არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ძალიან მსიამოვნებს ჩემი კრების ახალგაზრდებთან ურთიერთობა

ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის

ბეისბოლი ყველაფერს მერჩივნა!

ბეისბოლი ყველაფერს მერჩივნა!
  • დაბადების წელი: 1928

  • ქვეყანა: კოსტა-რიკა

  • წარსულში: გატაცებული იყო სპორტით და აზარტული თამაშებით

მოკლე ბიოგრაფია:

გავიზარდე კოსტა-რიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე საპორტო ქალაქ პუერტო-ლიმონში. რვა დედმამიშვილს შორის მეშვიდე ვიყავი. რვა წლის ასაკში მამა დამეღუპა, ამიტომ დედას მარტოს მოუწია ჩვენი აღზრდა.

ბავშვობიდან მიყვარდა ბეისბოლი, რასაც საკმაოდ დიდ დროს ვუთმობდი. მოზარდობის ასაკში სამოყვარულო ლიგაში დავიწყე თამაში. დაახლოებით 20 წლის ვიყავი, როცა ახალგაზრდული სპორტული ორგანიზაციის ერთმა წევრმა შემომთავაზა, ნიკარაგუის პროფესიონალთა გუნდში მეთამაშა. იმ დროს დედას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და მე მიწევდა მასზე ზრუნვა, ამიტომ უარი ვუთხარი. მოგვიანებით სხვამ შემომთავაზა კოსტა-რიკის ბეისბოლისტთა ეროვნულ ნაკრებში თამაში, რომელიც დაკომპლექტებული იყო სამოყვარულო ლიგის საუკეთესო ბეისბოლისტებით. ამჯერად უარი არ მითქვამს. 1949—1952 წლებში ეროვნულ ნაკრებში ვთამაშობდი. არაერთხელ მითამაშია კუბაში, მექსიკასა და ნიკარაგუაში. გუნდში ერთ-ერთი ბაზის მცველი ვიყავი, რაც კარგად გამომდიოდა. ყოფილა შემთხვევა, რომ 17 თამაში ზედიზედ უშეცდომოდ მითამაშია. ძალიან მსიამოვნებდა, როცა გულშემატკივრები ჩემს სახელს გაიძახოდნენ.

უზნეო ცხოვრებას ვეწეოდი. ერთი მეგობარი გოგო მყავდა, მაგრამ სხვა ქალებთანაც დავდიოდი. ამასთანავე, უზომოდ ვსვამდი. ერთხელ ისე დავთვერი, რომ მეორე დილით არ მახსოვდა, სახლს როგორ მივაგენი. აზარტული თამაშებითაც ვიყავი გატაცებული — ვთამაშობდი დომინოს და ლატარიას.

სწორედ ამ პერიოდში დედაჩემი იეჰოვას მოწმე გახდა. მან მეც გამიზიარა თავისი მრწამსი, მაგრამ დიდი გულისყურით არ მოვუსმინე, რადგან ჩემი ფიქრები მხოლოდ ბეისბოლის ირგვლივ ტრიალებდა. როცა საწვრთნელ მოედანზე ვიყავი, ისე მსიამოვნებდა თამაში, რომ შიმშილსაც კი ვერ ვგრძნობდი! ბეისბოლი ყველაფერს მერჩივნა!

29 წლის ასაკში თამაშის დროს სერიოზული ტრავმა მივიღე. გამოჯანმრთელების შემდეგ ეროვნული ნაკრები დავტოვე, თუმცა სამოყვარულო ლიგაში მწვრთნელად გავაგრძელე მუშაობა. ბავშვებს ჩემს სახლთან ახლოს ვავარჯიშებდი. ასე რომ, ბეისბოლისთვის თავი მაინც არ დამინებებია.

ბიბლიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა

1957 წელს იეჰოვას მოწმეებმა კონგრესზე დამპატიჟეს. კონგრესი სწორედ იმ სტადიონზე ტარდებოდა, სადაც ერთ დროს მე ვთამაშობდი. იქ მისულმა მაშინვე შევნიშნე, როგორი პატივისცემით ეპყრობოდნენ მოწმეები ერთმანეთს, მაშინ როცა ბეისბოლის თამაშის დროს სტადიონზე ხმაური და რია-რია იყო. იქ ნანახმა იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ მომინდა, იეჰოვას მოწმეებთან ბიბლია შემესწავლა და მათ კრების შეხვედრას დავსწრებოდი.

ბიბლიურმა სწავლებებმა ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა. მაგალითად, იესომ იწინასწარმეტყველა, რომ ბოლო დღეებში მისი მიმდევრები სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას იქადაგებდნენ მთელ მსოფლიოში (მათე 24:14). ისიც გავიგე, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანები ღვთისმსახურებაში ფულს არ იღებენ, რადგან იესომ თქვა: „უსასყიდლოდ გაქვთ მიღებული და უსასყიდლოდვე გაეცით“ (მათე 10:8).

ვაკვირდებოდი, მართლა ბიბლიური სწავლებების თანახმად ცხოვრობდნენ თუ არა იეჰოვას მოწმეები. გულგრილს არ მტოვებდა ის ფაქტი, რომ ეს ხალხი დაუღალავად ავრცელებდა სასიხარულო ცნობას მთელ მსოფლიოში. ვხედავდი, რომ ისინი იესოს მითითების თანახმად ცხოვრობდნენ და გაცემის სულს ავლენდნენ. ერთხელ წავიკითხე მარკოზის 10:21-ში ჩაწერილი იესოს მოწოდება: „მოდი და გამომყევი“. ამ სიტყვების წაკითხვის შემდეგ სურვილი გამიჩნდა, გამოვხმაურებოდი მის მოწოდებას და იეჰოვას მოწმე გავმხდარიყავი.

თუმცა დრო დამჭირდა, რომ ცხოვრებაში საჭირო ცვლილებები მომეხდინა. მაგალითად, წლების განმავლობაში ყოველკვირა ვთამაშობდი ლატარიას და ფსონს ეგრეთ წოდებულ იღბლიან რიცხვზე ვდებდი. მაგრამ ბიბლიიდან გავიგე, რომ ღმერთი გმობს „იღბლიანობის ღმერთის“ თაყვანისცემას და არ იწყნარებს ხარბ ადამიანებს (ესაია 65:11; კოლოსელები 3:5). ერთ დღეს გადავწყვიტე, აღარ მეთამაშა. გაგეცინებათ, მაგრამ იმ კვირაში სწორედ ის რიცხვი აღმოჩნდა მომგებიანი, რომელზეც ფსონს ვდებდი ხოლმე! ყველა დამცინოდა, რომ მაინცდამაინც იმ კვირას არ ვითამაშე და მიკიჟინებდნენ, ისევ გამეგრძელებინა თამაში, მაგრამ გადაწყვეტილება არ შემიცვლია.

სწორედ მაშინ, როცა ვცდილობდი „ახალი პიროვნებით“ შევმოსილიყავი, კიდევ ერთი გამოცდის წინაშე დავდექი, თანაც ეს ჩემი ნათლობის დღეს მოხდა (ეფესოელები 4:24). იმ საღამოს სასტუმროში რომ დავბრუნდი, კართან ჩემი ყოფილი მეგობარი გოგონა დამხვდა და მითხრა: „მოდი სემი, ამ საღამოს კარგად გავერთოთ!“, რაზეც მაშინვე უარი ვუთხარი და ავუხსენი, რომ ბიბლიური ნორმების თანახმად ვცხოვრობდი (1 კორინთელები 6:18). „რაა?!“, — წამოიძახა გაკვირვებულმა. მან აბუჩად აიგდო ბიბლიის მაღალზნეობრივი ნორმები და დაჟინებით მთხოვდა, ურთიერთობა აღგვედგინა. მაგრამ მე ოთახში შევედი და კარი მივიხურე. ეს ამბავი 1958 წელს მოხდა. მეამაყება, რომ მას შემდეგ ღირსეულად განვაგრძობ საკუთარ თავთან ბრძოლას!

კურთხევები

იეჰოვა ღმერთისგან იმდენი კურთხევა მივიღე, ჩამოწერა რომ დავიწყო, ალბათ, ერთი წიგნი გამომივა! კურთხევად მივიჩნევ, რომ მყავს ერთგული მეგობრები, მაქვს აზრით აღსავსე ცხოვრება და ბედნიერი ვარ.

ბეისბოლს დღემდე ვთამაშობ, თუმცა ის ჩემს ცხოვრებაში მთავარ ადგილს აღარ იკავებს. ბეისბოლმა სიმდიდრე და დიდება მომიტანა, მაგრამ ეს ყველაფერი დროებითია, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით ღმერთთან და თანაქრისტიანებთან ურთიერთობაზე. ბიბლიაში ვკითხულობთ: „გადადის ქვეყნიერებაც და მისი სურვილებიც, ღვთის ნების შემსრულებელი კი სამარადისოდ რჩება“ (1 იოანე 2:17). დღეს უკვე ყველაფერს იეჰოვა და მისი ხალხი მირჩევნია!