არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორი პიროვნებაა ღმერთი?

როგორი პიროვნებაა ღმერთი?

რაც მეტს ვიგებთ ვინმეს თვისებებზე, მით მეტად ვეცნობით და ვუახლოვდებით მას. იმავეს თქმა შეიძლება ღმერთთან ურთიერთობაზეც. მართალია, ღმერთს უამრავი შესანიშნავი თვისება აქვს, მაგრამ მათგან ოთხი გამორჩეულია: ძალა, სიბრძნე, სამართლიანობა და სიყვარული.

ᲦᲛᲔᲠᲗᲘ ᲫᲚᲔᲕᲐᲛᲝᲡᲘᲚᲘᲐ

„უზენაესო უფალო იეჰოვა! შენი დიდი ძალითა და გაწვდილი მკლავით შექმენი ცა და დედამიწა“ (ᲘᲔᲠᲔᲛᲘᲐ 32:17).

ფიზიკური სამყარო აშკარად მოწმობს, რომ ღმერთი განუზომლად დიდ ძალას ფლობს. მაგალითად, რას გრძნობთ, როდესაც მზის გულს ეფიცხებით? ცხადია, მის სითბოს, უფრო ზუსტად კი, იეჰოვას შემოქმედებითი ძალის შედეგს. რამდენად დიდ ენერგიას ასხივებს მზე? როგორც ვარაუდობენ, მზის წიაღში ტემპერატურა დაახლოებით 15 მილიონ გრადუს ცელსიუსს აღწევს. ყოველ წამში მზე ასობით მილიონი ატომური ბომბის აფეთქების სიმძლავრის ენერგიას გამოსცემს.

თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მზე სამყაროში არსებულ უთვალავ გიგანტურ ვარსკვლავთან შედარებით არცთუ ისე დიდია. მეცნიერების ვარაუდით, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარსკვლავის (ცნობილია, როგორც UY Scuti) რადიუსი დაახლოებით 1700-ჯერ აღემატება მზის რადიუსს. ის რომ მზის ადგილას ყოფილიყო, ჩვენი პლანეტისთვის ადგილი აღარ დარჩებოდა და იუპიტერის ორბიტასაც კი შთანთქავდა. ალბათ, ახლა უკეთ სწვდებით წინასწარმეტყველ იერემიას ნათქვამს, რომ იეჰოვა ღმერთმა თავისი „დიდი ძალით“ შექმნა ცა და დედამიწა, ანუ ფიზიკური სამყარო.

როგორ იყენებს ღმერთი თავის ძალას ჩვენ სასიკეთოდ? რომ არა ღვთის მიერ შექმნილი მზე და დედამიწის რესურსები, ვერ ვიარსებებდით. ღმერთი თავის ძალას ცალკეული ადამიანების სასიკეთოდაც იყენებს. მაგალითად, პირველ საუკუნეში ღმერთმა იესოს სასწაულების მოხდენის ძალა მისცა. ბიბლიაში ვკითხულობთ: „უსინათლოები ხედავენ და კოჭლები დადიან, კეთროვნები იკურნებიან და ყრუებს ესმით, მკვდრები ცოცხლდებიან და ღარიბებს სასიხარულო ცნობა ეუწყებათ“ (მათე 11:5). დღეს თუ გვაძლევს ღმერთი თავის ძალას? როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, იეჰოვა „ძალას აძლევს დაღლილს“ და მასზე „მინდობილები ძალ-ღონეს მოიკრებენ“ (ესაია 40:29, 31). ღმერთი გვაძლევს „ძალას, რომელიც ჩვეულებრივს აღემატება“, რათა მედგრად დავხვდეთ ცხოვრებისეულ ქარტეხილებს და გავუძლოთ სხვადასხვა განსაცდელს (2 კორინთელები 4:7). ალბათ, თქვენც გსურთ, დაუახლოვდეთ ასეთ მოსიყვარულე ღმერთს, რომელიც უშურველად გვაძლევს თავის ძალას!

ᲦᲛᲔᲠᲗᲘ ᲧᲝᲕᲚᲐᲓᲑᲠᲫᲔᲜᲘᲐ

„რაოდენ მრავალია შენი საქმენი, იეჰოვა! ყოველივე სიბრძნით შექმენი“ (ᲤᲡᲐᲚᲛᲣᲜᲘ 104:24).

რაც უფრო მეტს ვიგებთ ღვთის შემოქმედებაზე, მით უფრო გვაოცებს მისი სიბრძნე. არსებობს ბიონიკის სახელით ცნობილი მეცნიერების დარგი, რომელიც შეისწავლის იეჰოვას ქმნილებებს. ამ მეცნიერების მიზანია, ცოცხალი ბუნებიდან ისესხოს იდეები და დახვეწოს სხვადასხვა მექანიზმი თუ მოწყობილობა, ფოტოაპარატის ლინზებით დაწყებული თვითმფრინავებით დამთავრებული.

უნიკალურად შექმნილი ადამიანის თვალი

ღვთის გასაოცარი სიბრძნე განსაკუთრებით იქიდან ჩანს, თუ როგორ ვართ შექმნილნი. დაფიქრდით, როგორ ხდება ჩანასახის განვითარება. ყველაფერი ერთი განაყოფიერებული უჯრედიდან იწყება, რომელიც შეიცავს მთელ იმ გენეტიკურ ინფორმაციას, რაც აუცილებელია საბოლოო განვითარებისთვის. ეს უჯრედი იყოფა მრავალ უჯრედად, რომლებიც ერთმანეთს ჰგავს და საჭირო დროს განსხვავებული ტიპის უჯრედებად ყალიბდება. შედეგად წარმოიქმნება 200-მდე ტიპის უჯრედი, მათ შორის სისხლის უჯრედები, ნერვული უჯრედები და ძვლოვანი ქსოვილის უჯრედები. სულ რაღაც ცხრა თვეში ერთი პაწაწინა უჯრედისგან ვითარდება და ყალიბდება ცოცხალი ადამიანი, რომლის სხეულიც მილიარდობით უჯრედისგან შედგება. ვინც ამ ყოველივეს უღრმავდება, შეუძლებელია, არ დაეთანხმოს ბიბლიის დამწერს, რომელმაც ასეთი სიტყვებით მიმართა ღმერთს: „ხოტბას შეგასხამ, რადგან კრძალვას მგვრის, თუ რა საოცრად ვარ შექმნილი. საოცარია შენი საქმენი და კარგად ვუწყი ეს“ (ფსალმუნი 139:14).

როგორ ავლენს ღმერთი სიბრძნეს ჩვენ სასიკეთოდ? ჩვენმა შემოქმედმა ზუსტად იცის, რა არის საჭირო ჩვენი ბედნიერებისთვის. ღმერთს სურს, თავისი განუზომლად დიდი სიბრძნე გაგვიზიაროს, ამიტომ ბიბლიის მეშვეობით ბრძნულ რჩევებს გვაძლევს. მაგალითად, ის გვირჩევს: „მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს“ (კოლოსელები 3:13). ეს მართლა ბრძნული რჩევაა! არაერთმა გამოკვლევამ გამოავლინა, რომ მათ, ვინც მიმტევებელია, ნაკლებად აქვთ ძილის დარღვევები და ნაკლებად აწუხებთ მაღალი არტერიული წნევა. შესაძლოა ასეთი ადამიანები ნაკლებად ჩავარდნენ დეპრესიაში ან ჯანმრთელობის სხვა პრობლემები შეექმნათ. ბრძენი და მზრუნველი მეგობრის მსგავსად, ღმერთი ყოველთვის მზადაა, მოგვცეს დროული და სასარგებლო რჩევები (2 ტიმოთე 3:16, 17). ვის არ სურს, ასეთი მეგობარი ჰყავდეს?!

ᲦᲛᲔᲠᲗᲘ ᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲘᲐᲜᲘᲐ

„იეჰოვა სამართლიანობის მოყვარულია“ (ᲤᲡᲐᲚᲛᲣᲜᲘ 37:28).

ღმერთი ყოველთვის სამართლიანად იქცევა. „შორს არის ღვთისგან ბოროტება და ყოვლისშემძლისგან უსამართლობა!“ (იობი 34:10). იეჰოვას ყოველთვის გამოაქვს სამართლიანი განაჩენი, როგორც ეს მისი მისამართით ნათქვამი ფსალმუნმომღერლის სიტყვებიდანაც ჩანს: „სამართლიანად გაასამართლებ ხალხებს“ (ფსალმუნი 67:4). ვინაიდან იეჰოვა გულს ხედავს, მის თვალს არ გამოეპარება თვალთმაქცობა; ის ყოველთვის ხედავს სრულ სურათს და ყველაფერს სწორად აფასებს და განსჯის (1 სამუელი 16:7). თუკი რაიმე უსამართლობა ან უკანონობა მომხდარა დედამიწაზე, მან ეს ყველაფერი იცის; მეტიც, ის გვპირდება, რომ მალე „ბოროტები მოისპობიან დედამიწაზე“ (იგავები 2:22).

თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ღმერთი არ არის მკაცრი მოსამართლე, რომელსაც ერთი სული აქვს, როდის დაგვსჯის. ის გულმოწყალებას ავლენს, როცა ამის საფუძველი აქვს. „იეჰოვა გულმოწყალე და თანამგრძნობია“ ბოროტების მიმართაც, თუ ისინი გულწრფელად ინანიებენ. აი, რა არის ნამდვილი სამართლიანობა! (ფსალმუნი 103:8; 2 პეტრე 3:9).

როგორ ავლენს ღმერთი სამართლიანობას ჩვენ სასიკეთოდ? მოციქულმა პეტრემ აღნიშნა: „ღმერთი მიუკერძოებელია და ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მქნელი მოსაწონია მისთვის“ (საქმეები 10:34, 35). ღმერთი არასდროს ავლენს მიკერძოებას ან ფავორიტიზმს. რომელ რასას ან ერსაც არ უნდა მივეკუთვნებოდეთ და როგორი განათლება ან სოციალური მდგომარეობაც არ უნდა გვქონდეს, ჩვენ ყველას შეგვიძლია მისი მოწონება დავიმსახუროთ და მისი თაყვანისმცემლები ვიყოთ.

ღმერთი მიუკერძოებელია, ამიტომ მისთვის მნიშვნელობა არა აქვს, რომელ რასას მივეკუთვნებით და რა სოციალური მდგომარეობა გვაქვს

მან იმიტომ მოგვცა სინდისი, რომ სურს, ვიცოდეთ, რა არის მის თვალში სამართლიანი და რა არა, და ეს ცოდნა ჩვენსავე სასიკეთოდ გამოვიყენოთ. ბიბლია სინდისს გულებში ჩაწერილ კანონს უწოდებს, რომელიც ხან ბრალს გვდებს და ხან გვამართლებს იმის მიხედვით, თუ როგორ ვიქცევით (რომაელები 2:15). სწორად განსწავლული სინდისი დაგვეხმარება, აღარ მოვიქცეთ უსამართლოდ ან მოვერიდოთ იმის კეთებას, რაც საზიანოა. და თუ მაინც დავუშვებთ შეცდომას, სინდისი მონანიებისა და გამოსწორებისკენ აღგვძრავს. როცა ისეთივე თვალსაზრისი გვაქვს სამართლიანობაზე, როგორიც ღმერთს, ეს ჩვენთვისვეა კარგი და უფრო გვაახლოებს მასთან.

ᲦᲛᲔᲠᲗᲘ ᲡᲘᲧᲕᲐᲠᲣᲚᲘᲐ

„ღმერთი სიყვარულია“ (1 ᲘᲝᲐᲜᲔ 4:8).

მართალია, ღმერთი თავისი ძალით მოქმედებს და სიბრძნესა და სამართლიანობას ავლენს, მაგრამ ბიბლიაში არსად წერია, რომ ის არის ძალა, სიბრძნე ან სამართლიანობა. თუმცა ღმერთზე ნათქვამია, რომ ის სიყვარულია. მაშინ როცა ღმერთი თავისი ძალით, სამართლიანობითა და სიბრძნით მოქმედებს, ამისკენ მას სიყვარული აღძრავს. ყველაფერში, რასაც ის აკეთებს, მისი სიყვარული ვლინდება.

იეჰოვას არაფერი სჭირდებოდა, მაგრამ სიყვარულმა აღძრა, გონიერი ქმნილებები შეექმნა როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე, რათა მისი სიყვარული და მზრუნველობა ეგრძნოთ. მან უანგარო სიყვარული გამოავლინა, რადგან დედამიწა ისე შექმნა, რომ ადამიანებისთვის იდეალური საცხოვრებელი ყოფილიყო. ის კვლავაც ავლენს სიყვარულს ყველას მიმართ, რადგან „მზე ბოროტებისთვისაც ამოჰყავს და კეთილებისთვისაც და წვიმას მართლებსაც უგზავნის და უმართლოებსაც“ (მათე 5:45).

ბიბლიიდან იმასაც ვიგებთ, რომ იეჰოვას სათუთი გრძნობები აქვს ადამიანების მიმართ და საოცრად გულმოწყალეა (იაკობი 5:11). ის სიყვარულით ეპყრობა მათ, ვისაც მთელი გულით სურს, გაეცნოს მას და დაუახლოვდეს. იეჰოვა ყურადღებას აქცევს თითოეულ მათგანს. როგორც მისი სიტყვა გვარწმუნებს, ის ზრუნავს ჩვენზე (1 პეტრე 5:7).

როგორ ავლენს ღმერთი ჩვენდამი სიყვარულს? ერთი სიამოვნებაა მზის ჩასვლის ყურება, თოთო ბავშვის სიცილის მოსმენა, საყვარელი ადამიანის მხრიდან სითბოსა და სიყვარულის შეგრძნება. ამის გარეშეც ვიცოცხლებდით, მაგრამ ასეთი საინტერესო და ლამაზი არ იქნებოდა ჩვენი ცხოვრება.

ღვთის სიყვარულზე ისიც მოწმობს, რომ შეგვიძლია ლოცვით მივმართოთ. ბიბლია მოგვიწოდებს: „ნურაფრის გამო ნუ ჩაცვივდებით საგონებელში; ყველა თქვენი სათხოვარი ლოცვაში გაუმხილეთ ღმერთს“. როგორც მოსიყვარულე მამას, იეჰოვას სურს, რომ ნებისმიერი თხოვნით მივმართოთ, თუნდაც ეს ძალიან პირადული იყოს. ის გულუხვად მოგცემს მშვიდობას, „რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება“ (ფილიპელები 4:6, 7).

ჩვენ მოკლედ ვიმსჯელეთ ღვთის ძირითად თვისებებზე – ძალაზე, სიბრძნეზე, სამართლიანობასა და სიყვარულზე, რამაც უკეთ დაგვანახვა, როგორი პიროვნებაა ის. მაგრამ ღმერთს უფრო დაუახლოვდებით, თუ გაიგებთ, რა გააკეთა მან ჩვენთვის და რას გააკეთებს მომავალში.

ᲠᲝᲒᲝᲠᲘ ᲞᲘᲠᲝᲕᲜᲔᲑᲐᲐ ᲦᲛᲔᲠᲗᲘ? სამყაროში არავინაა იეჰოვაზე ძლიერი, ბრძენი და სამართლიანი. თუმცა მისი ყველაზე მიმზიდველი თვისება სიყვარულია.