არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ჯოზეფ რუტერფორდი სხვა ძმებთან ერთად ევროპაში მოგზაურობის დროს

1920 — ასი წლის წინ

1920 — ასი წლის წინ

1920-იანი წლების გარიჟრაჟზე იეჰოვას ხალხი განახლებული ძალით შეუდგა საქმეს. 1920 წლის წლიურ მუხლად მათ ფსალმუნის 118:14 შეარჩიეს: „ჩემი ძალა და სიმღერაა უფალი“ („მეფე ჯეიმზის თარგმანი“).

იეჰოვამ ძალა შემატა ამ მონდომებულ მქადაგებლებს. იმ წელს წიგნების დამტარებელთა ანუ პიონერთა რიცხვი 225-დან 350-მდე გაიზარდა. გარდა ამისა, პირველად დაფიქსირდა შემთხვევა, როცა 8 000-ზე მეტმა მაუწყებელმა გაგზავნა ანგარიში მთავარ სამმართველოში. იეჰოვას კურთხევით მათ საქმიანობას დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

საოცარი გულმოდგინება

1920 წლის 21 მარტს ჯოზეფ რუტერფორდმა, რომელიც იმ დროს ბიბლიის მკვლევრებს ხელმძღვანელობდა, წარმოთქვა მოხსენება: „დღეს მცხოვრები მილიონები არასდროს მოკვდებიან“. ბიბლიის მკვლევრებმა ძალ-ღონე არ დაიშურეს ამ შეხვედრაზე დასწრების მსურველთა მოსაწვევად. მათ დაიქირავეს ნიუ-იორკის უდიდესი თეატრის შენობა და დაახლოებით 320 000 მოსაწვევი გაავრცელეს.

გაზეთში გამოქვეყნებული განცხადება მოხსენებაზე: „დღეს მცხოვრები მილიონები არასდროს მოკვდებიან“.

გამოხმაურებამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. თეატრის 5 000-კაციანი აუდიტორია მთლიანად შეივსო, 7 000 ადამიანი კი უადგილობის გამო დარბაზში ვერ მოხვდა. „საგუშაგო კოშკმა“ ამ მოვლენას „ბიბლიის საერთაშორისო მკვლევრების მიერ ჩატარებული ყველაზე გამორჩეული შეხვედრა“ უწოდა.

ბიბლიის მკვლევრები მანამდეც აცხადებდნენ, რომ „დღეს მცხოვრები მილიონები არასდროს მოკვდებიან“. თუმცა მათ ბოლომდე არ ესმოდათ, რამდენად მასშტაბური უნდა გამხდარიყო სამეფოს ცნობის გავრცელება. მიუხედავად ამისა, ისინი საოცარ გულმოდგინებას იჩენდნენ. იდა ოლმსტედი, რომელიც შეხვედრებს 1902 წლიდან ესწრებოდა, იხსენებდა: „ვიცოდით, რა საუცხოო მომავალი ელოდა წინ კაცობრიობას, ამიტომ უკან არასდროს დაგვიხევია, რომ ეს სასიხარულო ცნობა ყველასთვის გადაგვეცა, ვისაც მსახურების დროს შევხვდებოდით“.

ბეჭდვითი საქმის წამოწყება

საძმოს სულიერი საზრდო რომ არ მოკლებოდა, ბეთელელმა ძმებმა ლიტერატურის ბეჭდვას თავად მიჰყვეს ხელი. მათ შეიძინეს შესაბამისი ინვენტარი და მირტლ-ავენიუს №35-ში ნაქირავებ შენობაში დაამონტაჟეს, რომელიც ბრუკლინში (ნიუ-იორკი) ბეთელიდან რამდენიმე კვარტლის მოშორებით მდებარეობდა.

ლეო პელი და უოლტერ კესლერი ბეთელში მსახურებას 1920 წლის იანვარში შეუდგნენ. უოლტერი იხსენებდა: „სტამბის ზედამხედველმა იქ მისულები რომ დაგვინახა, მაშინვე გვითხრა: სადილამდე საათ-ნახევარი გაქვთო და სარდაფიდან წიგნის ყუთების ამოტანა დაგვავალა“.

ლეომაც გაიხსენა, რა მოხდა მომდევნო დღეს: „შენობის პირველი სართულის კედლების გახეხვა დაგვავალეს. ცხოვრებაში ამაზე ბინძური საქმე არ გამიკეთებია. მაგრამ გვიღირდა ამის კეთება, რადგან ეს უფლის საქმე იყო“.

საბეჭდი დანადგარი, რომელსაც „საგუშაგო კოშკის“ დასაბეჭდად იყენებდნენ.

რამდენიმე კვირაში „საგუშაგო კოშკის“ ბეჭდვას გულმოდგინე ძმები შეუდგნენ. 1920 წლის 1 თებერვლის „საგუშაგო კოშკის“ ნომერი მეორე სართულზე მდგარი საბეჭდი დანადგარით 60 000-იანი ტირაჟით დაიბეჭდა. ამასთანავე, სარდაფში ძმებმა ვეებერთელა საბეჭდი მანქანა დაამონტაჟეს. „ოქროს ხანის“ ბეჭდვა კი 1920 წლის 14 აპრილის ნომრიდან დაიწყეს. აშკარად ჩანდა, რომ იეჰოვამ აკურთხა ამ გულმოდგინე ძმების ძალისხმევა.

„გვიღირდა ამის კეთება, რადგან ეს უფლის საქმე იყო“.

„მოდი მშვიდობიანად ვიცხოვროთ“

იეჰოვას ერთგულმა ხალხმა ერთსულოვნად გააგრძელა სამქადაგებლო საქმე. თუმცა 1917—1919 წლებში მსოფლიოსა თუ ორგანიზაციაში შექმნილი რთული მდგომარეობის გამო ზოგმა ბიბლიის მკვლევარმა დატოვა ორგანიზაცია. რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო მათ დასახმარებლად?

1920 წლის 1 აპრილის „საგუშაგო კოშკში“ გამოქვეყნდა სტატია „მოდი მშვიდობიანად ვიცხოვროთ“. სტატია თბილად მოუწოდებდა მკითხველს: „დარწმუნებული ვართ . . . რომ ყველა, ვისაც უფლის სული აქვს . . . მზად არის, დაივიწყოს მომხდარი . . . და როგორც ერთმა სხეულმა ერთსულოვნად და ჰარმონიულად იმოქმედოს“.

ამ გულთბილ სიტყვებს ბევრი გამოეხმაურა. ერთმა ცოლ-ქმარმა თავისი გრძნობები ასეთი სიტყვებით გამოხატა: „ისიც გვეყოფა, რომ გასულ წელს უქმად ვიყავით და სხვებს არ შევუერთდით [ქადაგების] საქმეში . . . დიდი იმედი გვაქვს, რომ მსგავს შეცდომას აღარასოდეს დავუშვებთ“. ამ გამოყოჩაღებულ მქადაგებლებს წინ დიდი და შრომატევადი საქმე ელოდათ.

„დასრულებული საიდუმლოს“ გავრცელება

1920 წლის 21 ივნისს ბიბლიის მკვლევრებმა წიგნის „დასრულებული საიდუმლოს“ („საღვთო წერილის გამოკვლევა“, VII ტომი) გასავრცელებლად მასშტაბური კამპანია წამოიწყეს. ვინაიდან 1918 წელს ეს წიგნი აიკრძალა, ბიბლიის მკვლევრებს ამ რბილყდიანი გამოცემის დიდი მარაგი შემორჩათ.

ამ კამპანიაში არა მხოლოდ წიგნების დამტარებლები, არამედ ყველა მაუწყებელი მონაწილეობდა. 1920 წლის ივნისის „ბიულეტენში“ * ეწერა: «თითოეულმა კრების მიძღვნილმა [მონათლულმა] მსახურმა, რომელიც ამ კამპანიაში მიიღებს მონაწილეობას, ეს საქმე სიხარულით უნდა გააკეთოს. მოდი დღეიდან ეს იყოს ჩვენი დევიზი: „რაც არ უნდა მოხდეს, მაინც გავავრცელებ „დასრულებულ საიდუმლოს“». როგორც ედმუნდ ჰუპერი იხსენებდა, ამ კამპანიამ ბევრს პირველად მისცა კარდაკარ მსახურების საშუალება. მან თქვა: „მაშინ გავაცნობიერეთ, რომ საქმე, რომელშიც ვმონაწილეობდით, წარმოუდგენელ მასშტაბებს მიაღწევდა“.

სამქადაგებლო საქმის რეორგანიზება ევროპაში

ვინაიდან I მსოფლიო ომის დროს სხვა ქვეყნებში მცხოვრებ ბიბლიის მკვლევრებთან ჭირდა კომუნიკაცია, ძმა რუტერფორდმა გადაწყვიტა, გაემხნევებინა ეს და-ძმები და სამქადაგებლო საქმის რეორგანიზება მოეხდინა. ამიტომ 1920 წლის 12 აგვისტოს ის სხვა ოთხ ძმასთან ერთად გაემგზავრა დიდი ბრიტანეთის, კონტინენტური ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის მოსანახულებლად.

ძმა რუტერფორდი ეგვიპტეში

რუტერფორდის ბრიტანეთში ყოფნის დროს ბიბლიის მკვლევრებმა სამი კონგრესი და 12 საჯარო შეხვედრა ჩაატარეს. მთლიანობაში ამ შეხვედრებს 50 000-მდე ადამიანი დაესწრო. „საგუშაგო კოშკში“ რუტერფორდის ვიზიტი ასეთი სიტყვებით იყო შეჯამებული: „ამ შეხვედრებმა და-ძმები გაამხნევა და გამოაცოცხლა. ძმურმა სიყვარულმა და ერთად მსახურებამ ბევრ და-ძმას დამწუხრებული გული გაუხალისა“. ძმა რუტერფორდმა პარიზშიც წარმოთქვა თავისი ცნობილი მოხსენება: „დღეს მცხოვრები მილიონები არასდროს მოკვდებიან“. მოხსენების დაწყებისთანავე მთელი დარბაზი გადაივსო. შეხვედრის ბოლოს 300 ადამიანმა გამოთქვა მეტის გაგების სურვილი.

აფიშა მოხსენების თაობაზე, რომელიც ლონდონის „როიალ-ალბერტ-ჰოლში“ წარმოითქმებოდა

მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში ძმებმა მოინახულეს ათენი, კაირო და იერუსალიმი. ამ ტერიტორიებზე მცხოვრები დაინტერესებული პირებისთვის დახმარება რომ აღმოეჩინათ, ძმა რუტერფორდმა იერუსალიმის მახლობლად ქალაქ რამალაში ფილიალი დააარსა. შემდეგ კი ისევ ევროპაში დაბრუნდა და შვეიცარიაში ცენტრალური ევროპის ფილიალის ჩამოყალიბებასა და იქ ბეჭდვითი საქმის დაწყებას გაუწია ორგანიზება.

უსამართლობის წინააღმდეგ ხმის ამაღლება

1920 წლის შემოდგომაზე ბიბლიის მკვლევრებმა გამოსცეს „ოქროს ხანის“ 27-ე ნომერი. ამ სპეციალურ გამოცემაში მოთხრობილი იყო, როგორ იდევნებოდნენ 1918 წელს ბიბლიის მკვლევრები. ზემოხსენებული ვეებერთელა საბეჭდი მანქანა დღე და ღამე ამუშავეს, რომ ამ ჟურნალის ოთხ მილიონზე მეტი ეგზემპლარი დაებეჭდათ.

პოლიციაში გადაღებული ემა მარტინის ფოტო

ჟურნალში გამოქვეყნდა ემა მარტინის უჩვეულო ისტორია. და ემა სან-ბერნარდინოში (კალიფორნია, აშშ) წიგნების დამტარებლად მსახურობდა. 1918 წლის 17 მარტს ის და სამი ძმა — ედვარდ ჰამი, ედვარდ სონენბერგი და ერნესტ სტივენზი — ბიბლიის მკვლევართა პატარა შეხვედრას ესწრებოდნენ.

ამ შეხვედრაზე დამსწრეთა შორის აღმოჩნდა ისეთი, ვინც სულაც არ იყო დაინტერესებული ბიბლიით. მოგვიანებით მან სასამართლოს ასეთი ჩვენება მისცა: „ამ შეხვედრას . . . პროკურატურის დავალებით დავესწარი, რათა სამხილი მომეპოვებინა“. მისი მოპოვებული „სამხილი“ წიგნი „დასრულებული საიდუმლო“ აღმოჩნდა. რამდენიმე დღის შემდეგ და ემა და ეს სამი ძმა დააპატიმრეს. აკრძალული წიგნის გავრცელების გამო ისინი ჯაშუშობის კანონის დარღვევაში დაადანაშაულეს.

ემა და ზემოხსენებული ძმები დამნაშავეებად ცნეს და სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 1920 წლის 17 მაისს, მას შემდეგ, რაც ყველა ინსტანციაში უშედეგოდ გაასაჩივრეს, ბიბლიის მკვლევრებს ისღა დარჩენოდათ, ბედს შეგუებოდნენ. თუმცა მალე ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა.

1920 წლის 20 ივნისს სან-ფრანცისკოში გამართულ კონგრესზე ძმა რუტერფორდმა თავის მოხსენებაში ამ შემთხვევაზეც ისაუბრა. მოსმენილმა იმდენად აღაშფოთა აუდიტორია, რომ ყველა ერთხმად შეთანხმდა, შეერთებული შტატების პრეზიდენტისთვის ტელეგრამით ეცნობებინათ ამ ფაქტის შესახებ. ტელეგრამაში ეწერა: „მივიჩნევთ . . . რომ ჯაშუშობის კანონი . . . უსამართლოდ იქნა გამოყენებული . . . მისის მარტინის . . . წინააღმდეგ. ფედერალურმა უწყებამ ბოროტად გამოიყენა ძალაუფლება . . . მისის მარტინის . . . გამოსაჭერად . . . შემდეგ მის წინააღმდეგ საქმე შეთითხნა და დააპატიმრა . . . რასაც სასტიკად ვგმობთ . . . და აღმაშფოთებლად მივიჩნევთ“.

მომდევნო დღესვე პრეზიდენტმა ვუდრო უილსონმა შეიწყალა და ემა და ზემოხსენებული სამი ძმა. ასე დასრულდა მათი უსამართლო პატიმრობა.

1920 წლის მიწურულს ბიბლიის მკვლევრებს სიხარულის არაერთი მიზეზი ჰქონდათ. მთავარი სამმართველო გაფართოვდა და ჭეშმარიტმა ქრისტიანებმაც დიდი ენთუზიაზმით გააგრძელეს ღვთის სამეფოს, კაცობრიობის ერთადერთი იმედის შესახებ ქადაგება (მათ. 24:14). 1921 წლიდან სამეფოს შესახებ ჭეშმარიტების გავრცელება ახალ მასშტაბებს შეიძენდა.

^ აბზ. 19 დღევანდელი „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“.