ᲠᲝᲒᲝᲠ ᲒᲐᲕᲗᲐᲕᲘᲡᲣᲤᲚᲓᲔᲗ ᲡᲘᲫᲣᲚᲕᲘᲚᲘᲡᲒᲐᲜ?
3 | გულიდან ამოიძირკვეთ სიძულვილი
ბიბლიაში ნათქვამია:
„შეიცვალეთ აზროვნება და გარდაიქმენით, რათა ჩასწვდეთ ღვთის ნებას, რომელიც კარგი, მოსაწონი და სრულყოფილია“ (ᲠᲝᲛᲐᲔᲚᲔᲑᲘ 12:2).
რას ნიშნავს ეს სიტყვები:
ღმერთისთვის სულერთი არ არის ჩვენი ფიქრები და მოტივები (იერემია 17:10). სიძულვილი გულიდან და გონებიდან იღებს სათავეს, ამიტომ გაცილებით მეტი გვმართებს, ვიდრე უბრალოდ სიძულვილის გამომხატველი სიტყვებისა თუ საქმეებისგან თავის შეკავება. დაუყოვნებლივ უნდა მოვიშოროთ უარყოფითი ფიქრები, რომლებმაც შეიძლება სიძულვილი გააღვივოს ჩვენს გულში. მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ, გარდავიქმნათ და მთლიანად გავთავისუფლდეთ ამ მანკიერებისგან.
როგორ დაგეხმარებათ ეს პრინციპი:
დაფიქრდით, რა დამოკიდებულება გაქვთ სხვების მიმართ. მაგალითად, როგორ უყურებთ სხვა ეროვნების ან წარმომავლობის ადამიანებს. ჰკითხეთ საკუთარ თავს: რატომ ვარ უარყოფითად განწყობილი ამ ხალხის მიმართ? პირადად მე შევნიშნე მათში რაიმე ცუდი თუ სხვების გავლენაში ვარ მოქცეული? წინასწარშექმნილი აზრი ხომ არ მაქვს მათ მიმართ? შეეცადეთ, ამ კითხვებს გულწრფელად უპასუხოთ. ნუ გაეცნობით სოციალურ ქსელებში სიძულვილის ენით დაწერილ პოსტებს. მოერიდეთ ისეთ ფილმებსა თუ გართობის სახეობებს, რომლებიც ძალადობისა თუ სიძულვილის ელემენტებს შეიცავს.
ღვთის სიტყვა დაგეხმარებათ, შეიცვალოთ აზროვნება და გულიდან ამოიძირკვოთ სიძულვილი.
ყოველთვის ადვილი არ არის, ობიექტურად შევაფასოთ საკუთარი თავი. მაგრამ ღვთის სიტყვა დაგვეხმარება, გამოვარკვიოთ ჩვენი გულის აზრები და ზრახვები (ებრაელები 4:12). ამიტომ გამოიკვლიეთ ღვთის სიტყვა. შეადარეთ მასში ჩაწერილი აზრები თქვენს აზრებს და ყველანაირად ეცადეთ, რომ ღვთისმოსაწონი აზროვნება განივითაროთ. ბიბლია დაგეხმარებათ, გულიდან ამოიძირკვოთ სიძულვილი, რომელიც შეიძლება ღრმად იყოს ფესვგადგმული (2 კორინთელები 10:4, 5).