არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როცა სტიქია გატყდებათ თავს

როცა სტიქია გატყდებათ თავს

„ყველაფერი, რაც გაგვაჩნდა, მეწყრისა და წყალდიდობის შედეგად დავკარგეთ. თავი სრულიად უმწეოდ და უიმედოდ ვიგრძენით“ (ენდრიუ, სიერა-ლეონე).

„ქარიშხლის გადავლის შემდეგ სახლში რომ დავბრუნდით, აღარაფერი დაგვხვდა. გახევებულები ვიდექით. ჩემი ქალიშვილი მუხლებზე დაეცა და აქვითინდა“ (დეივიდი, ვირჯინის კუნძულები).

ᲗᲣ ᲗᲥᲕᲔᲜᲪ გამოგიცდიათ მსგავსი რამ, ალბათ კარგად იცით, რას გრძნობენ ამ დროს ადამიანები — შოკირებულები და გაოგნებულები არიან, მომხდარს ვერ იჯერებენ და თავი კოშმარში ჰგონიათ. ბევრი ისეთი გულგატეხილი და ძალაგამოცლილია, რომ სურვილიც არა აქვს, ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს.

თუ სტიქიური უბედურების დროს თქვენც დაკარგეთ ყველაფერი, შეიძლება გგონიათ, რომ ამაზე მეტს ვეღარ გადაიტანთ. შესაძლოა იმასაც კი ფიქრობთ, რომ თქვენს ცხოვრებას აზრი აღარ აქვს. მაგრამ ღვთის სიტყვა გარწმუნებთ, რომ არ ღირს ცხოვრებაზე ხელის ჩაქნევა, რადგან თქვენ ნამდვილად გაქვთ საფუძველი, უკეთესი მომავლის იმედი გქონდეთ!

ᲑᲘᲑᲚᲘᲐ ᲘᲛᲔᲓᲡ ᲒᲕᲘᲡᲐᲮᲐᲕᲡ

ეკლესიასტეს 7:8-ში ვკითხულობთ: „საქმის დასასრული მის დასაწყისს სჯობია“. თუ ახლახან დაგატყდათ თავს სტიქია და ჯერ კიდევ გონს ვერ მოსულხართ, შესაძლოა ყველაფერი შავბნელ ფერებში გეჩვენებოდეთ. მაგრამ, თუ ყველანაირად ეცდებით, კალაპოტში ჩადგეთ, ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდება.

ბიბლია წინასწარმეტყველებს იმ დროის შესახებ, როცა „აღარ გაისმება . . . მოთქმისა და გლოვა-გოდების ხმა“ (ესაია 65:19). ეს ღვთის სამეფოს მმართველობის დროს მოხდება, როცა დედამიწა სამოთხედ გადაიქცევა (ფსალმუნი 37:11, 29). მეტად აღარასდროს დაგვატყდება თავს სტიქიური უბედურებები. მტკივნეული მოგონებები სამუდამოდ ჩაჰბარდება წარსულს; აღარავინ მიიღებს სტიქიის შედეგად ფიზიკურ თუ ემოციურ ტრავმას, რადგან ყოვლისშემძლე ღმერთი გვპირდება: „წინათ მომხდარი აღარავის გაახსენდება და გულსაც არავის დაუმძიმებს“ (ესაია 65:17).

დაფიქრდით: შემოქმედის სურვილია, „მომავლის იმედი“ მოგცეთ და მისი მმართველობის დროს მშვიდობიანად იცხოვროთ (იერემია 29:11). შესძენს აზრს თქვენს ცხოვრებას იმის ცოდნა, რომ წინ ასეთი მომავალი გელოდებათ? აი, რას ამბობს სალი, რომელიც პირველ სტატიაში მოვიხსენიეთ: „როცა საკუთარ თავს ვახსენებ, რა მელის ღვთის სამეფოს მმართველობის დროს, ეს მეხმარება, არ ვიფიქრო წარსულზე და მოთმინებით გავუმკლავდე დღევანდელ სირთულეებს“.

კარგი იქნება, თუ მეტს გაიგებთ, რას გააკეთებს მალე ღვთის სამეფო ადამიანებისთვის. ეს იმედს ჩაგისახავთ და სტიქიამაც რომ დაგაზარალოთ, ცხოვრებაზე ხელს არ ჩაიქნევთ. პირიქით, მოთმინებით დაელოდებით დროს, როცა სტიქიური უბედურებები სამუდამოდ ჩაჰბარდება წარსულს. მანამდე კი ბიბლია პრაქტიკულ დახმარებას გაგიწევთ, რომ შეძლოთ სტიქიის შედეგებთან გამკლავება..