არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 42

დარწმუნებული იყავით, რომ ჭეშმარიტ გზას ადგახართ

დარწმუნებული იყავით, რომ ჭეშმარიტ გზას ადგახართ

„ყოველივე შეამოწმეთ, დარწმუნდით, რა არის კარგი და მას ჩაეჭიდეთ“ (1 ᲗᲔᲡ. 5:21).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 142 მტკიცედ ჩავეჭიდოთ ჩვენს იმედს

ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘ *

1. რა იწვევს ხალხში გაურკვევლობას?

ᲓᲦᲔᲡ ათიათასობით ქრისტიანული კონფესია არსებობს. ყველა ამ კონფესიის მიმდევარი აცხადებს, რომ ღმერთს მის მოსაწონად ემსახურება. სწორედ ეს იწვევს ხალხში დაბნეულობას. მათ უჩნდებათ კითხვა: „მხოლოდ ერთი ჭეშმარიტი რელიგია არსებობს, თუ ყველა რელიგია მისაღებია ღვთისთვის?“ მაგრამ როგორ დგას საქმე ჩვენ შემთხვევაში? მტკიცედ გვწამს, რომ, რასაც ვასწავლით ჭეშმარიტებაა და მხოლოდ ჩვენ ვცემთ ღმერთს თაყვანს მის მოსაწონად? შესაძლებელია, რომ ბოლომდე ვიყოთ ამაში დარწმუნებული? მოდი განვიხილოთ რამდენიმე ფაქტორი.

2. რატომ იყო პავლე დარწმუნებული თავისი მრწამსის სისწორეში? (1 თესალონიკელები 1:5)

2 პავლე მოციქული სრულად იყო დარწმუნებული რომ, რაც სწამდა, ჭეშმარიტება იყო (წაიკითხეთ 1 თესალონიკელების 1:5). ის ამ დასკვნამდე ემოციების საფუძველზე კი არ მისულა, არამედ ღვთის სიტყვის საფუძვლიანად გამოკვლევამ მიიყვანა. მას სწამდა, რომ მთელი წმინდა წერილი ღვთისგან იყო შთაგონებული (2 ტიმ. 3:16). რა გამოიკვლია მან ღვთის სიტყვიდან? პავლემ წმინდა წერილებში იმის უდავო მტკიცებულება იპოვა, რომ იესო მესია იყო, რასაც იუდეველი რელიგიური წინამძღოლები შეგნებულად უგულებელყოფდნენ. მათ ღვთის წარმომადგენლებად მოჰქონდათ თავი, მაგრამ საქმეებით უარყოფდნენ მას (ტიტ. 1:16). მათგან განსხვავებით პავლეს თავად არ აურჩევია, რა ერწმუნა ღვთის სიტყვიდან და რა — არა. ის მზად იყო, იეჰოვას ყველა განზრახვის შესახებ ესწავლებინა და თავადაც მის თანახმად ეცხოვრა (საქ. 20:27).

3. ყველა კითხვაზე პასუხი უნდა გვქონდეს იმაში დასარწმუნებლად, რომ ჭეშმარიტება ვიცით? (იხილეთ ჩარჩო  „იეჰოვას საქმეები და განზრახვები იმდენია, რომ ვერც კი ჩამოვთვლით“).

3 ზოგი ფიქრობს, რომ ჭეშმარიტი რელიგიის მიმდევრებს ყველა კითხვაზე უნდა ჰქონდეთ პასუხი, ისეთებზეც კი, რომლებზეც ბიბლია არაფერს ამბობს. რამდენად რეალისტურია ასეთი მოლოდინი? მოდი ისევ პავლეს მაგალითს დავუბრუნდეთ. მართალია, ის თანამორწმუნეებს მოუწოდებდა, ყოველივე შეემოწმებინათ, მაგრამ იმასაც აღიარებდა, რომ ბევრი რამ არ ესმოდა (1 თეს. 5:21). ის წერდა: „ნაწილობრივი ცოდნა გვაქვს“ და „ამჟამად ბუნდოვნად ვხედავთ, თითქოსდა ლითონის სარკეში ვიყურებოდეთ“ (1 კორ. 13:9, 12). თუ პავლე ვერ სწვდებოდა ყველაფერს, ჩვენ მით უმეტეს ვერ ჩავწვდებით. მაგრამ მან იცოდა ის ძირითადი, რაც ღვთის განზრახვების შესახებ უნდა სცოდნოდა. მას საკმარისი მტკიცებულებები ჰქონდა იმის დასაჯერებლად, რომ მისი მრწამსი ჭეშმარიტება იყო.

4. როგორ დავრწმუნდეთ ჩვენი მრწამსის ჭეშმარიტებაში და რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

4 რომელია ერთ-ერთი საშუალება იმაში დასარწმუნებლად, რომ ჭეშმარიტ გზას ვადგავართ? ამაში დაგვეხმარება იმის გარკვევა, რამდენად შეესაბამება იესოს მიერ დატოვებულ ღვთისმსახურების ნიმუშს ის, რასაც დღეს იეჰოვას მოწმეები მიჰყვებიან. ამ სტატიიდან გავიგებთ, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანები უნდა: 1) უარყოფდნენ კერპთაყვანისმცემლობას, 2) პატივს მიაგებდნენ ღვთის სახელს და 3) უყვარდეთ ჭეშმარიტება და ერთმანეთი.

ᲭᲔᲨᲛᲐᲠᲘᲢᲘ ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲔᲑᲘ ᲣᲐᲠᲧᲝᲤᲔᲜ ᲙᲔᲠᲞᲗᲐᲧᲕᲐᲜᲘᲡᲛᲪᲔᲛᲚᲝᲑᲐᲡ

5. თუ იესოს მაგალითს დავუკვირდებით, როგორ უნდა ვცეთ ღმერთს თაყვანი?

5 იესოს იმდენად უყვარდა მამა, რომ არც განკაცებამდე და არც განკაცების შემდეგ მის გარდა არავისთვის უცია თაყვანი (ლუკ. 4:8). ის თავის მიმდევრებსაც იმავეს ასწავლიდა. არც იესოს და არც მის ერთგულ მოწაფეებს ღვთის თაყვანსაცემად არასდროს გამოუყენებიათ გამოსახულება. ვინაიდან იეჰოვა სულია, შეუძლებელია ადამიანმა ისეთი რამ შექმნას, რაც ოდნავ მაინც აირეკლავდა მის დიდებას (ეს. 46:5). მაგრამ რისი თქმა შეიძლება „წმინდანთა“ გამოსახულებებსა და მათზე ლოცვაზე? მეორე მცნებაში იეჰოვა პირდაპირ ამბობს: „არ გაიკეთო არც ქანდაკება და არც არანაირი მსგავსება იმისა, რაც მაღლა ცაშია, რაც დაბლა მიწაზეა . . . არ სცე მათ თაყვანი“ (გამ. 20:4, 5). ყველას, ვისაც სურს, ღმერთს ასიამოვნოს, კარგად უნდა ესმოდეს ამ სიტყვების მნიშვნელობა.

6. ვის მაგალითს მიჰყვებიან იეჰოვას მოწმეები?

6 ისტორიკოსები იზიარებენ იმ მოსაზრებას, რომ პირველი ქრისტიანები მხოლოდ ღმერთს სცემდნენ თაყვანს. მაგალითად, წიგნში „ქრისტიანული ეკლესიის ისტორია“ აღნიშნულია, რომ პირველ ქრისტიანებს „იმის წარმოდგენაც კი ზარავდათ“, რომ თაყვანისმცემლობის ადგილებში გამოსახულებები დაედგათ. იეჰოვას მოწმეებიც პირველი საუკუნის ქრისტიანების მაგალითს მიჰყვებიან. ჩვენ „წმინდანებისა“ და ანგელოზების გამოსახულებებს არ ვიყენებთ ლოცვის დროს და თვით იესოსაც არ მივმართავთ ლოცვით. ჩვენ არც ეროვნულ სიმბოლოებს ვეთაყვანებით. არა აქვს მნიშვნელობა, ვინ რას იტყვის, ჩვენ მაინც იესოს სიტყვების თანახმად მოვიქცევით: „იეჰოვას, შენს ღმერთს, ეცი თაყვანი“ (მათ. 4:10).

7. რა განგვასხვავებს იეჰოვას მოწმეებს სხვა რელიგიების მიმდევრებისგან?

7 დღეს ბევრი მოხიბლულია ამა თუ იმ კონფესიის ქარიზმატული ლიდერების ქადაგებებით. ზოგს ლამის გაკერპებული ჰყავს ისინი. ხალხი აწყდება მათ ეკლესიებს, ყიდულობენ მათ გამოცემულ წიგნებს და დიდ თანხებს იღებენ მათ მხარდასაჭერად. ზოგი ბრმად იჯერებს ამ რელიგიური ლიდერების თითოეულ სიტყვას. ალბათ, იესოც კი ვერ გამოიწვევდა მათში ამხელა აღტაცებას. მათგან განსხვავებით, იეჰოვას ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებს არ ჰყავთ რელიგიური წინამძღოლები. მართალია, ისინი პატივს სცემენ ხელმძღვანელობის გამწევთ, მაგრამ კარგად ესმით იესოს ნათელი მითითება: „თქვენ ყველანი ძმები ხართ“ (მათ. 23:8—10). ჩვენ არ ვაკერპებთ ადამიანებს — არც რელიგიურ პირებს და არც პოლიტიკოსებს; და არც მათ იდეოლოგიას ვიზიარებთ. ჩვენ ნეიტრალური პოზიცია გვიკავია და ქვეყნიერებისგან განცალკევებული ვრჩებით. სწორედ ეს ფაქტორები განგვასხვავებს ეგრეთ წოდებული ქრისტიანებისგან (იოან. 18:36).

ᲭᲔᲨᲛᲐᲠᲘᲢᲘ ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲔᲑᲘ ᲞᲐᲢᲘᲕᲡ ᲛᲘᲐᲒᲔᲑᲔᲜ ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲐᲮᲔᲚᲡ, ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ

ჭეშმარიტ ქრისტიანებს ეამაყებათ იეჰოვას შესახებ საუბარი (იხილეთ აბზაცები 8—10). *

8. საიდან ვიცით, რომ იეჰოვას სურს, ყველამ იცოდეს და განადიდოს მისი სახელი?

8 ერთხელ იესომ ასე ილოცა: „მამა, განადიდე შენი სახელი!“ ლოცვის პასუხად ზეციდან იეჰოვას ხმა გაისმა: „განვადიდე და კვლავაც განვადიდებ!“ (იოან. 12:28). დედამიწაზე მსახურების დროს იესო ყოველთვის განადიდებდა მამის სახელს (იოან. 17:26). ამიტომ ლოგიკურია დავასკვნათ, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანებიც დიდ პატივად უნდა მიიჩნევდნენ ღვთის სახელის ხსენებას და მისი სახელის სხვებისთვის გაცხადებას.

9. რით აჩვენეს პირველი საუკუნის ქრისტიანებმა, რომ პატივს მიაგებდნენ ღვთის სახელს?

9 პირველ საუკუნეში ქრისტიანული კრების ჩამოყალიბებიდან მალევე, იეჰოვა ღმერთმა მოხედა უცხოტომელებს და „გამოარჩია მათგან ხალხი, რომ მისი სახელი ეტარებინათ“ (საქ. 15:14). ეს ქრისტიანები სიამაყით იყენებდნენ ღვთის სახელს და სხვებსაც ამცნობდნენ მის შესახებ. ისინი ხშირად მოიხსენიებდნენ ღვთის სახელს მსახურებაშიც და თავიანთ წერილებშიც. * მათ დაამტკიცეს, რომ მხოლოდ ისინი იყვნენ ღვთის სახელის გამცხადებლები (საქ. 2:14, 21).

10. რატომ შეგვიძლია იეჰოვას მოწმეებს ვუწოდოთ ხალხი, რომელიც ღვთის სახელს ატარებს?

10 შეგვიძლია იეჰოვას მოწმეებს ვუწოდოთ ხალხი, რომელიც ღვთის სახელს ატარებს? განვიხილოთ ამის დამადასტურებელი მტკიცებულება. დღეს ბევრი რელიგიური წინამძღოლი უკან არაფერზე იხევს, ოღონდ ხალხს დაუმალოს ის ფაქტი, რომ ღმერთს სახელი აქვს. მათ ბიბლიის თარგმანებიდან ამოიღეს ის და ზოგან რელიგიური მსახურების დროსაც აკრძალეს მისი გამოყენება. * ფაქტია, ვერავინ უარყოფს იმას, რომ მხოლოდ იეჰოვას მოწმეები მიაგებენ ღვთის სახელს ღირსეულ პატივს. ჩვენსავით არცერთი რელიგიური მიმდინარეობა არ ცდილობს, ღვთის სახელი ყველასთვის ცნობილი გახადოს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გავამართლოთ ჩვენი სახელი (ეს. 43:10—12). ჩვენ ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ 240 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გამოვეცით. ამ თარგმანში ღვთის სახელი ყველა იმ ადგილას არის აღდგენილი, საიდანაც ის ბიბლიის მთარგმნელებმა ამოიღეს. გარდა ამისა, ჩვენ 1000-ზე მეტ ენაზე გამოვცემთ ბიბლიურ პუბლიკაციებს, რომლებიც ღვთის სახელს განადიდებს.

ᲭᲔᲨᲛᲐᲠᲘᲢ ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲔᲑᲡ ᲣᲧᲕᲐᲠᲗ ᲭᲔᲨᲛᲐᲠᲘᲢᲔᲑᲐ

11. საიდან გამოჩნდა, რომ პირველ ქრისტიანებს უყვარდათ ჭეშმარიტება?

11 იესოს უყვარდა ჭეშმარიტება ღვთისა და მისი განზრახვების შესახებ. ეს კარგად ჩანდა მისი ცხოვრებიდან და მსახურებიდან (იოან. 18:37). იესოს ერთგულ მიმდევრებსაც უყვარდათ ჭეშმარიტება (იოან. 4:23, 24). პეტრე მოციქულმა ქრისტიანობას „ჭეშმარიტების გზაც“ კი უწოდა (2 პეტ. 2:2). სწორედ ჭეშმარიტების დიდმა სიყვარულმა ათქმევინა უარი პირველ ქრისტიანებს ისეთ რელიგიურ შეხედულებებზე, ტრადიციებსა თუ პირად მოსაზრებებზე, რომლებიც უპირისპირდებოდა ამ ჭეშმარიტებას (კოლ. 2:8). დღესაც ნამდვილი ქრისტიანები ცდილობენ, „ჭეშმარიტების გზით“ იარონ და თავიანთი მოძღვრებები თუ ცხოვრების წესი მთლიანად ღვთის სიტყვას შეუსაბამონ (3 იოან. 3, 4).

12. როგორ იქცევა ხელმძღვანელი საბჭო, როცა ამა თუ იმ საკითხის ახლებურად ახსნის საჭიროებას ხედავს და რატომ?

12 დღეს ღვთის ხალხს არა აქვს პრეტენზია იმაზე, რომ სრულყოფილად ესმის ჭეშმარიტება. არ არის გამორიცხული, რომ მათ რაიმე შეცდომა დაუშვან, როცა საქმე ორგანიზაციულ საკითხს ან რაიმე მოძღვრების ახსნას ეხება. პრინციპში ეს არც არის გასაკვირი. ბიბლიის თანახმად, ღვთის შესახებ ცოდნა თანდათანობით გაღრმავდებოდა (კოლ. 1:9, 10). იეჰოვა ეტაპობრივად უმჟღავნებს ჭეშმარიტებას თავის ხალხს, ამიტომ მოთმინებით ლოდინი გვმართებს, სანამ ყველაფერს ნათელი მოეფინება (იგავ. 4:18). როცა ხელმძღვანელი საბჭო ხვდება, რომ ესა თუ ის საკითხი განსხვავებულ ახსნა-განმარტებას მოითხოვს, დაუყოვნებლივ ახდენს ცვლილებებს. მაშინ როცა ბევრი ქრისტიანული მიმდინარეობა მრევლის გულის მოსაგებად ან ქვეყნიური ტენდენციებისთვის ფეხის ასაწყობად ახდენს ცვლილებებს, იეჰოვას ორგანიზაციაში ცვლილებები მხოლოდ და მხოლოდ იეჰოვასთან დაახლოებასა და იესოს მიერ დატოვებული ნიმუშის მიყოლას ემსახურება (იაკ. 4:4). ორგანიზაციაში მომხდარ ცვლილებებს თანამედროვე და პოპულარული ტენდენციები კი არ განაპირობებს, არამედ ღვთის სიტყვის უფრო საფუძვლიანი კვლევა. ჩვენთვის მთავარი ამოსავალი წერტილი ჭეშმარიტების სიყვარულია (1 თეს. 2:3, 4).

ᲭᲔᲨᲛᲐᲠᲘᲢ ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲔᲑᲡ ᲛᲗᲔᲚᲘ ᲒᲣᲚᲘᲗ ᲣᲧᲕᲐᲠᲗ ᲔᲠᲗᲛᲐᲜᲔᲗᲘ

13. რომელი თვისებით უნდა გამოირჩეოდნენ ჭეშმარიტი ქრისტიანები და როგორ ჩანს დღეს ეს თვისება იეჰოვას მოწმეებს შორის?

13 პირველი საუკუნის ქრისტიანებს ბევრი კარგი თვისება ჰქონდათ, მაგრამ ყველაზე მეტად მათ სიყვარული გამოარჩევდათ. იესოს ნათქვამი ჰქონდა: „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, თუკი ერთმანეთი გეყვარებათ“ (იოან. 13:34, 35). მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეებს ნამდვილი სიყვარული აერთიანებთ. სხვა ორგანიზაციებისგან ის განგვასხვავებს, რომ ჩვენმა საძმომ გადალახა ეროვნული, რასობრივი თუ სოციალური ბარიერები. ასეთი ძმური სიყვარული განსაკუთრებით კარგად იგრძნობა ჩვენს დიდ თუ პატარა შეხვედრებზე. ეს კიდევ ერთი ფაქტორია, რის გამოც გვჯერა, რომ იეჰოვას მის მოსაწონად ვემსახურებით.

14. კოლოსელების 3:12—14-დან გამომდინარე, როგორ შეგვიძლია მთელი გულით გამოვხატოთ ერთმანეთის მიმართ სიყვარული?

14 წმინდა წერილები მოგვიწოდებს: „მთელი გულით გიყვარდეთ ერთმანეთი“ (1 პეტ. 4:8). ასეთი სიყვარული გვეხმარება, რომ ვაპატიოთ ერთმანეთს და თვალი დავხუჭოთ ერთმანეთის ნაკლოვანებებზე. ჩვენ ვცდილობთ, გულუხვები და სტუმართმოყვარეები ვიყოთ იმ თანაქრისტიანების მიმართაც კი, ვინც გული გვატკინა (წაიკითხეთ კოლოსელების 3:12—14). სწორედ ასეთი სიყვარული უნდა იყოს ჭეშმარიტი ქრისტიანების ამოსაცნობი ნიშანი.

„ᲔᲠᲗᲘᲐ ᲠᲬᲛᲔᲜᲐ“

15. კიდევ რა მხრივ ვბაძავთ პირველი საუკუნის ქრისტიანებს?

15 ჩვენ პირველი საუკუნის ქრისტიანებს სხვა მხრივაც ვბაძავთ. მაგალითად, ჩვენი ორგანიზაციული სტრუქტურა იმ სტრუქტურის ანალოგია, რომელიც მოციქულებმა დააწესეს პირველ საუკუნეში. ჩვენ გვყავს მიმომსვლელი ზედამხედველები, უხუცესები და მომსახურეები (ფილ. 1:1; ტიტ. 1:5). ჩვენი შეხედულება სექსსა და ქორწინებაზე, სისხლის სიწმინდესა და კრებიდან მოუნანიებელი შემცოდველის გარიცხვაზე ზუსტად ასახავს პირველი საუკუნის ქრისტიანთა შეხედულებას (საქ. 15:28, 29; 1 კორ. 5:11—13; 6:9, 10; ებრ. 13:4).

16. რას ვიგებთ ეფესოელების 4:4—6-დან?

16 იესომ თქვა, რომ ბევრი დაიბრალებდა მის მიმდევრობას (მათ. 7:21—23). ბიბლიაც გვაფრთხილებდა იმის შესახებ, რომ „ბოლო დღეებში“ ბევრი იქნებოდა გარეგნულად ღვთისმოშიში (2 ტიმ. 3:1, 5). ბიბლიაში არაორაზროვნად არის ნათქვამი, რომ მხოლოდ „ერთია რწმენა“, რომელსაც ღმერთი იწონებს (წაიკითხეთ ეფესოელების 4:4—6).

17. ვინ მიჰყვება დღეს იესოს ნაკვალევს?

17 რომელია ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგია დღეს? ჩვენ ვიმსჯელეთ იმაზე, რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ჭეშმარიტი რელიგია. იმაზეც ვისაუბრეთ, ღვთისმსახურების რა ნიმუში დაგვიტოვეს იესომ და მისმა პირველმა მიმდევრებმა. თუ ამ ფაქტორებს მივიღებთ მხედველობაში, პასუხი ნათელია — იეჰოვას მოწმეები. რამხელა პატივი გვხვდა წილად, რომ ღვთის ხალხს მივეკუთვნებით და ვიცით ჭეშმარიტება იეჰოვასა და მისი განზრახვების შესახებ. დაე ნურასდროს შეგვეპარება ეჭვი იმაში, რომ ჭეშმარიტების გზას ვადგავართ!

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 3 ჩვენო რწმენავ, ძალავ, ჩვენო იმედო

^ აბზ. 5 ამ სტატიაში ვიმსჯელებთ, ღვთისმსახურების რა ნიმუში დაგვიტოვა იესომ და როგორ მიჰყვებოდნენ ამ ნიმუშს მისი პირველი მოწაფეები. აგრეთვე გავიგებთ, რა გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ იეჰოვას მოწმეებიც იესოს მიერ დატოვებულ ღვთისმსახურების ნიმუშს მიჰყვებიან.

^ აბზ. 9 იხილეთ 2010 წლის 1 ივლისის „საგუშაგო კოშკი“, ჩარჩო „იყენებდნენ ადრინდელი ქრისტიანები ღვთის სახელს?“, გვ. 6.

^ აბზ. 10 მაგალითად, 2008 წელს რომის პაპმა ბენედიქტ XVI გამოსცა ბრძანებულება, რომლის თანახმადაც ღვთის სახელი „არც უნდა იწერებოდეს და არც უნდა მოიხსენიებოდეს“ კათოლიკურ მღვდელმსახურებაში, საეკლესიო საგალობლებსა თუ ლოცვებში.

^ აბზ. 63 ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: იეჰოვას ორგანიზაციამ 200-ზე მეტ ენაზე გამოსცა „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“, რათა ხალხს საშუალება ჰქონოდა, თავის ენაზე წაეკითხა ბიბლია, რომელშიც ღვთის სახელი წერია.