არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დანაპირები, რომელიც უცილობლად შესრულდება

დანაპირები, რომელიც უცილობლად შესრულდება

დღეს სრულდება იესოს წინასწარმეტყველება, რომლის თანახმადაც, ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას მთელ მსოფლიოში იქადაგებდნენ (მათე 24:14). როგორც ბიბლიის წიგნ „დანიელიდან“ ვიგებთ, ეს სამეფო ღვთის ხელისუფლებაა. ამ წიგნის მეორე თავში ჩაწერილია წინასწარმეტყველება იმის შესახებ, თუ როგორ შეენაცვლებოდა ერთმანეთს ზოგიერთი წამყვანი სახელმწიფო დანიელის დროიდან (იმ დროს ბაბილონი იყო მსოფლიო მპყრობელი) დღემდე. მეორე თავის 44-ე მუხლში ასეთ წინასწარმეტყველურ სიტყვებს ვკითხულობთ:

„ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს, რომელიც არასოდეს დაიქცევა. ეს სამეფო სხვა ხალხს არ გადაეცემა. ის დააქცევს და ბოლოს მოუღებს ყველა ამ სამეფოს, თავად კი მარადიულად იდგება“.

ამ და სხვა ბიბლიური წინასწარმეტყველებების თანახმად, ღვთის სამეფო ბოლოს მოუღებს ადამიანთა მმართველობას და დედამიწაზე მშვიდობასა და წესრიგს დაამყარებს. როგორი იქნება ცხოვრება ღვთის სამეფოს მმართველობის დროს? ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე აღმაფრთოვანებელი დაპირება, რომელთა შესრულებას მალე ვიხილავთ:

  • ᲐᲦᲐᲠ ᲘᲥᲜᲔᲑᲐ ᲝᲛᲘ

    ფსალმუნი 46:9: „[ღმერთი] წყვეტს ომებს მთელ დედამიწაზე, მშვილდს ლეწავს და შუბს ამტვრევს, ცეცხლში ბუგავს საომარ ეტლებს“.

    წარმოიდგინეთ, როგორი იქნებოდა მსოფლიო, თუ ინტელექტუალურ და ფინანსურ რესურსებს იარაღის წარმოების ნაცვლად ადამიანთა საკეთილდღეოდ გამოიყენებდნენ. ზემოხსენებული დაპირება ღვთის სამეფოს მმართველობის დროს შესრულდება.

  • ᲐᲦᲐᲠ ᲘᲥᲜᲔᲑᲐ ᲐᲕᲐᲓᲛᲧᲝᲤᲝᲑᲐ

    ესაია 33:24: „არცერთი მცხოვრები არ იტყვის, ავად ვარო“.

    წარმოიდგინეთ მსოფლიო, სადაც აღარავინ დაიტანჯება გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით, კიბოთი, მალარიითა თუ სხვა სნეულებებით. აღარც საავადმყოფოები იქნება საჭირო და აღარც მედიკამენტები. დედამიწის მკვიდრთ სრულყოფილი ჯანმრთელობა ექნებათ.

  • ᲐᲦᲐᲠ ᲘᲥᲜᲔᲑᲐ ᲡᲐᲙᲕᲔᲑᲘᲡ ᲣᲙᲛᲐᲠᲘᲡᲝᲑᲐ

    ფსალმუნი 72:16: „უხვად იქნება მარცვლეული დედამიწაზე, მთის მწვერვალებზეც უხვად იქნება“.

    მეტად აღარავის მოუწევს შიმშილი, რადგან დედამიწის რესურსები თანაბრად გადანაწილდება და ყველას საკმარისად ექნება საკვები.

  • ᲐᲦᲐᲠ ᲘᲥᲜᲔᲑᲐ ᲢᲙᲘᲕᲘᲚᲘ, ᲬᲣᲮᲘᲚᲘ ᲓᲐ ᲡᲘᲙᲕᲓᲘᲚᲘ

    გამოცხადება 21:4: „მოსწმენდს მათ [ღმერთი] ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი, რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო“.

    ეს იმას ნიშნავს, რომ სამოთხედქცეულ დედამიწაზე ყველა სრულყოფილი იქნება და უსასრულოდ იცხოვრებს. სწორედ ამას გვპირდება ჩვენი მოსიყვარულე შემოქმედი, იეჰოვა ღმერთი!

ᲦᲕᲗᲘᲡ ᲓᲐᲜᲐᲞᲘᲠᲔᲑᲘ ᲐᲣᲪᲘᲚᲔᲑᲚᲐᲓ ᲨᲔᲡᲠᲣᲚᲓᲔᲑᲐ

დაუჯერებლად ხომ არ ჟღერს ბიბლიაში ჩაწერილი დაპირებები? მართალია, არავინ იტყოდა უარს ასეთ ცხოვრებაზე, მაგრამ ბევრს წარმოუდგენლად მიაჩნია მარადიული სიცოცხლე და გასაგებიცაა, რატომ — დედამიწაზე არავინ ყოფილა ისეთი, ვისაც სიკვდილი არ უგემია.

თანაც, ადამიანები უკვე იმდენი ხანია ცოდვისა და სიკვდილის ტყვეობაში არიან და იმდენ უბედურებას უძლებენ, რომ ბევრს სხვაგვარად ცხოვრება ვეღარ წარმოუდგენია. სინამდვილეში ჩვენს შემოქმედს, იეჰოვა ღმერთს, არ სურდა, ადამიანებს ასეთი ცხოვრება ჰქონოდათ.

ღმერთს უნდა, დაგვარწმუნოს, რომ თავის დანაპირებს აუცილებლად შეასრულებს: „[ჩემი სიტყვა] უშედეგოდ არ დამიბრუნდება, შეასრულებს იმას, რაც მსურს, და მიაღწევს იმას, რისთვისაც გავგზავნე“ (ესაია 55:11).

ბიბლიაში წერია, რომ იეჰოვა ღმერთმა „შეუძლებელია, იცრუოს“ (ტიტე 1:2). ვინაიდან ღმერთი ასეთ შესანიშნავ მომავალს გვპირდება, ურიგო არ იქნება, დავფიქრდეთ: მართლა შესაძლებელია, ადამიანმა მარადიულად იცოცხლოს სამოთხეში დედამიწაზე? რის გაკეთება გვმართებს, რომ საკუთარი თვალით ვიხილოთ, როგორ შესრულდება ღვთის დანაპირები? ამ კითხვებზე პასუხებს მომდევნო სტატიებიდან გავიგებთ.