შემოქმედი ბედნიერ მომავალს გიმზადებთ!
ღმერთი თავის მსახურ აბრაამს დაჰპირდა, რომ მისი შთამომავლის მეშვეობით იკურთხებოდა „დედამიწის ყველა ერი“ (დაბადება 22:18). ვინ იქნებოდა ეს შთამომავალი?
დაახლოებით 2 000 წლის წინ ღმერთმა იესოს, რომელიც აბრაამის შთამომავალი იყო, სასწაულების მოხდენის ძალა მისცა. ეს სასწაულები იმაზე მოწმობდა, რომ აბრაამისთვის მიცემული დაპირება იესოს მეშვეობით შესრულდებოდა (გალატელები 3:14).
იესოს მიერ მოხდენილმა სასწაულებმა ცხადყო, რომ ღმერთმა ის აირჩია „დედამიწის ყველა ერის“ საკურთხებლად და სწორედ მისი მეშვეობით მოუტანს კაცობრიობას უსასრულო ბედნიერებას. დავფიქრდეთ, რომელ თვისებებს ავლენდა იესო სასწაულების მოხდენის დროს.
გულისხმიერება — იესო კურნავდა ავადმყოფებს.
როცა კეთროვანმა განკურნება სთხოვა, იესო შეეხო მას და უთხრა: „მსურს, განიწმინდე!“. კეთროვანიც უმალვე განიკურნა (მარკოზი 1:40—42).
გულუხვობა — იესო აპურებდა მშიერ-მწყურვალთ.
იესოს ეცოდებოდა მშიერ-მწყურვალი ხალხი. ის ათასებს აპურებდა სასწაულებრივად რამდენიმე პურითა და თევზით (მათე 14:17—21; 15:32—38). საკვები იმდენი იყო, რომ ხალხიც ნაყრდებოდა და რჩებოდა კიდეც.
თანაგრძნობა — იესო მკვდრებს აცოცხლებდა.
იესოს იმდენად დაეწვა გული ქვრივზე, რომ ერთადერთი ვაჟი გაუცოცხლა. ამ ქალს მის გარდა აღარავინ ჰყავდა (ლუკა 7:12—15).