„სად იყო მაშინ ღმერთი?“
„ᲓᲦᲔᲛᲓᲔ ᲛᲝᲡᲕᲔᲜᲔᲑᲐᲡ ᲛᲘᲙᲐᲠᲒᲐᲕᲡ ᲙᲘᲗᲮᲕᲐ: ᲡᲐᲓ ᲘᲧᲝ ᲛᲐᲨᲘᲜ ᲦᲛᲔᲠᲗᲘ?“ — ეს სიტყვები წარმოთქვა პაპმა ბენედიქტე XVI-მ, როცა პოლონეთში ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკს ინახულებდა.
ᲠᲝᲓᲔᲡᲐᲪ ᲣᲑᲔᲓᲣᲠᲘ ᲨᲔᲛᲗᲮᲕᲔᲕᲐ ᲮᲓᲔᲑᲐ, ᲐᲚᲑᲐᲗ, ᲒᲔᲑᲐᲓᲔᲑᲐᲗ ᲙᲘᲗᲮᲕᲐ: ᲡᲐᲓ ᲐᲠᲘᲡ ᲦᲛᲔᲠᲗᲘ? ᲐᲜ ᲗᲣ ᲗᲥᲕᲔᲜᲡ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲐᲨᲘ ᲝᲓᲔᲡᲛᲔ ᲢᲠᲐᲒᲔᲓᲘᲐ ᲓᲐᲢᲠᲘᲐᲚᲔᲑᲣᲚᲐ, ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲝᲐ ᲓᲐᲤᲘᲥᲠᲔᲑᲣᲚᲮᲐᲠᲗ: ᲖᲠᲣᲜᲐᲕᲡ ᲙᲘ ᲡᲐᲔᲠᲗᲝᲓ ᲦᲛᲔᲠᲗᲘ ᲩᲔᲛᲖᲔ?
შეიძლება არც თქვენთვისაა უცხო ის, რასაც ერთ დროს შეილა გრძნობდა. ის შეერთებულ შტატებში ღრმად მორწმუნე ოჯახში გაიზარდა. შეილა გვიყვება: „ბავშვობიდან მიყვარდა ღმერთი, რადგან ის ჩვენი შემოქმედია. მაგრამ მასთან სიახლოვე არასდროს მიგრძვნია. მეგონა, უბრალოდ შორიდან მაკვირდებოდა. ვიცოდი, რომ არ ვძულდი, თუმცა ვერც იმას ვიჯერებდი, რომ ჩემზე ზრუნავდა“. რატომ ჰქონდა შეილას ასეთი ეჭვები? ის გვიხსნის: „ჩემს ოჯახს ერთმანეთის მიყოლებით არაერთი უბედურება დაატყდა თავს. ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ ღმერთი საერთოდ არ გვეხმარებოდა“.
შეილას მსგავსად ყოვლისშემძლე ღვთის არსებობაში შეიძლება არც თქვენ გეპარებათ ეჭვი. მაგრამ შესაძლოა გაფიქრებთ, ზრუნავს თუ არა ის პირადად თქვენზე. მსგავსი კითხვები მართალ იობსაც უჩნდებოდა, თუმცა ეჭვი არ ეპარებოდა, რომ შემოქმედი განუზომლად დიდი ძალისა და სიბრძნის პატრონი იყო (იობი 2:3; 9:4). მას შემდეგ, რაც იობის ცხოვრებაში ერთმანეთის მიყოლებით არაერთი ტრაგედია დატრიალდა და მდგომარეობის გამოსწორებას პირი არ უჩანდა, მან ღმერთს შესჩივლა: „ზურგს რატომ მაქცევ და მტრად რატომ მთვლი?!“ (იობი 13:24).
რას ამბობს ბიბლია? ღვთის ბრალია, უბედურებები რომ ხდება? მეტყველებს რამე იმაზე, რომ ღმერთი ზრუნავს ზოგადად ადამიანებზე ან თითოეულ ჩვენგანზე? როგორ გავიგოთ, მართლა იჩენს ის ყურადღებას ჩვენ მიმართ, ესმის ჩვენი, თანაგვიგრძნობს და გვეხმარება პრობლემებთან გამკლავებაში?
მომდევნო სტატიებიდან დავინახავთ, როგორ მოწმობს ღვთის მზრუნველობაზე ის, თუ როგორ ვართ შექმნილნი (რომაელები 1:20). ვიმსჯელებთ იმაზეც, თავად ღვთის სიტყვა როგორ მოწმობს ღვთის მზრუნველობაზე. რაც მეტად შეიცნობთ ღმერთს მისი სიტყვის საშუალებით და შემოქმედებაზე დაკვირვებით, მით მეტად დარწმუნდებით, რომ „ის ზრუნავს თქვენზე“ (1 იოანე 2:3; 1 პეტრე 5:7).