სავალდებულოა ქრისტიანებისთვის ცელიბატის დაცვა?
მთელ მსოფლიოში მრავალი რელიგია, მათ შორის კათოლიციზმი, მართლმადიდებლობა, ბუდიზმი თუ სხვა მიმდინარეობები, სასულიერო პირებისგან ცელიბატის დაცვას მოითხოვს. თუმცა ბევრი თვლის, რომ სწორედ ცელიბატია ბოლო დროს აგორებული არაერთი სექსუალური სკანდალის მიზეზი, რომელშიც სხვადასხვა რელიგიის სასულიერო პირები არიან გახვეული.
ამიტომ იბადება კითხვა: ავალდებულებს წმინდა წერილები ქრისტიანებს ცელიბატის დაცვას? ამ კითხვას რომ ვუპასუხოთ, თავდაპირველად გავიგოთ, საიდან იღებს დასაბამს ცელიბატი და როგორია ღვთის თვალსაზრისი ამ საკითხზე.
საიდან იღებს დასაბამს ცელიბატი
ენციკლოპედია „ბრიტანიკა“ ცელიბატს განმარტავს, როგორც „ქორწინებისა და სქესობრივი ურთიერთობისგან თავის შეკავებას“. ეს ტერმინი, ჩვეულებრივ, გამოიყენება სასულიერო პირებთან ან მათთან მიმართებით, ვინც აღთქმა დადო ღვთის წინაშე. 2006 წელს პაპმა ბენედიქტე XVI-მ რომის კურიისადმი მიმართულ წერილში აღნიშნა, რომ ცელიბატის ტრადიცია მოციქულების სიკვდილიდან მალევე დამკვიდრდა.
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პირველი ქრისტიანები არ იცავდნენ ცელიბატს. პირველ საუკუნეში პავლე მოციქული აფრთხილებდა თანაქრისტიანებს, მორიდებოდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც „მაცდურ სიტყვებს“ წარმოთქვამდნენ და კრძალავდნენ ქორწინებას (1 ტიმოთე 4:1—3).
ეს რელიგიური ტრადიცია II საუკუნეში დამკვიდრდა „ქრისტიანულ“ ეკლესიაში, რომელიც მოგვიანებით კათოლიკურ ეკლესიად იქცა. როგორც ერთ წიგნშია ნათქვამი, ცელიბატის შემოღება „განაპირობა სქესობრივი ურთიერთობისგან თავის შეკავების ახალმა ტენდენციამ, რომელმაც რომის იმპერიაში იჩინა თავი“ (Celibacy and Religious Traditions).
მომდევნო საუკუნეებში ცელიბატის დამკვიდრებას ხელი შეუწყო საეკლესიო კრებებზე მიღებულმა დადგენილებებმა. ეგრეთ წოდებული ეკლესიის მამები თვლიდნენ, რომ სქესობრივი ურთიერთობა გამხრწნელი და შეუთავსებელი იყო საეკლესიო მსახურებასთან. მიუხედავად ამისა, როგორც ენციკლოპედია „ბრიტანიკაშია“ ნათქვამი, „X საუკუნეში ბევრ მღვდელს და ზოგ ეპისკოპოსსაც კი ცოლი ჰყავდა“.
საეკლესიო ცელიბატი დაკანონდა რომში გამართულ ლატერანის კრებებზე 1123 და 1139 წლებში. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ ეკლესიას ძალაუფლება და შემოსავალი არ დაეკარგა, რადგან ზოგიერთ დაქორწინებულ სასულიერო პირს მცდელობა ჰქონდა, მიეთვისებინა საეკლესიო ქონება და შვილებისთვის მემკვიდრეობით გადაეცა. ცელიბატი დღემდე ძალაში რჩება რომის კათოლიკურ ეკლესიაში.
ღვთის თვალსაზრისი ცელიბატზე
ბიბლიიდან ნათლად ჩანს ღვთის თვალსაზრისი ცელიბატზე. იესო ქრისტე მოიხსენიებს მათ, ვინც მასავით დაუქორწინებელი დარჩა „ზეციერი სამეფოსთვის“ (მათე 19:12). პავლე მოციქულიც საუბრობდა ქრისტიანებზე, რომლებმაც საკუთარი ნებით არჩიეს, მის მაგალითს მიჰყოლოდნენ და არ დაქორწინებულიყვნენ „სასიხარულო ცნობის“ გულისთვის (1 კორინთელები 7:37, 38; 9:23).
მაგრამ არც იესოს და არც პავლეს არ უბრძანებიათ ქრისტიანებისთვის ცელიბატის დაცვა. იესომ აღნიშნა, რომ დაუქორწინებლობა იყო „ძღვენი“, რომელსაც ყველა მისი მიმდევარი ვერ შეითვისებდა. როდესაც პავლე წერდა მათ შესახებ, რომლებიც არასდროს დაქორწინებულან, გულახდილად თქვა: „დაუქორწინებლების შესახებ არა მაქვს ბრძანება უფლისგან, მაგრამ გეტყვით ჩემს აზრს“ (მათე 19:11; 1 კორინთელები 7:25).
ამასთანავე, ბიბლიიდან ვიგებთ, რომ პირველ საუკუნეში ბევრი ქრისტიანი, მათ შორის პეტრე მოციქული, დაქორწინებული იყო (მათე 8:14; მარკოზი 1:29—31; 1 კორინთელები 9:5). ვინაიდან პავლეს დროს რომის იმპერიაში უზნეობას ჰქონდა ფეხი მოკიდებული, მან დაწერა, რომ ქრისტიან ზედამხედველს, თუ დაქორწინებული იყო, უნდა ჰყოლოდა ერთი ცოლი და მორჩილი შვილები (1 ტიმოთე 3:2, 4).
ბიბლიაში პირდაპირაა ნათქვამი, რომ ქმარმა თავისი მოვალეობა უნდა შეასრულოს ცოლთან; მეუღლეებმა უარი არ უნდა უთხრან ერთმანეთს სქესობრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე (1 კორინთელები 7:3—5). როგორც ვხედავთ, ღმერთი ცელიბატის დაცვას არ მოითხოვს თავისი მსახურებისგან.
„სასიხარულო ცნობის გულისთვის“
თუ ცელიბატი სავალდებულო არ არის, მაშინ რატომ საუბრობდნენ იესო და პავლე დაუქორწინებლობის უპირატესობაზე? დაუქორწინებლობა ადამიანს აძლევს სასიხარულო ცნობის სხვებისთვის გაზიარების გაცილებით მეტ შესაძლებლობას. დაუქორწინებლებს შეუძლიათ მეტად დაიხარჯონ მსახურებაში, რადგან თავისუფალნი არიან იმ საზრუნავისგან, რომელიც დაქორწინებულებს აქვთ (1 კორინთელები 7:32—35).
დავფიქრდეთ დეივიდის მაგალითზე, რომელმაც გადაწყვიტა, მიეტოვებინა მაღალანაზღაურებადი სამუშაო მეხიკოში და გადასულიყო კოსტა-რიკის დაშორებულ ტერიტორიაზე, სადაც ხალხს ბიბლიას შეასწავლიდა. როგორ ფიქრობთ, დაეხმარა თუ არა ამაში მას დაუქორწინებლობა? „რასაკვირველია, — ამბობს ის. — ადვილი არ იყო ახალ კულტურასთან და ცხოვრების განსხვავებულ პირობებთან შეგუება, მაგრამ, რადგანაც მხოლოდ საკუთარ თავზე მიწევდა ზრუნვა, შეგუების პროცესი გაცილებით გამიადვილდა“.
კლაუდია, დაუქორწინებელი ქრისტიანი და, რომელიც იქ გადავიდა, სადაც მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილებაა, აღნიშნავს: „დიდ სიამოვნებას მანიჭებს ღვთისმსახურება. როდესაც ვხედავ, როგორ ზრუნავს იეჰოვა ჩემზე, მისდამი რწმენა ერთიორად მიმტკიცდება და შედეგად, მასთან ძალიან ახლოს ვგრძნობ თავს“.
„თუ იეჰოვასთვის საუკეთესოს გაიღებ, ბედნიერი იქნები იმის მიუხედავად, დაქორწინებული ხარ თუ დაუქორწინებელი“ (კლაუდია)
დაუქორწინებლობის გამო სიხარული არ უნდა დავკარგოთ. კლაუდია დასძენს: „თუ იეჰოვასთვის საუკეთესოს გაიღებ, ბედნიერი იქნები იმის მიუხედავად, დაქორწინებული ხარ თუ დაუქორწინებელი“ (ფსალმუნი 119:1, 2).