არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

1921 — ასი წლის წინ

1921 — ასი წლის წინ

„ᲠᲝᲛᲔᲚᲘ საქმის შესრულებას უნდა შევუდგეთ ამ წელს?“ — ასეთი კითხვით მიმართავდა ბიბლიის მკვლევრებს 1921 წლის 1-ლი იანვრის „საგუშაგო კოშკი“. ამ კითხვის პასუხად მოყვანილი იყო ესაიას 61:1, 2-ში ჩაწერილი სიტყვები, რომლებიც შეახსენებდა მათ მთავარ მოვალეობას — სასიხარულო ცნობის ქადაგებას: „მცხო უფალმა, რომ ვახარო შეჭირვებულთ . . . გამოვაცხადო უფლის სასურველი წელი და ჩვენი ღმერთის შურისგების დღე“ (ბსგ).

ᲣᲨᲘᲨᲐᲠᲘ ᲛᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲚᲔᲑᲘ

თავიანთი საქმე რომ შეესრულებინათ, ბიბლიის მკვლევრებს დიდი გამბედაობა დასჭირდებოდათ. მათი გაცხადებული ცნობა სასიხარულო იქნებოდა შეჭირვებულთათვის და „შურისგების დღის“ მომასწავებელი ბოროტთათვის.

კანადაში მცხოვრები ძმა ჰენრი ჰოსკინი წინააღმდეგობის მიუხედავად უშიშრად ქადაგებდა. 1921 წლის გაზაფხულზე ქადაგების დროს ის მეთოდისტური ეკლესიის მსახურს შეხვდა. ძმა ჰენრიმ საუბარი ასეთი სიტყვებით წამოიწყო: „ვფიქრობ, ჩვენ შორის კარგი საუბარი შედგება ბიბლიურ თემებზე. თუნდაც განსხვავებული შეხედულება გვქონდეს ზოგ საკითხზე, მაინც შეგვიძლია მშვიდობიანად და მეგობრულად დავშორდეთ ერთმანეთს“. მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა. ძმა ჰენრი იხსენებდა: „ჩვენი საუბარი მხოლოდ რამდენიმე წუთს გაგრძელდა. გაბრაზებულმა კარს ის ძლიერ დაარტყა, ვიფიქრე, კარის მინა ჩამოიმსხვრევა-მეთქი“.

„გირჩევნია, წახვიდე და წარმართები გააქრისტიანო!“ — დაიყვირა ეკლესიის მსახურმა. ძმა ჰენრიმ ხმის ამოღება ვერ გაბედა, მაგრამ გულში კი გაიფიქრა, აბა, წეღან ვის ველაპარაკებოდიო.

ყველაფერი ამით არ დასრულებულა. მეორე დღეს ეკლესიის მსახურმა მრევლის წინაშე ქადაგების დროს ძმა ჰენრიზე სიცრუე ილაპარაკა. „მან თავის მრევლს გამოუცხადა, რომ მე ყველაზე დიდი გაიძვერა ვიყავი, ვინც კი ამ ქალაქში ჩამოსულა და ჩემთვის შუბლში ტყვია ალალი იქნებოდა“, — იხსენებდა ძმა ჰენრი. ყველაფრის მიუხედავად, ძმა ჰენრი არ დამფრთხალა და ქადაგება არ შეუწყვეტია. მის გულმოდგინებას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. მან თქვა: „ასეთი კარგი და საინტერესო საუბრები მანამდე არ მქონია. ზოგი ისეთი აღფრთოვანებული იყო, რომ მითხრა, შენ აშკარად ღვთის კაცი ხარო! ზოგიც დამპირდა, რომ, თუ რამე დამჭირდებოდა, უარს არაფერზე მეტყოდა“.

ᲞᲘᲠᲐᲓᲘ ᲗᲣ ᲝᲯᲐᲮᲣᲠᲘ ᲨᲔᲡᲬᲐᲕᲚᲐ

დაინტერესებულებს ღვთის სიტყვა უკეთ რომ გაეგოთ, ბიბლიის მკვლევრების მიერ გამოცემულ „ოქროს ხანაში“ * რეგულარულად ქვეყნდებოდა რუბრიკა ბიბლიური კითხვა-პასუხებით. ამ რუბრიკის სახელწოდება იყო „ნორჩი ბიბლიის მკვლევრები“. მასში მოცემული მასალა მშობლებს შეეძლოთ შვილებთან ერთად განეხილათ. იქ დასმულ კითხვებს ისინი შვილებს უსვამდნენ და ბიბლიაში პასუხების მოძებნაში ეხმარებოდნენ. მაგალითად, კითხვა „რამდენი წიგნისგან შედგება ბიბლია?“, მკითხველს ბიბლიის შესახებ ზოგად წარმოდგენას უქმნიდა. იყო ისეთი კითხვებიც, რომლებიც ახალგაზრდებს ეხმარებოდა, უშიშარი მქადაგებლები გამხდარიყვნენ. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი კითხვა იყო: „რატომ უნდა ჰქონდეს ჭეშმარიტ ქრისტიანს იმის მოლოდინი, რომ რაიმე სახის დევნას შეხვდება?“.

ჟურნალ „ოქროს ხანაში“ იბეჭდებოდა სხვა რუბრიკაც, რომელიც გათვლილი იყო მათზე, ვისაც გარკვეული ბიბლიური ცოდნა ჰქონდა. მასში მოცემული კითხვა-პასუხები ეფუძნებოდა წიგნს „საღვთო წერილის გამოკვლევა“ (I ტომი). ამ რუბრიკებმა ათასობით მკითხველს დიდი დახმარება გაუწია. თუმცა 1921 წლის 21 დეკემბრის „ოქროს ხანა“ იუწყებოდა, რომ ეს რუბრიკები მეტად აღარ დაიბეჭდებოდა. რამ განაპირობა ეს?

ᲐᲮᲐᲚᲘ ᲬᲘᲒᲜᲘ

წიგნი „ღვთის ქნარი“

დავალებების ბარათი

კითხვების ბარათი

ხელმძღვანელი ძმები მიხვდნენ, რომ დაინტერესებულებს ძირითადი ბიბლიური სწავლებების შესახებ ცოდნა უფრო ორგანიზებული სახით უნდა მიეღოთ. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა წიგნი „ღვთის ქნარი“, რომელიც 1921 წლის ნოემბერში გამოიცა. ყველა დაინტერესებული პირი, ვინც ამ წიგნს იღებდა, ფაქტობრივად, ბიბლიის სასწავლო კურსზე ეწერებოდა. მას შეეძლო ეს წიგნი დამოუკიდებლად შეესწავლა და გაეგო ღვთის განზრახვა, რომლის თანახმადაც ადამიანებს მომავალში მარადიული სიცოცხლე ელით. რას მოიცავდა ეს კურსი?

წიგნს მოჰყვებოდა პატარა ბარათი, რომელზეც გაწერილი იყო, თუ რა რაოდენობის მასალა უნდა წაეკითხა მკითხველს. მომდევნო კვირას ის იღებდა კიდევ ერთ ბარათს წასაკითხ მასალასთან დაკავშირებული კითხვებით. ბარათის ბოლოს მომდევნო კვირის დავალება იყო მითითებული.

12 კვირის მანძილზე ყოველ კვირა ბიბლიის შემსწავლელი ახალ-ახალ ბარათს იღებდა ადგილობრივი კრებიდან. როგორც წესი, ამ ბარათებს ისინი აგზავნიდნენ, ვინც ასაკისა თუ შეზღუდული მდგომარეობის გამო კარდაკარ ვერ ქადაგებდა. შეერთებულ შტატებში მცხოვრები ანა გარდნერი იხსენებდა: «წიგნ „ღვთის ქნარის“ გამოცემამ ჩემს ინვალიდ დას, ტეილს, საშუალება მისცა, ის საქმე ეკეთებინა, რაშიც თავისი შეზღუდული მდგომარეობა ხელს ვერ შეუშლიდა. ის ყოველ კვირა გზავნიდა ბარათებზე დაწერილ კითხვებს». კურსის დასრულების შემდეგ დაინტერესებულს ადგილობრივი კრებიდან ვინმე აკითხავდა, რომ მისთვის ბიბლია უფრო სიღრმისეულად ესწავლებინა.

ტეილ გარდნერი ინვალიდის ეტლში

ᲬᲘᲜ ᲑᲔᲕᲠᲘ ᲡᲐᲥᲛᲔ ᲘᲧᲝ

წლის ბოლოს ძმა რუტერფორდმა ყველა კრებაში წერილები დაგზავნა. წერილში ის აღნიშნავდა: „სამეფოს შესახებ ცნობის ქადაგებამ წინა წლებთან შედარებით გაცილებით მასშტაბური სახე მიიღო და ბევრ ადამიანს გაუწია დახმარება“. ის დასძენდა: „წინ ჯერ კიდევ ბევრი საქმე გველის. წაახალისეთ სხვებიც, რომ შემოგვიერთდნენ ამ კურთხეულ საქმეში“. აშკარა იყო, რომ ბიბლიის მკვლევრებმა ძმა რუტერფორდის რჩევა გულთან ახლოს მიიტანეს. მომდევნო წელსაც ისინი გაბედულად გააგრძელებდნენ სამეფოს შესახებ ქადაგებას, ოღონდ ამჯერად უჩვეულო სახით.

^ აბზ. 9 ჟურნალ „ოქროს ხანას“ 1937 წელს „ნუგეში“ ეწოდა, 1946 წელს კი — „გამოიღვიძეთ!“.