არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მომავლის განჭვრეტის დაუცხრომელი სურვილი

მომავლის განჭვრეტის დაუცხრომელი სურვილი

ადამიანებს ოდითგანვე აფიქრებდათ თავიანთი მომავალი. ალბათ, თქვენც გიფიქრიათ: ნეტა როგორი იქნება ჩემი და ჩემი ოჯახის მომავალი? უზრუნველად ვიცხოვრებ თუ სიდუხჭირეში? ვიპოვი ნამდვილ სიყვარულს თუ მთელი ცხოვრება მარტო ვიქნები? დღეგრძელი ვიქნები თუ ხანმოკლე აღმოჩნდება ჩემი სიცოცხლე?

დღეს ანალიტიკოსები მსოფლიო მოვლენებისა და მიმდინარე ტენდენციების საფუძველზე აკეთებენ პროგნოზებს, რომელთაგან ზოგი მართლდება, ზოგი კი — არა. მეტიც, ზოგჯერ მოვლენები სრულიად საპირისპიროდ ვითარდება. მაგალითად, რადიოტელეგრაფის გამომგონებელმა, გულიელმო მარკონმა, 1912 წელს ასეთი განცხადება გააკეთა: „უსადენო კავშირის ეპოქა ერთხელ და სამუდამოდ დაუსვამს წერტილს ომებს“. ერთ-ერთი ხმის ჩამწერი კომპანიის წარმომადგენელმა 1962 წელს ჯგუფ „ბითლზს“ კონტრაქტზე უარი უთხრა, რადგან, მისი აზრით, გიტარისტთა ბენდებს მომავალი არ ჰქონდათ.

ბევრი მომავლის გასაგებად ზებუნებრივ ძალებზე ამყარებს იმედს. ზოგი ასტროლოგებს მიმართავს; ჰოროსკოპი თითქმის ყველა ჟურნალ-გაზეთში ქვეყნდება. ზოგი კი მკითხავებთან ან ექსტრასენსებთან მიდის, რომლებიც ირწმუნებიან, რომ კარტების, ციფრებისა თუ ხელისგულზე აღბეჭდილი ხაზების მეშვეობით შეუძლიათ მომავლის წინასწარმეტყველება.

ძველად მომავლის გასაგებად ორაკულებს მიმართავდნენ. ესენი იყვნენ ქურუმები, რომელთა შუამავლობითაც სხვადასხვა ღვთაებები ვითომდა საიდუმლოებებს ამჟღავნებდნენ. ერთი გადმოცემის თანახმად, ვიდრე ლიდიის მეფე კრეზი სპარსეთის მეფე კიროსის წინააღმდეგ გაილაშქრებდა, საბერძნეთში დელფოს ორაკულს ძვირფასი ძღვენი გაუგზავნა და სთხოვა, ეწინასწარმეტყველებინა მისთვის, როგორ დასრულდებოდა ეს ბრძოლა. ორაკულმა უწინასწარმეტყველა, რომ, თუ კიროსის წინააღმდეგ გავიდოდა საბრძოლველად, „დიდ იმპერიას“ გაანადგურებდა. გაგულიანებულმა კრეზიმ იერიში მიიტანა სპარსეთის სამეფოზე, მაგრამ ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა — სპარსეთის სამეფოს ნაცვლად ლიდიის სამეფო განადგურდა!

ორაკულის ორაზროვანი წინასწარმეტყველება ნებისმიერ შემთხვევაში გამართლებოდა — ამ ორი „დიდი იმპერიიდან“ ერთ-ერთი აუცილებლად განადგურდებოდა. ორაკულის მოსმენა კრეზის ძალიან ძვირად დაუჯდა. დღეს თუ მართლდება მათი მოლოდინი, ვინც მომავლის გასაგებად მკითხავებს მიმართავს?