმ. 1:1—3). აჩვენეთ, როგორ გამოიყენოს „ბიბლიის კითხვის გეგმა“, რომელიც განთავსებულია ვებგვერდზე jw.org. * ბიბლიის კითხვით ის ბევრ რამეს ისწავლის, თუ დაანახვებთ, რამდენად მნიშვნელოვანია, იფიქროს, რას იგებს წაკითხულიდან იეჰოვას შესახებ და როგორ გამოადგება ნასწავლი პირად ცხოვრებაში (საქ. 17:11; იაკ. 1:25).

11. როგორ უნდა ისწავლოს ბიბლიის შემსწავლელმა სწორად ლოცვა და რატომ უნდა მიეჩვიოს იეჰოვასთან ხშირ საუბარს?

11 წაახალისეთ ბიბლიის შემსწავლელი, რომ ყოველდღიურად ესაუბროს იეჰოვას. შესწავლის დაწყების და დასრულების დროს გულითადი ლოცვა წარმოთქვით და ლოცვაში შემსწავლელიც მოიხსენიეთ. თქვენი ლოცვების მოსმენა დაეხმარება მას, ისწავლოს გულითადი ლოცვა და იესოს სახელით იეჰოვა ღმერთის მოხმობა (მათ. 6:9; იოან. 15:16). წარმოიდგინეთ, როგორ დაეხმარება ბიბლიის ყოველდღიური კითხვა (იეჰოვას მოსმენა) და ლოცვა (იეჰოვასთან საუბარი) თქვენს შემსწავლელს ღმერთთან დაახლოებაში (იაკ. 4:8). ფაქტია, თუ ბიბლიის კითხვასა და ლოცვას მიეჩვევა, ის დიდ ნაბიჯს გადადგამს მიძღვნისა და მონათვლისკენ. თუმცა ამ მიზნის მისაღწევად მას სხვა რამეც სჭირდება.

დაეხმარეთ შემსწავლელს, დაუმეგობრდეს იეჰოვას

12. როგორ შეგიძლიათ, შემსწავლელს იეჰოვასთან დამეგობრებაში დაეხმაროთ?

12 შესწავლის დროს ბიბლიის შემსწავლელმა მხოლოდ ცოდნა კი არ უნდა მიიღოს, არამედ ნასწავლი გულამდე უნდა მიიტანოს. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ გულთან არის დაკავშირებული ჩვენი სურვილები, ემოციები და გრძნობები, ანუ ის, რაც მოქმედებისკენ გვიბიძგებს. მართალია, ხალხს მოსწონდა იესოს ლოგიკური მსჯელობა, მაგრამ მისი მიმდევრები იმიტომ ხდებოდნენ, რომ მოსმენილი მათ გულს სწვდებოდა (ლუკ. 24:15, 27, 32). ბიბლიის შემსწავლელისთვის იეჰოვა რეალური პიროვნება უნდა გახდეს, რომელსაც თავის მამად, ღმერთად და მეგობრად ჩათვლის (ფსალმ. 25:4, 5). ბიბლიის შესწავლის დროს შემსწავლელს დაანახვეთ იეჰოვას პიროვნება (გამ. 34:5, 6; 1 პეტ. 5:6, 7). რა თემასაც არ უნდა განიხილავდეთ, ყურადღება გაუმახვილეთ, როგორი ღმერთია იეჰოვა და რა შესანიშნავი თვისებები აქვს. მაგალითად დაეხმარეთ, დაინახოს, რომ იეჰოვა მოსიყვარულე, კეთილი და თანამგრძნობი ღმერთია. იესომ თქვა, რომ პირველი და უდიდესი მცნებაა „გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი“ (მათ. 22:37, 38). შეეცადეთ, შემსწავლელს თანდათანობით შეაყვაროთ იეჰოვა.

13. როგორ შეგიძლიათ, უკეთ გააცნოთ შემსწავლელს იეჰოვა?

13 ბიბლიის შემსწავლელთან მსჯელობის დროს იმაზეც ისაუბრეთ, რამ შეგაყვარათ იეჰოვა. ამან შეიძლება დაანახვოს მას, რომ ღმერთთან თბილი და ახლო ურთიერთობის განვითარება აუცილებელია (ფსალმ. 73:28). მაგალითად, შესასწავლ პუბლიკაციაში შეიძლება თქვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ფრაზა ან ბიბლიური მუხლია მოყვანილი, რომელიც იეჰოვას სიყვარულზე, სიბრძნეზე, სამართლიანობასა თუ ძალაზე ამახვილებს ყურადღებას. კარგი იქნება, თუ ამას ბიბლიის შემსწავლელს გაუზიარებთ და დაანახვებთ, რომ ეს ერთ-ერთი მიზეზია უამრავ მიზეზთა შორის, რატომაც გიყვართ ზეციერი მამა. თუმცა არის კიდევ ერთი რამ, რაც ბიბლიის შემსწავლელმა უნდა გაითვალისწინოს, რათა სულიერად გაიზარდოს და მოინათლოს.

აღძარით შემსწავლელი, დაესწროს კრების შეხვედრებს

დაეხმარეთ შემსწავლელს, მალევე დაიწყოს კრების შეხვედრებზე დასწრება (იხილეთ აბზაცები 14, 15).

14. როგორ დაეხმარება ებრაელების 10:24, 25-ში ჩაწერილი რჩევის გათვალისწინება შემსწავლელს სულიერ ზრდაში?

14 ყველას გვსურს, რომ ჩვენი შემსწავლელი მოინათლოს. ამაში მას დიდ დახმარებას გაუწევს კრების შეხვედრებზე დასწრება. როგორც გამოცდილი მაუწყებლები ამბობენ, სულიერად სწრაფად მიიწევენ წინ ის ბიბლიის შემსწავლელები, რომლებიც მალევე იწყებენ კრების შეხვედრებზე დასწრებას (ფსალმ. 111:1). ზოგი მაუწყებელი თავის შემსწავლელს უხსნის, რომ კრების შეხვედრებზე ისეთი საკითხები განიხილება, რომლებიც ბიბლიის შესწავლის პროგრამაში არ შედის. შემსწავლელთან ერთად წაიკითხეთ ებრაელების 10:24, 25 და დაანახვეთ, რა მხრივ წაადგება კრების შეხვედრებზე დასწრება. აჩვენეთ ვიდეო „რას ემსახურება იეჰოვას მოწმეთა დარბაზი?“. * დაეხმარეთ, მიხვდეს, რატომ არის მნიშვნელოვანი კრებაზე რეგულარულად დასწრება.

15. როგორ აღვძრათ შემსწავლელი, რომ შეხვედრებს რეგულარულად დაესწროს?

15 რა შეგიძლიათ გააკეთოთ, თუ თქვენი შემსწავლელი არ დასწრებია კრებას ან დროგამოშვებით დადის შეხვედრებზე? ენთუზიაზმით მოუყევით ის, რაც ბოლო შეხვედრაზე ისწავლეთ. ეს უფრო გაუღვიძებს მას დასწრების სურვილს, ვიდრე მხოლოდ კრებაზე დაპატიჟება. მიეცით „საგუშაგო კოშკი“ ან „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“, რომელიც იმ კვირაში განიხილება. აჩვენეთ მომდევნო კვირის პროგრამა და ჰკითხეთ, მისთვის რა არის საინტერესო. რასაც ამ შეხვედრაზე ნახავს და მოისმენს, სრულიად განსხვავებული იქნება იმისგან, რაც სხვა რომელიმე რელიგიურ შეხვედრაზე უნახავს ან მოუსმენია (1 კორ. 14:24, 25). კრებაზე ისეთ და-ძმებს გაიცნობს, რომლებიც დიდ წვლილს შეიტანენ მის სულიერ წინსვლასა და მონათვლაში.

16. როგორ მივიყვანოთ ბიბლიის შემსწავლელი ნათლობამდე და რას განვიხილავთ შემდეგ სტატიაში?

16 როგორ მივიყვანოთ ბიბლიის შემსწავლელი ნათლობამდე? დაეხმარეთ მას, სერიოზულად მოეკიდოს შესწავლას, რაშიც შესწავლის ყოველკვირეულად ჩატარება და განსახილველი მასალის მომზადება იგულისხმება. აგრეთვე დაეხმარეთ, ისწავლოს ღმერთთან ყოველდღიური ურთიერთობა და დაუმეგობრდეს მას. აღძარით, დაესწროს კრების შეხვედრებს (იხილეთ ჩარჩო  „რა უნდა გააკეთოს ბიბლიის შემსწავლელმა, რომ მზად იყოს ნათლობისთვის“). მომდევნო სტატიიდან გავიგებთ, კიდევ რა ხუთი ფაქტორი უნდა გაითვალისწინოს მასწავლებელმა იმისთვის, რომ შემსწავლელი ნათლობამდე მიიყვანოს.

სიმღერა 76 რას გრძნობ, რას განიცდი?

^ აბზ. 5 სწავლების პროცესი მოიცავს იმას, რომ ადამიანმა ისწავლოს ახლებურად ფიქრი, საკითხების ახლებური აღქმა და შესაბამისად შეცვალოს თავისი ქმედება. 2020 წლის მუხლი, მათეს 28:19, შეგვახსენებს, რაოდენ მნიშვნელოვანია, დავიწყოთ ბიბლიის შესწავლები და დავეხმაროთ შემსწავლელებს, იესო ქრისტეს მონათლული მიმდევრები გახდნენ. ამ და მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ, როგორ შევასრულოთ უკეთესად ეს უმნიშვნელოვანესი საქმე.

^ აბზ. 2 განმარტება: თუ რეგულარულად მსჯელობთ ბიბლიურ თემებზე, რათა ადამიანს ძირითადი ბიბლიური სწავლებები გააცნოთ, ეს ნიშნავს, რომ ბიბლიის შესწავლას ატარებთ. სამქადაგებლო მსახურების ანგარიშში შესწავლა იმ შემთხვევაში შეგიძლიათ ჩაიწეროთ, თუ დაინტერესებულ ადამიანს აუხსენით, როგორ ტარდება ბიბლიის შესწავლა, ორჯერ ჩაატარეთ მასთან შესწავლა და ფიქრობთ, რომ ის მომავალშიც გაგრძელდება.

^ აბზ. 3 ამ სტატიებში მოცემული რჩევები აღებულია რუბრიკიდან „ჩაატარე ნაყოფიერი ბიბლიის შესწავლები“, რომელიც იბეჭდებოდა „ჩვენს სამეფო მსახურებაში“ 2004 წლის ივლისიდან 2005 წლის მაისის ჩათვლით.

^ აბზ. 9 უყურეთ ოთხწუთიან ვიდეორგოლს „ვასწავლოთ შემსწავლელებს, წინასწარ მოემზადონ“. იხილეთ JW ბიბლიოთეკა® / მედია / ჩვენი შეხვედრები და მსახურება / დავიხვეწოთ ქადაგებაში.

^ აბზ. 10 იხილეთ ბიბლიური სწავლებები / ბიბლიის საკვლევი საშუალებები.

^ აბზ. 14 იხილეთ jw ბიბლიოთეკა® / მედია / ჩვენი შეხვედრები და მსახურება / დავიხვეწოთ ქადაგებაში.