არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

განსხვავებული შეხედულებები ლოცვაზე

განსხვავებული შეხედულებები ლოცვაზე

„როცა ვლოცულობ, ისეთი შეგრძნება მეუფლება, თითქოს ღმერთი ჩემ გვერდითაა, ხელი აქვს ჩაკიდებული და გზააბნეულს გზას მიკვალავს“ (მარია).

„მეუღლე ვერაგმა დაავადებამ გამომაცალა ხელიდან, რომელსაც 13 წელი ებრძოდა. მახსოვს, ყოველდღე ვლოცულობდი; ვგრძნობდი, რომ ღმერთს ესმოდა, რამხელა ტკივილს განვიცდიდი და სიმშვიდეს მგვრიდა“ (რაული).

„ლოცვა განსაკუთრებული საჩუქარია ღვთისგან“ (არნე).

მარიას, რაულის და არნეს მსგავსად ბევრი ფიქრობს, რომ ლოცვა უნიკალური ძღვენია. ამ დროს მათ შეუძლიათ ღმერთს გული გადაუშალონ, მადლიერება გამოხატონ და დახმარებისთვის მიმართონ. მათ მთელი გულით სჯერათ ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვების: „დარწმუნებულნი ვართ, რომ, რაც არ უნდა ვთხოვოთ მისი ნებისამებრ, ის გვისმენს“ (1 იოანე 5:14).

თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ვერ იჯერებენ ზემოხსენებულ სიტყვებს. მაგალითად, სტივი გვიყვება: «17 წლის ვიყავი, სამი მეგობარი რომ დამეღუპა. ერთი ავარიაში მოყვა, ორი კი ზღვაში დაიხრჩო . . . ღმერთს ვეკითხებოდი, რატომ დატრიალდა ასეთი ტრაგედია, მაგრამ პასუხი არსაიდან ჩანდა. საკუთარ თავს ვეუბნებოდი: „ღირს კი საერთოდ ლოცვა?“». ბევრს ასეთი კითხვა მას შემდეგ უჩნდება, რაც მათი ლოცვები თითქოს უპასუხოდ რჩება.

არის კიდევ სხვა მიზეზებიც, რის გამოც ბევრს ლოცვის ძალაში ეჭვი ეპარება. ზოგის აზრით, ღმერთმა ისედაც იცის ყველაფერი: იცის, რა გვჭირდება, რა გვაწუხებს, ამიტომ აღარ არის საჭირო მისთვის ამის შეხსენება.

ზოგს ჰგონია, რომ წარსულში დაშვებული შეცდომების გამო ღმერთს არ სურს მათი ლოცვების მოსმენა. ჯენი ამბობს: „ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ უღირსობის გრძნობა მტანჯავს. ბევრ ჩემს საქციელს ვნანობ, ამიტომაც დავაჯერე საკუთარი თავი, რომ არ ვარ ღვთის ყურადღების ღირსი“.

თქვენ რა შეხედულება გაქვთ ლოცვაზე? თუ თქვენც გაფიქრებთ, საერთოდ ღირს კი ლოცვა ან ეჭვი გეპარებათ ლოცვის ძალაში, ბიბლიაში ჩაწერილი აზრები ნამდვილად გაგიქარწყლებთ ეჭვებს. ბიბლია ლოცვის შესახებ სანდო ინფორმაციას გვაწვდის. * ეს წიგნი პასუხს სცემს შემდეგ კითხვებს:

  • მართლა ისმენს ღმერთი ჩვენს ლოცვებს?

  • რატომ რჩება ზოგი ლოცვა უპასუხოდ?

  • როგორ უნდა ვილოცოთ, რომ ღმერთმა შეისმინოს ჩვენი სათხოვარი?

  • რაში დაგვეხმარება ლოცვა?

^ აბზ. 9 ბიბლიაში ბევრი ღვთის ერთგული მსახურის ლოცვას ვკითხულობთ, მათ შორის იესო ქრისტესი. ებრაულ წერილებში, რომელიც, ძირითადად, „ძველი აღთქმის“ სახელითაა ცნობილი, 150-ზე მეტი ლოცვაა ჩაწერილი.