არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მარადიულობისთვის შექმნილნი

მარადიულობისთვის შექმნილნი

ვის არ სურს, დიდხანს და თანაც ბედნიერად იცხოვროს?! უბრალოდ წარმოიდგინეთ, უსასრულოდ რომ გეცხოვრათ და სრულყოფილი ჯანმრთელობა გქონოდათ! გაცილებით მეტ დროს გაატარებდით საყვარელ ადამიანებთან, მოივლიდით მსოფლიოს, განივითარებდით სხვადასხვა უნარ-ჩვევას, დიდ ცოდნას დააგროვებდით და ყველაფერს ისწავლიდით, რასაც გულით მოისურვებდით.

არის ამაში რაიმე უჩვეულო? სრულიადაც არა! ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღმერთმა ჩვენში მარადიული ცხოვრების სურვილი ჩადო (ეკლესიასტე 3:11). ღვთის სიტყვაში ისიც წერია, რომ „ღმერთი სიყვარულია“ (1 იოანე 4:8). არალოგიკური იქნებოდა, მოსიყვარულე ღმერთს ჩაედო ჩვენში უსასრულოდ ცხოვრების სურვილი და შემდეგ არ მოეცა ამის შესაძლებლობა.

ფაქტია, არავის სურს სიკვდილი. ბიბლია სიკვდილს მტერს უწოდებს (1 კორინთელები 15:26). ადრე თუ გვიან ყველა კვდება. ამ მხრივ გამონაკლისი არავინაა. ბევრს სიკვდილზე ფიქრიც კი ზარავს. ოდესმე მოეღება ბოლო სიკვდილს? რამდენად რეალურია ასეთი რამ?

იმედის საფუძველი

შესაძლოა გაგაკვირვოთ იმის გაგებამ, რომ ღვთის განზრახვის თანახმად, ადამიანი არ უნდა მომკვდარიყო. ბიბლიის წიგნ „დაბადებიდან“ ვიგებთ, რომ ღვთის ნება იყო, ადამიანს დედამიწაზე მარადიულად ეცხოვრა. იეჰოვა * ღმერთმა ყველაფერი ისე მოაწყო, რომ დედამიწაზე საუკეთესო საცხოვრებელი პირობები ყოფილიყო. შემდეგ მან პირველი ადამიანი, ადამი შექმნა და სამოთხეში, ედემის ბაღში დაასახლა. „დაინახა ღმერთმა ყველაფერი, რაც შექმნა, და, აი, ყოველივე ძალიან კარგი იყო“ (დაბადება 1:26, 31).

ადამი სრულყოფილი იყო, ღვთის მსგავსებად შექმნილი (კანონი 32:4). მისი მეუღლე ევაც ყოველმხრივ, ფიზიკურადაც და გონებრივადაც, უნაკლო იყო. იეჰოვამ უთხრა მათ: „ინაყოფიერეთ, გამრავლდით, აავსეთ დედამიწა, დაეპატრონეთ მას და თქვენ გემორჩილებოდნენ ზღვის თევზები, ცის ფრინველები და ყველა ცოცხალი არსება დედამიწაზე“ (დაბადება 1:28).

დედამიწა თავიანთი შთამომავლობით რომ აევსოთ, ადამსა და ევას დრო დასჭირდებოდათ. ჯერ ევას ეყოლებოდა შვილები, შემდეგ მის შვილებს, შვილიშვილებს, შვილთაშვილებს და ასე დასახლდებოდა მთელი დედამიწა, როგორც ეს ღმერთს ჰქონდა განზრახული (ესაია 45:18). მისცემდა იეჰოვა ადამსა და ევას ასეთ დავალებას, თუ მხოლოდ შვილებს და შვილიშვილებს მოესწრებოდნენ და საკუთარი თვალით ვერ იხილავდნენ, როგორ შესრულდებოდა ღვთის განზრახვა?

ამასთან, ღმერთმა მათ დაავალა, დაჰპატრონებოდნენ ცხოველებს. მან უთხრა ადამს, სახელები დაერქმია ცხოველებისთვის, რასაც არც თუ ისე ცოტა დრო დასჭირდებოდა (დაბადება 2:19). მაგრამ სანამ ცხოველებს დაეპატრონებოდა, ადამს ბევრი რამ უნდა გაეგო მათზე, მათ შორის ის, თუ როგორ უნდა მოევლო მათთვის. ამას კი გაცილებით მეტი დრო დასჭირდებოდა.

ასე რომ, ამ დავალებიდან, რომელიც ღმერთმა ადამსა და ევას მისცა, გამოჩნდა, რომ მათ დიდხანს უნდა ეცოცხლათ. ადამმა მართლაც საკმაოდ დიდხანს იცოცხლა.

ღვთის განზრახვის თანახმად, ადამიანებს მარადიულად უნდა ეცხოვრათ დედამიწაზე სამოთხეში

ყველაზე დღეგრძელი ხალხი

ადამმა 930 წელი იცოცხლა

მეთუშალახმა — 969 წელი

ნოემ — 950 წელი

დღეს ადამიანები 70-80 წელს ცოცხლობენ

როგორც ბიბლიიდან ჩანს, ერთ დროს ადამიანები ჩვენთან შედარებით გაცილებით დიდხანს ცოცხლობდნენ. მასში ვკითხულობთ: „ადამის სიცოცხლის დღეები ითვლიდა ცხრაას ოცდაათ წელს“. ამ სიტყვების შემდეგ მოხსენიებულია კიდევ ექვსი მამაკაცი, რომელთაც ცხრაას წელზე მეტხანს იცოცხლეს. ესენი იყვნენ: შეთი, ენოში, კენანი, იარედი, მეთუშალახი და ნოე. ისინი ნოეს დღეებში მომხდარ წარღვნამდე ცხოვრობდნენ. ნოე 600 წლის იყო, როცა წარღვნა მოხდა (დაბადება 5:5—27; 7:6; 9:29). რატომ იყვნენ ეს მამაკაცები დღეგრძელნი?

როცა ისინი დაიბადნენ, დიდი დრო არ იყო გასული მას მერე, რაც პირველმა ადამიანებმა სრულყოფილება დაკარგეს. როგორც ჩანს, სწორედ ეს იყო მათი დღეგრძელობის მთავარი მიზეზი. მაგრამ რა კავშირშია სრულყოფილება დღეგრძელობასთან? როგორ მოეღება ბოლო სიკვდილს? სანამ ამ კითხვებს ვუპასუხებთ, ჯერ უნდა გავიგოთ, რატომ ვბერდებით და ვკვდებით.

^ აბზ. 6 იეჰოვა ღვთის სახელია, როგორც ამას ბიბლიიდან ვიგებთ.