მენტალური ჯანმრთელობის კრიზისი მთელ მსოფლიოში
„სულ რაღაცაზე ვშფოთავ. სიმშვიდეს მაშინაც კი ვერ ვგრძნობ, როცა საკუთარ სახლში, მყუდრო გარემოში ვარ“.
„როცა თავს განსაკუთრებულად კარგად ვგრძნობ, შიში მიპყრობს. ვიცი, რომ ამაღლებულ განწყობას მალე სევდა შეცვლის“.
„ვცდილობ, ხვალინდელ დღეზე არ ვიწუხო, მაგრამ ზოგჯერ თავს ვერაფერს ვუხერხებ და ბევრ რამეზე ვიწყებ ნერვიულობას“.
თქვენთვისაც ნაცნობი ხომ არ არის ამ ადამიანების გრძნობები, რომლებიც მენტალურ პრობლემებს ებრძვიან? შეიძლება თქვენ ან თქვენს ახლობელს უწევს მსგავს პრობლემასთან ჭიდილი.
გახსოვდეთ, რომ გამონაკლისი არ ხართ. ზოგი თავად ებრძვის მენტალურ პრობლემებს, ზოგს კი ასეთ ადამიანზე უწევს ზრუნვა.
ეჭვგარეშეა, რომ „მძიმე და ძნელად ასატან“ დროში ვცხოვრობთ, რის გამოც მდგომარეობა დღითი დღე უარესდება (2 ტიმოთე 3:1). ერთ-ერთი კვლევის თანახმად, მსოფლიოში ყოველ მერვე ადამიანს მენტალური დარღვევები აღენიშნება. კოვიდ-19 პანდემიის გამო 2020 წელს, წინა წელთან შედარებით, დაახლოებით 26 პროცენტით გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, რომელთაც შფოთვითი აშლილობა აქვთ; ხოლო თითქმის 28 პროცენტით იმატა დეპრესიით დაავადებულთა რიცხვმა.
ზემოთ მოყვანილი მონაცემები მხოლოდ მშრალი სტატისტიკა როდია. ეს ციფრები იმ რეალობას ასახავს, რომელშიც ჩვენ და ჩვენთვის ძვირფას ადამიანებს გვიწევს ცხოვრება.
რა არის მენტალური ჯანმრთელობა?
ფსიქიკურად ჯანმრთელი ადამიანი ხშირად თავს კარგად გრძნობს, ახერხებს საკუთარი თავის რეალიზებას და აქვს ჯანსაღი ურთიერთობები. გარდა ამისა, აქვს უნარი, გაუმკლავდეს სტრესულ სიტუაციებს, იყოს პროდუქტიული და დატკბეს ცხოვრებით.
მენტალური დარღვევა:
-
ᲐᲠ ᲐᲠᲘᲡ პიროვნული სისუსტის მაჩვენებელი.
-
ᲐᲠᲘᲡ ჯანმრთელობის მდგომარეობა, რა დროსაც ადამიანი გამუდმებით შფოთავს, უჭირს საღად აზროვნება და ემოციებისა თუ ქცევის კონტროლი.
-
მენტალური პრობლემების მქონეთ უძნელდებათ სხვებთან ურთიერთობა და ყოველდღიურ აქტივობებში ჩაბმა.
-
მენტალური პრობლემები შეიძლება შეექმნას ნებისმიერი ასაკის, კულტურის, რელიგიისა თუ სოციალური სტატუსის მქონე ადამიანს.
მიიღეთ დახმარება
თუ ამჩნევთ, რომ თქვენ ან თქვენს ახლობელს მკვეთრად შეგეცვალათ ხასიათი, შეგექმნათ კვებისა და ძილის პრობლემები ან გიხანგრძლივდებათ სტრესი, შფოთვა და ცუდი განწყობა, შეიძლება სამედიცინო დახმარება დაგჭირდეთ, რომ დაადგინოთ გამომწვევი მიზეზები და ებრძოლოთ მათ.
ყველაზე ბრძენმა ადამიანმა, იესო ქრისტემ თქვა: „ექიმი ჯანმრთელებს კი არა, ავადმყოფებს სჭირდებათ“ (მათე 9:12). ის, ვინც დროულად მიმართავს ექიმს და მკურნალობის კურსს იტარებს, საგრძნობ გაუმჯობესებას ამჩნევს და მალევე უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს. ამიტომ ნამდვილად არ ღირს დაყოვნება, თუ რაიმე სიმპტომი მკვეთრად გამოხატულია ან დიდხანს გრძელდება. a
მართალია, ბიბლია სამედიცინო წიგნი არ არის, მაგრამ მასში ჩაწერილი რჩევები ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე დადებით გავლენას ახდენს. მოგიწოდებთ, გაეცნოთ მომდევნო სტატიებს, სადაც განხილული იქნება, როგორ გვეხმარება ბიბლია მენტალურ პრობლემებთან ბრძოლაში.
a ჟურნალი „საგუშაგო კოშკი“ რეკომენდაციას არ უწევს მკურნალობის რომელიმე კონკრეტულ მეთოდს. თითოეულმა თავად უნდა გადაწყვიტოს, მკურნალობის რომელ მეთოდს აირჩევს.