არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ შეგვიძლია ვიგრძნოთ ჩვენი მზრუნველი შემოქმედის ხელი?

როგორ შეგვიძლია ვიგრძნოთ ჩვენი მზრუნველი შემოქმედის ხელი?

ღმერთმა თვითაღდგენის გასაოცარი უნარი გვიბოძა. მაგალითად, დიდი თუ პატარა ჭრილობის შემთხვევაში ჩვენს სხეულში იწყება ურთულესი პროცესები, რომლებიც ხელს უწყობს შეხორცებას. ასეთ დროს ორგანიზმი უმალვე რეაგირებს, რათა სისხლდენა შეჩერდეს, ჭრილობა მოშუშდეს და ქსოვილები აღდგეს.

ᲓᲐᲤᲘᲥᲠᲓᲘᲗ: თუკი შემოქმედმა ჩვენი სხეული ჭრილობის შეხორცების უნარით შექმნა, განა არ უნდა გვჯეროდეს მისი დაპირების, რომ ემოციურ ჭრილობებსაც მოგვიშუშებს?! ფსალმუნმომღერალი ღვთის შესახებ წერდა: „ის კურნავს გულგატეხილებს და უხვევს ჭრილობებს“ (ფსალმუნი 147:3). თუ წარსულმა თავისი კვალი დაგაჩნიათ ან ახლა განიცდით ემოციურ ტკივილს, როგორ შეგიძლიათ დარწმუნდეთ, რომ იეჰოვა შეგიხვევთ ჭრილობებს როგორც დღეს, ისე მომავალში?

ᲠᲐᲡ ᲕᲘᲒᲔᲑᲗ ᲑᲘᲑᲚᲘᲘᲓᲐᲜ?

ღმერთი გვპირდება: „ნუ გეშინია, რადგან შენთანა ვარ! ნუ შეშფოთდები, რადგან შენი ღმერთი ვარ! მე გაგამაგრებ, მე დაგეხმარები“ (ესაია 41:10). ვისაც ეჭვი არ ეპარება იეჰოვას მზრუნველობაში, შინაგან სიმშვიდეს გრძნობს და სხვადასხვა განსაცდელის ატანის ძალა შესწევს. პავლე მოციქულმა ასეთ შინაგან სიმშვიდეს უწოდა „ღვთის მშვიდობა, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება“. მან დასძინა: „ყველაფრის ძალა შემწევს ჩემი განმამტკიცებლის დახმარებით“ (ფილიპელები 4:4—7, 9, 13).

ღვთის სიტყვა რწმენას გვიმტკიცებს მომავლის შესახებ იეჰოვას დაპირებების მიმართ. მაგალითად, გამოცხადების 21:4-სა და 5-ში წერია, რას გააკეთებს ღმერთი და რა გვაძლევს საფუძველს, ვენდოთ მას:

  • „მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან“. იეჰოვა მოგვაცილებს ნებისმიერ სატანჯველსა თუ საწუხარს, რაოდენ უმნიშვნელოც არ უნდა იყოს ეს სხვებისთვის.

  • ზეციერ „ტახტზე მჯდომი“ სამყაროს ყოვლისშემძლე მეფე თავის ძალასა და ძალაუფლებას იმისთვის გამოიყენებს, რომ თავიდან აგვარიდოს ყოველგვარი ტანჯვა და საჭირო დახმარება აღმოგვიჩინოს.

  • იეჰოვა გვარწმუნებს, რომ მისი დაპირებები „სარწმუნო და ჭეშმარიტია“. როგორც ჭეშმარიტი ღმერთი, ის არასდროს გადავა თავის სიტყვას და ჩრდილს არ მიაყენებს თავის სახელს.

«„მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი, რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო“. ტახტზე მჯდომმა თქვა: „ვქმნი ყოველივე ახალს“. შემდეგ დასძინა: „დაწერე, რადგან ეს სიტყვები სარწმუნო და ჭეშმარიტია“» (გამოცხადება 21:4, 5).

როგორც ფიზიკური ქმნილებები, ისე ბიბლია გვიმხელს, როგორი პიროვნებაა ჩვენი ზეციერი მამა და რა თვისებები აქვს. მაშინ როცა შემოქმედებით მოხიბლულნი აღვიძვრებით, გავეცნოთ ღმერთს, ბიბლია პირდაპირ მოგვიწოდებს ამისკენ: „დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ“ (იაკობი 4:8). საქმეების 17:27-ში ვკითხულობთ: „ის ხომ არცერთი ჩვენგანისგან არ არის შორს“.

როცა ღმერთს ეცნობით, რწმუნდებით, რომ „ის ზრუნავს თქვენზე“ (1 პეტრე 5:7). როგორ აისახება თქვენზე ის, რომ იეჰოვას ენდობით?

დავფიქრდეთ იაპონიაში მცხოვრები ტორუს მაგალითზე. მიუხედავად იმისა, რომ ის ქრისტიანმა დედამ აღზარდა, იაპონური მაფიის, იაკუძას, წევრი გახდა, რომელიც სისასტიკითა და ძალადობით გამოირჩევა. ტორუ ჰყვება: „მეგონა, რომ ღმერთს ვძულდი. როცა ჩემ გარშემო ნაცნობები, განსაკუთრებით კი ჩემთვის ძვირფასი ადამიანები კვდებოდნენ, ვფიქრობდი, რომ ვისჯებოდი“. როგორც თავად ამბობს, უარყოფითმა განწყობამ და საშინელმა გარემომ, რომელშიც უწევდა ყოფნა, უგრძნობ და გულქვა ადამიანად აქცია. „ძლიერი სურვილით ვიყავი შეპყრობილი, ჯერ კიდევ ახალგაზრდას ისეთი ვინმე მომეკლა, ვისაც ჩემზე მეტი წონა ჰქონდა, ამით სახელი გამეთქვა და მერე თავადაც მოვმკვდარიყავი“, — იხსენებს ტორუ.

მას შემდეგ, რაც ტორუმ თავის ცოლთან, ხანასთან ერთად ბიბლიის შესწავლა დაიწყო, რადიკალური ცვლილებები მოახდინა საკუთარ თავში. „ვხედავდი, დღითი დღე როგორ იცვლებოდა ჩემ თვალწინ ჩემი მეუღლე“, — იხსენებს ხანა. ახლა ტორუ გულდაჯერებით ამბობს: „ღმერთი ნამდვილად ზრუნავს თითოეულ ჩვენგანზე. მას არავის სიკვდილი არ სურს და პატიობს მათ, ვინც გულწრფელად ინანიებს. იგი მზადაა ისეთი რამის მოსასმენად, რასაც სხვას ვერავის გავუმხელთ და რასაც სხვა ვერასდროს გაიგებს. ახლო მომავალში იეჰოვა ყოველგვარ პრობლემას, ტანჯვასა თუ ტკივილს მოუღებს ბოლოს. ის დღესვე გვეხმარება წარმოუდგენელი სახით. როცა დათრგუნულები ვართ, ის ზრუნავს ჩვენზე და შვებას გვგვრის“ (ფსალმუნი 136:23).

როგორც ტორუს შემთხვევიდან გამოჩნდა, იმის ცოდნა, რომ ღმერთს შეუძლია წერტილი დაუსვას ყოველგვარ უბედურებასა და ტკივილს, და ამას მალე გააკეთებს კიდეც, არა მხოლოდ მომავლის უტყუარ იმედს გვისახავს, არამედ დღესვე გვეხმარება, უფრო ბედნიერები ვიყოთ. დღევანდელ ქვეყნიერებაშიც კი, სადაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვაწყდებით ადამიანთა ჩაგვრასა და ტანჯვას, ჩვენ შეგვიძლია ვიგრძნოთ ჩვენი მზრუნველი ღვთის ხელი.