არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ზედმიწევნით შესრულებული წინასწარმეტყველების უტყვი მოწმე

ზედმიწევნით შესრულებული წინასწარმეტყველების უტყვი მოწმე

ᲘᲢᲐᲚᲘᲘᲡ ᲓᲔᲓᲐᲥᲐᲚᲐᲥ ᲠᲝᲛᲨᲘ ᲐᲦᲛᲐᲠᲗᲣᲚᲘ ᲢᲠᲘᲣᲛᲤᲐᲚᲣᲠᲘ ᲗᲐᲦᲘᲡ ᲡᲐᲜᲐᲮᲐᲕᲐᲓ ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝᲡ ᲡᲮᲕᲐᲓᲐᲡᲮᲕᲐ ᲙᲣᲗᲮᲘᲓᲐᲜ ᲣᲐᲛᲠᲐᲕᲘ ᲢᲣᲠᲘᲡᲢᲘ ᲩᲐᲓᲘᲡ. ᲔᲡ ᲗᲐᲦᲘ ᲠᲝᲛᲐᲔᲚᲔᲑᲘᲡ ᲔᲠᲗ-ᲔᲠᲗᲘ ᲠᲩᲔᲣᲚᲘ ᲘᲛᲞᲔᲠᲐᲢᲝᲠᲘᲡ, ᲢᲘᲢᲣᲡᲘᲡ ᲞᲐᲢᲘᲕᲡᲐᲪᲔᲛᲐᲓ ᲐᲐᲒᲔᲡ.

ტიტუსის თაღზე ამოკვეთილია ორი დიდი ბარელიეფური გამოსახულება, რომლებზეც ცნობილი ისტორიული მოვლენაა ასახული. მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ტიტუსის თაღი უდიდესი სიზუსტით შესრულებული ბიბლიური წინასწარმეტყველების უტყვი მოწმეა.

ᲒᲐᲡᲐᲜᲐᲓᲒᲣᲠᲔᲑᲚᲐᲓ ᲒᲐᲜᲬᲘᲠᲣᲚᲘ ᲥᲐᲚᲐᲥᲘ

ახ. წ. პირველი საუკუნის დასაწყისში რომის იმპერია გადაჭიმული იყო ბრიტანეთიდან ეგვიპტემდე. მთელ იმპერიაში როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური სტაბილურობა იყო. თუმცა ერთ-ერთი შორეული პროვინცია, იუდეა, დიდ თავსატეხს უჩენდა რომს, რადგან იქ გამუდმებით ეწყობოდა აჯანყებები.

როგორც ერთ ენციკლოპედიაშია ნათქვამი, თითქმის არცერთ პროვინციასთან არ ჰქონდა რომს ისეთი მტრული დამოკიდებულება, როგორიც იუდეასთან; თავად იუდეველებიც მტრულად იყვნენ განწყობილი რომაელების მიმართ, რადგან ამ უკანასკნელთ არაფრად მიაჩნდათ იუდაური ტრადიციები. იუდეველთა დაუმორჩილებლობა კი, თავის მხრივ, მწვავე რეაქციას იწვევდა რომაელებში (Encyclopedia of Ancient Rome). იუდეველთა უმეტესობას იმედი ჰქონდა, რომ გამოჩნდებოდა მხსნელი, რომელიც ისრაელს რომაელთა ბატონობისგან გაათავისუფლებდა და ძველ დიდებას დაუბრუნებდა. მაგრამ ახ. წ. 33 წელს იესო ქრისტემ იწინასწარმეტყველა, რომ იერუსალიმი განადგურდებოდა.

მან თქვა: „მოვა დრო, როცა შენი მტრები წვეტიანი ბოძებით მესერს შემოგავლებენ და ალყაში მოგაქცევენ. მიწასთან გაგასწორებენ და დაგიხოცავენ შვილებს, ქვა ქვაზე არ დარჩება“ (ლუკა 19:43, 44).

იესოს სიტყვებმა მოწაფეები საგონებელში ჩააგდო. ამ სიტყვების წარმოთქმიდან ორი დღის შემდეგ, როცა ისინი იერუსალიმის ტაძარს შესცქეროდნენ, მათგან ერთ-ერთმა იესოს აღტაცებულმა უთხრა: „მოძღვარო, ნახე, რა დიდებული ქვები და შენობებია!“. ისტორიული ცნობების თანახმად, იმ ქვებიდან, რომლითაც ტაძარი ააგეს, ზოგი სიგრძეში 11 მეტრს, სიგანეში 5 მეტრს, სიმაღლეში კი 3 მეტრს აღემატებოდა! მიუხედავად ამისა, იესომ მოწაფეებს უთხრა: „მოვა დრო, როცა ყველაფერი, რასაც ხედავთ, დაინგრევა, ქვა ქვაზე არ დარჩება“ (მარკოზი 13:1; ლუკა 21:6).

იესომ დასძინა: „როცა დაინახავთ იერუსალიმს, დაბანაკებული ჯარით გარშემორტყმულს, იცოდეთ, რომ მისი გაპარტახება მოახლოებულია. მაშინ იუდეაში მყოფნი მთებში გაიქცნენ, ქალაქში მყოფებმა დატოვონ ქალაქი, ხოლო ქალაქის გარეთ მყოფნი ნუღარ შევლენ ქალაქში“ (ლუკა 21:20, 21). შესრულდა იესოს სიტყვები?

ᲥᲐᲚᲐᲥᲘᲡ ᲓᲐᲪᲔᲛᲐ

ამ წინასწარმეტყველების წარმოთქმიდან 33 წლის შემდეგაც იუდეა რომაელთა უღელქვეშ იყო და ამ უღლის გადაგდებას ლამობდა. ახ. წ. 66 წელს იუდეის პროკურორმა გესიუს ფლორუსმა ტაძრის წმინდა საგანძურიდან ტალანტები აიღო. იუდეველებს მოთმინების ძაფი გაუწყდათ; იერუსალიმი გამძვინვარებული იუდეველი მებრძოლებით აივსო. მათ ამოხოცეს რომაელთა გარნიზონი და რომისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადეს.

დაახლოებით სამი თვის შემდეგ 30 000-ზე მეტი რომაელი მეომრისგან შემდგარმა ჯარმა, რომლის სათავეშიც ცესტიუს გალუსი იდგა, აჯანყების ჩასახშობად იერუსალიმზე იერიში მიიტანა. რომაელებმა მალევე შეაღწიეს ქალაქში და ტაძრის გალავანს ძირი გამოუთხარეს, მაგრამ მოულოდნელად უკან დაიხიეს. იუდეველი მეამბოხეები რომაელებს უკან დაედევნენ. ქალაქი მეომრებისგან დაცარიელდა. ამ დროს ქრისტიანებმა იესოს მითითება ყურად იღეს და იორდანეს გაღმა, მთებში გაიქცნენ (მათე 24:15, 16).

მომდევნო წელს რომაელებმა მხედართმთავარ ვესპასიანესა და მისი ვაჟის, ტიტუსის, მეთაურობით ისევ გაილაშქრეს იუდეის წინააღმდეგ. მაგრამ ახ. წ. 68 წელს იმპერატორ ნერონის დაღუპვიდან მალევე ვესპასიანე რომში დაბრუნდა ტახტის ხელში ჩასაგდებად, ტიტუსი კი 60 000-იანი ჯარით იუდეაში დატოვა.

ახ. წ. 70 წლის ივნისში ტიტუსის ბრძანებით ჯარისკაცებმა იერუსალიმის შემოგარენში ხეები მოჭრეს, მათგან წვეტიანი ბოძები დაამზადეს და ქალაქს 7-კილომეტრიანი საალყო მესერი შემოავლეს. სექტემბრისთვის ქალაქი და ტაძარი უკვე გაძარცული და გადამწვარი იყო და, როგორც იესოს ჰქონდა ნაწინასწარმეტყველები, იქ ქვა ქვაზე აღარ იყო დარჩენილი (ლუკა 19:43, 44). ერთ-ერთი ვარაუდის თანახმად, „იერუსალიმსა და მის შემოგარენში 250 000-დან 500 000-მდე ადამიანი დაიღუპა“.

ᲞᲝᲛᲞᲔᲖᲣᲠᲘ ᲢᲠᲘᲣᲛᲤᲘ

ახ. წ. 71 წელს გამარჯვებული ტიტუსი იტალიაში დაბრუნდა. რომის მოქალაქეები მას ზარ-ზეიმით შეხვდნენ. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე პომპეზური ტრიუმფალური მსვლელობა, რაც კი იმპერიის დედაქალაქში გამართულა.

ხალხი აღტაცებული შესცქეროდა დიდძალ განძეულობას, ნავებს და იერუსალიმის ტაძრიდან დატაცებულ ნივთებს, რომლებიც მოძრავი პლატფორმებით ჩამოატარეს რომის ქუჩებში. ამ პლატფორმებზე გიგანტური ზომის ნახატების ფონზე მსახიობები ბრძოლის სცენებს დგამდნენ.

ახ. წ. 79 წელს ტიტუსი მამამისის, ვესპასიანეს, სიკვდილის შემდეგ რომის იმპერატორი გახდა. თუმცა, სულ რაღაც, ორ წელიწადში ისიც მოულოდნელად დაიღუპა. იმპერატორის ტახტზე მისი ძმა დომიციანე ავიდა და ტიტუსის პატივსაცემად ტრიუმფალური თაღი ააგო.

ᲢᲘᲢᲣᲡᲘᲡ ᲗᲐᲦᲘ

ტიტუსის თაღი

ყოველწლიურად რომში ჩასულ ასიათასობით ტურისტს გულგრილს არ ტოვებს ტიტუსის ტრიუმფალური თაღი. ზოგისთვის ეს თაღი ხელოვნების უნიკალური ნიმუშია, ზოგისთვის კი — რომის იმპერიის ძლევამოსილების სიმბოლო. თუმცა ზოგს ის იერუსალიმისა და მისი ტაძრის ხსოვნის უკვდავსაყოფად აგებულ მემორიალად მიაჩნია.

ბიბლიის დაკვირვებული მკითხველები ტიტუსის თაღს გაცილებით დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. მათთვის ეს თაღი იმის უტყვი მოწმეა, რომ ბიბლიური წინასწარმეტყველებები სანდო, ზუსტი და ღვთივშთაგონებულია (2 პეტრე 1:19—21).