არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

წინასწარმეტყველებები, რომლებიც უკვე შესრულდა

წინასწარმეტყველებები, რომლებიც უკვე შესრულდა

როგორც პირველი სტატიიდან გავიგეთ, ლიდიის მეფე კრეზი დელფოს ორაკულმა შეცდომაში შეიყვანა, რის გამოც ის სპარსეთის მეფესთან ბრძოლაში დამარცხდა. საგულისხმოა, რომ ბიბლიაში ჩაწერილი წინასწარმეტყველება, რომელიც სპარსეთის მეფე კიროსს ეხება, ზედმიწევნით შესრულდა.

ბაბილონის განადგურებამდე დაახლოებით 200 წლით ადრე ებრაელმა წინასწარმეტყველმა ესაიამ სახელით მოიხსენია სპარსეთის მეფე და დეტალურად აღწერა, თუ როგორ დაიპყრობდა იგი ამ აუღებელ ქალაქს. ეს წინასწარმეტყველება კიროსის დაბადებამდე დიდი ხნით ადრე წარმოითქვა.

ესაია 44:24, 27, 28: «აი, რას ამბობს იეჰოვა . . . [რომელიც] „ეუბნება ღრმა წყლებს, ამოშრიო! მე დავაშრობ შენს მდინარეებსო! ის ამბობს კიროსზე, ჩემი მწყემსია და რაც მსურს, იმას ბოლომდე შემისრულებსო; ის ამბობს იერუსალიმზე, აღდგებაო, და ტაძარს ეუბნება, საძირკველი ჩაგეყრებაო“».

ბერძენი ისტორიკოსის, ჰეროდოტეს ცნობით, კიროსის ჯარმა მიმართულება შეუცვალა მდინარე ევფრატს, რომლის სანაპიროზეც ბაბილონი იყო გაშენებული. ამ ტაქტიკის წყალობით კიროსის ჯარმა მდინარის გავლით შეაღწია ქალაქში. ბაბილონის აღების შემდეგ კიროსმა გაათავისუფლა ტყვეობაში მყოფი იუდეველები და უფლება მისცა, სამშობლოში დაბრუნებულიყვნენ და აღედგინათ იერუსალიმი, რომელიც 70 წლის მანძილზე გაპარტახებული იყო.

ესაია 45:1: „აი, რას ეუბნება იეჰოვა კიროსს, თავის ცხებულს, რომლის მარჯვენაც მიჭირავს, რომ დავუმორჩილო მას ერები, იარაღი ავყარო მეფეებს, გავაღო მის წინაშე ორფრთიანი კარები, რომ არ დაიხუროს კარიბჭეები“.

სპარსელები ქალაქ ბაბილონში დაუდევრობის გამო ღიად დარჩენილი კარიბჭეების გავლით შევიდნენ. ბაბილონელებს რომ სცოდნოდათ, რას გეგმავდა კიროსი, მდინარის მხარეს მდებარე კარიბჭეებს ჩარაზავდნენ. მაგრამ ფაქტია, რომ ეს არ გაუკეთებიათ, რის გამოც ქალაქი სრულიად დაუცველი იყო.

ეს გასაოცარი წინასწარმეტყველება მხოლოდ ერთია ბიბლიაში ჩაწერილ უამრავ წინასწარმეტყველებას შორის, რომლებიც ზედმიწევნით შესრულდა. a იმ წინასწარმეტყველებებისგან განსხვავებით, რომლებიც ცრუღვთაებების სახელით წარმოითქვა, ბიბლიაში ჩაწერილი წინასწარმეტყველებები მისი შთაგონებით წარმოითქვა, ვინც დასაწყისიდანვე აცხადებს „დასასრულს და ძველთაგანვე იმას, რაც არ მომხდარა“ (ესაია 46:10).

ასეთი განაცხადის გაკეთება მხოლოდ ჭეშმარიტ ღმერთს, იეჰოვას შეუძლია. არაერთი სწავლულის აზრით, ღვთის სახელი ნიშნავს „აქცევინებს“, რაც მიანიშნებს, რომ მას შეუძლია განჭვრიტოს მომავალი და თავისი ნებისამებრ წარმართოს მოვლენები. ეს გვარწმუნებს, რომ ღმერთი უცილობლად შეასრულებს თავის დანაპირებს.

ᲬᲘᲜᲐᲡᲬᲐᲠᲛᲔᲢᲧᲕᲔᲚᲔᲑᲔᲑᲘ, ᲠᲝᲛᲚᲔᲑᲘᲪ ᲓᲦᲔᲡ ᲡᲠᲣᲚᲓᲔᲑᲐ

გაინტერესებთ, რა არის ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები ჩვენს დროსთან დაკავშირებით? დაახლოებით 2 000 წლის წინათ ბიბლიაში ჩაიწერა წინასწარმეტყველება, რომ ქვეყნიერების „ბოლო დღეებში მძიმე, ძნელად ასატანი დრო“ დადგებოდა. ეს სიტყვები კაცობრიობის ან ჩვენი პლანეტის აღსასრულზე კი არა, იმაზე მიუთითებს, რომ ბოლო მოეღება ყველა იმ უბედურებას, რაც ათასობით წელია თავს ატყდება ადამიანებს. განვიხილოთ რამდენიმე წინასწარმეტყველება, რომლებიც აღწერს, რა იქნებოდა „ბოლო დღეებისთვის“ დამახასიათებელი.

2 ტიმოთე 3:1—5: „ბოლო დღეებში . . . ადამიანები იქნებიან საკუთარი თავის მოყვარულები, ფულის მოყვარულები, მოტრაბახეები, ამპარტავნები, ღვთისმგმობელები, მშობლების ურჩები, უმადურები, ორგულები, გულცივები, ჯიუტები, ცილისმწამებლები, თავშეუკავებლები, სასტიკები, კარგის მოძულეები, გამცემები, თავნებები, გაყოყოჩებულები, სიამოვნებათა მოყვარულები და არა ღვთისა, გარეგნულად ღვთისმოშიშნი, რომელთა საქმეებიც ღვთისმოშიშებაზე არ იმეტყველებს“.

ალბათ, თქვენც შეგიმჩნევიათ, რომ დღეს სულ უფრო მეტი ადამიანი ავლენს ამ თვისებებს. ჩვენ გარშემო მრავლად არიან ამაყი ადამიანები, რომელთაც საკუთარი თავისა და ფულის გარდა არაფერი აინტერესებთ. ბევრი არასდროს მიდის დათმობაზე და ყოველთვის ცდილობს, თავისი გაიტანოს. ბავშვებიც კი აღარ ემორჩილებიან მშობლებს. ადამიანთა უმეტესობა საკუთარი სიამოვნებისთვის უფრო ცხოვრობს, ვიდრე ღვთისთვის. სამწუხაროდ, მდგომარეობა დღითი დღე უარესდება.

მათე 24:6, 7: „გაიგონებთ ომების ხმებს და მოისმენთ ცნობებს ომების შესახებ . . . ერი ერის წინააღმდეგ აღდგება და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ“.

ზოგიერთი გამოთვლის თანახმად, 1914 წლიდან მოყოლებული ომებსა თუ სხვა შეიარაღებულ კონფლიქტებში 100 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა, რაც ბევრად აღემატება არაერთი ქვეყნის მოსახლეობას. ადვილი არ არის, წარმოიდგინო, რამხელა ტკივილი და მწუხარება იმალება ამ მშრალი სტატისტიკის მიღმა! მაგრამ შეიცვალა რამე? გონს მოეგნენ ერები და შეწყვიტეს ომები?

მათე 24:7: „იქნება საკვების უკმარისობა“.

გაეროს ერთ-ერთი სააგენტოს ცნობით, „მსოფლიოში ყველასთვის საკმარისადაა საკვები, თუმცა ყოველ საღამოს 815 მილიონი ანუ ყოველი მეცხრე ადამიანი მშიერი იძინებს, ყოველი მესამე კი არასრულფასოვნად იკვებება“. ზოგიერთი გამოთვლის თანახმად, ყოველწლიურად დაახლოებით სამი მილიონი ბავშვი შიმშილისგან კვდება.

ლუკა 21:11: „იქნება დიდი მიწისძვრები“.

ყოველწლიურად საშუალოდ 50 000 მიწისძვრა ისეთი სიძლიერისაა, რომ ვგრძნობთ მათ ბიძგებს. აქედან დაახლოებით 100 მიწისძვრა აზიანებს შენობებს. თითქმის ყოველ წელს ერთი გამანადგურებელი მიწისძვრა ხდება, რომელიც მიწასთან ასწორებს ყველაფერს. ერთ-ერთი გამოთვლის თანახმად, 1975—2000 წლებში მომხდარმა მიწისძვრებმა 471 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

მათე 24:14: „იქადაგებენ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის საუწყებლად და მაშინ დადგება აღსასრული“.

იეჰოვას მოწმეები, რომელთა რიცხვმაც რვა მილიონს გადააჭარბა, ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას 240-ზე მეტ ქვეყანაში ქადაგებენ. ისინი ამ ცნობას აცხადებენ ყველგან — ქალაქსა თუ სოფელში, მთასა თუ ბარში. როცა ღმერთი ჩათვლის, რომ ეს საქმე დასრულდა, „მაშინ დადგება აღსასრული“. ეს ნიშნავს, რომ ადამიანთა მმართველობას წერტილი დაესმება და ღვთის სამეფო დაიწყებს მმართველობას. რომელი დანაპირები შესრულდება ღვთის სამეფოს მმართველობის დროს? ამას მომდევნო სტატიებიდან შეიტყობთ.