რას გვიმჟღავნებენ წინასწარმეტყველები ღვთის შესახებ
წარსულში ღმერთი თავისი წინასწარმეტყველების მეშვეობით ადამიანებს მნიშვნელოვან ცნობებს გადასცემდა. ეს ცნობები ბევრ რამეს გვიმჟღავნებს ღვთისა და მისი დანაპირების შესახებ. მოდი გავიხსენოთ ღვთის სამი ერთგული მსახური და გავიგოთ, რის სწავლა შეგვიძლია მათგან.
აბრაამი
მიუკერძოებელი ღმერთი უკლებლივ ყველას ჰპირდება ბედნიერ მომავალს.
ღმერთი პატრიარქ აბრაამს დაჰპირდა: „შენით იკურთხება ყველა ოჯახი დედამიწაზე“ (დაბადება 12:3).
რას ვიგებთ: ღმერთს ყველა უყვარს, დიდი თუ პატარა, ქალი თუ კაცი. ის მორჩილთ ბედნიერ მომავალს ჰპირდება.
მოსე
გულმოწყალე ღმერთი ნათელ მომავალს ჰპირდება მათ, ვინც მასთან დაახლოებას ცდილობს.
ყოვლისშემძლე ღმერთმა წინასწარმეტყველ მოსეს სასწაულების მოხდენის ძალა მისცა. მიუხედავად ამისა, მოსე ლოცვაში სთხოვდა ღმერთს: „გამაგებინე შენი გზები, რომ გიცნობდე და წყალობა ვპოვო შენს თვალში“ (გამოსვლა 33:13). ღმერთმა მოიწონა მოსეს სათხოვარი — უკეთ გააცნო საკუთარი თავი და მეტი რამ გაუმჟღავნა თავისი გზების შესახებ. მოსემ დაინახა, რომ შემოქმედი „გულმოწყალე და მწყალობელი ღმერთია“ (გამოსვლა 34:6, 7).
რას ვიგებთ: ღმერთს სურს, რომ ყველა, დიდი თუ პატარა უკეთ გავეცნოთ მას და ბედნიერი მომავალი გვქონდეს. ღმერთი თავის სიტყვაში გვიმჟღავნებს, როგორ ვცეთ მას თაყვანი. იგი იმასაც გვიმხელს, რა ძლიერ სურს, მისი კეთილგანწყობა მოვიპოვოთ და ბედნიერად ვიცხოვროთ.
იესო
თუ იესოს, მის საქმეებსა და სწავლებებს გავეცნობით, ღვთის დაპირებისამებრ უსასრულოდ გავიხარებთ ბედნიერი ცხოვრებით.
ღვთის სიტყვიდან ბევრ რამეს ვიგებთ იესოს ცხოვრებისა და სწავლებების შესახებ. ღვთის ძალით იესო ბევრ სასწაულს ახდენდა. მაგალითად, თვალს უხელდა ბრმებს, სმენას უბრუნებდა ყრუებს და კოჭლებს კურნავდა. იგი მკვდრებსაც კი აღადგენდა. ამგვარად იესომ გვიჩვენა, რას გააკეთებს ღმერთი მომავალში კაცობრიობისთვის. იესომ ისიც დაგვანახვა, ჩვენ როგორ შეგვიძლია მივიღოთ ეს კურთხევები: „მარადიული სიცოცხლის მისაღებად უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს“ (იოანე 17:3).
იესო მოსიყვარულე, თანამგრძნობი და კეთილი იყო. ის ხალხს გულთბილად მოუწოდებდა: „ისწავლეთ ჩემგან, რადგან რბილი და გულით თავმდაბალი ვარ, და გამოცოცხლდება თქვენი სული“ (მათე 11:29). მის მოწვევას ყველანაირი ადამიანი ეხმაურებოდა, ქალი თუ კაცი, ბავშვი თუ მოხუცი. იესო სხვა მამაკაცებისგან განსხვავებით ქალებს თავაზიანად, პატივისცემით და ღირსეულად ეპყრობოდა.
რას ვიგებთ: იესომ უდიდესი სიყვარული გამოავლინა ხალხის მიმართ და ამგვარად გვასწავლა, რომ ჩვენც უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი.
იესო ღმერთი არ არის
ბიბლიაში ნათქვამია, რომ „ჩვენთვის ერთია ღმერთი“. იესო ღვთის თავმდაბალი მაცნე იყო (1 კორინთელები 8:6). მან არაორაზროვნად თქვა, რომ ღმერთი მასზე აღმატებულია და თავად ღვთისგან იყო გამოგზავნილი დედამიწაზე (იოანე 11:41, 42; 14:28). *