არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სასწავლო სტატია 42

როგორ მივიყვანოთ ბიბლიის შემსწავლელი ნათლობამდე — ნაწილი II

როგორ მივიყვანოთ ბიბლიის შემსწავლელი ნათლობამდე — ნაწილი II

„ყოველთვის დაუკვირდი როგორც შენს თავს, ისე იმას, რას და როგორ ასწავლი“ (1 ტიმ. 4:16).

სიმღერა 77 სინათლე ბნელით მოცულ ქვეყნიერებაში

მოკლე შინაარსი *

1. საიდან ვიცით, რომ მოწაფეების მომზადების საქმე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია?

მოწაფეების მომზადება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქმეა. ამას ადასტურებს იესოს მითითება, რომელიც ჩაწერილია მათეს 28:19, 20-ში: „წადით . . . ხალხთან და ჩემს მოწაფეებად მოამზადეთ . . . [და] მონათლეთ“. რა როლი ენიჭება ნათლობას? ეს აუცილებელი წინაპირობაა გადარჩენისთვის. ნათლობის მსურველს უნდა სწამდეს, რომ ხსნა მხოლოდ იესოს მსხვერპლმა და მისმა მკვდრეთით აღდგომამ გახადა შესაძლებელი. ამიტომ სწერდა მოციქული პეტრე თანაქრისტიანებს: „ნათლობაც . . . თქვენს ხსნას ემსახურება ქრისტეს აღდგომის მეშვეობით“ (1 პეტ. 3:21). ასე რომ, როცა ადამიანი ინათლება, ის ხსნის გზას ადგება.

2. მეორე ტიმოთეს 4:1, 2-ის თანახმად, როგორი მასწავლებლები უნდა ვიყოთ?

2 მოწაფეების მოსამზადებლად „სწავლების ხელოვნებაა საჭირო“ (წაიკითხეთ 2 ტიმოთეს 4:1, 2). ამის თქმის საფუძველს იესოს შემდეგი სიტყვები გვაძლევს: „წადით . . . ხალხთან და ჩემს მოწაფეებად მოამზადეთ . . . [და] ასწავლეთ“. პავლე მოციქულმა ამ საქმის დიდ მნიშვნელობას შემდეგი სიტყვებით გაუსვა ხაზი: „შენს თავსაც იხსნი და მსმენელებსაც“. ამიტომ ლოგიკურია მისი შემდეგი მითითებაც: „ყოველთვის დაუკვირდი . . . იმას, რას და როგორ ასწავლი“ (1 ტიმ. 4:16). ვინაიდან ჩვენ შემთხვევაში სწავლება მოწაფეების მომზადებასთან არის დაკავშირებული, გვინდა, ამ საქმეს მთელი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ.

3. რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

3 ჩვენ მილიონობით ადამიანს ვასწავლით ბიბლიურ ჭეშმარიტებას. როგორც წინა სტატიაში განვიხილეთ, გვინდა, კარგად გავართვათ თავი ამ საქმეს და უფრო მეტ ადამიანს დავეხმაროთ, იესო ქრისტეს მონათლული მიმდევრები გახდნენ. ამ სტატიაში განვიხილავთ კიდევ ხუთ ფაქტორს, რომელიც მასწავლებელს დაეხმარება, შემსწავლელი ნათლობამდე მიიყვანოს.

სწავლების დროს ბიბლიით იხელმძღვანელეთ

სთხოვეთ გამოცდილ მაუწყებელს, ბიბლიის ეფექტურად გამოყენებაში დაგეხმაროთ (იხილეთ აბზაცები 4—6). *

4. რატომ უნდა ეცადოს მასწავლებელი, რომ ბიბლიის შესწავლის დროს ბევრი არ ილაპარაკოს? (იხილეთ სქოლიო).

4 ჩვენ გვსიამოვნებს ადამიანებთან ბიბლიურ თემებზე საუბარი. ამიტომ შეიძლება ბევრი ლაპარაკის ცდუნება გაგვიჩნდეს. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ „საგუშაგო კოშკის“ შესწავლას ვატარებთ, კრების ბიბლიის შესწავლას თუ ბიბლიის შესწავლას, ბევრი არ უნდა ვილაპარაკოთ. მასწავლებელი იმ შემთხვევაში გამოიყენებს ბიბლიას დახელოვნებულად, თუ არ ეცდება, ბევრი ილაპარაკოს და ერთიანად ახსნას ყველაფერი კონკრეტული მუხლისა თუ საკითხის შესახებ (იოან. 16:12). * გაიხსენეთ, დღევანდელთან შედარებით რამდენად მწირი იყო თქვენი ბიბლიური ცოდნა, როცა ახალმონათლული იყავით. ალბათ, მაშინ მხოლოდ ძირითადი ბიბლიური სწავლებები იცოდით (ებრ. 6:1). წლები დაგჭირდათ იმ ცოდნის შესაძენად, რაც დღეს გაქვთ. ამიტომ ნუ ეცდებით, ბიბლიის შემსწავლელს ერთბაშად ასწავლოთ ყველაფერი.

5. ა) პირველი თესალონიკელების 2:13-დან გამომდინარე, რას უნდა ხვდებოდეს ბიბლიის შემსწავლელი? ბ) როგორ უნდა ჩააბათ შემსწავლელი მსჯელობაში?

5 ბიბლიის შემსწავლელი კარგად უნდა ხვდებოდეს, რომ ჩვენს აზრებს კი არ ვახვევთ თავს, არამედ ღვთის შთაგონებულ სიტყვას ვასწავლით (წაიკითხეთ 1 თესალონიკელების 2:13). როგორ მივაღწიოთ ამას? მიეცით შემსწავლელს საშუალება, რომ თავადაც იაქტიუროს მსჯელობის დროს. ყოველთვის თქვენ ნუ ახსნით ბიბლიურ მუხლებს; თავადაც ამსჯელეთ ბიბლიურ მუხლებზე. დაანახვეთ, როგორ ეხება მას ესა თუ ის ბიბლიური მონაკვეთი. დაუსვით ისეთი კითხვები, რომ გაიგოთ, რას ფიქრობს განსახილველ მუხლზე (ლუკ. 10:25—28). მაგალითად, ჰკითხეთ: „იეჰოვას რომელი თვისება დაინახე ამ მუხლიდან? როგორ გამოგადგება ნასწავლი? შენ რას ფიქრობ ამ საკითხზე?“ (იგავ. 20:5). მთავარი ის კი არ არის, რა ცოდნას ფლობს შემსწავლელი, არამედ ის, რამდენად აფასებს და იყენებს ნასწავლს.

6. რატომ იქნება კარგი, თუ გამოცდილ მაუწყებლებთან ერთად ჩავატარებთ ბიბლიის შესწავლას?

6 ატარებთ ხოლმე ბიბლიის შესწავლებს გამოცდილ მაუწყებლებთან ერთად? თუ ასეა, ჰკითხეთ, რას ფიქრობს თქვენ მიერ ჩატარებულ შესწავლაზე და რამდენად ეფექტურად იყენებთ ბიბლიას სწავლების დროს. თავმდაბლობა გჭირდებათ, რომ სწავლების უნარი გაიუმჯობესოთ (შეადარეთ საქმეების 18:24—26). გამოცდილ მაუწყებელს ისიც ჰკითხეთ, მისი აზრით, სწვდება თუ არა შემსწავლელი ნასწავლს. გარდა ამისა, თუ კვირა ან კვირაზე მეტი ვერ შეძლებთ ბიბლიის შესწავლის ჩატარებას, სთხოვეთ მას, თქვენ ნაცვლად ჩაატაროს შესწავლა. ამგვარად შესწავლაც არ გაცდება და შემსწავლელიც მიხვდება მის მნიშვნელოვნებას. შესწავლას თქვენს საკუთრებად ნუ ჩათვლით და ნუ იფიქრებთ, რომ თქვენს გარდა მას ვერავინ ჩაატარებს. ბოლოს და ბოლოს, თქვენთვის ხომ მთავარი ის უნდა იყოს, რომ შემსწავლელმა სულიერად წინ წაიწიოს და ჩასწვდეს ჭეშმარიტებას.

ასწავლეთ ენთუზიაზმით და დამაჯერებლად

ბიბლიის შემსწავლელს მოუყევით იმ და-ძმების შესახებ, რომლებმაც ცვლილებები მოახდინეს ცხოვრებაში და დაანახვეთ, როგორ გამოიყენოს ნასწავლი (იხილეთ აბზაცები 7—9). *

7. რა დაეხმარება შემსწავლელს, დააფასოს ნასწავლი?

7 ბიბლიის შემსწავლელი უნდა ხედავდეს, რომ ენთუზიაზმით საუბრობთ ბიბლიურ ჭეშმარიტებაზე და გჯერათ იმის, რასაც ასწავლით (1 თეს. 1:5). ასეთ შემთხვევაში დიდია იმის ალბათობა, რომ მასაც გადაედება თქვენი ენთუზიაზმი და დააფასებს ნასწავლს. შემსწავლელს შეგიძლიათ უთხრათ, პირადად თქვენ როგორ დაგეხმარათ ბიბლიური პრინციპების გათვალისწინება. ის მიხვდება, რომ ბიბლიური რჩევების მიყოლა მასაც გამოადგება ცხოვრებაში.

8. კიდევ რით შეგიძლიათ დაეხმაროთ ბიბლიის შემსწავლელს და რატომ ღირს ამის გაკეთება?

8 ბიბლიის შესწავლის დროს შეგიძლიათ მოიხსენიოთ იმ და-ძმების მაგალითები, რომლებმაც გადალახეს მისი მსგავსი პრობლემები. კარგი იქნება, შესწავლაზე ის მაუწყებელი წაიყვანოთ, რომლის მაგალითიც მას გაამხნევებს. ასევე შეგიძლიათ ვებგვერდზე jw.org რუბრიკიდან „ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის“ * მოიძიოთ საინტერესო ისტორიები. ასეთი სტატიები თუ ვიდეოები დაანახვებს შემსწავლელს, რამდენად გონივრულია ბიბლიური პრინციპების გათვალისწინება.

9. როგორ შეგიძლიათ წაახალისოთ შემსწავლელი, ნასწავლი მეგობრებსა და ოჯახის წევრებს გაუზიაროს?

9 თუ ბიბლიის შემსწავლელი დაქორწინებულია და მისი მეუღლე არ სწავლობს ბიბლიას, მასაც შესთავაზეთ, შემოგიერთდეთ შესწავლაში. წაახალისეთ შემსწავლელი, ნასწავლი ოჯახის წევრებსა და მეგობრებს გაუზიაროს (იოან. 1:40—45). როგორ შეგიძლიათ ამის გაკეთება? დაუსვით კითხვები. მაგალითად, „როგორ აუხსნიდი ამ ბიბლიურ აზრს ოჯახის წევრს?“ ან „ამ აზრს რომელი ბიბლიური მუხლით დაანახვებდი მეგობარს?“. ამგვარად მასაც განუვითარებთ სწავლების უნარს. ასე რომ, როცა მოუნათლავი მაუწყებლისთვის გათვალისწინებულ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, თავადაც შეძლებს მსახურებაში მონაწილეობას. ჰკითხეთ შემსწავლელს, ხომ არ იცნობს ვინმეს, ვისთანაც შეიძლება ბიბლიის შესწავლის დაწყება. თუ არის ასეთი ადამიანი, რაც შეიძლება მალე დაუკავშირდით და შესთავაზეთ შესწავლა. აჩვენეთ მას ვიდეორგოლი „როგორ ტარდება ბიბლიის შესწავლა?“ *.

წაახალისეთ შემსწავლელი, მეგობრები კრებაში შეიძინოს

დაეხმარეთ შემსწავლელს, მეგობრები კრებაში შეიძინოს (იხილეთ აბზაცები 10, 11). *

10. პირველი თესალონიკელების 2:7, 8-დან გამომდინარე, როგორ შეუძლია მასწავლებელს მიჰბაძოს პავლეს?

10 მასწავლებელი გულწრფელ ინტერესს უნდა იჩენდეს შემსწავლელის მიმართ და მომავალ სულიერ დად ან ძმად უნდა თვლიდეს (წაიკითხეთ 1 თესალონიკელების 2:7, 8). მისთვის ადვილი არ იქნება ქვეყნიურ მეგობრებთან ურთიერთობის გაწყვეტა და ცხოვრების ისე შეცვლა, რომ იეჰოვას მსახურება შეძლოს. ამიტომ უნდა დავეხმაროთ შემსწავლელებს, მეგობრები კრებაში შეიძინონ. თქვენც გაუწიეთ მეგობრობა თქვენს შემსწავლელს. მხოლოდ ბიბლიის შესწავლის ჩატარებით ნუ შემოიფარგლებით და სხვა დროსაც გამოუყავით მას დრო. დაურეკეთ, მისწერეთ მესიჯი ან შიგადაშიგ შეუარეთ და ამგვარად აგრძნობინეთ თქვენი მზრუნველობა.

11. რაში უნდა დავეხმაროთ შემსწავლელს და რატომ?

11 ერთი აფრიკული ანდაზა ამბობს: „ბავშვის აღზრდას მთელი სოფელი სჭირდებაო“. შეიძლება ითქვას, რომ ერთი მოწაფის მომზადებას მთელი კრება სჭირდება. ამიტომაც ცდილობენ კარგი მასწავლებლები, რომ შემსწავლელს მალევე გააცნონ კრებაში ის და-ძმები, რომლებიც დადებით გავლენას მოახდენენ მასზე. ისინი ბიბლიის შემსწავლელს დაეხმარებიან, დაუმეგობრდეს იეჰოვას და სირთულეების დროს ემოციურადაც დაუჭერენ მხარს. ჩვენ გვინდა, რომ შემსწავლელმა თავი კარგად იგრძნოს თბილ და მოსიყვარულე საძმოში. ეს მას გაუადვილებს, ურთიერთობა გაწყვიტოს იმ ადამიანებთან, რომლებიც ხელს შეუშლიან იეჰოვასთან დაახლოებაში (იგავ. 13:20). ასე რომ, თუ ძველი მეგობრები ხელს ჰკრავენ, მას ეცოდინება, რომ სანდო მეგობრები ეგულება იეჰოვას ორგანიზაციაში (მარ. 10:29, 30; 1 პეტ. 4:4).

დაანახვეთ, რამდენად მნიშვნელოვანია მიძღვნა და ნათლობა

მონდომებული ბიბლიის შემსწავლელი ეტაპობრივად მივა ნათლობამდე (იხილეთ აბზაცები 12, 13).

12. რატომ უნდა ვესაუბროთ შემსწავლელს მიძღვნასა და ნათლობაზე?

12 არ მოგერიდოთ შემსწავლელთან მიძღვნასა და ნათლობაზე საუბარი. ბიბლიის შესწავლის მიზანიც ხომ ისაა, რომ ადამიანი იესოს მონათლული მიმდევარი გახდეს. ბიბლიის შესწავლის დაწყებიდან რამდენიმე თვეში, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც შემსწავლელი კრებაზე დასწრებას დაიწყებს, ის უნდა მიხვდეს, რა არის ბიბლიის შესწავლის მიზანი, კერძოდ ის, რომ იეჰოვას მოწმე გახდეს.

13. რა ნაბიჯები უნდა გადადგას ბიბლიის შემსწავლელმა ნათლობამდე?

13 მონდომებული ბიბლიის შემსწავლელი ეტაპობრივად მივა ნათლობამდე. მან ჯერ უნდა გაიცნოს და შეიყვაროს იეჰოვა, რომ რწმენა გამოავლინოს მისადმი (იოან. 3:16; 17:3). ის თანდათანობით უნდა დაუახლოვდეს იეჰოვას და კრებას (ებრ. 10:24, 25; იაკ. 4:8). უნდა მიატოვოს ცუდი ჩვევები და მოინანიოს ცოდვები (საქ. 3:19). ამასთანავე, მზად უნდა იყოს, რომ თავისი რწმენის შესახებ სხვებსაც ესაუბროს (2 კორ. 4:13). ამის შემდეგ მან თავი უნდა მიუძღვნას იეჰოვას და მიძღვნის ნიშნად მოინათლოს (1 პეტ. 3:21; 4:2). ეს ყველასთვის ნამდვილად სასიხარულო დღე იქნება! მისი სულიერი წინსვლის შემხედვარე, ნუ დაიშურებთ ქების სიტყვებს და წაახალისეთ, კვლავაც განაგრძოს წინსვლა.

დროდადრო შეაფასეთ შემსწავლელის სულიერი ზრდა

14. როგორ უნდა შეაფასოს მასწავლებელმა შემსწავლელის სულიერი ზრდა?

14 მოთმინება გვჭირდება, სანამ შემსწავლელი თავს მიუძღვნის იეჰოვას და მოინათლება. მაგრამ ამავე დროს, იმაშიც უნდა დავრწმუნდეთ, რომ მას გულწრფელად სურს, ემსახუროს იეჰოვას. ატყობთ შემსწავლელს, რომ ცდილობს, მიჰყვეს იესოს მითითებებს თუ უბრალოდ ჩვენთან საუბარი სიამოვნებს?

15. რამ შეიძლება მიგანიშნოთ, რომ შემსწავლელი სულიერად იზრდება?

15 დროდადრო დაფიქრდით, რა მიგანიშნებთ, რომ თქვენი შემსწავლელი სულიერად იზრდება. მაგალითად, ჩანს მისი სიტყვებიდან, რომ უყვარს იეჰოვა? მიმართავს ის იეჰოვას ლოცვით? (ფსალმ. 116:1, 2). უყვარს ბიბლიის კითხვა? (ფსალმ. 119:97). რეგულარულად ესწრება კრების შეხვედრებს? (ფსალმ. 22:22). ცდილობს, ნასწავლის შესაბამისად მოახდინოს ცვლილებები ცხოვრებაში? (ფსალმ. 119:112). ესაუბრება ნასწავლის შესახებ ოჯახის წევრებსა და მეგობრებს? (ფსალმ. 9:1). რაც მთავარია, სურს თუ არა გახდეს იეჰოვას მოწმე? (ფსალმ. 40:8). თუ შემსწავლელი რომელიმე ამ კუთხით არ ვითარდება, ტაქტიანად შეეცადეთ მიზეზის გარკვევას და შემდეგ გულახდილად, თუმცა თბილად ესაუბრეთ ამის შესახებ. *

16. რამ შეიძლება მიგანიშნოთ იმაზე, რომ უნდა შეწყვიტოთ შესწავლა?

16 პერიოდულად დაფიქრდით, რამდენად ღირს შესწავლის გაგრძელება. მაგალითად, შეიძლება თქვენი ბიბლიის შემსწავლელი ხშირად მოუმზადებელია შესწავლისთვის, სურვილი არა აქვს, დაესწროს კრების შეხვედრებს, ჯერაც არ მიუტოვებია ცუდი ჩვევები და დღემდე სხვა რელიგიას მიეკუთვნება. ასეთ შემთხვევაში შესწავლის გაგრძელება იმის მსგავსი იქნებოდა, რომ ცურვა გესწავლებინა მისთვის, ვისაც დასველება არ უნდა. დაფიქრდით: თუ შემსწავლელი არ აფასებს ნასწავლს და არ სურს, რაიმე შეცვალოს ცხოვრებაში, ღირს კი მასთან შესწავლის გაგრძელება?

17. რისკენ მოუწოდებს 1 ტიმოთეს 4:16 მათ, ვინც ბიბლიის შესწავლებს ატარებს?

17 ჩვენ სერიოზულად ვეკიდებით მოწაფეების მომზადების საქმეს და ვცდილობთ, ბიბლიის შემსწავლელებს სულიერ ზრდასა და მონათვლაში დავეხმაროთ. ამიტომ შესწავლის დროს ბიბლიით უნდა ვიხელმძღვანელოთ და ენთუზიაზმითა და დამაჯერებლობით ვილაპარაკოთ. გარდა ამისა, შემსწავლელს კრებაში სხვებიც უნდა გავაცნოთ, რომ მათაც დაუმეგობრდეს. ამასთანავე, შემსწავლელს უნდა დავანახვოთ მიძღვნისა და ნათლობის აუცილებლობა და დროდადრო შევაფასოთ მისი სულიერი პროგრესი (იხილეთ ჩარჩო  „რა უნდა გააკეთოს მასწავლებელმა, რომ შემსწავლელი ნათლობამდე მიიყვანოს“). ძალიან გვახარებს, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საქმეში ვმონაწილეობთ! მოდი ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ბიბლიის შემსწავლელები ნათლობამდე მივიყვანოთ!

სიმღერა 79 ასწავლეთ, რომ მტკიცედ იდგნენ

^ აბზ. 5 როცა ვინმეს ბიბლიას ვასწავლით, განსაკუთრებული შესაძლებლობა გვეძლევა, დავეხმაროთ მას ისე იაზროვნოს და იმოქმედოს, როგორც იეჰოვას ესიამოვნება. ამ სტატიაში უფრო ვრცლად ვიმსჯელებთ, როგორ გავიუმჯობესოთ სწავლების უნარი.

^ აბზ. 4 იხილეთ 2016 წლის სექტემბრის „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“, სტატია „რას უნდა მოერიდო ბიბლიის შესწავლის ჩატარებისას“.

^ აბზ. 8 იხილეთ ჩვენ შესახებ / შემთხვევები.

^ აბზ. 9 JW ბიბლიოთეკაში® იხილეთ მედია / ჩვენი შეხვედრები და მსახურება / მსახურებაში დამხმარე საშუალებები.

^ აბზ. 77 სურათის აღწერა: გამოცდილი მაუწყებელი დას უხსნის, რატომ არ უნდა ილაპარაკოს ბევრი ბიბლიის შესწავლის ჩატარების დროს.

^ აბზ. 79 სურათის აღწერა: ბიბლიის შესწავლის დროს დაინტერესებული სწავლობს, როგორ გახდეს უკეთესი მეუღლე, მოგვიანებით კი ნასწავლს თავის ქმარსაც უზიარებს.

^ აბზ. 81 სურათის აღწერა: შემსწავლელი და მისი მეუღლე სასიამოვნოდ ატარებენ დროს მათთან, ვინც კრების შეხვედრაზე გაიცნეს.